"ხშირად საშუალო შესაძლებლობების მოსწავლე გაცილებით კარგ შედეგს იღებს, ვიდრე ბავშვი, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან ძლიერია..." - სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგების შეფასებები და რჩევები აბიტურიენტებს
"ხშირად საშუალო შესაძლებლობების მოსწავლე გაცილებით კარგ შედეგს იღებს, ვიდრე ბავშვი, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან ძლიერია..." - სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგების შეფასებები და რჩევები აბიტურიენტებს
დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, კარგი მასწავლებელი, რომელიც მოტივაციას უძლიერებს, საგანს აყვარებს და ხშირად - ცხოვრებისეულ მიმართულებასაც კი აძლევს მოსწავლეს. სწორედ ამიტომ, პერიოდულად კვლავაც ვესაუბრებით გამოცდილ პედაგოგებს მათ მეთოდებზე, წარმატებისკენ მიმავალ გზებსა და მასწავლებლის როლზე ბავშვის ცხოვრებაში.
ამჯერად სამი პედაგოგი შევარჩიეთ, რომლებიც სწორედ აბიტურიენტებთან მუშაობენ და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 

"ქართულის გამოცდაში კარგი შედეგის საჩვენებლად პირველ რიგში აუცილებელია წიგნიერება... წიგნიერების ამაღლება კი დაბალი კლასებიდანვე უნდა იწყებოდეს"


ნანა ბეკოშვილი 20 წელზე მეტია, პედაგოგია. მცხეთის რაიონის სოფელ
წილკნის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. სოციალურ ქსელშიც ბევრი იცნობს, როგორც საინტერესო და ემოციური ჩანახატების ავტორს, თუმცა ამჯერად წარმოგიდგენთ, როგორც უფროსკლასელების საყვარელ პედაგოგს, რომელიც ამბობს, რომ "მასწავლებლობა ხელოვნებაა. მასწავლებელი ხელოვანია, რომელიც ბავშვის სულს ძერწავს. არ არსებობს იმაზე დიდი სიმშვიდე, ვიდრე პროფესიის სწორად არჩევაა".
mshoblebi
- ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, სხვაგან არასდროს დამინახავს ჩემი თავი. ახლაც, როცა ოც წელზე მეტია, რაც სკოლაში ვმუშაობ, ვთვლი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. რომ არა ბავშვების დაუცხრომელი სიყვარული და პროფესიისადმი უდიდესი პატივისცემა, ალბათ ვერ გავუძლებდი იმ გამოწვევებს, რაც დღეს თანამედროვე მასწავლებლის წინაშე დგას. მასწავლებელი დაუსრულებლად უნდა ვითარდებოდეს, შეუძლებელია მან ეს პროცესი შეწყვიტოს. პირველ რიგში კი ბავშვის სიყვარული შეეძლოს. ნებისმიერი
სირთულის დაძლევა შეიძლება, სადაც სიყვარულია. მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას უფრო და უფრო ვიაზრებ, რაც დრო გადის. ვფიქრობ, არასდროს დავიღლები ჩემი საქმით, რადგან სწორედ იმ საგნის მასწავლებელი ვარ, რომელშიც შეიძლება გადაბარგდე და იცხოვრო. ქართული ენა და ლიტერატურა საგანი არაა, ეს სულია, რომელიც სხვა ათას სულს უნათებს გზას და მწვერვალისკენ მიჰყავს. ვისურვებდი, შევძლო ჩემი მოსწავლეების ამ მწვერვალზე აყვანა.

- რაიმე განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებთ, რომ თქვენი საგანი უფრო შეაყვაროთ და ინტერესი გაუღვივოთ?

- ბავშვებს რომ შენი საგნისადმი ინტერესი გაუღვივო, პირველ რიგში შენ უნდა გიყვარდეს ეს საგანი. საგანი მხოლოდ სახელმძღვანელო როდია. ძალიან ხშირად ვიყენებ ფილმებს ამა თუ იმ ნაწარმოების სწავლებისას. ვცდილობ ხოლმე, რომ ფილმად ვაჩვენო ის, რაც უკვე წაიკითხეს, ისწავლეს, იმსჯელეს. შემდეგ ვადარებთ ნაწარმოებსა და ფილმს, ვმართავთ დისკუსიას და ვაკეთებთ დასკვნებს. ასე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდის სწავლება. არის შემთხვევები, როდესაც ვაწყობთ მინი-სპექტაკლებს და თვითონ ბავშვები ირგებენ მათთვის სასურველი პერსონაჟის როლს. რა თქმა უნდა, ეს ყოველდღე ვერ ხერხდება და არცაა მიზანშეწონილი, მაგრამ რომელიმე ნაწარმოების წაკითხვის და გაანალიზების შემდეგ უსათუოდ ვუყურებთ ფილმს, ან ვაწყობთ პატარა წარმოდგენას. საგნის შეყვარება ადვილია, მთავარია მასწავლებელი იყოს მოტივირებული და ხალისიანი.

