ზურა ნიჟარაძე მათემატიკის მასწავლებელია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშიდან, რომლის პედაგოგიური გამოცდილებაც 30 წელს ითვლის. ის მიიჩნევს, რომ დღეს ბავშვებს ყველაზე მეტად გაღიმებული პედაგოგები და გაღიმებული მშობლები სჭირდებათ. მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერს არ აქვს იდეოლოგია, ადამიანებს არ აქვთ უკეთესად გახდომის, თვითსრულყოფის სურვილი.
ზურა ნიჟარაძეს mshoblebi.ge მოზარდებში, სკოლებში, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა:
- თქვენთვის, როგორც მთაში მცხოვრები პედაგოგისთვის, მთის სკოლის მასწავლებლისთვის, რა არის მთავარი სირთულე, რომელსაც ყოველდღე აწყდებით?
- მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლად ბარში წავიდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, მთაში ცხოვრება უფრო რთულია. აქ სხვანაირი რელიეფი და მკაცრი კლიმატური პირობებია. ალბათ, ისევე, როგორც ბარში, განსაკუთრებულ სირთულეს სიღარიბე წარმოადგენს. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბეა მთავარი პრობლემა, რასაც შემდეგ სხვა პრობლემებიც მოჰყვება ხოლმე. იმისთვის, რომ ოჯახები უზრუნველყონ, ოჯახის უფროსები სახლიდან მუდამ გასულები არიან და შვილებს დიდ ყურადღებას ვერ უთმობენ, არსებობისათვის ბრძოლაში არიან. რა თქმა უნდა, მთაშიც ეს პრობლემაა.
საქართველო მდიდარი ქვეყანაა და ყველაზე დიდი სიმდიდრე ქართველისთვის ღმერთისგან ბოძებული ხალასი გონებაა.
ქართველი ადამიანი მდინარეს ჰგავს, ოღონდ კალაპოტიდან გადასულ მდინარეს. თუ მდინარე კალაპოტში მიედინება, მაშინ არის სიკეთე და ბედნიერება, ხოლო თუ კალაპოტიდან გადავიდა, იგივე წყალი სტიქია და უბედურება გახდება. ქართველები სწორედ რომ გადავედით ჩვენი კალაპოტიდან, მივედ-მოვედებით ნაპირებს. სტიქიად ვექეცით საკუთარ თავსა და მომავალს.
ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგი და გონიერი ადამიანები იზრდებიან, მაგრამ რაღაცნაირად კალაპოტში უნდა მოქცევა ამ ყველაფერს, თამიმდევრულობაა საჭირო.
- ხაიშში ერთი სკოლაა?
- ხაიშში ერთი საჯარო სკოლაა, საკმაოდ კარგი შენობა გვაქვს, ტევადია, თუმცა რემონტს და მიხედვას საჭიროებს.
- როგორც წესი, მოსწავლეების სიმცირეა ხოლმე მთის სკოლებში და თქვენთან რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?
- ჩვენი სკოლა 250 ბავშვზეა გათვლილი და ამჟამად, დაახლოებით, 140 ბავშვი სწავლობს. ჩემს ბავშვობაში 230-მდე მოსწავლეც კი სწავლობდა აქ, მაგრამ შემდეგ, თეთრიწყაროში მეორე ხაიში დაფუძნდა, ბევრი ოჯახი გადავიდა აქედან და რიცხოვნობამ იკლო.
ზოგადად, შობადობამ იკლო საქართველოში. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც სიკვდილიანობა შობადობას სჭარბობს?! ბავშვების რაოდენობამ იკლო, თუმცა რაიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც მცირეკონტიგენტიანია. ქაღალდზე კი წერია, რომ ზემო სვანეთის მოსახლეობა 14 500-ია, მაგრამ მთლიანობაში, 10-11 ათასზე მეტი არაა.
