"მშობელი მოდის და მირჩევს, რომ მისი შვილი დავტანჯო, დავღალო, გაკვეთილზე შემოსვლა შევაძულო, N რაოდენობით სასწავლი მივცე და დასჯის ფორმებს მივმართო," - გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატალი აბესაძე.
ნატალი ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მუშაობს. პირველი, მესამე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს ასწავლის. როგორც ამბობს, „თიმსის“ და „ზუმის“ პლატფორმებმის დახმარებით მოსწავლეებთან ერთად ონლაინსწავლებას, ასე თუ ისე, თავი გაართვა, მაგრამ დისტანციური სწავლების დროს პრობლემებს ხშირად აწყდება. როგორ უმკლავდება ახალგაზრდა მასწავლებელი მათ და რა საშუალებებს მიმართავს, რომ მისი ყველა გაკვეთილი საინტერესო იყოს, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას სასწავლო პროცესში?
- იმისათვის, რომ დისტანციურმა სწავლებამ შედეგი გამოიღოს, მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მშობლის დამოკიდებულება ბავშვის სწავლის პროცესისადმი ზუსტად აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, ბავშვები მოდელებით სწავლობენ. მაგალითად, მათ უნდა დაინახონ, რომ დედა ან მამა დაინტერესებულია ლიტერატურით, იმისთვის, რომ თვითონაც ადრეულ ასაკში დაიწყონ კითხვა.
მხოლოდ მასწავლებელსაც შეუძლია, მოახდინოს დადებითი გავლენა მოსწავლის მოტივაციაზე, მაგრამ ეს საკლასო და არა დისტანციური სწავლის პირობებში. მქონია შემთხვევა, როცა ბავშვები არ იღვიძებდნენ, ამ დროს რა უნდა ქნას მასწავლებელმა?!
- გავრცელებული თვალსაზრისია, რომ მასწავლებელმა საჭიროების შემთხვევაში ხმა უნდა აიმაღლოს...
- მასწავლებლის ხმის ტემბრი დიდწილად განსაზღვრავს კლასში არსებულ წყნარ თუ აფორიაქებულ გარემოს, ამიტომ ხმას არასოდეს ვიმაღლებ, არაა საჭირო. სხვათა შორის, ხმის აწევა ონლაინსწავლების დროს მით უმეტეს არ ამართლებს. წარმატებული სწავლებისთვის მასწავლებლის და მშობლის მიზანმიმართული მუშაობა გამოიღებს შედეგს მხოლოდ.
აქ ერთ სახალისო ისტორიასაც მოგიყვებით, თუ როგორ მეხმარებოდა ჩემი მეგობარი, როგორმე მკაცრი და კატეგორიული ტონი დამეყენებინა, მშობლებს ასეთი მასწავლებელები მოსწონთო. საბოლოოდ, აქედან არაფერი გამოვიდა, ერთი გაკვეთილი მართლაც ვეცადე უმკაცრესი ვყოფილიყავი, მაგრამ ბავშვებმა ხალისი დაკარგეს. ამიტომაც ალტერნატივა - მხიარული და მეგობრული ნატალი, თუ ვინმე სხვა - ამოიწურა.
- მშობლების დამოკიდებულება როგორია?
- ყოფილა შემთხვევა, როცა მშობელი მოდის და მირჩევს, რომ მისი შვილი უნდა დავტანჯო, დავღალო, გაკვეთილზე შემოსვლა შევაძულო, N რაოდენობით სასწავლი მივცე და დასჯის ფორმებს მივმართო. ამ დროს ჩემი პასუხი ისაა, რომ ბავშვი უნდა დავაინტერესოთ და არა დავღალოთ. გინახავთ სწავლისგან დაღლილი, დათრგუნული და შეწუხებული ბავშვი, რომელიც ბედნიერი და წარმატებულია? ჩემი თაობა ასე გაიზარდა და დაუშვებელია, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მით უმეტეს, ონლაინსწავლების დროს, როცა ბავშვები უკიდურესად მოწყენილები არიან და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლისთვის სწავლის პროცესი საინტერესო იყოს. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო - რამით მაინც დავეინტერესებინე მასწავლებლებს. მონოტონური, მხოლოდ საპროგრამო გეგმაზე გაწერილი, სქემებსა და ჩარჩოებში მოქცეული გაკვეთილები, დაძაბული ვითარება საკლასო ოთახში ბევრი მოზარდისთვის ყოველდღიური რეალობაა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოსაბეზრებელია მათთვის სკოლაში ჯდომის და გაკვეთილების შესრულების პროცესი. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმაა, ასე უნდა იყოს?!
- გეთანხებით, მაგრამ როგორ შეძლოს მასწავლებელმა, რომ გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს?
- ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ იუმორი ამართლებს - განსაკუთრებით, ასეთ პირობებში, დისტანციურად. პატარები ყოველთვის მზად არიან გაიცინონ, გაიღიმონ და გამხიარულდნენ. განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვთ და ასეთ შემთხვევებს ყოველთვის ვიმახსოვრებ. ვფიქრობ, იუმორი ის გრძნობაა, ნიჭიერებასთან და ცოდნასთან ერთად ადამიანს ხშირად რომ გადაარჩენს. მაგალითად, მეხუთე კლასის მოსწავლეებთან სულხან-საბა ორბელიანის "მეფე და ავსიტყვა" გავიარეთ. მისი დაინტერესება და მოწონება სიცილით დაიწყო. ეს სიცილი კი ლიტერატურისა და პერსონაჟების სიყვარულის შედეგია.
მაღალ კლასებს რაც შეეხება, თავდაპირველად აუცილებლად ეპოქის და თვითონ ავტორის გაცნობით ვიწყებდით ნაწარმოების შესწავლას. ბავშვებს უკვე ჰქონდათ წარმოდგენა, რას სწავლობდნენ. ჩემი გამოცდილებით, ამართლებს პრეზენტაციები, ვიდეო- და აუდიომასალები, ვიზუალურად გადაცემული ინფორმაცია.
- თქვენი, როგორც ახალგაზრდა მასწავლებლის მეთოდები, მშობლებს თუ მოსწონთ?
- ახალგაზრდა მასწავლებლისთვის მშობლების ნდობის მოპოვება გამოწვევაა, რადგან ასაკი ჩვენს რეალობაში ჯერ ისევ ითვლება იმის ინდიკატორად, ვის მოვექცეთ რიდით და ვის - ფამილარულად. თუმცა, ამის საპირწონედ, ბავშვების ნდობა და პატივისცემა პირველივე შეხვედრიდან მოპოვებულია. ონლაინგაკვეთილების რეჟიმში ეს წნეხი ჩემს თავზე გავიარე.
ჩემთვის სიახლე იყო გაკვეთილის ჩატარება პატარებთან, რომლებიც ფიზიკურად ვერ დამესწრებიან მარტო გაკვეთილზე, მათ მშობლის დახმარება და რესურსებით მომარაგება სჭირდებათ (იქნება ეს კალამი, წიგნის გადაშლა შესაბამის გვერდზე, კორექტორი, საშლელი თუ სხვა).
ბავშვობაში, ინტერვიუს კითხვის დროს განსაკუთრებით მომწონდა ის მომენტი (იღიმის) ფრჩხილებში ჩასმული და შემდეგ პასუხი. ჰოდა, ჩავთვალოთ, რომ ახლა ვიღიმი. მადლობა საინტერესო და აქტუალური კითხვებისათვის, გისურვებთ წარმატებებს, ხოლო ჩემს თავს და მოსწავლეებს კი - სასწავლო გარემოში დაბრუნებას.
მარიამ ტურძილაძე