ნინო მალუტაშვილი 25 წლისაა და მასწავლებლობა სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო. 161-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას IX-XII კლასის მოსწავლეებს ასწავლის. როგორც თავად ამბობს, პროფესიის შთაგონება მის ქართულის მასწავლებელსა და ლიტერატურის დიდ სიყვარულს უკავშირდება. ნინო მასწავლებლობის პირველ შთაბეჭდილებებსა და გამოწვევებზე გვიყვება:
- მასწავლებლობის შთაგონება, ალბათ, მაინც ჩემს ქართულის მასწავლებელს უკავშირდება. მთავრი მოტივაცია იყო, დამენახებინა მოსწავლეებისთვის რაღაც ახალი, თუნდაც ის დეტალები, რომლებთანაც ყოველდღე აქვთ შეხება, მაგრამ არასდროს აკვირდებოდნენ. სასიამოვნოა, როცა ვინმეს ფიქრში ეხმარები და რაც მთავარია, ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ, რომ უამრავი შესაძლებლობა აქვთ.
- თუ გიოცნებიათ მასწავლებლობაზე?
- არა, ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებას ოცნება არ სჭირდება, თუ გინდა, რომ რაღაც გააკეთო, გააკეთებ.
- რა სირთულეებს შეხვდით მასწავლებლობის პირველ დღეებში და, ზოგადად, რა პრობლემებს ხვდებით სწავლების პროცესში?
- ძირითადად დისციპლინისა და დაბალი ინტერესის პრობლემაა. უმეტესად ნიშნებზე არიან ორიენტირებული, რაც მასწავლებელს იძულებულს ხდის, საკუთარ ბერკეტად სწორედ ნიშანი გამოიყენოს. ასეთი დამოკიდებულებები კი პროცესს ნაკლებად საინტერესოს ხდის. ალბათ, მეტი უნდა ვესაუბროთ მათ თავად სწავლის მნიშვნელობასა და პროცესით მიღებულ სიამოვნებაზე, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ აქტიურები იყვნენ გაკვეთილზე და ნელ-ნელა შედეგიც იქნება.
- როგორ აღგიქვამდნენ თქვენ, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელს, მოსწავლეები და უფროსი მასწავლებლები?
- ამ მხრივ განსაკუთრებული დაბრკოლება არ მქონია. ალბათ, უფრო დადებითად აღიქვამენ ამას, რადგან მეტი საერთო გვაქვს, შეიძლება მსგავსი გემოვნება და ინტერესებიც კი აღმოგვაჩნდეს.
- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში, როგორ ახერხებთ მოსწავლეების დაინტერესებას და რა ტიპის აქტივობებს ახორციელებ თგაკვეთილზე?
- ყველაზე მნიშვნელოვანია გაიაზრონ, რატომ არიან სკოლაში, რისი წაღება სურთ სკოლიდან. რა შემატა მათ ამ წლებმა, ამაზე ხშირად უნდა იფიქრონ და ისაუბრონ. უნდა შეეძლოთ მასშტაბური აზროვნება, ცხადია, ფაქტობრივი ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეპოქაში ინფორმაციის მოპოვება ძალიან ადვილია, ამიტომ, უფრო დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს ცოდნის გამოყენების უნარზე. ასევე, ჩემი აზრით, მათ უნდა მიიღონ სოციალური ურთიერთობების გამოცდილება.
ვცდილობ გაკვეთილზე თანაბრად გავანაწილო "ჩემი დრო" და "მათი დრო", ანუ მუდმივად ვაძლევ საშუალებას გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დამისვან კითხვები მე და უფრო ხშირად - ერთმანეთს. პატივი სცენ სხვის შეხედულებებს. ხშირად ვთავაზობ აირჩიონ მათთვის საინტერესო თემები და დაწერონ ან მესაუბრონ ამის შესახებ.
- ახალგაზრდა მასწავლებლობა გამოწვევაა?
- დიახ, რა თქმა უნდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმიანობაა.
- რა სირთულეები დაინახეთ სკოლაში უკვე, როგორც მასწავლებელმა?
- მთავარი სირთულე ამდენ პიროვნებასთან ურთიერთობაა. თითოეულ მათგანს საკუთარი ხასიათი, შეხედულებები, მიზნები და მისწრაფება აქვს. საჭიროა, თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდეს. თითოეული მოსწავლისთვის სხვადასხვა რამ შეიძლება აღმოჩნდეს მოტივაციის წყარო, ამის ამოცნობა ყველაზე დიდი სირთულეა.
- რა განიჭებთ სიამოვნებას ამ ახალ ასპარეზზე?
- ყველაზე სასიამოვნო მათში ინტერესის გაღვიძებაა, როცა ხედავ, რომ მთელი არსებით ჩართული არიან შემოქმედებით პროცესში, ხვდები, რომ გაკვეთილი შედგა.
- რამდენად აუცილებელია, მოსწავლემ დამატებითი ლიტერატურა წაიკითხოს და როგორ შეიძლება ის დავაინტერესოთ კითხვით?
- ამის "რეცეპტი", ალბათ, არ არსებობს. ვცდილობ ზოგს "ისე უბრალოდ", მეგობრულად ვურჩიო ესა თუ ის წიგნი, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, ხშირად მიმაქვს მოცულობით პატარა ტექსტები და მათთან ერთად ვკითხულობ.
დამატებითი ლიტერატურის კითხვა, ცხადია, აუცილებელია; ლექსიკური მარაგის გამდიდრების გარდა, ეს პროცესი ავითარებს წარმოსახვით, აბსტრაჰირებულ აზროვნებას, რაც დღეს ბავშვებს ძალიან უჭირთ. ლიტერატურა ფიქრში ეხმარება ადამიანებს, უჩენს კითხვებს, რომლებზეც შესაძლოა საბოლოო პასუხს ვერც მიაგნონ, მაგრამ სწორედ პასუხების ძებნაშია მთელი ხელოვნება. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა ვესაუბროთ ავტორის ბიოგრაფიაზე, ისტორიულ კონტექსტზე, პერსონაჟების დახასიათებზე, მხატვრულ სახეებზე, სტილზე და ა.შ., მაგრამ, მთავარი მაინც მარადიულ კითხვებზე ფიქრის ხელოვნებაა.
თამარ იაკობაშვილი