მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი წელს სოფიო გოგოხია გახდა. ის მერვე წელია აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში (ჩხოროწყუს რაიონი) ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. თუმცა ამბობს, რომ მასწავლებლობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობას ახორციელებს და ცდილობს, ბავშვებისთვის კითხვის პროცესი სასიამოვნო გახადოს. წლის საუკეთესო მასწავლებელი გვიყვება, რა არის სწავლებაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ მიიღწევა კარგი შედეგი:
- სწავლების პროცესი კომპლექსურია და ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ მნიშნველოვანია, მოსწავლეებს მისცე ცოდნა და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ეს ცოდნა არ იყოს ტვირთი, რუტინული პროცესი, მეტად უხაროდეთ და უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის, მაგრამ მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ სიყვარულით შეფუთოს და გააჯეროს ის, რაც მოსწავლემდე მიაქვს.
- როგორია თქვენი მიდგომა მოსწავლეებთან, რასაც ფიქრობთ, რომ მათთან ურთიერთობისას ამართლებს?
- ნებისმიერ ადამიანთან და განსაკუთრებით მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ამართლებს ის, რომ დაინახო ისინი შიგნიდან ისეთებად, როგორებიც არიან. თუ მოსწავლესთან ამას შეძლებ, მერე უკვე გზა ნამდვილად ხსნილია. ადამიანის დანახვა ყველაზე კარგია, რაც ურთიერთობებს ძალიან ამარტივებს.
- როგორ გეგმავთ გაკვეთილს და რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ყოველთვის კარგია, როდესაც მათთვის ნაცნობი, ახლობელი და გასაგები თემით იწყებ, შემდეგ კი გადადიხარ იმაზე, რაც გჭირდება, რომ მიაწოდო. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, რომ მიწოდების ფორმა მოსწავლეზე მორგებული იყოს. ამისთვის ყოველთვის გიწევს განსხვავებული გზების ძიება. მოსწავლე მცირე სიახლესაც კი ხალისით იღებს, გრძნობს გულწრფელობას და თავადაც იმავეთი გპასუხობს.
- რაზე უნდა გააკეთოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ძირითადი აქცენტი საგნის სწავლებისას?
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს ქართული ლიტერატურა უნდა დაანახოს არა ჩარჩოში, არამედ მსოფლიო ლიტერატურასთან კავშირში იმიტომ, რომ ჩვენც ლიტერატურული სამყაროს ნაწილი ვართ. უნდა აჩვენოს ლიტერატურა არა როგორც დასაზეპირებელი ტექსტი, არამედ გზა იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს, ლიტერატურა არის ის, რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა და რაზეც ფიქრობდა. ეს უფრო გამოცდილების გაზიარება მგონია. აჩვენებ, როგორ ისწავლოს ამ გრძნობის დანახვა არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში, არამედ საერთო კონტექსტში.
- წიგნის კითხვის პროცესის შეყვარება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა თქვენთვის?
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, თუ ყველაზე მთავარი არა. ბევრი რამ უნდა სცადოს მასწავლებელმა იმიტომ, რომ ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მიდგომა არ ამართლებს. ჩემ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ მუშაობს წიგნის იქვე, პროცესში ჩვენება და თხოვება. ჩამოწერილი სია, რომ ბავშვებმა იყიდონ ან ბიბლიოთეკაში იპოვნონ სხვადასხვა წიგნი, არ ამართლებს. ამ მიზნით კლასის ბიბლიოთეკაც შევქმენით და ძალიან კარგად იმუშავა. გაამართლა, როდესაც ხელში ვაძლევ წიგნს და ვეუბნები, რომ ეს უნდა წაიკითხონ. ერთმანეთს ვუცვლით წიგნებს და ვუზიარებთ გამოცდილებას. წინა კვირას, დამოუკიდებლად გაუჩნდათ ინიციატივა, რომ ერთი საათით, ჩუმად ერთად იკითხონ კლასში არსებული რესურსი. სახლიდან წამოღებული 80-ზე მეტი წიგნი, რომლებსაც პერიოდულად ვუცვლით ერთმანეთს, საუკეთესო გზაა, რომ კითხვის პროცესი მათთვის საყვარელი და სასიამოვნო საქმიანობა გახდეს. გარდა ამისა, ვაყალიბებთ წიგნის გაცვლის კულტურას, რადგან შესაძლოა, მოსწავლეთა მხოლოდ 10%-ს ჰქონდეს სახლში ბევრი წიგნი, დანარჩენებისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- კლასგარეშე აქტივობების შესახებაც მოგვიყვევით.
