"ჯობს, ბავშვი ჯერ მშობლიურ ენაზე მეტყველებდეს, აზროვნებდეს, კითხულობდეს და მერე დავიწყოთ უცხო ენის სწავლება" - ინგლისური ენის გამოცდილი პედაგოგის რჩევები მშობლებს
"ჯობს, ბავშვი ჯერ მშობლიურ ენაზე მეტყველებდეს, აზროვნებდეს, კითხულობდეს და მერე დავიწყოთ უცხო ენის სწავლება" - ინგლისური ენის გამოცდილი პედაგოგის რჩევები მშობლებს
მაკა ზედგინიძე 18 წელია ინგლისურ ენას ასწავლის სკოლა "ოპიზაში". ამბობს, რომ მისთვის თითოეული მოსწავლე განსაკუთრებულია და არასდროს იყენებს მათთან ურთიერთობისას დაწერილ, საერთო მეთოდებს. სასკოლო პროგრამის პარალელურად, დამატებით რესურსებს გაკვეთილის მიმდინარეობისას და საკითხის ასათვისებლად მნიშვნელოვანი როლი აქვს. გვიყვება, რატომ აირჩია ეს მიმართულება, რას აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ და რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული სწავლების პროცესი:

- ზაფხულს დეიდასთან ერთად წაღვერში ვატარებდი. ის მასწავლებელი იყო. ვხედავდი, როგორ წერდა, მუშაობდა, ემზადებოდა გაკვეთილისთვის და ძალიან მომწონდა. ბავშვებთან ურთიერთობა სულ მიყვარდა. უცხო ენების მიმართ ინტერესიც
ბავშვობიდან მომყვება. რუსული ენაც კარგად ვიცოდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ინგლისური ენის პედაგოგი გავმხდარიყავი და უკვე 18 წელია მოსწავლეებს ცოდნას ვუზიარებ.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურის სწავლებისას, თქვენ რა მეთოდებს იყენებთ, რომ მოსწავლეები დააინტერესოთ და მაქსიმალურად ჩართოთ პროცესში?

- რომ გითხრათ, დაწერილი მეთოდები მაქვს, მოგატყუებთ. ბევრ ბავშვს ვასწავლი და ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სხვადასხვანაირი, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, ამიტომ, საერთო დაწერილი ან ჩამოყალიბებული მეთოდები მე მათთან წარმატებული ურთიერთობისთვის არ გამომადგება. სწავლების პროცესსა და ყოველდღიურ მუშაობაში მოდის ახალი იდეები. ვცდილობ, რომ თავად ვიყო მოტივირებული, ვაჩვენო მათ საგნის სიყვარული და დავაინტერესო.

- რა შემთხვევაში მიიღწევა კარგი შედეგი?

- კარგ შედეგს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, მგონია, ბავშვის მოტივაციას ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს. საჭიროა ოჯახის მხარდაჭერაც, მასწავლებელი კი სწორი მიმართულების მიმცემი უნდა იყოს.

- სასკოლო სახელმძღვანელოს გარდა, კიდევ რა რესურსებს იყენებთ გაკვეთილის პროცესში და ბავშვებს რას ურჩევთ, დამატებით რას უნდა უყურონ, რა უნდა იკითხონ, რომ უკეთ ისწავლონ ენა?

- სახელმძღვანელოს გარდა, დამატებითი რესურსების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან. რომ გაუადვილდეთ, ვურჩევ ხოლმე უყურონ მულტფილმებსა და ფილმებს, რომლებიც მათი ასაკისთვის შესაფერისია. წაიკითხონ დამატებითი ლიტერატურა და თავადაც ვაძლევ ხოლმე ამ რესურსს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არც ისე კარგად გამომდის, მათთან ერთად მიმღერია. უხარიათ და მოტივაცია უჩნდებათ. ბევრი გვივარჯიშნია, რომ ფრაზა დაიმახსოვრონ. სკოლის პერიოდში ყოველთვის არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ფილმები განგვეხილა. ახლა ონლაინ გაკვეთილების დროს ეს უფრო მარტივია. ვცდილობ, მივუთითო და თუ ვერ გაიგებენ, მერე ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. მნიშვნელოვანია როლური თამაშები. წაკითვის დროს ვეუბნები ხოლმე, რომ თითოეულმა მათგანმა გარკვეული როლი მოირგოს. ასევე, საინტერესოა მათი თვალით დანახული და აღქმული პერსონაჟი, რომელზეც ვსაუბრობთ ხოლმე.