- რა უწყობს ხელს მოსწავლეს იმაში, რომ წარმატებებს მიაღწიოს?

- მოსწავლის წარმატებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში კი შინაგანი მოტივაცია. დღევანდელი განათლების სისტემაც სწორედ ამ საკითხზე მუშაობს, როგორ გავუღვიძოთ მოსწავლეს შინაგანი მოტივაცია, როგორ გავუხალისოთ და გავუმრავალფეროვნოთ სწავლის პროცესი. თუმცა, მხოლოდ სკოლა ვერ იქნება ამის გარანტი, თუ ბავშვს ოჯახში აქვს პრობლემები. ოჯახური პრობლემები უდიდეს დაღს ასვამს მის შინაგან სამყაროს და შეუძლებელი ხდება მისი გონების მართვა. მრავალი სოციალური ფაქტორი შეიძლება გახდეს ბარიერი, რაც წარმატებაში ხელს შეუშლის, მაგრამ სკოლა ვალდებულია ბავშვს ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს ოჯახური თუ სოციალური წნეხი. თუკი არც ერთია პრობლემა და არც მეორე, ამ შემთხვევაში გაცილებით იოლდება წარმატებისაკენ სწრაფვა და კარგი მასწავლებლის წყალობით, კიდევაც მიიღწევა.

- თქვენი გამოცდილებით, აბიტურიენტებისათვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ქართულის გამოცდაში კარგი შედეგი აჩვენონ?

- აბიტურიენტობა ყველაზე მძიმე და შრომატევადი პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში. ფაქტობრივად ეს არის დრო, როცა თავი უნდა მოუყაროს მანამდე მიღებულ გაფანტულ ცოდნას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეს პროცესი შედარებით რთულია, რადგან ძალიან დიდი მასალაა ასათვისებელი. ამას ემატება სხვადასხვა ტიპის თხზულების აკადემიურად წერის უნარ-ჩვევები, რაც სხვა საგანში ნაკლებად მოეთხოვებათ. ქართულის გამოცდაში კარგი შედეგის საჩვენებლად პირველ რიგში აუცილებელია წიგნიერება. მხოლოდ საგაკვეთილო ლიტერატურა ვერ მოუტანს მას მსჯელობისა და წერის კულტურას. წიგნიერების ამაღლება კი დაბალი კლასებიდანვე უნდა იწყებოდეს. შემდეგ რა თქმა უნდა, მსჯელობის უნარის განვითარება, რაშიც მასწავლებელი უნდა დაეხმაროს და სულ ბოლოს აუცილებლად წერა. ძალიან დიდი შრომაა, წერდეს როგორც შინაარსობრივად გამართულ, ასევე გრამატიკული ხარვეზების გარეშეც სხვადასხვა სახის თხზულებებს. სწორად წერის უნარ-ჩვევის განვითარებაც დაბალი კლასიდან იწყება. როგორც ვიცით, გამოცდა წერილობით ბარდება და ამიტომაც აქ სჭირდება აბიტურიენტს ყველაზე მეტი ყურადღება.

- რამდენად უჭირთ საკუთარი, მშობლიური ენის საფუძვლიანად სწავლა და შემდეგ გამოცდაზე საკუთარი ცოდნის წარმოჩენა და უფრო ხშირად რა უჭირთ - გრამატიკა თუ ლიტერატურა?

- როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშობლიური ენის სწავლა განსაკუთრებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ლიტერატურასთან ერთად ისწავლება გრამატიკაც, ისე საფუძვლიანად აღარ, როგორც ეს მრავალი წლის წინ იყო. სკოლაში რომ საფუძვლიანად არ ისწავლება გრამატიკა და ეროვნულ გამოცდაზე მის ძირეულ ცოდნას ითხოვენ, ეს კიდევ სხვა საკითხია და ალბათ პარადოქსიც. ამიტომაც უძნელდებათ აბიტურიენტებს გრამატიკული ტესტებისთვის თავის გართმევა. თხზულებაში შესაძლოა კიდევ აირიდონ გრამატიკული შეცდომები (ესეც მასწავლებლის მრავალწლიანი შრომის შედეგად), მაგრამ ტესტებში დაშვებული შეცდომების დიდი წილი სწორედ გრამატიკაზე მოდის. არის კიდევ მეორე ფაქტორი, მსჯელობის უნარის არქონა, რაც ასევე ხელს უშლის აბიტურიენტს აზრის ნათლად და სწორად ჩამოყალიბებაში. ბოლოს კი ერთი რამ უდავოდ უნდა გავითავისოთ: წიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. მხატვრული (და არა მხოლოდ) ლიტერატურის კითხვა ამდიდრებს ლექსიკას, აუმჯობესებს აზროვნებას, ავითარებს მსჯელობის და კრიტიკის უნარს. აბიტურიენტთა მაღალი შედეგები ქართული ენის გამოცდაზე სწორედ ამითაა განპირობებული. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, "კენწეროში გატკბილება" და მშვიდი სტუდენტობა!

"მოსწავლეებმა, რომლებსაც უცხო ენის სწავლა უჭირთ, უნდა ეძიონ გზები, რომლებიც დასწავლის პროცესს გაუადვილებს... თანამედროვე ტექნოლოგია ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს..."


მაია ეფაძე 21 წლის ასაკიდან მასწავლებელია და ამ საყვარელ საქმეს დღესაც ემსახურება. ამბობს, რომ არჩევანზე დედამაც იქონია გავლენა, რომელიც ასევე პედაგოგი და ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორია. მაია რაღაც პერიოდი უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს. ამჟამად კი კერძო სკოლა "ოპიზაში" მუშაობს, სადაც მუშაობის 14-წლიანი სტაჟი დაუგროვდა. ძირითადად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან მუშაობს. მისი მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალ შედეგებს აჩვენებენ ხოლმე. ამბობს, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და აქიდან გამომდინარე, დაწერილი მეთოდები არ აქვს. საკუთარ გამოცდილებასა და სწავლების იმ მიდგომაზე გვიყვება, რაზეც ფიქრობს, რომ ამართლებს:
mshoblebi
- მოგეხსენებათ, სწავლების მეთოდები ყველა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია. ძირითადად უფროსკლასელებთან ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, მათთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო. დაწერილი და მზა მეთოდები, რომელსაც ყველა შემთხვევაში გამოვიყენებ, არ მაქვს იმიტომ, რომ თავად სწავლების პროცესსა და ყოველდღიურ მუშაობას მივყავართ სასურველ შედეგამდე. ყოველთვის გულწრფელი ვარ ჩემს მოსწავლეებთან და ესეც ქმნის ალბათ პროდუქტიულ გარემოს.

- როგორ უღვივებთ ბავშვებს საგნისადმი ინტერესს?

- დღევანდელი თაობა სრულიად განსხვავებულია ჩემი თაობისგან და მათ უფრო ფართო ხედვა აქვთ. მე მიმართულების მიმცემი ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, თანამედროვეობას ავუწყო ფეხი. მაგალითად, ვსაუბრობთ იმაზე, რაც გადის კინოთეატრში. ვცდილობ, ვისაუბრო მათ ენაზე, გავიზიარო მათი ინტერესები და თავადაც ვისწავლო მათგან რაღაცები. იყო პერიოდები, როდესაც ვკითხულობდი იმ ლიტერატურას, რაც მათ აინტერესებდათ. ვთხოულობდი მათგან წიგნებს და ამით ჩვენს შორის ნდობა ჩნდებოდა. ამის საფუძველზე უფრო მეტად ინდომებენ, ჩემს რჩევებსაც ითვალისწინებენ. ურთიერთთანამშრომლობა გამოგვდის და ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად წაახალისებს ბავშვებს.

- გარდა პროგრამული საკითხებისა, კიდევ დამატებით რას იყენებთ, რომ მათი წარმატების ხარისხი გაიზარდოს? მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს როლურ თამაშებს?

- ძალიან ბევრი მსგავსი მეთოდი მისასალმებელია. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მხრივ ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. თუნდაც უცხო ენაზე ფილმების ყურება, პირველ რიგში, სასიამოვნოა და მეორე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსასმენი დავალების შესრულებისას გეხმარება იმ კუთხით, რომ მოსმენის უნარ-ჩვევა გამომუშავდება.