- გადავწყვიტეთ, ისე მივუახლოვდეთ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტს, რომ არ შეგვჯავრდეს, არ დავიდეს საზეპიროებისა და ტექსტის რუტინულად სწავლის დონემდე და არასასკოლო დროს, არასასკოლო ვითარებაში, არა ნიშნისთვის ვიკითხოთ. ამას"ვეფხისტყაოსანში" ჩხრეკა დავარქვით. ვიქტორ ნოზაძე დიდი რუსთველოლოგი იყო."ჩხრეკა-განკითხვანი" - ასე ეძახდა ის "ვეფხისტყაოსნის" კვლევას. ჩვენს კლუბს "ჩხრეკანი" დავარქვით. „ვეფხისტყაოსანში" "ვიჩხრიკებით" და ეს არ არის ვალდებულება. ვფიქრობ, რომ ამანაც შედეგი გამოიღო. გვაქვს კინოკლუბი. ერთად ფილმების ყურება და სხვადასხვა აქტივობის ჩატარება ერთ-ერთი მთავარი ბედნიერებაა ჩემთვის. მე-5 წელია უკვე კლუბი არსებობს. დავიწყეთ მხოლოდ იმ იდეით, რომ ერთად გვეყურებინა კარგი ფილმებისთვის. მერე ნელ-ნელა სტუმრები, კინომცოდნეები მოვიწვიეთ, უფროსკლასელები უმცროსკლასელებისთვის სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი მოსწავლის დიდი ძალისხმევით "სინედოკში" ჩავერთეთ და თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, რეგიონულ "სინედოკს" ჩვენი სკოლა უმასპინძლებს ნოემბერში. ვესწრებით ფესტივალებს, სხვადასხვა მასტერკლასს, კინოსიახლეებს არ ჩამოვრჩებით, ვცდილობთ, რეცენზიები ვწეროთ, სხვადასხვა ღონისძიებას მოვუყაროთ თავი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უბრალოდ ერთად ვუყუროთ კარგ კინოს, რათა ჩვენი თვალი უკეთესი გახდეს და მერე ამ თვალმა სამყაროც უფრო სხვანაირად აღიქვას, როგორც ამას კინო ახერხებს.
- რა გამოწვევა აღმოჩნდა თქვენთვის ონლაინსწავლება და რამდენად შედეგიანი იყო ის?
- პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს შესაბამისი მოწყობილობა ან ინტერნეტის ჩართვის შესაძლებლობა. ეს გამოწვევაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუ ისევ ონლაინ განათლებაზე გადავიდა სისტემა, ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. რადგან ხელმისაწვდომობაა პირველი და შემდეგ უკვე ხარისხი. მთავარია არავინ დაიჩაგროს იმის გამო, რომ მას არ შეუძლია ინტერნეტის ჩართვა. განსაკუთრებით, რეგიონებში, სოფლებშია ეს პრობლემა. მარტო საქართველო კი არა, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა არ იყო მზად საგაკვეთილო პროცესის მსგავსი მოდელისთვის. არც მასწავლებლები და არც მოსწავლეები ამისთვის მზად არ ვიყავით. შეიძლება პროცესი გარკვეულწილად შედგეს, მაგრამ როგორ შედგება და რამდენი ბავშვისთვის, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მგონია, რომ გაზვიადებული და ტრაბახია, თუ ვიტყვი, რომ, ჩვენ შემთხვევაში, კარგი შედეგი მიიღწევა. მცირე რაოდენობისთვის შეიძლება, მაგრამ დიდი ნაწილისთვის - არა.
- ვინ შეიძლება ჩავთვალოთ კარგ მასწავლებლად?
- კარგი მასწავლებელი რომ გახდე, უნდა იყო უზომოდ შეყვარებული ამ პროფესიასა და ბავშვებზე. გქონდეს ენთუზიაზმი და თავდადება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ცოდნა მივაწოდოთ სიყვარულით.
- რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო?
- როცა რაღაც ტიპის წახალისებას ან ჯილდოს იღებ, ეს მაშინვე გავიწყებს იმას, რაც უკვე გააკეთე და გაფიქრებს იმაზე, როგორ ზღვაში წვეთია ის, რაც გაკეთდა და რამდენად ბევრად მეტია გასაკეთებელი. იმდენი პრობლემაა, ტვირთია ამ დროს ჯილდოზე ფიქრი და გრძნობ, რას გააკეთებ იმისათვის, რომ უკეთესი იყო. ყველანაირი ჯილდო და შექება იმისთვის მოიგონეს, რომ უკეთესად გააგრძელო და მეტი მოინდომო, მეტისთვის იყო შთაგონების წყარო. ჯილდოს მიზანია, რომ მასწავლებლის პროფესიას პოპულარიზაცია გაუწიოს, ამის ნაწილი რომ ხარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
თამარ იაკობაშვილი