"ეგონათ, სკოლაში დარაჯად ვმუშაობდი" - დაწყებითების მამაკაცი მასწავლებელი, რომელიც მათემატიკას კანფეტებით ასწავლის
"ეგონათ, სკოლაში დარაჯად ვმუშაობდი" - დაწყებითების მამაკაცი მასწავლებელი, რომელიც მათემატიკას კანფეტებით ასწავლის
26 წლის ბესო მოდებაძე თბილისის 192–ე საჯარო სკოლაში დაწყებითების მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ მასწავლებლობა ბავშვების მიმართ განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადააწყვეტინა.

ჩვენს საზოგადოებაში კაცი მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ერთგვარად სტერეოტიპულია. ალბათ, თქვენც გაგიგონიათ ფრაზები – „სად კაცი და სად დაწყებითების მასწავლებელი?!“ „სხვა პროფესია ვერ იპოვა?!“ და ა. შ.

ბესო მასწავლებელს საზოგადოების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არ აშინებს. დღეს სიცილით იხსენებს – როცა ერთ ახლობელს გაუგია, რომ მუშაობა სკოლაში დაიწყო, უკითხავს, დარაჯად მუშაობო?.

მას სწავლების განსხვავებული მეთოდი აქვს.
მაგალითად, მოსწავლეებს მათემატიკას თამაშით ასწავლის და ალბათ, სწორედ ამიტომ უყვართ მისი გაკვეთილები განსაკუთრებით. Mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვებს შეკრების და გამოკლების სწავლა შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ თუ ამ საქმეში კანფეტებს მოვიშველიებთ, ყველაფერი გაცილებით გამარტივდება.


– იშვიათია მამაკაცი მასწავლებელი, მით უფრო დაწყებით საფეხურზე, ერთგვარად სტერეოტიპულიც კი არის ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება, როგორ შეგხვდნენ სკოლაში, პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები?


– შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. არაჩვეულებრივად დამხვდა მთელი კოლექტივი და რაც მთავარია, ბავშვებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ. მიხარია, რომ ჰარმონიულია ჩვენი ურთიერთობა. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე უტაქტო კომენტარი რაც თქვენი მისამართით გაგიგონიათ როცა მასწავლებელი გახდით?


– სიცილით მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ერთმა ადამიანმა, მას შემდეგ რაც გაიგო
რომ სკოლაში დავიწყე მუშაობა, მკითხა, დარაჯად ხომ არ ვმუშაობდი. სხვა მხრივ, ყველას გაუხარდა, რა თქმა უნდა.
mshoblebi

– თავად თუ ყოყმანობდით მასწავლებლად მუშაობის დაწყებამდე, ამბობენ, რომ მასწავლებლად იბადებიან და ეს საქმე ყველას კარგად არ გამოსდის, თქვენ შემთხვევაში როგორ არის – ბავშვების სიყვარულმა გადაგაწყვეტინათ?

– ჩემი პროფესია თავად გულისხმობს მასწავლებლობას. მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ გადამიწყვეტია. როგორც ახსენეთ, მოწოდებით პედაგოგი ვარ, ბავშვობიდან მომწონდა ეს პროფესია. ძალიან კარგია და სასიამოვნოა როცა ცოდნას უზიარებ სხვას.

– რა პროფესიის ხართ, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ?

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და პროფესიით მათემატიკოსი ვარ.

დაწყებითი კლასებში, რომელიც 1-6 კლასებს მოიცავს, ვასწავლილი მათემატიკას. თუმცაღა, კომპეტენციით, საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგი ვარ.

– რა არის მთავარი სირთულე პატარებთან ურთიერთობისას?

– ჯერ განსაკუთრებული, დაუძლეველი სირთულე არ გამოვლენილა. თუმცა შედარებით ართულებს საგაკვეთილო პროცესს მათი მხრიდან კონცენტრაციის ნაკლებობა და მოუსვენრობა. მთავარი პრობლემა ალბათ ეს არის.

– თავად თუ გყავთ შვილები?

– შვილები არ მყავს, ჯერ-ჯერობით..

– დაწყებითების საფეხურის მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში გაჩერება, ერთი და იგივე საქმის დიდხანს კეთება, თქვენი მოსწავლეების შემთხვევაში როგორაა და როგორ უმკლავდებით გამოწვევას?

– ვცდილობ, მათი სურვილის მიხედვით მოვიქცე, ხანდახან. მაგალითად, მხოლოდ მათემატიკაზე არ ვისაუბრო და მათთვის საინტერესო თემებსაც შევეხო. ეს მეთოდი ამართლებს. ზოგჯერ საჭიროა ბავშვი სხვა რამეზეც გადაერთოს.

– როგორია სწავლების თქვენი მეთოდი? ვიცი, რომ თამაშის მეთოდს იყენებთ და რამდენად ამართლებს ეს?

– მე ვფიქრობ, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ყველაზე ახლობელი და სასიამოვნო პროცესი თამაშია და შესაბამისად, ისე უნდა ვასწავლოთ, რომ თამაშს არ მოვწყვიტოთ – თან გაერთონ, თან დაინტერესდნენ ამა თუ იმ საგნით. თამაში ამ შემთხვევაში უპრიანია და შედეგსაც ვიღებთ. მოზარდი ინტერესდება. უფრო მეტ ცნობისმოყვარეობას ავლენს სასკოლო პროგრამის მიმართ.

– როგორ უნდა დავაინტერესოთ პირველკლასელი, მეორეკლასელი მოსწავლე სწავლით? როგორ უნდა გადავრთოთ ის თამაშიდან უფრო სერიოზულ საკითხებზე?

– მთავარია, რომ სასწავლო პროცესი რეალურ ცხოვრებასთან დავაკავშიროთ. მაგალითად, ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ ციფრების საშუალებით შეკრება, ან გამოკლება. თუმცა, არ გაუჭირდებათ კანფეტების დათვლა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომა ამართლებს და ბავშვები ეჩვევიან სწავლის პროცესს. უფრო მარტივად ადაპტირდებიან სასწავლო, სასკოლო გარემოსთან.

ხატია ვარდოსანიძე
7690
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
იზა
0
წარმატებები ახალგაზრდა პედაგოგს და მის მოსწავლეებს!
10:33 / 21-11-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?