ჰოსეინ მიქელანი, იგივე სოსო მიქელაძე ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ირანში ყველა მსურველს ქართულ ენას ასწავლის. 60 წლის პედაგოგმა სპარსულენოვანთათვის საკუთარი ხარჯებით ქართული ენის თვითმასწავლებელი შექმნა. ამბობს, რომ ქართულს ახლაც სწავლობს და მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უზიარებს. სოსო მიქელაძის თქმით, ირანში ქართველები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი სახლში ქართულად საუბრობენ, ხოლო მეორენი – არა.
პედაგოგს ქართველი მეუღლე და ორი შვილი - გოგონა და ვაჟი ჰყავს. მისი თქმით, ოჯახის წევრებიც კარგად საუბრობენ ქართულად. სურს, რომ მთარგმნელობითი საქმიანობა დაიწყოს და ქართულიდან სპარსულად საქართველოს ისტორია თარგმნოს.
სოსო მიქელაძე:
- მე უკვე პენსიონერი ვარ. 26 წელი კაფელის ქარხანაში ვიმუშავე ხარისხის გამგედ და მას შემდეგ პენსიაზე გავედი. ახლა კი, ქართულ ენას ვსწავლობ და თან ვასწავლი, ვთარგმნი ქართულიდან სპარსულად ზოგიერთ რამეს, მინდა დავიწყო წიგნების თარგმნა ქართული ენიდან სპარსულ ენაზე.
– 20 წელი იქნება, რაც მსურველებს ქართულს ვასწავლი, აქედან თითქმის ხუთი წელია ოფიციალურად ვასწავლი ქართულ ენას უცხო ენების სასწავლებელში. ვასწავლი იმას, რაც მე თვითონ მისწავლია. უმაღლესი განათლება ქართულ ენაში არ მაქვს. ჩემი მოსწავლები უმეტესად ქართველები არიან, ზოგმა ფერეიდნული ქართული საუბარი იცის, ზოგმა კი არა, მათთან მშობლებს არასდროს უსაუბრიათ ქართულად.
ქართული ენის შესწავლისთვის რამდენიმე წიგნი გამოვიყენე: „დედა ენა“, „ქართული ენა არაქართველებისათვის“, „თავ-თავი“, „აღმართი“. ამ პერიოდში მივხვდი, რომ საჭირო იყო ახალი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა აქაურ ქართველებსა და სპარსულენოვან მსურველებს, ამიტომაც ამ დასკვნამდე მივედი. ხუთი წლის შრომის შემდეგ, ყოველგვარი ფინანსური და მორალური დახმარების გარეშე, საკუთარი რესურსებით გამოვაქვეყნე ქართული ენის პირველი თვითმასწავლებელი. ამ წიგნში ქართული ანბანი და ქართული ენის გრამატიკა არის შესული. მას „ფესვები“ დავარქვი.
ჩემი მიზანია ყველა სპარსულენოვანმა, განსაკუთრებით ირანის ქართველებმა ადვილად ისწავლონ ქართული და ქართული ენა ირანში უკვდავებას მიეცეს.
– მე ქართულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ქართული ენა მშობლებისგან ვისწავლე. მეოთხეკლასელი ვიყავი, როცა შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ქართულ ენას დამწერლობაც ჰქონია და მას შემდეგ მთელი ენერგიით შევუდექი ქართული წერა-კითხვის სწავლას. ახლაც ინტერნეტის საშუალებით ვესწრები ქართული ენის გაკვეთილებს და ვცდილობ, უფრო მეტი ვისწავლო და შემდეგში ვასწავლო.
რა თქმა უნდა, ენის შენარჩუნება ძალიან ძნელია უცხოეთში, მით უმეტეს, თუ შენ გარშემო ყველაფერი უცხო ენაზეა. 400 წელია ფერეიდნელი ქართველები თავიანთი დედა ფესვისაგან მოწყეტილი არიან და მიუხედავად სიძნელეებისა, ეს ენა შეინარჩუნეს. იმის გამო, რომ ჩვენთან ქართული დამწერლობა ვერ შენარჩუნდა, სიტყვების მოცულობა თანდათან შემცირდა.
