ვლადიმერ ქინძოძე 24 წლის მასწავლებელია, რომელიც ჩინეთში მოზარდებს უკვე 8 თვეა ინგლისურს ასწავლის. ის მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ ქსოვრისიდანაა. საერთაშორის ურთიერთობების სპეციალობა აქვს დამთავრებული, თუმცა მასწავლებლის პროფესიაში სცადა ბედი და ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან მოეწონა.
ლადო ჩინეთში ტრენინგ ცენტრის ტიპის სასწავლო დაწესებულებაში ასწავლის. Mshoblebi.ge-ს მან ჩინურ საგანმანათლებლო სისტემაზე უამბო და სწავლების მეთოდებზე ესაუბრა.
ვლადიმერ ქინძოძე: ვასწავლი ცენტრში, სადაც სტუდენტთა ასაკი 3 დან 12 წლამდეა. შესაბამისად, გვაქვს განსხვავებული წიგნები, მიდგომა და მეთოდები.
- რა იყო მთავარი რამაც გაგაკვირვათ ჩინურ საგანმანათლებლო სისტემაში?
- ბავშვებს ცოტა მკაცრად ექცევიან, ამან გამაკვირვა. ჩემი კოლეგები, ხანდახან ისე ეჩხუბებიან ხოლმე, ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის ამის დანახვა. რაც შეეხება ფიზიკურად შეხებას, კანონით აკრძალულია და მასწავლებელი დატოვებს სამსახურს, თუ ასეთი რამ მოხდა. თუმცა ჩემი მეგობრისგან, რომელიც ასევე ინგლისურს ასწავლის, ვიცი, რომ ერთმა მასწავლებელმა ბავშვს დაარტყა. ასეთებიც ხდება.
- როგორ ასწავლიან ჩინეთში ბავშვებს? როგორი მიდგომა აქვთ, რაიმე განსაკუთრებული სწავლის მეთოდები თუ აქვთ, რას აქცევენ ყველაზე მეტ ყურადღებას – უნარ ჩვევების გამომუშავებას, საგნების სწავლებას და თუ ყველაფერს ერთად?
- ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა და ალბათ, ძალიან ბევრი მასწავლებელი, ვისაც ამ ასაკობრივ კატეგორიასთან უწევს მუშაობა, დამეთანხმება, რომ გაკვეთილი უნდა იყოს სახალისო, არ უნდა იყოს მოსაწყენი, ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი სასწავლო აქტივობებში. ერთი მხრივ, უნდა შეგეძლოს კლასის გაკონტროლება და მოზარდების ყურადღების მიქცევა, მეორე მხრივ, გამხიარულება. შეიძლება ითქვას საკმაოდ რთულია, მაგრამ სასიამოვნოც როცა ხედავ, რომ შენგან რაღაცას სწავლობენ. ვერ ვიტყვი, რომ სწავლების რაიმე განსაკუთრებული მეთოდი აქვთ. ამ ასაკობრივ ჯგუფთან ცდილობენ გაკვეთილები იყოს მხიარული, საინტერესო და თამაშის გამოყენებით ყველა მოსწავლე ჩართონ საგაკვეთილო პროცესში.
მხიარული გაკვეთილები მაქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურად თითქმის არაფერს ვხსნი, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მიახვედრო ბავშვი, რას ნიშნავს ესა თუ ის წინადადება. ბოლო დროს ძალიან მივეჩვიე სიტუაციის გამოყენებას ახალი სიტყვის, ან წინადადების სწავლების დროს. მაქსიმალურად ვიყენებ გარემოს. მაგალითად, თუ ახალი წინადადებაა - "open the door, please.“ ( გააღეთ კარი თუ შეიძლება) სათითაოდ ვეძახი და ნებას ვრთავ კლასის კარი გააღონ და თქვან წინადადება. ასე მათ ყურადღებასაც იქცევ, გაკვეთილიც უფრო მხიარულია, ყველა ცდილობს ჩაერთოს და რაც მთავარია, გასაგებია ახალი სიტყვისა, თუ წინადადების მნიშვნელობა.
- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და არ მოგეწონათ ჩინურ საგანმანათლებლო სისტემაში? შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას გადმოიტანდი ჩვენთან, საქართველოში?
