განათლებამასწავლებელი
„ბავშვს უვითარდება ბევრი უნარი, მათ შორის მეხსიერება, სმენა და რიტმი, უყალიბდება გემოვნება...“ - რატომ არის აუცილებელი, ბავშვი ატაროთ მუსიკაზე
„ბავშვს უვითარდება ბევრი უნარი, მათ შორის მეხსიერება, სმენა და რიტმი, უყალიბდება გემოვნება...“ - რატომ არის აუცილებელი, ბავშვი ატაროთ მუსიკაზე
დალი დოლიძე მრავალი წელია მუსიკას ასწავლის სამუსიკო და საჯარო სკოლაში, არის წამყვანი მასწავლებელი, სტატიების ავტორი, მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო თუ ეროვნულ კონფერენციაში, შექმნილი აქვს ელექტრონული რესურსები, მიიღო მონაწილეობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში "2019 წლის მუსიკის საუკეთესო მასწავლებელი" და გახდა ფინალისტი. ახორციელებს სხვადასხვა სასკოლო პროექტს. ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო პროექტში "World Peace Song“ (მსოფლიო მშვიდობის სიმღერა). პროექტის შესახებ და, ზოგადად, თავის პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ თავად გვიყვება:

- მუსიკას ბავშვის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ენიჭება. უპირველეს ყოვლისა, ის
ეზიარება იმ დიდ და ამოუცნობ სამყაროს, რასაც ჰქვია მუსიკა. ბავშვს უყალიბდება გემოვნება, გამოიმუშავებს ნებისყოფას, სიმტკიცეს, პასუხისმგებლობას, მოსმენის უნარს , საუკეთესოდ წარმოჩინდება მათი გონებრივი შესაძლებლობები, ინვითარედება მეხსიერება, სმენა და რიტმი. მუსიკა პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. 

- აუცილებელია თუ არა ბავშვის მიყვანა სამუსიკო სკოლაში?

- ვფიქრობ, რომ აუცილებელია, მაგრამ არა იძულებით. თვითონ ბავშვს უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. სწავლების პროცესი ნამდვილად რთული და შრომატევადია. დღესდღეობით, ბავშვებს მეცადინეობა არ უყვართ, მაგარამ ესეც დაძლევადია იმ შემთხვევაში, თუ სწორად მივუდგებით და ეფექტურად განვახორციელებთ სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადსახვა მეთოდებს . მუსიკა მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა საგანთან: ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, მათემატიკა. მაგალითად, თუ ბავშვმა წილადის ნაწილები არ იცის, მუსიკალურ გრძლიობას ვერ ისწავლის, ეს ყველაფერი კი
ხელს უწყობს მიღებული ცოდნა დაუკავშიროს სხვა საგნებს და გამოიყენოს როგორც სასკოლო, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

- სკოლაში რა დატვირთვა აქვს მუსიკას?

- მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ სრულყოფაზე, შეუძლია შეცვალოს ადამიანისა და კაცობრიობის მსოფლმხედველობა.
სკოლაში მუსიკის სწავლება სიხალისესა და სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს მოსწავლეს, ყოველი აქტივობა მიზანმიმართულად უნდა იყოს დაგეგმილი, თითოეული დავალება ცოდნის მიღებაზე და გააზრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სწავლის სურვილი ბავშვს უჩნდება საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილის შედეგად . დაწყებით  კლასებში მუსიკის გაკვეთილზე თითქმის ნებისმიერ დიდაქტიკურ მეთოდს შეიძლება მივცეთ თამაშის ხასიათი. არსებობს ბევრი თამაში, რომლებიც ხელს შეუწყობს რიტმის, მუსიკალური მეხსიერების განვითარებას. ასევე, თამაშები, რომლებიც ავითარებს დიატონურ-ტემბრულ სმენას; რომლებიც ეხმარება მუსიკალური ნაწარმოებების ფორმის დადგენაში; თამაშები ვოკალური და საგუნდო უნარების განვითარებისთვის; თამაშები, რომლებიც ხელს უწყობენ რიტმულად მოძრაობას სიმღერაში.
მუსიკალური თამაშების მიზანია ინტელექტის, მეხსიერების, მუსიკალური სმენის, ხმის,  შემოქმედებითი საქმიანობის, რიტმის გრძნობის განვითარება, ჰორიზონტების გაფართოება.
თამაში აუმჯობესებს საგნობრივ საქმიანობას, ლოგიკას, აზროვნების ტექნიკას, ავითარებს ემპათიას, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას, მოსწავლეების ჩართულობის ამაღლებას საგაკვეთილო პროცესში. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ეფექტურად გადაჭრის საგანმანათლებლო ამოცანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პიროვნებისა და  შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა.

- თეორიას რა როლი აქვს სწავლებაში?

- ესეც, რა თქმა უნდა, მუსიკის გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. შეიძლება ბავშვს "ტყემ მოისხა ფოთოლი"ვასწავლოთ და ილიაზე არაფერი ვუთხრათ? ვფიქრობ არა, ამიტომაც ეს პროცესი უმტკივნეულოდ და საინტერესოდ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, მეტი ინტერაქციით და ჩართულობით, რაც ხელს შეუწყობს ინტერესთა სფეროების გააქტიურებას. თუ მოცარტზე ვსაუბრობთ, ხდება ვიდეო და აუდიო მასალის დემონსტრირება. პატარა ნაწყვეტს ვაჩვენებთ ბავშვებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან. ასევე, დაემატა კომპიუტერული სწავლება, მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამა LMMS, Audacity, რომელსაც დაწყებითი კლასებიდან იწყება.
mshoblebi

- რამდენად ინტერესდებიან ბავშვები თეორიით?

- საინტერესო რესურსით ყოველთვის დაინტერესდება მოსწავლე, სწორად დაგეგმილი გაკვეთილი და სწორად შერჩეული თვალსაჩინოება თეორიული ნაწილის დამახსოვრებასაც უწყობს ხელს და რაც მთავარია, მრავალფეროვან პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც , რაც ასე ძალიან უყვართ ჩემს მოსწავლეებს.

- წლიდან წლამდე მუსიკის სწავლებისას თუ იცვლება რამე?

-მუშაობის შედეგს ვხედავ სასწავლო წლის ბოლოს, რაც ძალიან მახარებს და ვხდები უფრო მოტივირებული. ყველა გაკვეთილზე მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული მიზანი , ვაკვირდები ჩემი მოსწავლეების მუსიკალურ განვითარებას: როგორ ინტონირებენ სიმღერისას, რამდენად ორგანიზებულები არიან რიტმული სავარჯიშოების დროს, ჩართულები არიან თუ არა შემოქმედებით საქმიანობაში . ვახდენ ჩემი მიზნის მონიტორინგს.

- თუ შეგიძლიათ, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მუსიკის სწავლება რომ შეადაროთ ერთმანეთს?

- დიდი განსხვავება არ არის ჩვენსა და ევროპულ სკოლებს შორის. საქართველოს მუსიკის მასწავლებელი ძალიან ცდილობს იყოს მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სასურველი იქნებოდა რომ ყველა საჯარო სკოლაში იყოს მუსიკის ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ინსტრუმენტებით, კომპიუტერებით, პროექტორით და ყველა საჭირო რესურსით.

- მონაწილეობას იღებდით პროექტში „World Peace Song", უფრო ზუსტად რომ გვითხრათ პროექტის შესახებ და რატომ იყო თქვენთვის და ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი?

- არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. გამოვდივარ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებზე. მათ შორის იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია,სადაც გამოვედი მოხსენებით "საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე"(LMMS-ის პროგრამა). აღნიშნულმა მოხსნებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელში, შედგა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რამაც დამარწმუნა ჩემი თემის აქტუალობაში. კონფერენციის დასასრულს ერთ-ერთმა მომხსენებელმა შემომთავაზა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა და ამიხსნა , რომ ელექტრონული რუკა არსებობდა, რომლის ორგანიზატორიც ამერიკელი მუსიკოსი გახლდათ. თითო ქვეყნიდან სამი ვიდეო უნდა გადაგვეგზავნა, ეძებდნენ აქტიურ მასწავლებელს და მე ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე. პროექტის ორგანიზატორი დამიკავშირდა. მითხრა, რომ იქმნებოდა ელექტრონული რუკა, სადაც ყველა ქვეყნის ადგილას პატარა მტრედივით ნიშნული გაკეთდებოდა. ხუთი პატარა მელოდია გადმომიგზავნა, რომელთაგანაც ბოლო ინგლისურ ენაზე იყო. ამ პროექტში მსოფლიოს ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას . მელოდია შემომთავაზა თვითონ, ტექსტი კი ჩემი დაწერილია, რომლის შინაარსი უკავშირდება მშვიდობას, ტოლერანტობას, მეგობრობასა და სიყვარულს. ეს სიმღერა შევასწავლე თბილისის N 126 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, შემდეგ კი მოვახდინეთ ამ შესწავლილი სიმღერის პრეზენტაცია. ამ პროექტში მონაწილეობის შედეგად ჩვენი ნამუშევარი განთავსდა მსოფლიო ელექტრონულ რუკაზე, 126-ე საჯარო სკოლამ და მე დავიმსახურეთ სერთიფიკატები. ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ხშირად მივიღოთ ასეთ პროექტებში მონწილეობა და სკოლაში ჩამოვაყალიბოთ გუნდი, სადაც ისინი შეისწავლიან როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ თუ საესტრადო ჟანრის სიმღერებს.

სიმღერის ლინკი:



ელექტრონული რუკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


თამარ იაკობაშვილი
ბეჭდვა