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მოსწავლის წარმატებას?

- პირევლ რიგში, მოსწავლის წარმატებას განაპირობებს მისი მონდომება და მოტივაცია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერა და აუცილებლად - მასწავლებელი, რომელიც მას მისცემს სწორ მიმართულებას და დააჯერებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწევს. ყველა მოსწავლეშია რაღაც უნიკალური. ყველა ნიჭიერია, შეიძლება ვიღაც ვერ სწავლობს მათემატიკას, მაგრამ არაჩვეულებრივად ითვისებს ჰუმანიტარულ საგნებს. ზუსტად ამ დროსაა საჭირო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს თავის თავს აპოვნინებს, დაუბრუნებს რწმენას და ეტყვის, თუ ის საგანი არ გამოსდის, სხვები გამოუვა. როდესაც ასეთი ადამიანი გაჩნდება მათ ცხოვრებაში, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

- აბიტურიენტებისათვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ინგლისურის გამოცდაში კარგი შედეგი აჩვენონ?

- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდა მოსმენის, კითხვის, წერის კომპონენტებისგან შედგება. აბიტურიენტებისათვის მხოლოდ ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ მაღალი შედეგი აჩვენონ. ჩემმა აბიტურიენტებმა წელს ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს და არა მხოლოდ წელს, ყოველთვის განებივრებული ვარ. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. მაგრამ, ისინი მხოლოდ ერთი წლით არ არიან ჩემი მოსწავლეები, მე მათ მე-7 კლასიდან ვასწავლი. მე-7 კლასამდეც ძლიერი პედაგოგი უყრის საფუძველს და დანარჩენი შემდეგი წლების განმავლობაში ვითარდება. ბოლო წელს კი დაგროვილი ცოდნის თავმოყრა ხდება. ვერ გეტყვით კონკრეტულად, რომ მხოლოდ ისწავლონ გრამატიკა, ბევრი იკითხონ, მხოლოდ ფილმებს უყურონ, რომ მოსასმენი დავალება გააკეთონ კარგად. ეს არის შედეგი დაგროვილი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის.

- ყოველწლიურად ბევრი აბიტურიენტი იღებს ინგლისურში მაქსიმალურს ან მასთან მიახლოებულ ქულას. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?

- ინგლისურ ენას დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობენ ბავშვები. გარკვეულწილად, დოზირებულად გვაქვს მოცემული ის პროგრამა, რასაც თავი უნდა გავართვათ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ უცხო ენაა, მეტი ინტერესი აქვთ ბავშვებს ამ საგნის მიმართ და აქტიურადაც იყენებენ ყოველდღიურად.

- რას ურჩევთ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ, რომ მაღალ დონეზე იცოდნენ ინგლისური ან იმ ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ სწავლას, თუმცა არ გამოსდით?

- ინგლისური ისეთივე საგანია, როგორც სხვა. აქედან გამომდინარე, არიან მოსწავლეები, რომლებსაც ენების მიმართ არ აქვთ მიდრეკილება და მათთვის რთულია ათვისება. მაგრამ, უნდა განაგრძონ მუშაობა. იმიტომ, რომ მათ ეს სჭირდებათ. მთავარია, სწავლის პროცესი სასიამოვნო გახადონ. ბავშვს საგანი იმ შემთხვევაში უყვარს, თუ ის მისთვის სასიამოვნოდ სასწავლია. როდესაც რაღაც გეზარება, ყოველთვის სადღაც ბოლოში გაქვს გადადებული. მოსწავლეებს, რომლებსაც ენის სწავლა სურთ, ვურჩევ იმას, რომ ეძიონ ისეთი გზები, რომლებიც მათ დასწავლის პროცესს გაუადვილებს და სასიამოვნოს გაუხდის. რაც შეეხება მათ, ვისაც უჭირთ და უნდათ, რომ ისწავლონ, არ დაიშურონ ძალისხმევა. ასევე მათაც უნდა მოძებნონ გზა, რომელიც სწავლას გაუმარტივებს. კონკრეტულად რომ ვურჩიოთ ერთი მეთოდი, არ გაამართლებს, რადგან ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და იმედი მაქვს, იპოვნიან ისეთ გზებს, რომ მათთვის ენის შესწავლა სასიამოვნო იყოს.


"ყველას შეუძლია მათემატიკის სწავლა, საკმაოდ მაღალ ქულაზე, თუ პედაგოგი შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას..."


ნინო საყვარელიძე დაახლოებით 30 წელია მათემატიკის მასწავლებელია. მასთან უამრავი სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლე იღებს განათლებას. ამბობს, რომ მათემატიკა ძალიან საჭირო და გამოსადეგი საგანია იმიტომ, რომ ლოგიკური აზროვნება ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სჭირდება. ის გვიზიარებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგნის სწავლებისას და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოსწავლეებმა:
mshoblebi
- პირველ რიგში, მათემატიკის სწავლების პროცესში პედაგოგმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ მოსწავლეს რაც შეიძლება მარტივად მიაწოდოს ასათვისებელი მასალა ისე, რომ ბავშვი დაინტერესდეს და არ ჩათვალოს, რომ რთულია და მაინც ვერ გაიგებს. თუ პედაგოგი ამბობს: "ყურადღებით მომისმინეთ, ეს ძალიან რთული საკითხია, თუ არ მომისმენთ, ვერ გაიგებთ" - იქ უკვე დამთავრებულია, მოსწავლეთა ნახევარი აღარ მოგისმენს. ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვთვლი. ზოგს ადრე აქვს გამორჩეული შესაძლებლობები, ზოგს ცოტა მოგვიანებით. იმის თქმა, რომ გარკვეულ ეტაპზე ბავშვი ვერ სწავლობს მათემატიკას, კატეგორიულად მიუღებელია. ყველას შეუძლია მათემატიკის სწავლა, საკმაოდ მაღალ ქულაზე, სასკოლო პროგრამას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ პედაგოგი შესაბამისად მიაწვდის ინფორმაციას.

- როგორ უღვივებთ ბავშვებს მათემატიკისადმი სიყვარულს?

- ვცდილობ, მარტივი მეთოდებითა და გადაცემის საინტერესო ფორმით დავაინტერესო ისინი. ასევე, სახალისო მათემატიკა უნდა იყოს პროცესში ჩართული. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფორმით უნდა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. მთავარია, არ იყოს დაძალება, ზედმეტი სიმკაცრე და დაშინება.

- ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ ბავშვს მათემატიკის ბუნებრივი ნიჭი არ აქვს, სწავლას მაღალ ქულაზე ვერ შეძლებს, თქვენ რას ეტყვით მათ?

- ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს მოსაზრება. არსებობენ თანდაყოლილი ნიჭის მქონე ბავშვები. მაგრამ, ასეთები არიან ერთეულები და რომ გითხრათ, მაინცდამაინც უმაღლეს შედეგს აღწევენ-თქო, ასე არ არის. ბავშვმა, რომელიც საწყის ეტაპზე ვერ სწავლობს, შეიძლება გაცილებით უკეთესი შედეგი დადოს მაღალ კლასებში. სწავლა ყველას შეუძლია. ბავშვის შესაძლებლობები განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც გეომეტრიის სწავლას იწყებს. მას სხვა ხედვა სჭირდება, ამიტომ უკეთ მჟღავნდება მოსწავლის შესაძლებლობები.

- როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მოსწავლის წარმატებას?

- მოსწავლის წარმატებას ბევრი რამ განსაზღვრავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურად, ბავშვის პიროვნულ თვისებებს. საწყის ეტაპზე ჩადებული კარგი საძირკველი, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს. ჩემი აზრით, სკოლაში მათემატიკის სწავლების დანიშნულება, ლოგიკური აზროვნებისა და ფიქრის უნარის განვითარებაა. ეს კი მერე ცხოვრებაშიც ასწავლის მათ ქმედებების გააზრებასა და თითოეული ნაბიჯის შეფასებას. არ აქვს ნიშვნელობა, რა პროფესიისა ადამიანი, საწყის ეტაპზე ჩადებული ანალიზისა და აზროვნების უნარი მას მთელი ცხოვრება სჭირდება.

- აბიტურიენტებისათვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გამოცდაზე კარგ შედეგს მიაღწიონ?