შობადობის მხრივ ძალიან ცუდი ტენდენციაა, ოჯახები ვერ იქმნება. ასევე, ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა არ მატულობს და ჩვენი რეგიონიც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, როცა ახალგაზრდა სწავლობს, აქ ვერ საქმდება და სხვაგან მიდის. ამ მხრივ გადინება ძალიან დიდია ჩვენი რაიონიდან. ბევრი წარმატებული სტუდენტი გვყავს და აქ რომ ვერ შოულობენ სამუშაოს, მიდიან ხოლმე, რაც ცუდია. შეიძლება ამ რაიონის განვითარება, შეიძლება, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ.
ზემო სვანეთში შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელიც სერიოზული და კარგი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და რომლის მმართველი საბჭოს წევრი მეც გახლავართ. იანვარში გამოცხადდება საგრანტო კონკურსები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.
- მცირეკონტიგენტიან სკოლებში მოსწავლესა და პედაგოგს შორის განსაკუთრებული მეგობრობა ყალიბდება, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- 30-ე წელია სკოლაში ვმუშაობ, 23 წლის ვიყავი, როცა მასწავლებლობა დავიწყე. ჩვენ აქ ერთი სოციუმი ვართ, ყველა ნათესავები ვართ ერთმანეთის, ყველა ახლობლები და ჭირის და ლხინის თანაზიარები ვართ. რა თქმა უნდა, მეგობრული ურთიერთობა მაქვს მოზარდებთან. ნათქვამია, თუ გინდა კარგი სიბერე, გაზარდე კარგი თაობაო. არა მარტო მე, არამედ ყველა პედაგოგი ამ მიდგომით მუშაობს.
- რამდენად აქვთ მთაში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მისაღებად პირობები, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად?
- ხაიშელ ბავშვებს სჭირდებათ ის, რაც ზოგადად, ყველა ბავშვს. ქვეყანაში იდეოლოგია არ არის. იდეოლოგია, რომელიც უკეთესად გახდომის სურვილს გულისხმობს. შენ ყოველდღიურად უნდა ცდილობდე, ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად გაზარდო შენი თავი, ანუ თვითაღზრდის კულტურა უნდა გქონდეს, რაც მოიკოჭლებს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში.
ეს საზოგადო პრობლემაა. იდეოლოგის როლი ვერც ეკლესიამ იტვირთა, მასწავლებელი ხომ საერთოდ ისე მიაგდეს, არანაირი უფლება მას არ აქვს და არანაირი საშუალება, რომ უფრო მეტად იზრუნოს ბავშვზე. ჩვენი მწირი შემოსავლიდან გამომდინარე, სკოლის შემდეგ გვიხდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვარჩინოთ ოჯახი. ნაკლებად გვეძლევა იმის საშუალება, რომ სკოლიდან დაბრუნებულებმა ვიფიქროთ მომავალ თაობაზე, იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ სკოლაში უკეთესად, როგორ დავხვეწოთ მიდგომები ბავშვებთან. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს თვითაღზრდის კულტურა.
ადრე, წლების წინ, პროფკავშირების პედაგოგთა შეკრება იყო ზუგდიდში და მაშინ თქვეს ასეთი იდეა, რომ ჩემი ნება რომ იყოს და ასე ვთქვათ, ხელმეწიფებოდეს, ყველა პედაგოგს დავუნიშნავდი 2000 ლარს, მივცემდი დროს გამოცდის ჩასაბარებლად, გამოცდისა, რომლის ჩაბარებასაც ახლა გადაჭრით სთხოვენ პედაგოგებს, რათა მაღალი დონის მასწავლებელი გახდეს, ან ქაღალდზე მაინც დაიწეროს, რომ ის მაღალი დონის პედაგოგია. მივცემდი დროს, თუ ის ჩააბარებდა და 85-დან 100 პროცენტამდე აიღებდა ქულებს, დავუტოვებდი იმ 2000 ლარს, ვინც ვერ ჩააბარებდა, დავუტოვებდი ისევ ძველ ხელფასებს.
პედაგოგს უნდა ჰქონდეს სოლიდური ანაზღაურება, რათა მან გადარჩენაზე კი არა, ბავშვების ხვალინდელ დღეზე იფიქროს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში პედაგოგის ანაზღაურება დაბალია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული, ასევე დაფასებული უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურე. ერთი ქმნის მომავალს და მეორე იცავს იმ მომავალს. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ასე არ არის.
- თუმცა ამ მიმართულებით რაღაცები კეთდება...
- დიახ, კეთდება, მაგრამ იცით რა არის? ეს არ კეთდება დინამიკაში. სხეული როცა ვითარდება, ერთი ხელი რომ გაიზარდოს და მეორე ადგილზე დარჩეს, ხომ სიმახინჯე გამოვა?! არის გარკვეული გამონათებები, მაგრამ დახვეწისკენ სწრაფვა არ არის. ეს ზოგადად ქართველთა ხასიათშია. ჩვენ ბევრი რამ ვერ დავხვეწეთ. მსოფლიოს საპირწონე კულტურის მარგალიტები შევქმენით ნებისმიერ დონეზე, მაგრამ მთლიანობაში ვერ განვვითარდით იმიტომ, რომ ყველაფერი ერთიანობაში უნდა მოაქციო, ერთ ხედვაში მოაქციო, რასაც ვერ ვახერხებთ.
- როგორი არის სკოლა, რომელიც მოზარდს სჭირდება?
- ბავშვებს გაღიმებული პედაგოგები და გაღიმებული მშობლები სჭირდებათ, მათ გაღიმებას რაც სჭირდება, კი ვისაუბრეთ ამაზე. როცა შენ ფიქრობ, როგორ გადარჩე, ოჯახი როგორ არ დაგემშეს, ქვეყანა ვერ აეწყობა და პროგრესი ვერ გვექნება. კი, რა თქმა უნდა, კუპონები რომ იყო, მაშინაც ვმუშაობდით და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ თუ ქვეყანას მომავალი უნდა, ქვეყნის ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი უნდა იხარჯებოდეს განათლებაზე, მეცნიერებაზე.
ვინ ცხოვრობს დღეს ყველაზე კარგად? - ის, ვინც, მუშაობს სახელმწიფო, ან საბანკო სექტორში, ყველაზე ცუდად ვინ ცხოვრობს? - განათლების მუშაკი.
კონკრეტულ სპორტულ შეჯიბრებებში ქართველებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მაგრამ მასობრივი სპორტი არ არის დანერგილი, წიგნის კულტურა არ არის დანერგილი, ბიბლიოთეკები არ არის სოფლებში, ბავშვები არ ისწრაფვიან ამ ყველაფრისკენ. თუ ადამიანს უკეთესად გახდომის სურვილი არ აქვს, ის ერი წინ ვერ წავა.
- ბოლო პერიოდში მომხდარ თვითმკვლელობის შემთხვევებზეც მინდა გკითხოთ, საზოგადოება ბევრს საუბრობს მიზეზებზე, თქვენ რას ფიქრობთ, რას ვაკეთებთ არასწორად, რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც მოზარდები მძიმე გადაწყვეტილებამდე მიჰყავს?
- „ამ ცხოვრების დედაცო“, წერდნენ. აიტაცეს მერე ეს ფრაზა და ჩანთებზე მიახატეს. თითქოს კულტი გახდა, იმდენი თვითმკვლელობა მოხდა უკვე. კლასში რომ შევდივარ, ბავშვებს ვეუბნები, მოღუშული სახეები არ მაჩვენოთ, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდეთ, მზის სხივები უნდა გედგათ თვალებში-მეთქი.
იცით რა არის? ქვეყანა აყვავებული უნდა იყოს და ჩვენთან პირიქითაა ყველაფერი, ცხოვრება გახდა ბრძოლა არსებობისთვის. სოციალური უთანასწორობაა ალბათ პირველი მიზეზი, მერე დანარჩენი. რაც წეღან ვახსენე, იდეოლოგია არ აქვს ერს და ესეც მთავარი პრობლემაა. ერის იდეოლოგია უნდა იყოს უკეთესად გახდომის სურვილი, თვითსრულყოფა.
იდეოლოგიაში მე არ ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე პარტიის მიმდევარი ვიყოთ, ან რომელიმე პიროვნება კერპად გამოვაცხადოთ. უნდა ვცდილობდეთ, რომ უკეთესები გავხდეთ. დამთმენები და მოსიყვარულეები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.
დათმენა ეს არის არა შიშით, არა ანგარებით მოთმენა, არამედ შეგნებაზე აგებული მოთმენა, როცა უნდა დავითმინოთ ყოფაც და ერთმანეთიც. ეს გვაკლია დღეს. ამაზე უნდა იმუშაონ ტელევიზიებმაც, მათ შორის, აუცილებლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. არ კმარა ეს გადაცემები, უნდა მოიძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნისკენ იქნებიან მისწრაფულნი.
დღეს უსახურ გადაცემებს ვხედავთ. ერის მეტმა ნაწილმა არ იცის, ვინ იყო ალექსანდრე ყაზბეგი და იცის ვიღაც უსახური "ვარსკვლავი". სენსაციაზეა აგებული სატელევიზიო გადაცემები და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლა არიან მაგალითები. მასმედია უნდა გამოვიდეს ამ ჩარჩოებიდან და ეძებოს ადამიანები, რომლებიც შრომობენ, იღწვიან, რაღაცას აკეთებენ, ან აკეთებდნენ და დღეს აღარ არიან. ისინი უნდა გახდნენ მაგალითები. ცოტნე დადიანზე რომ ჰკითხოთ ბავშვებს, ათიდან ცხრა გეტვით, რომ არ იცის ვინაა, სამაგიეროდ, რომ ჰკითხოთ სკანდალებით ცნობილ ადამიანებზე, მათ შესანიშნავად იცნობენ.
ბავშვებმა უდიდესი მწერალი, რევაზ ინანიშვილი არ იციან. მის სიტყვებს მოვიშველიებ - „საბავშვო მწერლის დანიშნულება უპირველესად არის ის, რომ მოზარდ თაობას სიბრალული ასწავლოს, არა მარტო ადამიანის სიბრალული, არამედ, ზოგადად, არსებისა“. დიახ, ეს უნდა ვასწავლოთ და თუ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ, გადავრჩებით, თუ არადა, ძალიან ბევრი ერი გამქრალა და ჩვენი ერი მითუმეტეს, მცირერიცხოვანნი ვართ, თანაც ასეთ მტრულ გარემოში მოქცეულნი, ან გადავრჩებით ან - არა.
- მათემატიკის პედაგოგი ხართ, გაქვთ სწავლების რაიმე განსაკუთრებული მეთოდი? არიან მოსწავლეები, რომლებსაც არ უყვართ ეს საგანი, ან უყვართ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ იგებენ, გული უცრუვდებათ, რაიმე რეცეპტი თუ არსებობს, როგორ შევაყვაროთ მოზარდებს მათემატიკა?
- ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვერ ვიტყვი, რომ მათემატიკის სწავლების განსაკუთრებული მეთოდი მაქვს. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ, საგნის მაგივრად რაღაც განყენებულ თემებზე ვესაუბრები მოსწავლეებს და ერთ საათს ვუთმობთ ხოლმე ასეთ საუბრებს. ვსაუბრობთ წიგნებზე, რაღაც მოვლენებზე, პიროვნებებზე, რომლებსაც რაღაც საქციელი სხვებზე უფრო მაღლა აყენებთ. მათემატიკა ისეთი საგანია, რომ თუ უყვარს ადამიანს, უყვარს, თუ არადა, ძალით ვერ შეაყვარებ, ვერ მოახვევ თავს.
- ამბობენ, რომ მათემატიკას ბიჭები გოგონებზე უკეთ ითვისებენ. რას იტყვით ამ საკითხზე, ეთანხმებით ამ მოსაზრებას, თუ სტერეოტიპულად მიიჩნევთ?
- ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. სხვათა შორის, გოგონები უფრო მუყაითები არიან, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, უფრო მიზანსწრაფულები და თანმიმდევრულები არიან სწავლაში. ჩვენს სკოლაში ასეა. მათემატიკური ნიჭი მარტო ბიჭს აქვს და გოგო არა, ამას ვერ დავეთანხმები.
- შრომის შედეგად მოდის ეს ნიჭი, თუ თანდაყოლილია, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე?
- ალბათ, ნიჭი თამაშობს გარკვეულ როლს, თუმცა შედეგი მიიღება მაშინაც, როცა 1%-ია ნიჭი და 99% შრომა. მყოლია მოსწავლეები, რომლებსაც ძალიან უჭირდათ. შემდეგ ძალიან კარგად ისწავლეს, უცხოეთში წავიდნენ სასწავლებლად და ა.შ. მყოლია მოსწავლეები, უნიჭიერესი, მაგრამ არ ისწავლეს და გაჩერდნენ რაღაც გარკვეულ დონეზე.
სულ ამას ვეუბნები ხოლმე მოზარდს, თუ პირველ მწვერვალზე ახვალ, მერე იქედან უკვე ძალიან ბევრი მწვერვალი ჩანს და ასარჩევად გაქვს საქმე, რომელი იქნება მომდევნო.
- მოზარდების დიდი ნაწილი დამოკიდებულია სმარტფონებზე და ეს ერთ ერთი მიზეზია, რაც ხელს უშლით მათ წიგნთან მისვლაში, მთაში რამდენად გაქვთ ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების პრობლემა?
- პრობლემა ჩვენთანაც ანალოგიურად დგას. განათლების დონე ზოგადი უნარების დონეზე რომ დავწიეთ, დამღუპველია. კომუნისტური სწავლების ფორმა ბევრ რაღაცაში მისაღები იყო, რადგანაც გასწავლიდა აზროვნებას, ანალიზს და რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევდა და ახლა, ზოგადი უნარების დონეზე რომ დაგვტოვეს, ეს ახალგაზრდებს უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ სმარტფონებს. თავი აქვთ ჩარგული და რაღაცებს თამაშობენ.
წარმატებით ვებრძვით ამ პრობლემას-თქო, ვერ ვიტყვი, ტყუილი იქნება, თუმცა გვაქვს რაღაც-რაღაც აქტივობები. მაგალითად, გაკვეთილზე ვუყვები წიგნიდან რაღაც საინტერესო ადგილებს და თუ დაინტერესდებიან, მერე კითხულობენ.
როგორც საშუალო ფენა გაქრა საზოგადოებაში, ასევე გაქრა საშუალო დონეც სკოლაში. არიან ბავშვები, რომლებიც ბევრს კითხულობენ და კარგად სწავლობენ და არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ არაფერს არ კითხულობენ და არაფერს არ სწავლობენ.
ბექა ქურხული საკმაოდ წარმატებული მწერალი და ჩვენი სკოლის მეგობარია, ჩვენი მეგობარია ასევე ნაირა გელაშვილი, რომელმაც პრემია "საბა" რომ აიღო, იმ ფულით მთლიანად წიგნები აჩუქა ჩვენს სკოლას, მარინა ელბაქიძემ "საბას" ძალიან დიდი წილიდან წიგნები უყიდა ჩვენს სკოლას. ასეთი ადამიანები პერმანენტულად უნდა მიდიოდნენ სხვადასხვა სკოლებში და ბავშვებს წიგნიერებაზე, ზნეობრიობაზე უნდა ელაპარაკებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული ინტელიგენციის მეტი წილი ქაღალდზეა ინტელიგენტი, თორემ საქციელი ვერ შეესაბამება ინტელიგენტის მოთხოვნებს.
ერთი ჩვენებური ქალბატონია და მას სჩვევია ხოლმე თქმა, ახალგაზრდებო, ძირს კი ნუ იყურებით, მაღლა აიხედეთ, მაღლა, ცას შეხედეთო, შესანიშნავი სიტყვებია და მეც ამას ვიტყოდი, ცას უნდა ვუყუროთ და უნდა გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი.
ხატია ვარდოსანიძე