მე ყოველთვის ფერეიდნულ ქართულს ვადარებ იმ დიდ ქვას, რომელიც კლდიდან ჩამოუშორებიათ და მდინარეში ჩაუგდიათ, რომლის მოცულობაც დროთა განმავლობაში მცირდება და მალე რიყის ქვად გადაიქცევა.
აქაური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თუ ბავშვთან თავიდანვე ქართულად ილაპარაკე, მას უფრო ადვილად შეუძლია ენის შენარჩუნება და თუ არა, ძალიან რთულდება. შეიძლება ითქვას, რომ აქაური ქართული საზოგადოება ორ ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი ცდილობს, შვილებთან დაბადებიდანვე ქართულად ილაპარაკოს, ალბათ ამასაც თავისი სიძნელეები გააჩნია. როგორც იცით, აქ ყველაფერი სპარსულ ენაზეა და ძალიან ძნელია, რომ ბავშვი დააინტერესო ქართული ენით. მეორე ჯგუფი კი, თავიდანვე სპარსულად ლაპარაკობს შვილებთან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქართული ენის შენარჩუნებას.
– მაშინ, როცა საქართველოში ქართული ენა თითქმის მოსპობას უახლოვდებოდა, იაკობ გოგებაშვილმა დიდი საქმე გააკეთა, "დედა ენა" შექმნა და ქართულ ენას ავრცელებდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ბევრი რამე შეიცვალა და ახლა ჩვენ თანამედროვე ბავშვებს ვერ ვაიძულებთ, რომ ძველი „დედა ენის“ ფორმატით ისწავლონ. ბევრი სიტყვა ახლა აღარ იხმარება. ჩემი აზრით, იმსთვის, რომ შენარჩუნდეს და მუდამ გვახსოვდეს გოგებაშვილის დამსახურება, უნდა შეიქმნას „დედა ენა“ ახალ ფორმატში, რომელშიც ახალი სიტყვები იქნება და ბავშვისთვის უფრო მიმზიდველი იქნება.
– სამწუხაროდ, არა, იმიტომ, რომ საქართველოში დაბეჭდილი წიგნები და განსაკუთრებით „დედა ენა“, განსაზღვრულია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ქართულად მეტყველებენ, ჩვენ გვჭირდებოდა სახელმძღვანელო, რომლითაც ენის სწავლა ნულიდან იქნებოდა შესაძლებელი.
– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ იაკობ გოგებაშვილს ჩემ თავს ვერასოდეს შევადარებ. ის დიდი და განუმეორებელი პიროვნება იყო და მე ჩემი თავი ამ წოდების ღირსად არ მიმაჩნია, მე ერთი უბრალო ქართველი ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ერთ ქართველს ევალება. დიახ, სახელმძღვანელოს გამოქვეყნებას დიდი ხმაური მოჰყვა და ორი წლის შემდეგ სახელმძვანელო ხელმეორედ დაიბეჭდა.
ერთი წიგნიც შევადგინე, რომელსაც: „ვიმოგზაუროთ საქართველოში“ დავარქვი. ამ წიგნში მოცემულია კომუნიკაციისთვის აუცილებელი ფრაზები, რომლებიც სპარსულენოვანს საქართველოში მოგზაურობისას სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო ვერ დავბეჭდე.
სპარსულ ენაში არ არის რვა ბგერა (კ,პ,ტ,ღ,წ,ძ,ც,ჭ), ესე იგი სპარსულენოვანის ყური ამ რვა ბგერის მიმართ ყრუ არის და ამიტომ, ამ ბგერების გამოთქმა ძალიან უჭირთ, მაგრამ იმათ, ვინც ქართულად მეტყველებენ, პრობლემა არ აქვთ. ქართულ ენაში გაცილებით უფრო მეტი სიტყვაა, ვიდრე სპარსულში, ამიტომ მათი დამახსოვრება ძნელია. აგრეთვე, ქართულში ზმნები მრავალფეროვანია. ესეც კიდევ ერთი სირთულეა. მე ვცდილობ სწორი გრამატიკული ქართული ვასწავლო მსურველებს.
ხატია ვარდოსანიძე