სოფო ბაჩილავა პროფესიით სოციალური მუშაობის მაგისტრია, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში მუშაობს სოციალურ მუშაკად და უკვე წლებია, სამოქალაქო განათლების პედაგოგია (ამჟამად - კერძო სკოლა "ოპიზაში" ასწავლის). მას მერე, რაც საყოველთაო კარანტინის პირობებში მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, საზოგადოებრივ არხზე, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით გამოჩნდა პროექტი "ტელესკოლა". პროექტში სხვადასხვა პედაგოგი კლასების მიხედვით ატარებს 15-20-წუთიან გაკვეთილებს და ცდილობს, იყოს ეს გაკვეთილები საინტერესო და გასაგები ბავშვებისთვის. სოფო მე-3-მე-4 კლასის მოსწავლეებს ასწავლის "მე და საზოგადოებას" და მისი გაკვეთილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს, იუთუბ-არხზეც ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი სწორედ მისი გაკვეთილის ვიდეოა. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდა პედაგოგი.
- პროფესიით სოციალური მუშაობის მაგისტრი ვარ. სამოქალაქო განათლებით და მასწავლებლობით კი 2013 წელს დავინტერესდი, როდესაც სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" თბილისის რეგიონის სასკოლო კლუბების კოორდინატორი გავხდი. ამ პროგრამის ფარგლებში ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა აქტიურ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. ჩემს თვალწინ იბადებოდა და ხორცი ესხმებოდა იდეებს, რომლითაც გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებად გადაიქცეოდა. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, ამ ყველაფრის მომსწრე და მონაწილე ვიყავი და ამან განაპირობა ჩემი დაინტერესება სკოლით. თან ერთია, როდესაც შენთან მოდის უკვე მოტივირებული ბავშვი და მეორეა, როდესაც შენ შედიხარ საკლასო ოთახში, სადაც ზოგს შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს შენი მოსმენა. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, მინდოდა კლასშიც მეცადა მოსწავლეებთან ურთიერთობა, მეცადა საგნით მათი დაინტერესება. სკოლაში მისულს გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება თითქმის არ მქონდა, სამაგიეროდ მქონდა მოტივაცია, ჩემს მოსწავლეებშიც დამენახა ინტერესით ანთებული თვალები. ამის მისაღწევად კი მზად ვიყავი მესწავლა და გნებავთ, მეწვალა. სკოლაში მისვლის შემდეგ ჩავაბარე საგნის გამოცდა, გავიარე მასწავლებელთა მომზადების სამოც კრედიტიანი პროგრამა და ნელ-ნელა გამოცდილებაც დამიგროვდა.
- რამდენად ადვილია ან რთული აღმოჩნდა მასწავლებლობა?
- რამდენადაც რთულია, იმდენადვე მარტივია. რთულია, რადგან მუდმივ განვითარებას მოითხოვს, ვერასდროს იტყვი, მორჩა, ახლა მე უკვე კარგი მასწავლებელი ვარ და აღარაფერი მაქვს სასწავლიო, რთულია, რადგან თითოეული ბავშვის გულამდე და გონებამდე მისასვლელი გზა უნდა იპოვო და ეს ხან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. თუმცა ამ ყველაფერს თავად ბავშვები ამარტივებენ, ისინი გაძლევენ განვითარების გეზს და სტიმულს. თანაც, როგორც კი შენს გულწრფელობაში დარწმუნდებიან, მათ გულამდე და გუნებამდე მიღწევაც მარტივდება.
- სამოქალაქო განათლებას ასწავლით. რას გულისხმობს სინამდვილეში ეს საგანი და რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა?
- სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანი საგანია, ის მოსწავლეს აცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სოციალიზაცია, დემოკრატია და მისი პრინციპები, მდგრადი განვითარება, ინიციატივის გამოჩენის და სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელობა.
