თუ შვილს ჭადრაკზე ატარებთ, მას უკეთესი ლოგიკა და მეხსიერება ექნება - პროფესიონალის რჩევები
თუ შვილს ჭადრაკზე ატარებთ, მას უკეთესი ლოგიკა და მეხსიერება ექნება - პროფესიონალის რჩევები
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ჭადრაკი სპორტის ის სახეობაა, რომელიც მოზარდს ინტელექტუალურ განვითარებაში ეხმარება, ხელს უწყობს აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარს. მისი სარგებელი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ჭადრაკის მასწავლებელი, ნატა ქველაძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჭადრაკის სწავლა ყველა მოზარდს შეუძლია, მთავარი მონდომებაა. პედაგოგი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჭადრაკის თამაში მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მაქონე მოზარდებს შეუძლიათ.

ნატა მასწავლებელი 25 წლისაა, თუმცა უკვე წარმატებული მწვრთნელია. მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შეჯიბრებებზე და წარმატებითაც ასპარეზობენ. ის
C კატეგორიის მწვრთნელია ამასთანავე, ჩააბარა მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა სპორტის მიმართულებით და უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.

- პროფესიით კულტურის კვლევების სპეციალისტი ხართ, თუმცა ჭადრაკის მასწავლებლობა გადაწყვიტეთ, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

- ჯერ კიდევ სტუდენტი ვოყავი, როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, რადგანაც სკოლასა და უნივერსიტეტს კარგად ვუთავსებდი ერთმანეთს, თუმცა ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში დარჩენა გადავწყვიტე. ჩემი პროფესია (კულტურის კვლევები) ძალიან მეხმარება ჩემს ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ჩემთვის ორმაგად საინტერესოა მათთან მუშაობა. სკოლაშიც რამდენჯერმე ჩავატარეთ ლექცია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ და პატივი სცენ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელს.

mshoblebi

- რა ასაკიდან თამაშობთ ჭადრაკს, როდის და როგორ დაინტერესდით და თუ გაქვთ მიღწევები, თუ იღებთ მონაწილეობას
სხვადასხვა შეჯიბრებში?

- ჭადრაკის თამაში 4 წლიდან დავიწყე და მშობლების ინიციატივით, პირველი კლასიდან წრეზეც შევედი. შემდეგ ისე მომეწონა ეს თამაში, რომ მე-11 კლასამდე ვიარე. აბიტურიენტობისას მომიწია ამ სფეროს ცოტა ხნით მოვშორებოდი. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა ჭადრაკის მწვრთნელთა მსურველთათვის გამოცდა დაინიშნა და ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, ბედი მეცადა. წარმატებით ჩავაბარე გამოცდა ამის შემდეგ ჩემი კარიერა მწვრთნელის მიმართულებით დავიწყე.


- რამდენად დიდია მოსწავლეებში ჭადრაკით დაინტერესება?

- ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. ძალიან უყვართ ეს საგანი და ნამდვილად სიხარულით ელოდებიან გაკვეთილს.

mshoblebi

- რას აძლევს მოზარდს ჭადრაკი, რა ჩვევებს უვითარებს, რატომ უნდა ატარონ მშობლებმა შვილები ჭადრაკზე?

- ჭადრაკს აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს, იგი ხელს უწყობს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასწავლის წინდახედულობას, ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას, ავითარებს სიდინჯესა და ყურადღების კონცენტრაციას, ასევე კარგია თვალის მეხსიერებისა და ფანტაზიის განვითარებისათვის. 

მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სიტყვებს მოვიშველიებ, სადაც იგი ჭადრაკზე ამბობს - "ჭადრაკი, ფორმით, თამაშია, არსით - ხელოვნებაა, ხოლო ათვისების სირთულით - მეცნიერება. მას შეუძლია მოგანიჭოთ ისეთივე სიამოვნება, როგორიც წიგნს, ან მუსიკას მოაქვს."


- რა ასაკიდან არის რეკომენდებული ჭადრაკზე მისვლა?

- ბავშვები განვითარების ეტაპებს განსხვავებულად გადიან. ზოგი მეტად ადრე არის ჭადრაკის შესასწავლად მზად, ამიტომ ეს საკითხი ინდივიდუალურია. თუ ბავშვი მზად არის მოგისმინოს და დაიცვას წესები თამაშისას, ნებისმიერ ასაკში გამართლებულია სწავლის დაწყება.

- დავუშვათ, შედარებით უფროსი თაობის ადამიანი დაინტერესდა ჭადრაკით, შეიძლება დაგვიანებული შეიძლება იყოს სპორტის ამ სახეობის შესწავლა?


- ჭადრაკი არის ერთადერთი სპორტის სახეობა, სადაც არასოდეს არის გვიან დაიწყო თამაში.

- ყველა ბავშვს აქვს ჭადრაკის ნიჭი? თუ შესაძლებელია, რომ პრაქტიკაში განუვითარდეთ?

- მითია, რომ ჭადრაკს ვერ ისწავლი. ჭადრაკი ისწავლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი. მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობა.


- როგორ უნდა აღმოაჩინოს მშობელმა, რომ შვილს ჭადრაკის ნიჭი აქვს, როგორ უნდა განუვითაროს ეს ნიჭი და მისცეს სწორი მიმართულება?

- ვინაიდან მე ვემხრობი იდეას, რომ ჭადრაკი ისწავლება და მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე
ბავშვების საქმე არ არის, მხოლოდ ვიტყოდი, მშობელს შეუძლია აღმოაჩინოს ბავშვის ჭადრაკის მიმართ ინტერესი. უმეტესად ამ თამაშს ბავშვები ხვდებიან კომპიუტერსა და მობილურში და გამოთქვამენ მისი შესწავლის სურვილს. ბავშვის ინტერესი რომ არ გავაქროთ, აუცილებელია ამ თამაშის თანმიმდევრულად შესწავლა, ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ეს საქმე უფრო გამოცდილ ადამიანს მიანდონ.

mshoblebi

- ჭადრაკის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული? ვიცით, რომ მღერით კიდეც...

- ჩემი ინეტერესის სფერო მხოლოდ ჭადრაკით არ შემოიფარგლება. 4 წელია ვმღერი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელაში. სიმღერა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. თავი ამ გუნდისა და სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

- ზოგადად რა როლი აქვს სპორტსა და ხელოვნებას მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბების კუთხით, რას ურჩევთ მშობლებს?


- სპორტი და ხელოვნება ბავშვს ეხმარება გააფერადოს და სასიამოვნო გახადოს მისი ყოველდღიური რუტინა, უკეთესად გაიცნოს საკუთარი თავი და გამოიმუშაოს ემპათიის უნარი.

ხატია ვარდოსანიძე

alt9 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელი ოსტატები გააოცა

altრაში ეხმარება ბავშვს ჭადრაკი - სასარგებლო თვისებები

alt3 წლის გენიოსი მოჭადრაკე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა (+ვიდეო)


1304
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?