"მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ თემების წერა - მწირი ლექსიკის გამო, აზრის ნათლად და სწორად ჩამოყალიბება უძნელდებათ ხოლმე" - რა ხდება ყველაზე ხშირად აბიტურიენტების "აქილევსის ქუსლი" გამოცდებზე - მშობლები

"მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ თემების წერა - მწირი ლექსიკის გამო, აზრის ნათლად და სწორად ჩამოყალიბება უძნელდებათ ხოლმე" - რა ხდება ყველაზე ხშირად აბიტურიენტების "აქილევსის ქუსლი" გამოცდებზე

2020-08-10 16:51:56+04:00

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბევრი აბიტურიენტი კმაყოფილია შედეგებით, ბევრი - უკმაყოფილო, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ქულები დააკლეს და გაპროტესტებას აპირებს. აბიტურიენტების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ცოდნის კარგად გამოვლენა და მობილიზება ვერ შეძლო და ამან ხელი შეუშალა საბოლოო შედეგში. ზოგიერთები გაცილებიტ იოლ ტესტებს ელოდნენ და ამბობენ, რომ რთულმა ტესტებმა დააბნიათ...

რა არის საჭირო, რომ აბიტურიენტმა პირველ რიგში, კარგად და საფუძვლიანად ისწავლოს საგანი, შემდეგ ამ ცოდნის სწორად რეალიზება და წარმოჩენა შეძლოს, რა ითვლება აქილევსის ქუსლად მოსწავლეების უმრავლესობისთვის - ამ თემებზე ქართული და ინგლისური ენების პედაგოგები გვესაუბრებიან, რომელთაც აბიტურიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

ეკა მაჭარაშვილი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა სკოლაში და 20 წელზე მეტია, პედაგოგია. ამჟამად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას უფროსკლასელებს. გვიამბობს საკუთარ მეთოდებზე და აბიტურიენტების "აქილევსის ქუსლზე":

mshoblebi

- პედაგოგის პროფესიონალიზმი მეტწილად განსაზღვრავს საგნისადმი მოსწავლის ინტერესსა და სიყვარულს. მოსწავლემ უნდა აღიაროს მასწავლებელი, რასაც პედაგოგის მიერ მოსწავლის აღიარება უძღვის. მე ვხედავ მათ წარმატებას, მათ მიღწევებს სიტყვიერი შექებით ვაძლიერებ, მათ დამოუკიდებლობას პატივს ვცემ - ისინი თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ თვალსაზრისს, როგორ მოიქცევიან კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ გადაჭრიან პრობლემას... სწორედ აქ ,,ეხმარება" მათ ლიტერატურა, პერსონაჟი და ასე, თანდათან აღიარებენ წიგნიერების როლს წარმატების მიღწევაში, ამ აღიარებიდან იწყება წიგნის სიყვარული.

...ვფიქრობ, მოსწავლის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პასუხისმგებლობის უნარი, დამოუკიდებლობის განცდა - რა სურს და რატომ, თვითრწმენა - "მე ეს შემიძლია"... ეს ფაქტორები ერთგვარი მოტივაციაა მიზნისკენ სწრაფვისას. ამ ფაქტორთა "რეალიზებაში" მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს პროფესიონალი, ზნეობრივი ღირებულებების პატივისმცემელი და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პედაგოგები ეხმარებიან. ჩვენ მოსწავლეთა წარმატებაში მეხამრიდის ფუნქცია გვაქვს.

- როდესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაზეა საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნიერება...

- წიგნის, კითხვის სიყვარული უცილოდ განსაზღვრავს ქართული ენისა და ლიტერატურისადმი მოსწავლის დამოკიდებულებას. ეს სადავო არაა. ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია პედაგოგის როლიც. მოსწავლეს შესაძლოა არ უყვარდეს კითხვა, მაგრამ უყვარდეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ბევრ რამეს სწავლობდეს მისგან და ასეთმა პეგაგოგმა ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად უნდა აღმოაჩენინოს, რომ წიგნის კითხვა სავალდებულო კი არა, სასიამოვნო, სასურველი პროცესია. ამას მოჰყვება წიგნის სიყვარულიც. თუმცა ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულს მხოლოდ კითხვის სიყვარული არ განსაზღვრავს.

- უფრო ხშირად რა უჭირთ მოსწავლეებს - ანალიზი, თემის დაწერა, გრამატიკა, რა არის უმრავლესობის აქილევსის ქუსლი, რაც ეროვნულ გამოცდებზეც იჩენს ხოლმე თავს?

- ზოგადად, აბიტურიენტებთან მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მისაღებ გამოცდებზე სასურველ შედეგს აღწევენ და მე ვამაყობ, რომ ეს აბსოლუტურად სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. რაც შეეხება ქართულს, ჩვენთან საბაზო-საშუალო საფეხურზე კონკრეტულ კლასს ერთი მასწავლებელი ჰყავს. მან იცის თავისი მოსწავლეების დასახვეწი უნარები, კონკრეტული მიმართულებით არასაკმარისი ცოდნის მიზეზები და თანდათან ინდივიდუალური მუშაობით აბიტურიენტობას "მომზადებულნი" ვხვდებით. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულება იყოს მოსწავლეთა "აქილევსის ქუსლი". ზოგიერთს ტექსტის ანალიზი უჭირს, ზოგიერთი გრამატიკაში მოიკოჭლებს. აქ საგანგაშო არაფერია. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღემდე მუსირებს აზრი არასაკმარისი საათების, ლიტერატურისა და ენის ინტეგრირებული სწავლების და ა.შ. არასასურველი შედეგის შესახებ. ვფიქრობ, აქაც პედაგოგთა პროფესიონალიზმის აუცილებლობაზე უნდა ვისაუბროთ და მოსწავლეებიც წარმატებას ადვილად მიაღწევენ.

ნინო ჩუბინიძე ინგლისური ენის პედაგოგია. 20 წელია სკოლა "ოპიზაში" მუშაობს - ასევე, უფროსკლასელებთან. გვესაუბრება საკუთარ მეთოდებზე და იმ სუსტ წერტილებზე, რაც აქვთ უფრო მეტად ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს.

mshoblebi

- დღევანდელი თაობის უმრავლესობა თავისთავადაც დაინტერესებულია ინგლისური ენის შესწავლით, თუმცა ხშირად კმაყოფილდებიან მხოლოდ ენის ელემენტარული სასაუბრო დონის ცოდნით. ამიტომ თუ მეთოდებზე ვისაუბრებთ, ვცდილობ გავითვალისწინო თითოეულის ინტერესები და ამ ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიო ისეთი მასალა, თემატიკა, რაც მათ დააინტერესებს და ამასთან ერთად დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაზრდაში. მაგალითად, ვცდილობ ხოლმე, რომ დოკუმენტური ფილმი ვაჩვენო იმ საკითხზე, რაც ისწავლეს, შემდეგ ვმართავთ დისკუსიას და ვაკეთებთ დასკვნებს. ასე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდის სწავლება.

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მოსწავლის წარმატებას?

- ვფიქრობ, მოსწავლის წარმატებას განაპირობებს მისი მონდომება და მოტივაცია. და სწორედ ამ მოტივაციის გაღვივებაში დიდ როლს თამაშობს მშობელი და მასწავლებელი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი, რათა სწავლების პროცესს სასურველი შედეგი ჰქონდეს და სწავლა სასურველ საქმიანობად იქცეს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, ყველა გაკვეთილი იყოს აქტუალური, ანუ მისი თემა პირდაპირ კავშირში იყოს მოსწავლის მიზნებთან, მის ინტერესებთან და სწავლის სტილთან.

აგრეთვე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებლად უნდა დაეხმაროს იმის გააზრდებაში, თუ რისი შედეგია მისი წარმატება ან წარუმატებლობა (ხანდახან წარუმატებლობა შეიძლება იყოს სწავლების პროცესის აუცილებელი და გარდაუვალი კომპონენტი. ან ეს შეიძლება იყოს შედეგი ისეთი გარე ფაქტორებისა, რომლის კონტროლზეც მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება). ამ გზით მასწავლებელი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეს არ განუვითარდეს დაბალ თვითშეფასებასა და არ დაკარგოს სწავლისადმი მოტივაციას ზედიზედ განცდილი რამოდენიმე მარცხის შედეგად.

- თქვენი გამოცდილებით, ყველაზე მეტად რა უჭირთ ხოლმე მოსწავლეებს და რა შეცდომებს უშვებენ უფრო ხშირად ეროვნულ გამოცდებზე?

- მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ თემების წერა - მწირი ლექსიკის გამო, აბიტურიენტებს უჭირს აზრის ნათლად და სწორად ჩამოყალიბება, უჭირს მსჯელობა. აგრეთვე უშვებენ ბევრ გრამატიკულ შეცდომას, რადგან საფუძვლიანად არ სწავლობენ გრამატიკას. ამ ხარვეზების გამოსასწორებლად კი აუცილებელია არა მარტო სასკოლო მასალაზე მუშაობა, არამედ ბევრი ლიტერატურის კითხვა.