სხვადასხვა კლასში სხვადასხვა თემას გავდივართ, მაგალითად ბავშვები იგებენ ვინ და რატომ უნდა დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, რატომ უნდა მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, როგორ არის მოწყობილი სახელმწიფო ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, რას გულისხმობს ეკონომიკური პროცესები ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, რა უფლებები და მოვალეობები აქვს მოქალაქეს, რა როლი აკისრია სამოქალაქო საზოგადოებას, და რაც მთავარია, ბავშვები იგებენ, რისი გაკეთება შეუძლიათ თემის, ქალაქის თუ ქვეყნის სასიკეთოდ. ეს საგანი ბავშვებს უყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად ხელს უწყობს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისას.
- მუშაობის პროცესზე გვიამბეთ – როგორ ატარებთ ხოლმე გაკვეთილს...
- იმისთვის, რომ ბავშვები დავაინტერესო, ვცდილობ გაკვეთილები ერთმანეთს არ ჰგავდეს, ხშირად ვიყენებ სხვადასხვა თამაშს, რომელიც თან სახალისოა და თან თემის შესწავლაში გვეხმარება. ძირითადად ვგრძნობ ხოლმე მოსწავლეთა ინტერესს, თუმცა არის შემთხევები, როდესაც დაინტერესების ხარისხი ნაკლებია, თითოეული ასეთი შემთხვევა მომდევნო გაკვეთილის უკეთ დაგეგმვისთვის მეხმარება, რადგან უკვე ვიცი, რა არ ამართლებს.
ხანდახან იმდენი კითხვა აქვთ, პასუხის გაცემაც კი მიჭირს. ყველაზე მეტად ის თემები აინტერესებთ, რომლებსაც ადვილად აკავშირებენ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამაში კი თემების უმრავლესობა სწორედ ასეთია.
- თქვენი თვალთახედვით, როგორები არიან ახლანდელი ბავშვები?
- ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ძნელია ერთი დახასიათება მოარგო ყველა მოზარდს. თუმცა, ჩემი მოსწავლეებით თუ ვიმსჯელებ, ახალი თაობის შესახებ ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ისინი არ თვალთმაქცობენ, თავისუფლები, გაბედულები არიან და ბევრი ინტერესი აქვთ. როდესაც ახალ კლასთან შევდივარ, ერთი სიამოვნებაა ბავშვების გაცნობა, მათი ნიჭის და შესაძლებლობების აღმოჩენა. არ ვაჭარბებ, მართლა ყველა მათგანს აქვს რაღაც ინტერესი. ზოგი ხელოვანია, ზოგი - სპორტსმენი, ზოგი კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის, ზოგიც ბოლგერია, მხატვრულ ლიტერატურაში, კინომატოგრაფიაში, კომიქსებში ერკვევა კარგად. მათი უნარების შესახებ უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო საუბარი. შეიძლება ვიღაცას გაცვეთილ ფრაზად მოეჩვენოს, მაგრამ ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაცას ჩემი მოსწავლეებისგან.
- თქვენივე გამოცდილებიდან, რას ურჩევთ მშობლებს, რას უნდა მიაქციონ ყველაზე მეტად ყურადღება ბავშვის აღზრდის დროს?
- რჩევა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა ძალიან მინდა ყველა ბავშვმა შეძლოს საკუთარი ნიჭის აღმოჩენა და სწორად განვითარება, ამაში კი სკოლასთან ერთად ოჯახს განსაკუთრებული როლი აქვს. ზოგადად, ბავშვის წარმატებას და ნიჭიერებას ხშირად მხოლოდ მათ აკადემიურ მოსწრებასთან ვაკავშირებთ, ამ დროს კი შეიძლება გამოგვეპაროს ბავშვის რეალური შესაძლებლობები. როგორც მშობელს და როგორც მასწავლებელს ერთი წესი მაქვს, ბავშვებს ერთმანეთს არ ვადარებ. ერთის წარმატებით მეორეს შესაძლებლობებს არ ვზომავ. ყოველთვის მჯერა, რომ თითოეულ ბავშვს, შესაბამისი ძალისხმევით, შეუძლია საკუთარი თავის განვითარება და ვცდილობ ეს მათაც დავანახო.
- ჩვენს რეალობას დავუბრუნდეთ, ევროპაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას ბევრი აბრალებს მოქალაქეების დაბალ თვითშეგნებას. ეს საკითხიჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია ბოლო დროს. საგანი მოქალაქეობა ამასაც ასწავლის ბავშვებს...
- სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ნამდვილად ხშირად ვეხებით მოქალაქეობრივი თვითშეგნების საკითხს, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება მაღალი მოქალაქეობრივი კულტურის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. დემოკრატიული ღირებულებები კი ბუნებრივია სკოლის ასაკიდანვე უნდა ყალიბდებოდეს. რაც შეეხება პანდემიას, მე არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი, რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დასკვნები გავაკეთო, შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ეპიდემიოლოგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ახლა განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა, მოქალაქეთა ნაწილი ამ ვირუსს არასერიოზულად შეხვდა და არ ითვალისწინებდა გაცემულ რეკომენდაციებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა როგორც საკუთარ თავს ისე გარშემომყოფთ. ჩვენ უკვე გვაქვს ამ ქვეყნების მაგალითი, ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად მოგვეთხოვება საკუთარი თავის და ერთმანეთის გაფრთხილება. ახლა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რამდენად იაზრებს ადამიანი მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევას და რამდენად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაძლევაში, მაგალითად სახლში დარჩენით, დისტანცირებით და ზოგადად რეკომენდაციების გათვალისწინებით.
- ონლაინგაკვეთილებზე გვიამბეთ, რამდენად ადვილია, როგორ მოერგეთ, როგორ მოხვდით ტელესკოლაში? როგორ ემზადებით გაკვეთილისთვის?
- რთულია ბავშვების გარეშე გაკვეთილის ჩატარება, როდესაც მხოლოდ შენ საუბრობ, მაქსიმალურად უნდა ეცადო ეს 15 წუთი მომაბეზრებელი არ გახდეს III-IV კლასელებისთვის. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მოსწავლეების გარეშე კამერებისთვის ჩამეტარებინა გაკვეთილები, თუმცა ნელ-ნელა ავუღე ალღო. ახლა როცა კამერების წინ გაკვეთილს ვატარებ, კამერის ნაცვლად მოსწავლეებს წარმოვიდგენ და ეს მეხმარება.
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" ფარგლებში ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის გამოცდილება მქონდა, ამ გამოცდილების გათვალისწინებით ტელესკოლის შესარჩევ გადაღებაზე მიმიწვიეს და ისე მოხდა, რომ შემარჩიეს კიდეც. ძალიან მიხარია, ამ პროექტის მონაწილე რომ გავხდი და თან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
თითოეული გაკვეთილის სცენარს წინასწარ ვაწყობ, კონსულტაციას გავდივარ სამოქალაქო განათლების ჯგუფთან, ჩემს კოლეგებთან. სხვათა შორის, ჩემი შვილიც მეხმარება, ის მეორე კლასშია და მასთან გავდივარ ხოლმე რეპეტიციებს, ხშირად მის რჩევებსაც ვითვალისწინებ.
- საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს თქვენს გაკვეთილებს. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ყველაზე მეტად თქვენი გაკვეთილების პოპულარობა?
- მართალია, ეკრანზე მხოლოდ მე ვჩანვარ, თუმცა იმისთვის, რომ გაკვეთილი ეთერში გავიდეს, ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს: ტელევიზიის თანამშრომლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები. ვფიქრობ, თითოეული გაკვეთილის წარმატება ყველა ჩვენგანის შრომის შედეგია. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვინც ნახა ჩემი გაკვეთილები და არც თბილი სიტყვების თქმა დაიშურა. მათი შეფასებები დიდ სტიმულს მაძლევს და ამავდროულად პასუხისმგებლობის გრძნობას მმატებს.
იხილეთ სოფოს ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი