ნუგზარ მოლაშვილი 35 წელზე მეტია, სკოლის მასწავლებელია - არქეოლოგიური კვლევებიდან აღმოჩნდა სკოლაში და დარჩა კიდეც.ბოლო წლები 42-ე სკოლაში ასწავლის ისტორიას და პარალელურად ბევრ პროექტშია ჩართული, მათ შორის - საზოგადოებრივ არხზე "ტელესკოლაში" მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეებისთვის მიჰყავს ისტორიის კურსი. არის "ღირსების ორდენის კავალერი", ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი, საპატრიარქოს სიგელის მფლობელი და ცოტა ხნის წინ სამსახიობო გამოცდილებაც მიიღო ტელესერიალში "ქერჩი". ჩვენც დავინტერესდით მისი ამ გამოცდილებით, ისტორიის სწავლების მისეული მეთოდებით და სხვა აქტუალური საკითხებით ამ თემაზე.
- რატომ და როგორ აირჩიეთ მასწავლებლის პროფესია, რა იყო მთავარი მოტივაცია და მთავარი სირთულე?
- ისე მოხდა, რომ პროფესია მე არ ამირჩევია. ერთ-ერთ თავყრილობაზე ვუნახივარ 147-ე სკოლის იმჟამინდელ დირექტორს, ბატონ ანზორ ჩაფიძეს, გაუკითხავს და... სკოლაში აღმოვჩნდი... სირთულეებს რა ჩამოთვლის. ყველაზე რთული, ალბათ, ნდობის მოპოვებაა და არა მარტო მოსწავლეების, კოლეგებისაც. ყველა არ გვხვდება გულგახსნილი, თუმცა, მე ამ მხრივაც გამიმართლა. დადებითი კი მართლაც ბევრი აქვს. თუნდაც ყოველღიური კონტაქტი ათობით მოზართან რად ღირს.
- რამდენად მოგწონთ ისტორიის სწავლების ის სისტემა, რაც არის ახლა, რამდენად დამაკმაყოფილებელია სახელმძღვანელოები და რის შეცვლას ისურვებდით ამ საგნის სწავლებაში?
- სწავლების სისტემის, სახელმძღვანელოების კრიტიკა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ გასათვალისწინებელია არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თუმცა, ბოლო წლებში, ინტერნეტიზაციის საყოველთაობის გათვალისწინებით, საქმე უკეთესობისკენ მიდის. მახსოვს, რამდენ კოლეგას უთქვამს ადრე ჩემთვის, შენ რა გენაღვლება, ყველაფერი გაქვსო... ამდენ გამოცდაჩაბარებულ და კვალიფიცირებულ პედაგოგს, დროა, მეტი თავისუფლება მიეცეს...
- თავად რა მეთოდებით ასწავლით და როგორ ცდილობთ, რომ დააინტერესოთ ბავშვები?
- ზოგადად, მეთოდები და ჩარჩოები კი არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ზედმეტად არ უნდა გზღუდავდეს. ყველაფერი თითონ მასწავლებლის პიროვნებიდან მომდინარეობს, ზოგს რა გამოსდის კარგად, ზოგს რა...
ჩემი "მედოდებიც“ ასეა. გააჩნია გაკვეთილის თემას, მოსწავლეთა ასაკს, განწყობას, თუნდაც ამინდს ან ფანჯრიდან დანახულ პეიზაჟს... არ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და კიდევ და კიდევ... არ შეიძლება მოსწავლე "მოატყუო“, ერთს ეუბნებოდე და სხვას აკეთებდე...
- საკმაოდ უჭირს ბევრ მოსწავლეს ისტორიის სწავლა, ამბობენ, რომ რთული აღსაქმელი და დასამახსოვრებელია ამდენი მოვლენა, ფაქტი, თარიღი და ახალი წიგნები დატვირთულია ყოველივე ამით. ამაზე რას იტყვით?
- პირველი და მთავარი... საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორია არის მეცნიერება, რაც საქართველოში ასე ჭირს. თუ ვეგუებით აზრს, რომ ჩვენი შვილი ვერ სწავლობს "ფრიადზე“ ფიზიკას ან ბიოლოგიას, რად გვიჭირს ისტორიის მათ რანგში დაყენება?! რაც შეეხება მოვლენების, თარიღებისა და ფაქტების სიუხვეს, ძნელია არ დაგეთანხმოთ! სახელმძღვანელოები გასამართ-გასამარტივებელია!
- სახელმძღვანელოებში ასევე ბევრია შეკითხვები და წერითი დავალებები და ზოგიერთი მასწავლებელი ერთ გაკვეთილში ცდილობს ამოწურვას და დავალება იმდენი გროვდება, ბავშვები ხშირად ვერ აუდიან მათ მომზადებას, რაზეც შემდეგ მშობლები გვწერენ ხოლმე...
- თუ ექიმის მთავარი დევიზია "არ ავნო!“, მასწავლებლის უნდა იყოს "არ შეაძულო!“. გულახდილად გეტყვით, ბევრი და ხშირად ამას ვერ ვახერხებთ. ამას თან ერთვის მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის ორიენტირებულობა შეფასებაზე (თუმცა ყველა ამბობს, რომ ნიშნისთვია არ სწავლობს) და ვიღებთ არსებულ სურათს - თანამშრომლობის ნაცვლად მშობელი და მასწავლებლები მდინარის სხვადასხვა ნაპირზე დგება! იმასაც არაიშვიათად შევსწრებივარ, როგორ განიცდიდნენ მასწავლებლები მშობლების რანგში შვილების სასკოლო დავალებათა სირთულეებს.
- კარანტინის პერიოდში ონლაინსწავლებაზე გადავიდა სასწავლო პროცესი. რა ხარვეზებს ხედავთ ონლაინსწავლებაში, როგორ უნდა გამოვიყენოთ ონლაინგაკვეთილები ეფექტურად და ისე, რომ ბავშვმა ინტერესით უსმინოს?
- ჩემი აზრით, მასწავლებელთა შრომამ იმატა მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო დრო შემცირებულია. ტექნიკურ მხარეზე რომ აღარ გავაკეთო აქცენტი, აშკარაა და არც საკვირველი - სახეზეა მოსწავლეთა პასუხისმგებლობის შემცირება (ოჯახში სამი მოსწავლე და სამი მასწავლებელი ვართ!). ამიტომ, ძალზე აუცილებელია სხვადასხვა გზის ძიება...
- არის თუ არა საჭირო შეფასებები, წერითი დავალებები და ჩვეულებრივი გაკვეთილების ჩატარება ონლაინ? ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ამ დროს, როცა ისედაც ყველა დასტრესილია, ცოდნის გადაცემასა და შეფასებაზე მეტად, ეს გაკვეთილები უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, უფრო ადამიანური... თქვენ რას ფიქრობთ?
- ძნელია, არ დაგეთანხმოთ. ,,ჩვეულებრივ“ გაკვეთილს "ონლაინ“ ვერც ჩაატარებ. რა თქმა უნდა, პედაგოგის მეტყველებაც და თემის მიწოდებაც უფრო "ხალხური“ უნდა გახდეს, დაახლოებით ისეთი, პარაგრაფის ბოლოს რომ არის ხოლმე "ეს საინტერესოა“. ისე, ,,ჩვეულებრივი“ გაკვეთილებიც ხშირად ასეთი რომ იყოს, არაფერი დაშავდება.
- როგორ მოხვდით „ტელესკოლაში“, როგორია თქვენთვის ეს გამოცდილება, როგორია გამოხმაურება?
- ტელევიზიიდან დამირეკეს, მერე სამინისტროდან და მასწავლებლის სახლიდან. უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა: დროის სიმცირე, გაკვეთილების ჩაწერის ტემპები, ილუსრტაციების, რუკების და ა.შ. გამოყენების პრობლემები და ნებართვები, საზოგადოების ჩართულობის ხარისხი... "როცა კლასი მთელი საქართველოა“. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა. ეს ერთ-ერთი გამოსავალი იყო, რისთვისაც ხმამაღლა ვეტყვი მადლობას "ტელესკოლის“ გუნდს და ჩემს კოლეგებს, შექებისთვის (ხშირად "ავანსად“), მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის...
- საერთოდ, საქართველოს ისტორია როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, თქვენი აზრით და რა არის ის ძირითადი, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს ჩვენი ისტორიიდან, როცა სკოლას ამთავრებს? როგორ უნდა შევაყვაროთ ეს საგანი?
- უნდა იცოდეს, რომ ერის სიმცირე არ ნიშნავს ,,სიმწირეს“! რომ ჩვენმა წინაპარმა ღირსეულად იღვაწა და თავი დაიმკვიდრა ერთა შორის, რომ არაერთი სიკეთე შევძინეთ კაცობრიობას, რომ დღესაც ვერ ნახავ სახელოვნებო თუ სამეცნიერო დარგს, ჩვენები მოწინავე პოზიციებს არ ფლობდნენ... როგორ შევაყვაროთო, მკითხეთ. როგორ გვიყვარდება მშობელი?!
ლელა ზურებიანი