ილია მახარობლიძე ფეხბურთის მწვრთნელია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში თამაშობდა, თუმცა ბოლოს თეთრიწყაროში დაბრუნება და იქ საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ბავშვებს ძალიან უყვართ ფეხბურთი და დიდ ინტყერესსაც გამოხატავენ. ახლა 45 მოსწავლე ჰყავს და არც ერთ მათგანს თანხის გადახდა არ უწევს. ილია საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება:
- ფეხბურთს 10 წლიდან ვთამაშობ, პროფესიონალურ დონეზეც ვთამაშობდი. ევროპაში ვცხოვრობდი და თამაში ფინეთიდან დავიწყე, შემდეგ გერმანიასა და ლიტვაში, პოლონეთში ვითამაშე წელიწად-ნახევარი. ბოლოს საფრანგეთში ვიყავი, 3 წლის განმავლობაში, სადაც ლტოლვილად ჩავბარდი. ამის ხარჯზე, 5 000 ევროთი დამაფინანსეს. ამ თანხით ჩამოვედი თეთრიწყაროში, ბავშვებს ვუყიდე სპორტულები, შევქმენი ყველანაირი ეკიპირება და გავაკეთე საფეხბურთო გუნდი. ვავარჯიშებდი 2 წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ გუნდი საკუთარი სახსრებით გავაკეთე და კერძოდ, მქონდა საფეხბურთო სკოლა, დამიფასდა 3 წლის მერე და დღეს, ოფიციალურად ვმუშაობ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრში.
- რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ საფრანგეთიდან წამოსულიყავით და თანხით საფეხბურთო სკოლა გაგეხსნათ?
- საფრანგეთში ყოფნის ყველანაირი რესურსი ამოიწურა. ეს იყო ჩემი ბიზნესპროექტი. თეთრიწყაროში სახლი დაახლოებით 8 წელია გვაქვს, თბილისიდან აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ამ რაიონში ფეხბურთს არ აქცევდნენ ყურადღებას, არ იყო საფეხბურთო გუნდი, სტადიონიც უფუნქციოდ იყო. წელს დაიწყეს გაკეთება, მოაწესრიგეს სტადიონი, იქნება გასახდელები. განათებაც კია დიდ მოედანზე. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ჩემი მთავარი მოტივაცია ისაა, რომ აქაც აქტიურად დაიწყონ თამაში.
- ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც თქვენი ინიციატივის შესახებ გაიგეს, თუ ჰქონდათ ფეხბურთის თამაშის სურვილი?
- ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ. მოთხოვნა იყო, თუმცა საშუალება არ იყო. თანხას თავიდან იხდიდნენ იმიტომ, რომ ეს იყო ბიზნესპროექტი. დავიწყეთ 50 ლარით, მერე 35 ლარზე ჩამოვედით, შემდეგ - 10 ლარზე და ერთი წლის განმავლობაში სულ უფასოდ ვავარჯიშებდი.
- გასვლითი ტურები და შეჯიბრები გაქვთ ხოლმე?
- გაზაფხულიდან დაიწყება შეჯიბრებებზე გასვლა. დაფინანსდება მუნიციპალიტეტიდან და გამოვალთ ტურნირებზე სამ ასაკობრივ ჯგუფში. ძირითადი აქცენტი მაინც პატარებზეა გაკეთებული, რომლებიც 8-10 წლისები არიან. ფორმები შეძენილია. ფეხბურთის ფედერაციისგან დაფინანსება მივიღეთ, ექნებათ ეკიპირება, ბურთები, ბუცები იმ პატარა თაობას, რომლებსაც ნამდვილად აქვთ განვითარების პერსპექტივა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს.
- თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვები დაკავებულნი იყვნენ სპორტით?
- ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თეთრიწყარო პატარა ქალაქია. მიხარია, რომ პატარა ასაკობრივ კატეგორიაში 19 ბავშვი დადის. ბავშვები სწავლობენ დროის უკეთ გადანაწილებას და ტექნიკასთან დამოკიდებულებასაც ამცირებენ. ძალიან ბედნიერები არიან, სახლში მაკითხავენ ერთი საათით ადრე და მელოდებიან, როდის წავალთ ერთად ვარჯიშზე. ძალიან მიხარია, რომ ამოძრავდა ახალგაზრდობა. სტადიონი ცენტრიდან 2 კილომეტრშია და ახლა ფეხით სიარული უწევთ, შემდეგი წლიდან უკვე სამარშრუტო ტაქსი მოემსახურებათ.
- რისი მიღწევა გსურთ სამომავლოდ, რა არის თქვენი მთავარი ამოცანა?
- ძალიან მინდა, გაკეთდეს პროფესიონალური გუნდი, სადაც მეც ვითამაშებ. მინდა, რომ ხალხი მოვიდეს სტაიონზე, სადაც ყველანაირი პირობაა, რომ ფეხბურთი ითამაშო, არის ბუნებრივი საფარი, რომელიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდება პატარებზე, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ.
თამარ იაკობაშვილი