- საკმაოდ დიდი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია თავად ბავშვის შესაძლებლობები, თუმცა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია მოტივაცია. ხშირად მყავს აბიტურიენტები, რომლებიც სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, თავიანთ თავზე იღებენ, რომ მიიღონ მაღალი შედეგი, მოიპოვონ სრული დაფინანსება არა მარტო იმიტომ, რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვდნენ, არამედ იმიტომაც, რომ მშობლებს გადასახადი აღარ ჰქონდეთ. ვისაც ეკონომიკური პრობლემები და საშუალო შესაძლებლობები აქვს, გაცილებით კარგ შედეგს იღებს, ვიდრე ბავშვი, რომელიც ერთი შეხედვით, ძალიან ძლიერია. თუ მოსწავლეს მოტივაცია არ აქვს, უმაღლეს შედეგს ვერ მიაღწევს.

- მათემატიკაში ბევრი აბიტურიენტი ვერ იღებს მაქსიმალურ 59 ქულას, როგორ ფიქრობთ, რატომ?

- 59 ქულის აღება მარტივი არ არის. ვფიქრობ, 60%-დან ზემოთ, ყველა კარგ ქულად ითვება. იმიტომ, რომ 60% კარგი შრომის შედეგია. ძალიან ხშირად აბიტურიენტები სხვადასხვა ჯგუფში წერენ, რომ ბარიერი ვერ გადალახეს, დააკლდათ ერთი ქულა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, თუ ბარიერს ვერ ლახავ, ან მინიმალურ შეფასებას იღებ, მაშინ მათემატიკა არ უნდა ჩააბარო. არ უნდა ჩააბაროს იმიტომ კი არა, რომ უნიჭოა, არა, უბრალოდ, უნივერსიტეტში გაცილებით რთულ მათემატიკას ისწავლის და გაუჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალური ქულის აღებას, წლევანდელი საგამოცდო ვერსია კომაროვის ბავშვებსაც გაუჭირდათ. არ ვთვლი, რომ წელს განსაკუთრებული სირთულის ტესტი ჰქონდათ, მაგრამ რა განათლებაც სკოლიდან მოაქვთ, იმ ფონზე, რთული იყო. ამას თან დაერთო პანდემია და ონლაინსწავლება, ბავშვებიც ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შედარებით მარტივი ტესტი მიუვიდოდათ, თუმცა დაახლოებით იმავე სირთულის იყო, როგორც შარშან.

- დამამთავრებელ კლასში მათემატიკაში მომზადება საკმარისია, რომ აბიტურიენტმა კარგი შედეგი აჩვენოს?

- ჩემ გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ მომზადებულან, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებენ. მათ უამრავი შესაძლებლობა აქვთ. შეიძლება ინტერნეტში ნებისმიერი საკითხი ჩაწერო და უამრავ ვიდეოს ნახავთ, სხვადასხვა კუთხით ახსნილსა და გაანალიზებულს. თუმცა, მოსწავლეთა უმეტესობა ამას არ აკეთებს. ამიტომ, თუ ყველა რესურსს არ იყენებენ, მაშინ მგონია, ბოლო ორი წელი საჭიროა, რომ დამატებით იმეცადინონ. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს ბავშვის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

- რას ურჩევთ მოსწავლეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათემატიკა რთულია და სწავლას ვერ შეძლებენ?

- ჩემი აზრით, მათემატიკა ყველაზე მარტივი საგანია. მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არც ერთი საკითხი არ უნდა გამოტოვონ. თემები ერთმანეთზე ჯაჭვივითაა გადაბმული და ერთი რგოლი თუ ჩაწყდა, მერე რთულია აღდგენა. ამიტომ, ეს უნდა გაითვალისწინონ და უნდა მოინდომონ. როგორც ვთქვი, დღევანდელ ბავშვებს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ, ყველა ენაზეა ინტერნეტში უამრავი გაკვეთილი. ათასობით ვიდეოა თითოეულ საკითხზე და შეუძლიათ გამოიყენონ, ვისი ახსნილიც მოეწონებათ. ის, რომ მათემატიკის სწავლა არ შეუძლიათ, არასწორი მიდგომაა. ყველას შეუძლია და თან ძალიან კარგად, მთავარია ცოტა მარტივი თვალით შეხედონ. გაცილებით მეტი მასალაა მაგალითად ისტორიასა და გეოგრაფიაში. მათემატიკა მაინც ზუსტი მეცნიერებაა და ბევრად უფრო მარტივია, სპეციალობების მეტი არჩევანიცაა. ვურჩევ ბავშვებს, რომ ეს საგანი შეიყვარონ.

თამარ იაკობაშვილი
3249
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები