"მე ვარ ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში მასწავლებლად წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა" - ინტერვიუ 24 წლის მარგარეტ დაიაურთან
"მე ვარ ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში მასწავლებლად წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა" - ინტერვიუ 24 წლის მარგარეტ დაიაურთან
„გამარჯობა. მე მარგარეტი ვარ, ყველაზე პატარა გოგო, ვინც შატილში მასწავლებლად წასულა და უკან აღარ დაბრუნებულა“, - ასე გაეცნო საზოგადოებას 24 წლის მარგარეტ დაიაური. ორი წლის წინ ჩაალაგა ბარგი და შატილში წავიდა მასწავლებლად. სოფელში, რომელიც არასდროს ენახა. ამბობს, რომ ბავშვები მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია და მათგან თავადაც ბევრი ისწავლა, დიდი გამოცდილება მიიღო. როგორ ცხოვრობს თბილისელი გოგო შატილში, ამას თავად მოგიყვებათ.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით სამკაულის დიზაინერი ვარ, თუმცა როგორც იცით, ამჟამად შატილის საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის
მოხალისე მასწავლებელი ვარ. ძალიან მიყვარს სიახლეების ძიება. ყველგან სილამაზეს, სისადავეს და უბრალოებას ვეძებ. მიყვარს გულწრფელ, კეთილ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს დადებითი ენერგიით მმუხტავს. ვცდილობ ყველა დეტალში დადებითი ემოცია დავიჭირო. მიტაცებს წიგნების კითხვა, ხელსაქმე, ლაშქრობა. ბაღის ასაკიდან ვმღერი, ვხატავ და ვცეკვავ. თუმცა, სამკაულების დიზაინზე, როგორც პროფესიაზე, უნივერსიტეტში მისვლისას დავფიქრდი, როცა დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარებისას სპეციალობა უნდა ამერჩია. ამის შემდეგ გადავერთე ამ საქმეზე და ახლა უკვე სამკაულის დიზაინერი ვარ.
mshoblebi

- უკვე ორი წელია შატილში ცხოვრობთ. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

- ძალიან მიყვარს ხევსურეთი, ჩემი ულამაზესი კუთხე. თითქმის ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდი ხოლმე. საკუთარი კუთხე არის სახლი, რომელიც მისგან წასვლის მიუხედავად კარს ყოველთვის ღიას გიტოვებს. ბავშვობიდან მიყვარდა მთა, ბუნება, თავისუფლება. ალბათ
ჩემი გადაწყვეტილებაც ამ ფაქტორმა განაპირობა. სულ მიხმობდა ფესვები, მთა და ვგრძნობდი, დადგებოდა ის დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი. ასეც მოხდა.
ყველა კუთხეს, მთას თუ ბარს თავისი ხიბლი აქვს. ადამიანი სადაც ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს თავს, იქ უნდა იცხოვროს. რთულია მოწყდე თანამედროვე ცხოვრებას და ნახევარი საუკუნით უკან დაბრუნდე, სადაც უშუქობა, უინტერნეტობაა და ცხოვრება ასე გააგრძელო. მე მიყვარდა მთა და ძლიერი მიჭაჯვულობა მქონდა მასთან. ჩემი ბავშვობის, ყველაზე საინტერესო მოგონებები, ხევსურეთს უკავშირდება და ამიტომ ვარ ახლა იქ, სადაც ვარ და სულაც არ მიჭირს აქ ცხოვრება. თავს ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ.
mshoblebi

- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- მათთვის ეს ამბავი მოულოდნელი არ ყოფილა. ხშირად ვამბობდი, რომ ოცნებად მქონდა ხევსურეთში მასწავლებლობა. მიზნად დავისახე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი ოცნება რეალობად მექცია. რა თქმა უნდა, განშორებას თავისებური სევდა ეხლდა თან, მაგრამ ჩემი მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემენ. ახლაც გაიმიგეს და მხარი დამიჭირეს.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ოცნება აიხდინეთ და შატილში წახვედით?

- როცა გავემზადე, ბარგი ჩავალაგე და სახლში მანქანას ველოდებოდი მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, რომ სკოლაში ხანძარი გაჩნდა, შესაბამისად სწავლა ჯერ ვერ დაიწყებოდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავემგზავრე შატილისკენ. შუაღამე იყო, რომ ავედით. გარშემო ვერაფერს ვხედავდი, ვერც კოშკებს, ვერც მთებს და ხედებს. დილით რომ ავდექი, ეს იყო საოცარი შეგრძნება, ემოციების ზღვა. თუმცა ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი ის მომენტი იყო, როცა ჩემი მოსწავლეები გავიცანი.
შატილში, მუდმივად, დაახლოებით 15 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ბევრი ჩემი ნათესავი აღმოჩნდა. საოცარი ხალხია, გულწრფელი, კეთილი, ერთგული. 

- რამდენად საპასუხისმგებლოა თქვენთვის მასწავლებლის პროფესია?

- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა. როცა ხარ მასწავლებელი, ძალიან უნდა გიყვარდეს ბავშვები. მე არანორმალურად მიყვარს ჩემი მოსწავლეები. მინდა თითოეულ მათგანს წარმატებული და ბედნიერი მომავალი ჰქონდეს. პირველივე დღიდან ვმეგობრობ მათთან. ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს საინტერესო ამბებს ვუყვებით. ვცდილობ გაკვეთილის პროცესი სახალისო გავხადო მათთვის. მხოლოდ ისინი არ სწავლობენ ჩემგან, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. რაც შატილში ვარ ვხვდები, რომ საკუთარი თავი და ადამიანების ბუნება უფრო ახლოს გავიცანი.
შატილში, სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცის გახსნაც მინდოდა, თუმცა პროექტი არ დამიფინანსეს, ამიტომ არ ვიცი, რას გადავწყვეტ მომავალში და როგორი იქნება ჩემი მომავალი გეგმები.
mshoblebi

- რა სირთულეები ახლავს მასწავლებლობას მთაში და მოსწავლეებისთვის რამდენად რთულია იქ სწავლა, ინტერნეტი და სხვა საკიტხები რამდენად მოგვარებული აქვთ?

- ხევსურეთის ინტერნეტიზაცია 1 წლის წინ დაიწყო და თითქმის ყველა სოფელი დაფარა, ამიტომ, ასე თუ ისე, შეფერხებებით, მაგრამ მაინც გვაქვს ინტერნეტი. სკოლის სირთულეებს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, როგორც ხელოვნების მასწავლებლისთვის ისაა, რომ როდესაც ბავშვებს უნიკალურ ქართულ ნამუშევრებს ვაცნობ, არ მაქვს იმის შესაძლებლობა, მანძილიდან და ჩაკეტილობიდან გამომდინარე, გალერეებსა და მუზეუმში წავიყვანო და საკუთარი თვალით ვანახო ის, რაზეც ვუყვები ასე აღმატებულად. მხოლოდ ფოტოდან ან ვიდეოდან აღქმული გამოსახულება საკმარისი არაა. მათ აუცილებლად, საკუთარი თვალით უნდა ნახონ, ყველა თუ არა, უმეტესობა ქართული ნამუშევრები მაინც. სრული და ნამდვილი შეგრძნებებისათვის, თორემ გამოდის რომ ვაყვარებ იმას, რასაც ვერ ხედავენ.

მერი ბლიაძე

7452
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ინნა
0
გაიხარეთ, ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გქონოდეთ
22:37 / 18-01-2021
დალი
1
მართლაც ძნელია მთაში წასვლა საცხოვრებლად,მაგრამ დამიჯერეთ მსოფლიოში ისეთი საშინელი პროცესებია დაწყებული,მეც სიამოვნებით წავიდოდი.
19:52 / 18-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი