"დიდი ხნის მანძილზე ქართული ენის სწავლას არავინ სთხოვდათ და უმრავლესობამ ამიტომ არ იცის..." - ქართულის მასწავლებელი მარნეულიდან - მშობლები

"დიდი ხნის მანძილზე ქართული ენის სწავლას არავინ სთხოვდათ და უმრავლესობამ ამიტომ არ იცის..." - ქართულის მასწავლებელი მარნეულიდან

2020-03-25 17:27:02+04:00

ლალი მარგიანი უკვე დიდი ხანია მასწავლებელია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა, ახლა კი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში მუშაობს კონსულტანტ მასწავლებლად. სამი წელია იქ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის. ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და ცდილობს იქაური მოსწავლეების მაქსიმალურ ინტეგრაციას. ლალი მარგიანი გვიყვება, რა სირთულეებს აწყდება სწავლების პროცესში და რას ანიჭებს უპირატესობას გაკვეთილის წარმართვისას:

mshoblebi

- 5 წელი ლახამულის საჯარო სკოლაში ინგლისურს ვასწავლიდი. შემდეგ, ჩავაბარე გამოცდა ქართული, როგორც მეორე ენა, რადგან ჩემი ოცნება ეთნიკურად არაქართველ ბავშვებთან მუშაობა იყო. მივიღე მონაწილეობა პროექტში "არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა", გამიმართლა და უკვე სამი წელია მარნეულში, სომხურ-აზერბაიჯანულ სოფელში, ხოჯორნში ვასწავლი ქართულს, როგორც მეორე ენას. ეს სოფელი მარნეულიდან 41 კილომეტრითაა დაშორებული და სომხეთის საზღვარზეა. სკოლაში და სოფელშიც ერთადერთი ეთნიკურად ქართველი მასწავლებელი ვარ.

- რა სირთულეები შეგხვდათ თავიდან, როდესაც დაიწყეთ სწავლება?

- როდესაც პირველად გასაცნობად მივედი სოფელ ხოჯორნში, უკან რომ დავბრუნდი, სიმართლე გითხრათ, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ვიგრძენი საქართველო. სოფელში, ფაქტობრივად, ეთნიკურად ქართველები არ არიან. პირველი წელი გამიჭირდა. როდესაც მარნეულში ჩამოვდიოდი და ქართულ სიტყვას გავიგებდი, ცრემლები მომდიოდა. თუმცა, ჩემმა მოსწავლეებმა ძალიან შემიწყვეს ხელი, მომყვებიან, მაქსიმალურად არიან ჩართული პროექტებში, ვატარებ სხვადასხვა ღონისძიებას. არ შეიძლება არ ვთქვა ერთი რამ, რაც ჩემი პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე დავასკვენი: თუ მასწავლებელს უპირველესად არ ჰყავს მხარდამჭერი სკოლის ხელმძღვანელის სახით, რაც არ უნდა ეცადოს, წარმატებული ვერ იქნება. მე ამ მხრივ მიმართლებდა და აქაც გამიმართლა. მყავს არაჩვეულებრივი დირექტორი, რომელიც მზადაა ყველა ღონისძიებაზე, ყველა წამოწყებისას მხარი დამიჭიროს და გვერდიდან არ მომცილდეს. ასევე მადლიერი ვარ კოლეგებისაც.

ჩემი მთავარი მიზანი კი მისვლის დღიდან იყო მოსწავლეებისთვის და ყველასთვის, გამეცნო საქართველო და ქართველები, ქართველი მწერლები და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მყავდა სვანეთში ექსკურსიაზე სრულიად უფასოდ. სამდღიანი ტური ლახამულელმა ძმებმა ჭკადუებმა დამიფინანსეს, რომლებიც კომპანია AWORD-ს წარმოადგენენ და მასპინძლობაც ლახამულა-მესტიაში მეგობრებმა იკისრეს. დმანისში პირველი ევროპელები "გავაცანი’’, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმშიც მყავდა, ცაგერის საჯარო სკოლასთან დავმეგობრდით და აქაც საოცარი მასპინძლობა ჩემმა მეგობარმა და მისმა სკოლამ, მშობლებმა გაგვიწიეს. სომეხი ბავშვები ქართულ ოჯახებში დაბინავდნენ. ვმეგობრობთ წეროვნის მე-2 საჯარო სკოლასთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის სკოლასთან. ჩემს მოსწავლეებს გავაცანი სხვადასხვა საინტერესო ადამიანი და ამან შედეგი გამოიღო. სკოლის განუყრელი მეგობარი გახდა გიორგი კილაძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში.

