"გვაშაყან შემოდის ეცერში ცხენით, ქალი კი არა, დაო, ვაშა ხარ", - ეს სიტყვები ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, მურმან ლებანიძის ლექსიდან, რომელიც გვაშაყან კვიციანს მიუძღვნა. ეს სვანი ქალბატონი ყოველთვის იმსახურებდა ცნობილი თუ უცნობი ადამიანების ყურადღებას, თავისი ცხოვრების წესით, შეხედულებებით, ვაჟკაცობით. თავადაც პოეტის მეუღლე იყო - ვალერიან საღლიანის და წლები პედაგოგად მუშაობდა, ახალ თაობებს ზრდიდა. მის საოცარ ხასიათს, დედობას და განსაკუთრებით - მის დამოკიდებულებას მოსწავლეებთან იხსენებს მისი ქალიშვილი ლელა საღლიანი:
ვალერიან საღლიანი და გვაშაყან კვიციანი
"რამდენჯერ ატირებული დაბრუნებულა სკოლიდან. თავიდან ვშფოთავდით ოჯახის წევრები, მერე კი
ყველამ ვიცოდით მიზეზი - ობოლი ბავშვების გამო ტიროდა. ერთხელ გაკვეთილი გამოკითხა მოსწავლეს, დედაზე ლექსი ათქმევინა და მთელი ცხოვრება არ აპატია თავს, იმ ბავშვის უდედობა არ გამახსენდა და ტკივილები განვუახლეო.
ათეული წლები იმუშავა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, სასწავლო ნაწილის გამგედ, რამდენმა თაობამ გაიარა მის ხელში, ისინი გაიზარდნენ და დაფრთიანდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მათგანის ბედით იყო დაინტერესებული. რამე კარგს თუ გაიგებდა მის ყოფილ მოსწავლეზე, პატარა ბავშვივით შემოსცხებდა ტაშს და უფალს მადლობას სწირავდა.
მე და ლილე ჭირიანი ბავშვები ვიყავით, ზამთარში ადვილად ვცივდებოდით და სპეციალურად გვიქსოვდა მატყლის პერანგებს. რამდენჯერ აუღია და წაუღია, თან დააყოლებდა, თქვენ მთავარი სითბო გაქვთ, დედაც გყავთ და მამაც, ისინი უდედოდ სულ გაიყინებიანო.
ზაფხულობით მთაში წასვლა უყვარდა, ამბობდა, სულიერადაც ვისვენებ და ფიზიკურადაცო. ვალერიანისთვის ეს სამი თვე ჯოჯოხეთი იყო. როცა თავს ვეღარ ერეოდა, მეტყოდა: ე, გოგო, მოიფიქრე რამე, ეს ქალი სახლში დავაბრუნოთო. ერთხელ წერილი გაატანა მასთან:
"მალე ჩამოდი გაბაკა (მოფერებით ასე მიმართავდა)
მაჩუქე გულის ლხენაო,
თორემ საშინლად მაწამებს,
ლილეს და ლელას ღრენაო"!
ვალერიანს ღრენას ვინ გაუბედავდა, მაგრამ ცოლის მთიდან "ჩამოტყუების" ხერხიც კარგად იცოდა და მისი გამოყენებაც. მეორე დილას დედა შინ იყო უკვე.
ყველაზე მძაფრად ჩემს გონებას რაც ახსოვს, ეს იყო შიში. მას ძალიან ეშინოდა სიკვდილის. ჩაფიქრდებოდა და ვიცოდი რაზეც ფიქრობდა,ხანდახან ხმამაღლა წამოსცდებოდა ფიქრები, ნუთუ მართლა მოვკვდებიო. მამა რომ გარდაიცვალა, ერთ დღესაც ასეთმა ჩაფიქრებულმა ამაყად ასწია თავი და მე და მანანას გამოგვიცხადა, სიკვდილის საერთოდ არ მეშინიაო. მის თვალებს საზეიმო ელფერი დაჰკრავდა, ის ზეიმობდა სიკვდილის შიშზე გამარჯვებას, რაც მთელი სიცოცხლე სტანჯავდა. მაშინ მივხვდი, რამდენად გაუადვილა მამამ მას სიკვდილი.
დღეს, ჩემი დედიკოს დაბადების დღეა. დედას ძალიან უყვარდა ეს დღე და მეც განსაკუთრებულად მიყვარს.
გილოცავ, დედა! ზეციურ საქართველოში გილოცავ! მადლობა დიდი, რომ მოგვეცი ფრთები, სილაღე. გვასწავლე სიყვარული და ერთგულება, გაჭირვებული ადამიანის გვერდით დგომა და მისი გატანა! მადლობა დიდი, რომ ყველაფერი გააკეთე ჩვენთვის და ზღაპარში გვაცხოვრე შენი შვილები.
და დღეს, უკვე უშენოდ, თუ ფეხი წამიცდება და წავიბორძიკებ, იმ ჩემი ბავშვობის საყვარელი ნაწარმოების გმირივით (ასე რომ შემაყვარე ბავშვს), მეც ცალთვალ მოჭუტული მაღლა ვიხედები და გელაპარაკები:
ნუ, გეშინია დედა, არ წავიქცევი! არ დავიკარგები!!!!!!"