ნათია ნაფეტვარიძე თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. გარდა ამისა, სულაკაურის გამომცემლობის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერია და მასწავლებლის სახლის ტრენერი... წლების განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობის, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამ გამოცდილებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება.
- მასწავლებლობის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და შეიძლება ითქვას, „ტელევიზიონობანასაც“ ვთამაშობდი: ჩემს მეგობრებთან ერთად ვიღებდი სიუჟეტებს, ვამზადებდი გადაცემებს... უნივერსიტეტში ჩაბარებისასაც თითქოს ეს ოცნება გადმომყვა, მაგრამ ბავშვობისდროინდელმა გატაცებამ ძალიან მალე იჩინა თავი: პირველი კურსიდან დავიწყე კერძო პედაგოგიური პრაქტიკა და მაშინ მივხვდი, რომ უკვე მართლა მხოლოდ ეს პროფესია მაინტერესებდა. ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვმუშაობდი მასწავლებლად, თუმცა, შემდეგ შემცვლელი მასწავლებლის ადგილი გამოჩნდა 21-ე სკოლაში და ის იყო, უნდა დამეწყო მუშაობა, რომ ჩემი ყოფილი ლექტორი, გიორგი ალიბეგაშვილი დამიკავშირდა და 161-ე საჯარო სკოლაში მუშაობა შემომთავაზა. როცა უმაღლესსა და სკოლას შორის მომიწია არჩევანის გაკეთება, მე სკოლა ავირჩიე და დღემდე ასეა: ახალ საქმიან/სამსახურებრივ შეთავაზებას მხოლოდ მაშინ ვთანხმდები, თუ ვხვდები, რომ ეს ჩემს სასკოლო საქმიანობას არათუ ხელს შეუშლის, პირიქით, დაეხმარება კიდეც. თავიდან მხოლოდ 2 გაკვეთილი მქონდა დღეში, მერე კი სრულად ჩავერთე სასკოლო მუშაობაში და სადამრიგებლო კლასიც ავიყვანე. ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება: სრულად გადავერთე ჩემი მოსწავლეების აღზრდაზე (მაშინ ისინი მეხუთე კლასში იყვნენ) და, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი მყავდა და პარალელურად სხვა საქმეებითაც ვიყავი დაკავებული, ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მომეკლო, სადაც შემეძლო, ყოველთვის თან გავყოლოდი. მშობელთა კრებასაც კი საღამოობით ან არასამუშაო დღეებში ვატარებდი, რომ ბავშვები არ დამეზარალებინა. ჩვენ ერთად დავდიოდით ძალიან ბევრ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ექსკურსიაზე და, გარდა ამისა, ხშირად გაკვეთილებს ვატარებდით არასაგაკვეთილო გარემოში (მუზეუმებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში...), რაც მაშინ არცთუ ხშირად ხდებოდა...
ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები იყოს არა მარტო ინფორმაციის მიმცემი, სახელმძღვანელოზე დამოკიდებული, არამედ შევძლო, მოსწავლეები მოვამზადო ცხოვრებისთვის, მათთვის სკოლა არ იყოს ყოველდღიური რუტინა და, რაც მთავარია, გათავისუფლდნენ იმ ჩარჩოებისგან, რომლებშიც (ხშირად) მოქცეულნი არიან; ცხადია, ჩემი მთავარი მოვალეობა მოსწავლეებისთვის საგნის საფუძვლიანად სწავლება და მათი ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა, მაგრამ არსებობს სხვა, სილაბუსის მიღმა გაკვეთილებიც და მეც ვცდილობ, ჩვენი რამდენიმეწლიანი ურთიერთობიდან მოსწავლეებმა ისწავლონ თანადგომა, ერთმანეთის სიყვარული, მოსმენა, გაგება, მეგობრობა და ამასთან ერთად, ჩამოყალიბდნენ ღირსეულ ადამიანებად, დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი ამ სამყაროში. თუ ამას შევძლებ ცოტათი მაინც, ბედნიერი ვიქნები.
- რამდენად ძნელი ან ადვილია დღეს მასწავლებლობა? რა არის ყველაზე დიდი სირთულეები და რა არის ყველაზე დიდი პლუსები?
- ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მასწავლებლობა მარტივი პროფესია არაა: პედაგოგებს საქმე გვაქვს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, მომავალ თაობასთან, და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ამ პასუხისმგებლობის გააზრებიდან გამომდინარეობს. მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი ამ ბავშვების სიყვარული, მათთან ურთიერთობის მოთხოვნილებაა და დანარჩენი ამაზეა დამოკიდებული. ბევრი რამაა რთული ამ პროფესიაში და ეს სირთულეები მარტო შენს საგნობრივ კომპეტენციას არ უკავშირდება. ჩვენ ურთიერთობა გვიწევს სხვადასხვა შესაძლებლობის, ინტერესების, დამოკიდებულებების, ხასიათის მქონე ადამიანებთან და ჩვენი მოვალეობაა თითოეულ მათგანში გავაღვიძოთ არა მარტო ინტერესი საგნის ან საგნებისადმი, რომლებსაც ვასწავლით, არამედ ხელი შევუწყოთ ღირსეულ, შემდგარ ადამიანებად ჩამოყალიბებაში, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ქცევაში... ამას ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ბოლო წლის განმავლობაში ამოტრიალებული რეალობა, რომელშიც მთელ მსოფლიოს უწევს ცხოვრება. მაგრამ, ჩემი პროფესიის პლუსებიც სწორედ ამ სირთულეებში იმალება.
- აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, როგორ უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა და ლიტერატურა. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ უნდა შევაყვაროთ ეს საგანი ბავშვებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია?
- მთავარი პრობლემა ხშირად სწორედ ისაა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს ქართულის სწავლა ყველაზე მარტივია, ბავშვი ხომ დაბადებიდან ქართულად ლაპარაკობს, ქართულად ფიქრობს, სხვა საგნებსაც ხომ (უცხოური ენების გარდა) ქართულად მეცადინეობს... მაგრამ ერთია სამეტყველო ენა (თუმცა, მისი საფუძვლიანად ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია) და მეორე - ენა, რომელზეც საოცარი ლიტერატურაა შექმნილი თუ თარგმნილი. ამას ყველაფერს გააზრება და შეფასება სჭირდება. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეს განუვითაროს სხვადასხვა ტიპის ზეპირ და წერილობით ტექსტებზე დამოუკიდებლად მუშაობის, გააზრების, გაანალიზების, ინტერპრეტირებისა და არგუმენტირების უნარები, გაუმდიდროს ლექსიკური მარაგი; ჩამოუყალიბოს ლიტერატურული გემოვნება, აქციოს ის გემოვნებიან მკითხველად... მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოუმუშავოს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ქართული კულტურის მიმართ; და, ამავე დროს, ხელი შეუწყოს მოსწავლის, როგორც სხვა კულტურების პატივისმცემელი პიროვნების ჩამოყალიბებას.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ საგანს ნაკლები საზეპიროებით და რთული ტექსტების "დაუზუთხავად" უნდა ასწავლიდნენ - ჯობს ელემენტარულად წაკითხულის გააზრება-გაანალიზება შეძლონ და არა დაზეპირება...
- ვფიქრობ, ზომიერების დაცვა ყველაფერში აუცილებელია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაიაზროს წაკითხული ტექსტი, შეძლოს მსჯელობა, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერს არათუ ხელს შეუშლის, არამედ, პირიქით, დაეხმარება კიდეც დასწავლა პოეზიის მარგალიტებისა. ამას წინათ ერთ-ერთ კვლევაში წავიკითხე, რომ საზეპიროების სწავლა ტვინს განვითარებაში ეხმარება და ზოგი ექიმი ალცჰაიმერის დაავადების პრევენციადაც მიიჩნევს, სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე რომ არაფერი ვთქვათ...
- ქართული ენის გრამატიკა შედარებით შევიწროებულია დღევანდელი პროგრამით, ეს გამართლებულია?
- გრამატიკა სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს და ისწავლება კიდეც. თუმცა, ვფიქრობ, წესების გაზუთხვა სულაც არაა აუცილებელი. ბავშვმა მართლწერის ნორმების გააზრება და ჩამოყალიბება თავად უნდა შეძლოს. ძალიან ხშირად მოსწავლეებს უჭირთ შეცდომის იდენტიფიცირება ან ახსნა, რატომ არის ესა თუ ის ფორმა არასწორი. ეს იმას იწვევს, რომ ანალოგიურ შემთხვევაში მათ შეიძლება შეცდომა ისე დაუშვან, რომ ვერც მიხვდნენ. ასე იწყება ხშირად ენობრივი ნორმების დარღვევა ჯერ ცოცხალ მეტყველებაში, შემდეგ - სამწუხაროდ, მედიის ენაში და მკვიდრდება საყოველთაოდ. ამის მაგალითი საკმაოდ ბევრია. ამიტომ არ შეიძლება გრამატიკის უგულებელყოფა (და, თანამედროვე სტანდარტი ამას ითვალისწინებს კიდეც).
- ბავშვები რომ არ კითხულობენ, ამ საკითხზე რას ფიქრობთ, მიზეზებზე და გამოსავალზე...
- როგორც ერთი ჩვენი კარგი მწერალი ამბობს, ლიტერატურა გვაქცევს უფრო უკეთესებად, ვიდრე ვართ... ლიტერატურა ცნობისმოყვარეობასაც გვიკმაყოფილებს და ერთდროულად მრავალი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობასაც გვაძლევს... ლიტერატურა გემოვნებასაც გვიყალიბებს და, თუ ძალიან ყოფითად მივუდგებით, ენობრივ, ლექსიკურ მარაგსაც გვიმდიდრებს. ამ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, ვფიქრობ, აუცილებელია, მოსწავლემ იკითხოს მხატვრული ტექსტები. მოსწავლეებს ხშირად ვთხოვ ხოლმე, ისეთი რეკლამა გაუკეთონ საყვარელ წიგნებს, რომ სხვები დააინტერესონ და მათი წაკითხვა მოანდომონ. თითო წიგნით რომ თითო კლასელი დააინტერესონ, ესეც დიდი რამეა. ხანდახან თავად ვიწყებ ხოლმე კითხვას ან ვახსენებ რომელიმე ტექსტს და ისეთ მონაკვეთზე ვჩერდები, რომ ბავშვებს ცნობისმოყვარეობა გაეღვიძოთ. მერე დამოუკიდებლად ვიწყებთ კითხვას და დროდადრო ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს. პირისპირ სწავლების პერიოდში თითო დღე გვაქვს გამოყოფილი კვირაში კლასგარეშე მასალისთვის.
საბედნიეროდ, არის გამოცემული სხვადასხვა სერია, რომლებიც სასკოლო ასაკის მკითხველს ითვალისწინებს. ეს მასწავლებელს უმარტივებს ლიტერატურის შერჩევას.
- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში, როგორ ახერხებთ მოსწავლეების დაინტერესებას და რა ტიპის აქტივობებს ახორციელებთ გაკვეთილზე?
- ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ირწმუნონ, რომ უფრო მეტი შეუძლიათ. დასაწყისისთვის, ჩემი აზრით, მოტივაცია უნდა აღვუძრათ. აინშტაინის ერთი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, თევზი ხეზე ცოცვის უნარით კი არა, იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ თვითშეფასება არ დავუქვეითოთ. ადამიანიც ასეა: თავდაპირველად მისი ძლიერი მხარეების გაუმჯობესებას და ამ გზით მისი თავდაჯერებულობის ამაღლებას უნდა ვეცადოთ, და შემდეგ ეტაპობრივად აღმოვფხვრათ სისუსტეები.
შეძლებისდაგვარად, სწორედ ამ პრინციპს ვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობისას. ვცდილობ, თავად შეძლონ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერონ, რომ შეუძლებელი არაფერია.
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. სწორედ აქ იკვეთება მასწავლებლის როლი: მან უნდა შეძლოს, თითოეულის უნარები არა მხოლოდ თავად მისი, არამედ სხვა მოსწავლეების განსავითარებლადაც გამოიყენოს. ასე ბავშვები მიეჩვევიან იმის შეგრძნებას, რომ სხვებისთვისაც საჭირო არიან.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში მონაწილეობა: ასეთი აქტივობები არამხოლოდ მოტივაციას უღვიძებს, არამედ ბრძოლის უნარს გამოუმუშავებს და ამავდროულად, კონკურენტულ გარემოში საკუთარი უნარების ობიექტურ აღქმასა და შეფასებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც ლიტერატურის მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია კლასგარეშე ტექსტებზე მუშაობა: ამით კარგ მკითხველებად ყალიბდებიან, სხვადასხვა საკითხზე უწევთ მსჯელობა, საკუთარი დასკვნები გამოაქვთ და, ვფიქრობ, ხდებიან კიდევ უკეთესნი, ვიდრე არიან.
სწორედ ამ მიდგომების გამოყენებას ვცდილობ გაკვეთილებზე. ვცდილობ, მოსწავლეებს გავუღვიძო ინტერესი, სცადონ უფრო მეტი, ვიდრე ჰგონიათ, რომ შეუძლიათ; განივითარონ ის უნარები, რომლებიც ასე თუ ისე გამოკვეთილია მათში.
გარდა ამისა, მოტივაციააღძრული მოსწავლეები უკვე თავად ცდილობენ, მოიძიონ სხვადასხვა მასალა მსგავს თემაზე და შესთავაზონ თანაკლასელებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა კლასმა სოციალურ ქსელში ჩვენი საერთო ჯგუფიც კი შექმნა, სადაც ჩვენ მიერ განხილულ თემებზე ფილმებსა და სხვადასხვა მასალას განათავსებენ. ეს, ვფიქრობ, მათი კვლევა-ძიების უნარებსაც აამაღლებს და მოტივაციასაც.
- ქართულის მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვებს არ აქვთ სიტყვის მარაგი და უჭირთ აზრის გადმოცემა, თავისუფალი თემის წერა, მოყოლა. რამდენად დგას ეს პრობლემა და თავად როგორ ებრძვით მას?
- ეს პრობლემები კითხვის დახმარებით იწყებს გაქრობას. თუმცა, კითხვაში მარტო კითხვას არ ვგულისხმობ: წაკითხულს გააზრება, მსჯელობა, სათქმელის პოვნა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, დასკვნების გამოტანა, პერსონაჟის ქცევის შეფასება და უამრავი რამ სჭირდება. ეს ყველაფერი კი კომპლექსურად ავითარებს ზეპირმეტყველების, წერისა და კითხვის უნარებს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, მხოლოდ კითხვაა საკმარისი სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად. მასწავლებელმა მიზანმიმართულად უნდა ამუშაოს მოსწავლეები ლექსიკაზე, ენობრივი საშუალებების გამოყენებაზე, თხრობისას მიანიშნოს გამოიყენონ ისეთი სიტყვები, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე, გამოიყენოს სინონიმური ერთეულები და ა.შ. სხვათა შორის, სწორედ ახლა ვმუშაობ ინა იმედაშვილთან ერთად დამხმარე რესურსზე, რომელიც მოსწავლეებს ფრაზეოლოგიზმების ათვისებაში დაეხმარება.
- ონლაინსწავლებამ სხვა გამოწვევების წინაშე დააყენა პედაგოგები. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას და რა არის ყველაზე დიდი სირთულე?
- ონლაინსწავლება მართლაც დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. განსაკუთრებით რთულად არის საქმე მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში, სადაც ინტერნეტი არ მიეწოდებათ და მობილურის ინტერნეტით უწევთ სარგებლობა მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. ამის საშუალება კი, მოგეხსენებათ, ყველას არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე: ზოგჯერ მშობლებს ბავშვები გაყვანილი ჰყავთ ქალაქიდან და მათ დისტანციურად უწევთ ჩართვა. ხშირად კამერებია გამორთული, ზოგჯერ - ხმაც. არის შემთხვევა, როცა მოსწავლე ხმას ან გამოსახულებას არ რთავს და ამას ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს, სინამდვილეში კი შეიძლება სულ სხვა პრობლემა იყოს. გარდა ამისა, გაკვეთილების ხანგრძლივობა და მოსწავლეებთან კონტაქტის სიხშირეც შემცირებულია, რადგან რეკომენდაციის მიხედვით, ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, დღეში კი 3-4 გაკვეთილზე მეტის ჩატარება არ შეიძლება. შესაბამისად, გვიწევს არასაკონტაქტო საათების უფრო აქტიურად გამოყენება და ამით ჩვენც უფრო ვიტვირთებით და მოსწავლეებიც. გარდა ამისა, ხშირად ერთ ოთახში რამდენიმე ბავშვს (დედმამიშვილებს) უწევს მეცადინეობა და შენს მოსწავლეებთან ერთად სხვების ხმებიც გესმის... პრობლემა ნამდვილად ძალიან ბევრია. იმედია, პანდემია მალე დასრულდება და ჩვენც დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- თქვენი გამოცდილებიდან, რას ურჩევდით მშობლებს?
- უპირველეს ყოვლისა, მოთმინებას, მხარში დგომას, თუ შეუძლიათ, საკუთარი შვილების დახმარებასაც. ყველასთვის თანაბრად ძნელია ასეთ პირობებში ცხოვრება და მუშაობა: ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც, მაგრამ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- თავადაც დედა ხართ, როგორ ათავსებთ მასწავლებლობასთან, დატვირთულ გრაფიკთან და რა პრიორიტეტები გაქვთ როგორც მშობელს?
- ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ამ ყველაფერში დადებითი ის არის, რომ ჩემს ოჯახთან გაცილებით მეტი დროის გატარების შესაძლებლობა მაქვს, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ნომინალურად სახლში ყოფნაც ხშირად არ ნიშნავს სახლში ყოფნას: ახლა ყველაფერი (სახლი, სამსახური, გაკვეთილები) ერთ სივრცეშია და ეს, თავისთავად, გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მასწავლებლობის გარდა, როგორც გითხარით, სხვა სამსახურიც მაქვს და, პრაქტიკულად, მთელი დღე დატვირთული ვარ სხვადასხვა აქტივობით. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სასიამოვნოც კია: ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.
ლელა ზურებიანი