მოსწავლეების გარდა, პროექტის ფარგლებში მასწავლებლებსაც ვასწავლი ქართულ ენას, არიან დაინტერესებულნი და კარგი შედეგიც გვაქვს.

mshoblebi

მარნეულელ კოლეგებთან ერთად

- რატომ არის ენის ასეთი ბარიერი?

- კოლეგების უმრავლესობა, უფრო ასაკიანი ხალხი, ამბობს, რომ დიდი ხნის მანძილზე ქართული ენის სწავლას არავინ სთხოვდათ. საკომუნიკაციოდ რუსულ ენას იყენებდნენ და შესაბამისად, ამიტომაა ენის პრობლემა.

- მოსწავლეების მშობლებს თუ აქვთ მზაობა, რომ ისწავლონ ქართული ენა?

- ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ იცოდნენ ენა. მეუბნებიან, რომ მათაც ჩავუტარო გაკვეთილები. ახლა, როდესაც შეტყობინება მისდით ან დაწერილ რეცეპტს ვერ იგებენ, ჩემთან მოდიან და ვუთარგმნი. ახალგაზრდებს,რომელთაც საქართველოში აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი, ასე თუ ისე შეუძლიათ საუბარი და გაგება.

- რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ენობრივი ბარიერი აღმოიფხვრას?

- ვფიქრობ, რომ სახელმძღვანელოები ზუსტად არ ერგება ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. აუცილებელია, რომ დაწყებით კლასებშივე ძალიან დიდი ყურადღება მიექცეს ენის შესწავლას, რომ მაღალ კლასებში უკეთესად შევძლოთ კომუნიკაცია. კარგად უნდა ისწავლებოდეს ისტორია, გეოგრაფია, რადგან გაკვეთილზე სხვადასხვა საკითხს ვეხებით და მნიშნელოვანია, რომ მათ ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდეთ. ზოგადად, ჩვენ ქართველი მასწავლებლები არაქართულენოვან სკოლებში რამდენიმე საგნის მასწავლებლის როლსაც ვირგებთ.

- მოსწავლეებთან სწავლების პროცესში რა სირთულეებს შეხვდით? - ვასწავლი მაღალ კლასებში, ბავშვებმა ძირითადად წერა-კითხვა იციან, თუმცა საუბარი ძალიან უჭირთ. შეიძლება კლასში 5 -7 მოსწავლე იყოს და მათგან მხოლოდ სამთან ან ოთხთან შემეძლოს კომუნიკაცია, ან საერთოდ ყველასთან ჭირდეს. დაწყებით კლასებშივე ძალიან დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს ენის შესწავლას. აქვთ მოტივაცია, რომ ისწავლონ ქართული ენა. ერთ-ერთმა მეთორმეტეკლასელმა მთხოვა, რომ ღონისძიებისთვის თავადაც ისწავლიდა ქართულ ლექსს და მეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა ქართულ ჯარში წასვლა, სადაც უკეთესად მოახერხებდა ენის შესწავლას. მყავს მოსწავლეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა. თავიდან კომუნიკაცია ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ მათში შემოქმედებითი უნარებიი განვავითარო და თავისუფალი აზრის ჩამოყალიბებაში დავეხმარო. საოცარი შედეგი დამიდო საზაფხულო სკოლამ, რომელიც 2018 წელს გავაკეთე. სახლში,რომელიც ქირით მაქვს აღებული, პეპის "ვილა ხოჟორნი’’ მოვაწყვეთ და საინტერესო აქტივობებს ვახორციელებდით. მოწვეული გვყავდა ჩემი მეგობარი-კოლეგა თეა ტალახაძე ხარაგაულიდან სამი მოსწავლით. ეს დაუვიწყარი და წარმოუდგენლად სასიამოვნო დღეები იყო ამ ბავშვების ცხოვრებაში. აქვე დავარქვი მათ"ხოჯორნელი ვარსკვლავები’’ და დღემდე ასე მოვიხსენიებ არა მარტო მე, არამედ ყველა, ვინც ამ ბავშვებს იცნობს. მოსწავლეთა უმეტესობას უკვე შეუძლია საკუთარი აზრის უპრობლემოდ ჩამოყალიბება, ქართულ ენაზე წიგნების კითხვა,დამოუკიდებლად ახერხებენ თემების წერას. სოციალურ ქსელში გვაქვს დახურული ჯგუფი და დღემდე ვაძლევ დავალებებს. შარშან მესტიელმა მასწავლებელმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის წევრმა ეკატერინე წულუკიძემ გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით "ჩემი პირველი მოთხრობა". წიგნში "შტრიხების მონოპოლია" 7 ბავშვის მოთხრობაა შესული. სვანეთში ფინალურ დაჯილდოებაზე მოსწავლეების წასაყვანად თანხა მარნეულის მერიამ გადმომირიცხა. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი ყოველ წელს საინტერესო პროექტებს სთავაზობს არაქართულენოვან სკოლებს, რომელშიც ყოველთვის ვართ ჩართულები. პირველი წარმატება კი სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქსელური პროექტით დაიწყო და ასოციაციის სამი პროექტის სერთიფიკატი და დიპლომიც მოპოვებული გვაქვს, როგორც ბავშვებს, ასევე სკოლას და პირადად მეც. შარშან მარტში ქვემო ქართლის გუბერნატორმა ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონის 12 მასწავლებელთან ერთად მეც გადმომცა სიგელი თვალსაჩინო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. მარნეულის რესურსცენტრი, მერია, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი ის დიდი მუშტია, რომელიც მასწავლებლებს ყოველთვის გვერდით უდგანან. მათი დახმარებით ქართველი პოეტი, ტარიელ ხარხელაური მარნეულში მოვიწვიე და სხვა სკოლებიც ჩავრთე ღონისძიებაში. გამუდმებით ვცდილობ ქართველი კოლეგები ჩემთან ერთად მყავდნენ, რომ მეტმა და მეტმა ბავშვმა გაიცნოს საქართველო. მარტისთვის მქონდა დაგეგმილი გოდერძი ჩოხელის საღამო, უკვე სამზადისი ბოლოსკენ იყო (ოფრეთის და ახკერპის სკოლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას), მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ განუსაზღვრელი ვადით გადაგვიწია. მთავარია, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს და ყველაფერს მოევლება!

mshoblebi

- მას, შემდეგ რაც ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, არასწორი ინტერპრეტირებაც მოხდა ამ თემის სოციალურ ქსელში და რასისტულ გამონათქვამებსაც შევხვდით. ამაზე რას ფიქრობთ?

- უგნური და გაუგებარი ადამიანი ყველგანაა. შეუგნებელი დამოკიდებულება, რომ სახლში არ დარჩებიან და კვლავ გააგრძელებენ ცხოვრებას ისე, როგორც ვირუსამდე, შესაძლებელია ეთნიკურად ქართველებშიც იყოს. ინფორმაცია ყველას აქვს, თავადაც ვაწვდიდი ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს კორონავირუსის შესახებ ფაქტებს, მაგრამ მიწვდენა ერთია და მიღება-დაჯერება - მეორე. ასე რომ, თემის განზოგადება და შეურაცხყოფა, არასწორად მიმაჩნია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.

mshoblebi

თამარ იაკობაშვილი