- ზოგიერთი მშობელი ბავშვს დაწყებით კლასებშივე ამზადებს ინგლისურში ან თუნდაც ბაღიდან, რამდენად გამართლებულია ეს თქვენთვის და როგორ ფიქრობთ, როდის უნდა დაიწყოს მოსწავლემ დამატებით მეცადინეობა?

- მივესალმები, როდესაც ბავშვი ასაკის შესაბამის ფილმებსა და მულტფილმებს უყურებს. ის, რომ დასვან და პროგრამის მიხედვით ასწავლონ, არ მგონია შედეგიანი. ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, რომ პირველკლასელის დამატებით მეცადინეობა უნდათ. ძალიან მიჭირს ასეთი ბავშვის აყვანა იმიტომ, რომ მირჩევნია ჯერ საუბრობდეს და წერდეს მშობლიურ ენაზე და შემდეგ ვამეცადინო უცხო ენაში. როდესაც პირველკლასელებთან შევდივარ, ზოგმა იცის სიტყვები, ეს კარგია, თავად რომ სწავლობენ, მაგრამ ძალდატანებით არ შეიძლება. ჩემს გარშემო არიან ბავშვები, რომლებიც ორ ენაზე მულტფილმების დამსახურებით საუბრობენ. თავად ბავშვი გაძლევს ნიშანს, უნდა დამატებით მეცადინეობა, თუ არა.

- რომელი ასაკიდან ჯობს ინგლისურის სწავლა ბავშვისთვის?

- ალბათ უკეთესია, ჯერ მშობლიურ ენაზე მეტყველებდეს, აზროვნებდეს, კითხულობდეს და მერე დავიწყოთ. კონკრეტული ასაკის დასახელება მიჭირს. ორი შვილი მყავს, უფროსთან დამატებით მეცადინეობა დამჭირდა, მეორე შვილმა ისე დაამთავრა სკოლა, არც ერთი დღე არ დავხმარებივარ, ამიტომ, ეს ძალიან ინდივიდუალურია.

- თქვენთვის რა გამოწვევაა მასწავლებლობა და რა სირთულეებს აწყდებით პროცესში?

- ძალიან რთულია მასწავლებლობა, მით უმეტეს, დღეს. ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. სულ სიახლეებს უნდა ეძებდე, მერე მოსწავლემდე მიიტანო. დიდი გამოწვევაა მოსწავლის გაცნობა, რომ მასთან კომუნიკაციისას სწორი ფორმა შეარჩიო.

- ონლაინსწავლებისას რა შეიცვალა?

- პირდაპირი კომუნიკაცია რომ არ მაქვს, რთულია. ინტერნეტის პრობლემაა. ბავშვს აზრის გამოთქმა რომ უნდა, წყდება ხმა, შეიძლება საერთოდ გააგდოს პროგრამამ გაკვეთილიდან. ამ დროს თავადაც ღიზიანდებიან, მაგრამ, ვამშვიდებ. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილები ონლაინგაკვეთილებს არ შეედრება იმიტომ, რომ თავად ბავშვები სხვანაირად გრძნობენ თავს, უფრო თავისუფლად არიან.

- რას ურჩევთ იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უჭირთ ენის სწავლა და ძალისხმევის მიუხედავად, ვერ იმახსოვრებენ და ვერ იაზრებენ უცხო სიტყვებს, რა უნდა გააკეთონ?

- ყოველთვის ვეუბნები, ეს ხომ ერთ-ერთი საგანია, ყველას ხომ ერთ დონეზე ვერ ვსწავლობთ. თუ გრამატიკულ ინგლისურს ვერ ვისწავლით, ფრაზები დავიმახსოვროთ. ვცდილობ, რომ სტიმული არ დავუკარგო. ყველამ გრამატიკულად გამართულად ხომ არ ვიცით ქართული, მაგრამ ვსაუბრობთ. ვეუბნები, რომ ისწავლონ ის, რამდენსაც შეძლებენ, მოუსმინონ და უყურონ ფილმებს ამ ენაზე.

თამარ იაკობაშვილი
879
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Mzia
0
Sauketeso interviu, rac ki odesme camikitxavs!!! Meamayeba aseti pedagogebi! BRAVOOO !!! CARMATEBEBIII! ! !
16:07 / 22-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი