შორენა თამაზაშვილი 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ბევრისთვის საყვარელი, განსაკუთრებით - მისი მოწაფეებისთვის. მას ჩვენი მკითხველიც კარგად იცნობს, კრეატიული იდეებით, რომლებსაც თავის მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს ხოლმე. ამჯერად, კვლავ მიიპყრო ჩვენი ყურადღება.
შორენა მასწავლებელმა წელს პირველი კლასი აიყვანა, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, პირველი გაკვეთილის ჩატარება და ბავშვების გაცნობა დისტანციურად მოუწია. ამ საკითხსაც კრეატიულად მიუდგა - შექმნა ორიგინალური კაბა, მასზე თავად მის მიერვე ამოქარგული ქართული ანბანის ასოებით და ჩაწერა ემოციური ვიდეომიმართვა.
ვიდეო ნამდვილად ემოციური გამოვიდა, აღაფრთოვანა მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც. ჩვენ კი შორენა მასწავლებელს ვთხოვეთ, ეამბნა ამ ორიგინალური იდეის შესახებ:
- ოთხი წლის წინ დაიწყო ჩემი, როგორც მასწავლებლის კარიერა. პირველივე დღეს რომ მივედი სკოლაში, თავდაჯერებული ვიყავი, მიყვარს ჩემი პროფესია და მოვხვდი ზუსტად იქ, სადაც ლაღად ვიგრძნობდი თავს... მალე მოვიდა ნდობაც, ჩემი წარმატების უმთავრესი საიდუმლო კლასის მშობლებთან თანამშრომლობაა, ჩვენ ერთად ვაღწევთ დასახულ მიზანს, ჩვენი ერთობა ისახება კლასზე, ბავშვები გრძნობენ ჰარმონიას... ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები უკვე მეხუთე კლასში არიან, არ ვიცი, რა სახელი მოვუფიქრო ჩვენს ამ ოთხ წელში წვეთ-წვეთად, ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილ ურთიერთობას, ლექსებით, სპექტაკლებით, კეთილი საქმეებით ნაშენებ მეგობრობას... წელს ისევ პირველ კლასს დავუბრუნდი, მინდოდა, პატარები გამეოცებინა, იდეა უცებ დამებადა, ქარგვა სტუდენტობის დროს ვისწავლე და როცა კაბაზე ცარცით გავაკეთე ერთი კონტური და ფერადი ძაფით დავქარგე, მივხვდი, გამომივიდოდა, ის, რაც ჩავიფიქრე... 1 კვირა დამჭირდა, მაგრამ ისე მიხაროდა, ვერ ვიგრძენი, როგორ დავასრულე. 15 სექტემბერს უნდა ჩამეცვა, მაგრამ სწავლა გადაიდო, ვერ შევხვდი ჩემს პატარებსაც, გადავწყვიტე, ვიდეორგოლი გამეკეთებინა, პატარებს მეც რომ გავეცანი და თანაკლასელებიც, ამჯერად ახალი მშობლები დამეხმარნენ და გამოგვივიდა. მშობლებს და პატარებს ძალიან მოეწონათ ანბანდაქარგული კაბა, ძალიან მიხარია, რომ შევძელი ლამაზი იდეის საკუთარი ხელებით განხორციელება.
ქართველი მასწავლებლის და მისი მოსწავლეების მხიარული ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა