დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბევრი აბიტურიენტი კმაყოფილია შედეგებით, ბევრი - უკმაყოფილო, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ქულები დააკლეს და გაპროტესტებას აპირებს. აბიტურიენტების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ცოდნის კარგად გამოვლენა და მობილიზება ვერ შეძლო და ამან ხელი შეუშალა საბოლოო შედეგში. ზოგიერთები გაცილებიტ იოლ ტესტებს ელოდნენ და ამბობენ, რომ რთულმა ტესტებმა დააბნიათ...
რა არის საჭირო, რომ აბიტურიენტმა პირველ რიგში, კარგად და საფუძვლიანად ისწავლოს საგანი, შემდეგ ამ ცოდნის სწორად რეალიზება და წარმოჩენა შეძლოს, რა ითვლება აქილევსის ქუსლად მოსწავლეების უმრავლესობისთვის - ამ თემებზე ქართული და ინგლისური ენების პედაგოგები გვესაუბრებიან, რომელთაც აბიტურიენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
ეკა მაჭარაშვილი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა სკოლაში და 20 წელზე მეტია, პედაგოგია. ამჟამად ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას უფროსკლასელებს. გვიამბობს საკუთარ მეთოდებზე და აბიტურიენტების "აქილევსის ქუსლზე":
- პედაგოგის პროფესიონალიზმი მეტწილად განსაზღვრავს საგნისადმი მოსწავლის ინტერესსა და სიყვარულს. მოსწავლემ უნდა აღიაროს მასწავლებელი, რასაც პედაგოგის მიერ მოსწავლის აღიარება უძღვის. მე ვხედავ მათ წარმატებას, მათ მიღწევებს სიტყვიერი შექებით ვაძლიერებ, მათ დამოუკიდებლობას პატივს ვცემ - ისინი თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ თვალსაზრისს, როგორ მოიქცევიან კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ გადაჭრიან პრობლემას... სწორედ აქ ,,ეხმარება" მათ ლიტერატურა, პერსონაჟი და ასე, თანდათან აღიარებენ წიგნიერების როლს წარმატების მიღწევაში, ამ აღიარებიდან იწყება წიგნის სიყვარული.
...ვფიქრობ, მოსწავლის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პასუხისმგებლობის უნარი, დამოუკიდებლობის განცდა - რა სურს და რატომ, თვითრწმენა - "მე ეს შემიძლია"... ეს ფაქტორები ერთგვარი მოტივაციაა მიზნისკენ სწრაფვისას. ამ ფაქტორთა "რეალიზებაში" მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს პროფესიონალი, ზნეობრივი ღირებულებების პატივისმცემელი და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პედაგოგები ეხმარებიან. ჩვენ მოსწავლეთა წარმატებაში მეხამრიდის ფუნქცია გვაქვს.
ნინო ჩუბინიძე ინგლისური ენის პედაგოგია. 20 წელია სკოლა "ოპიზაში" მუშაობს - ასევე, უფროსკლასელებთან. გვესაუბრება საკუთარ მეთოდებზე და იმ სუსტ წერტილებზე, რაც აქვთ უფრო მეტად ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს.
- დღევანდელი თაობის უმრავლესობა თავისთავადაც დაინტერესებულია ინგლისური ენის შესწავლით, თუმცა ხშირად კმაყოფილდებიან მხოლოდ ენის ელემენტარული სასაუბრო დონის ცოდნით. ამიტომ თუ მეთოდებზე ვისაუბრებთ, ვცდილობ გავითვალისწინო თითოეულის ინტერესები და ამ ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიო ისეთი მასალა, თემატიკა, რაც მათ დააინტერესებს და ამასთან ერთად დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაზრდაში. მაგალითად, ვცდილობ ხოლმე, რომ დოკუმენტური ფილმი ვაჩვენო იმ საკითხზე, რაც ისწავლეს, შემდეგ ვმართავთ დისკუსიას და ვაკეთებთ დასკვნებს. ასე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდის სწავლება.
აგრეთვე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებლად უნდა დაეხმაროს იმის გააზრდებაში, თუ რისი შედეგია მისი წარმატება ან წარუმატებლობა (ხანდახან წარუმატებლობა შეიძლება იყოს სწავლების პროცესის აუცილებელი და გარდაუვალი კომპონენტი. ან ეს შეიძლება იყოს შედეგი ისეთი გარე ფაქტორებისა, რომლის კონტროლზეც მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება). ამ გზით მასწავლებელი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეს არ განუვითარდეს დაბალ თვითშეფასებასა და არ დაკარგოს სწავლისადმი მოტივაციას ზედიზედ განცდილი რამოდენიმე მარცხის შედეგად.