მასწავლებლის ძიებაში
„დროა ჩემი ანგელოზი სკოლაში მივიყვანო“, - გაიფიქრა ანგელოზმა.
წაიყვანა და პირდაპირ ღია ფანჯრიდან შეფრინდნენ უშველებელ შენობაში.
„უნდა შევარჩიოთ გულის მასწავლებელი და ანგელოზის მოთმინებით, რადგან ჩემი პატარა ანგელოზი სულაც არ არის ანგელოზი. მოუთვინიერებელი, ცელქია და ჭირვეული ხასიათი აქვს...“
შეიხედა დედა-ანგელოზმა გაკვეთილზე ერთ-ერთ მასწავლებელთან და გაოცდა, - ის მოსწავლეს უყვიროდა და ლანძღავდა:
- მე შენ გისროდი ფანჯრიდან, მეხუთე სართულიდან ასეთ უგულოს... გაეთრიე აქედან...
„მკაცრია... გულის მასწავლებელი არ არის...“
მეორე საკლასო ოთახში მასწავლებელს ფეხი ფეხზე გადაედო, ტკბებოდა თავისი ფრჩხილების ყურებით, რომელზედაც ლამაზად ჰქონდა დახატული პატარა გულები. მაგრამ ამავე დროს, ფხიზლად აკვირდებოდა მოსწავლეებს, რომლებიც საკონტროლოს წერდნენ, რათა ფარშევანგის მსგავსი კივილით აღეკვეთა ერთმანეთისგან გადაწერის ყოველგვარი მცდელობა.
„ფარისეველი... გულის მასწავლებელი არ არის...“
შემდეგ საკლასო ოთახში მასწავლებლის კარნახით მოსწავლე დაფაზე წერდა წინადადებას:
„ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავ, გამჭრიახი მხოლოდ გულია“.
მოსწავლე შეცდა და დაწერა „გუი“. მასწავლებელი განრისხდა:
- რამდენჯერ აგიხსნა... მომეცი დღიური... „ორი“...
მოსწავლე ატირდა.
„უმეცარი... არ არის გულის მასწავლებელი“...
შეიხედა ანგელოზმა შემდეგ კლასში - იქ მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილს ატარებდა.
- გამოთვალეთ რამდენჯერ ძგერს გული დღე-ღამის განმავლობაში, თუ ერთ წუთში 56-ჯერ ურტყამს...
ერთმა გამოანგარიშების გარეშე სასწრაფოდ წამოიყვირა:
- 80 640-ჯერ... კვირაში კი - 564 480-ჯერ, თვეში კი ... წელიწადში კი ...
ბავშვებმა გაოცებისაგან პირი დააღეს, მასწავლებელმა კი უხეშად შეაწყვეტინა:
- როგორ ბედავ წამოიყვირო ადგილიდან და თანაც ჩემი ნებართვის გარეშე...
„უხეში, არ არის გულის მასწავლებელი...“
შემდეგი კლასი ბზუოდა, როგორც სკა:
მასწავლებელი და მოსწავლეები მოთმინებითა და სიყვარულით აგროვებდნენ ცოდნას, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, მასწავლებლის ხმა და ზრუნვა ერთიან მუსიკად და შემეცნების სიხარულად ერწყმოდა ერთმანეთს.
„აი, გულის მასწავლებელი ანგელოზის მოთმინებით...“ გაიფიქრა დედა-ანგელოზმა და თავის პატარა ანგელოზს უთხრა: ამ მასწავლებელთან ისწავლი, ყურად იღე მისი თითოეული სიტყვა“.
სკოლიდან რომ მიფრინავდნენ, დედა-ანგელოზმა ნაღვლიანად გაიფიქრა: „ყველა ახსენებს გულს, მაგრამ გულით ცხოვრება არ უნდათ... საჭიროა გავუშვათ ყველა „გულიანი“ ოინბაზი, რომ ისინი ტკივილს არ აყენებდნენ და არ ამახინჯებდნენ თავიანთი მოსწავლეების გულებს“.
მაგრამ დედა-ანგელოზმა არ იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს.
შეძლებს ამის გაკეთებას მასწავლებლის თანამედროვე ატესტაცია?