- სიამოვნებით გადმოვიტანდი ასეთი სახის ტრენინგ ცენტრებს, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან ცოტას თუ აქვს იმის საშუალება, რომ 4-5 წლის ბავშვისთვის უცხო ენის სწავლებაში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს, მით უფრო, თუ ეს სწავლა ჯგუფურია და ასე ვთქვათ, კონკრეტული შედეგის დანახვა მშობლისთვის რაღაც გარკვეული ვადაში არ არის შესაძლებელი. ასეთი სახის სწავლება გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე.
ზოგადად, მგონია, რომ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მხრივ სერიოზული რეფორმები გვჭირდება საქართველოში. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა და გადაწყვეტილი აქვს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება სოციალური მეცნიერებების კუთხით, არ შეიძლება იმ დონეზე მოსთხოვო ქიმიის ცოდნა, როგორც იმ მოსწავლეს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ქიმიკოსობა და პირიქით.
მე- 9 ან მე-10 კლასიდან შეიძლება მოსწავლეეების გარკვეული მიმართულებით დაყოფა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე და წინა საუნივერსიტეტო განათლების მიცემა, ასე რესურსებიც დაიზოგება და მათი სწავლაც უფრო შედეგიანი იქნება.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მგონია, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება უნდა მისცეს. რაში მჭირდება უნივერსიტეტი, როცა შემიძლია წიგნების ყიდვა და წაკითხვა და კიდევ უფრო მეტის ინტერნეტში მოძიება?! ამიტომაც, მგონია რომ უნივერსიტეტის უპირველესი მოვალეობაა დაეხმაროს სტუდენტებს არა თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღებაში.
- ჩინელი ბავშვები რამდენად განსხვავდებიან ქართველი ბავშვებისგან, უფრო მოწესრიგებულები და მობილიზებულები ხომ არ არიან ქართველ თანატოლებთან შედარებით?
- ჩინელი ბავშვები არაფრით განსხვავდებიან ქართველი ბავშვებისგან, აქაც ისეთი საყვარელი და ჭკვიანი ბავშვები, არიან როგორიც საქართველოში.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ ციფრულ ტექნოლოგიებთან, სმარტფონებთან. ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას ეს პრობლება და მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები დამოკიდებულები არიან ციფრულ ტექნოლოგიებზე...
- ტელეფონში "ჩამძვრალი" ბავშვი არ შემიმჩნევია. ამ მხრივ, სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. რამდენიმე სტუდენტი ატარებს ე.წ Apple watch-ს, თუმცა ეს უფრო უსაფრთხოების გამოა.
- ჩვენთან პატარაობიდანვე რომ დაჰყავთ მშობლებს მოზარდები ყველაფერზე – ცეკვა, ცურვა, ფეხბურთი, რაგბი, ხატვა, ამზადებენ ყველა საგანში და ა.შ. მანდ როგორი დამოკიდებულება აქვთ მშობლებს, ჰგვანან ქართველებს ამ თვალსაზრისით?
- ვიცი რამდენიმე ბავშვი რომელებიც დაჰყავთ, ცეკვაზე, ბალეტზე, სიმღერაზე. მშობლები ალბათ ყველგან ერთნაირად არიან, ყველას უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს თავისი შვილისთვის, თუმცა მე ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს. არ შეიძლება 6 წლის ბავშვი დააპროგრამო და გადატვირთო. რა თქმა უნდა, უცხო ენაც საჭიროა, სპორტიც და სულიერი განვითარებაც, მაგრამ ვფიქრობ, მშობლებმა რაღაც ზღვარი უნდა დაიცვან და გარკვეული თავისუფლება დაუტოვონ ბავშვებს თუნდაც იმის გამო, რომ რაღაცებზე იფიქრონ. მგონი, შესაძლებელია, რომ ბავშვს სულიერ და ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, გარკვეული თავისუფლებაც მივცეთ.
- საჩუქრებს თუ ჩუქნიან პედაგოგებს მოსწავლეების მშობლები?
- ერთმა ბავშვმა მაჩუქა სურათი. ვიცი, რომ ბაღის მასწავლებლებს ჩუქნიან ხოლმე მშობლები საჩუქრებს, რადგან ბაღში მასწავლებლობა უფრო განსხვავებულია. იქ მთელ დღეს ერთად ატარებენ ბავშვები და მასწავლებლები და უფრო ოჯახური გარემოა. ასე რომ, საჩუქრების თემა აქაც აქტუალურია.
- ზოგადად, რამდენად რთული იყო კომუნიკაცია, თავად თუ ისწავლეთ ჩინური?
- სამსახურში, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ინგლისური იციან, ქუჩაში ახლაც რთულია არავინ რომ არ იცის ინგლისური, თუმცა ტელეფონის დახმარებით ვუმკლავდები. ჩინური საკმაოდ რთული ენაა. " თიმბუდო ჯონგოხუას" მეტი არაფერი ვიცი. ეს ნიშნავს, არ მესმის/არ ვიცი ჩინური და საკმაოდ ხშირად ვიყენებ იმიტომ, რომ სადაც არ უნდა წავიდე, მაღაზიაში, ტრანსპორტში და ა.შ, ხალხი ისე მელაპარაკება ჩინურად, თითქოს ვგავდე ჩინელს. ამიტომ, ხშირად ვიყენებ ხოლმე.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენ მიმართ მოსწავლეებს, რას გეუბნებიან, საქართველოს მიმართ თუ აქვთ ინტერესი, თუ უყვებით მათ აქაურობაზე, რა აინტერესებთ ყველაზე მეტად?
- რამდენიმეს უკითხავს, საიდან ვარ. საქართველოზე პატარებმა კი არა, დიდებმაც არ იციან სად არის და მეტი დაინტერესება არ ყოფილა. თუმცა ერთი ჩემი სტუდენტის მამამ, რომელთან ერთადაც ფეხბურთსაც ვთამაშობ ხოლმე, საქართველოზე იმდენი რამ იცოდა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. შემდეგ ისიც ვუთხარი, რომ საქართველო ღვინის აკვანია, რომ პირველად ღვინო დამზადდა საქართველოს ტერიტორიაზე, ამჯერად მე გავაკვირვე.
- ზოგადად, მამაკაცი მასწავლებელი იშვიათია და ამ საკითხის მიმართ ერთგვარად სტერეოტიპული დმოკიდებულებაც არის საზოგადოებაში, არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მასწავლებლობა, მით უფრო სკოლამდელ ბავშვებთან, ან დაწყებითების მოსწავლეებთან "კაცის საქმე" არ არის – რას იტყვით თქვენ, როცა მასწავლებლობა გადაწყვიტეთ, ხომ არ ამბობდნენ თქვენი მისამართით უტაქტო ფრაზებს?
- არა, არანაირი უტაქტო ფრაზა არ ყოფილა არც საქართველოში და აქ მითუმეტეს. აქ მითუმეტეს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ ბევრი კაცი მასწავლებელია. ალბათ იმდენივე, რამდენიც ქალი მასწავლებელი.
პირადად ჩემ უფროსს ისიც კი უთქვამს რომ ურჩევნია მასწავლებელად ბიჭი ჰყავდეს, ვიდრე გოგო.
ზოგადად, არ მგონია, რომ საქართველოში რაღაც ისეთი სტერეოტიპები არსებობს რაც ევროპაში, ან აზიაში არ არის. ხანდახან "ფეისბუქზე" ვხედავ ხოლმე პოსტებს - "ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება" და სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს. თვითონ ის არის სტერეოტიპი რომ რაღაც მხოლოდ საქართველოში ხდება და ვიღაცებზე უარესები ვართ. ჩინეთი მესამე ქვეყნაა, სადაც ყოფნა და გარკვეული დროის გატარება მომიწია და მივხვდი, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა ქვეყნებში არ ხდება. სტერეოტიპებსაც, ტრადიციებსაც და მენტალობასაც აყალიბებს გარემო და პირობები.
- პედაგოგები რამდენად დაფასებულები არიან, ანაზღაურებაც თუ არის შესაბამისი?
- მასწავლებელები საკმაოდ დაფასებულები არიან და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობენ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩინეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა, სადაც შეგიძლია ამ სფეროში სამსახური კარგი ანაზღაურებით იპოვო.
- საქართველოში თუ გქონია მოზარდებთან შეხება, დაქორწინებული თუ ხარ, შვილები თუ გყავს, ან ხომ არ ასწავლიდი საქართველოშიც ბავშვებს?
- დაქორწინებული არ ვარ, არც შვილები მყავს. საქართველოში არანაირი სასწავლო გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ჩინეთში ჩამოსვლამდე რუმინეთში ვიყავი გაცვლითი პროგრამით, სადაც სხვა მოხალისეებთან ერთად სკოლაში ვასწავლიდით "ჯანსაღი ცხოვრების წესს."
ხატია ვარდოსანიძე