შვეიცარიელი მასწავლებელი საქართველოში: "ქართული განათლების სისტემა ყველაფერზე ზრუნავს ბავშვის გარდა"
შვეიცარიელი მასწავლებელი საქართველოში: "ქართული განათლების სისტემა ყველაფერზე ზრუნავს ბავშვის გარდა"
ბარბარა ჯიმელი შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა. 25 წლის იყო, თბილისში პირველად რომ ჩამოვიდა და გულმა უგრძნო, საქართველო მისი მეორე სამშობლო გახდებოდა. ქართულ პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ახალი სახე გახდა. ბარბარა თავისი ცხოვრების ისტორიას ლამაზი უცხოური აქცენტითა და ასეთივე ლამაზი ქართულით ჰყვება:

- შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის გარეუბანში დავიბადე, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. საჯარო სკოლაში დავდიოდი, სადაც კარგი პედაგოგები მყავდა. სწორედ იმ დროიდან გახდა მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მიმზიდველი და საინტერესო. მასწავლებელი 21 წლის გავხდი. ვფიქრობდი, ჯერ სკოლისთვის მზად
არ ვიყავი. ამიტომ, ერთი წლის განმავლობაში შუა და სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობდი, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვინახულე. ყოველთვის მიყვარდა უცხო ენები და მათ ათვისებაში მოგზაურობაც დამეხმარა. დღეს უკვე 6 ენა ვიცი: გარდა მშობლიური შვეიცარიულისა, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, მოგვიანებით ქართულიც ვისწავლე, რუსული სალაპარაკო დონეზე ვიცი. ყველაზე რთული და საინტერესო ჩემთვის ნიკარაგუაში მოგზაურობა აღმოჩნდა: იქ სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ვმუშაობდი და 2-3 თვე გავატარე. შეიძლება ითქვას, ქუჩის ბავშვებს ვასწავლიდი, რომლებიც თუნუქის ქოხებში ცხოვრობდნენ, არც საწოლი ჰქონდათ და არც ავეჯი. მათ ოჯახებში მხოლოდ ერთი პლასტმასის სკამი იდგა. ეს ბავშვები სკოლაში რიგრიგობით დადიოდნენ, რადგან ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდათ. ამ ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ძალიან კარგი პრაქტიკა იყო.

- რითი
განსხვავდება შვეიცარიის სკოლა ქართული სკოლისგან?

- შვეიცარიაში პირველი კლასიდანვე განსხვავებული სისტემაა: იქ არის კლასის მასწავლებელი, რომელიც პირველიდან მე-9 კლასამდე ასწავლის მათემატიკას, მშობლიურ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს. ამ სტატუსის მისაღებად 5-წლიანი ოფიციალური განათლება მივიღე. ბილის ახლომდებარე სოფლებში ვასწავლიდი. ვფიქრობ, ამგვარ სწავლებას გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც მათემატიკაში ძლიერები არიან და ჰუმანიტარული საგნები უჭირთ, სამაგიეროდ, არიან ისეთები, რომლებიც მათემატიკას კარგად ვერ სწავლობენ, მაგრამ ნამდვილი მარგალიტები არიან უცხო ენებსა ან მშობლიურ ენაში... ამ დროს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს უფრო სრულყოფილად აღიქვამს. ბედნიერად მივიჩნევ თავს, ამ ტიპის განათლება რომ მივიღე. პედაგოგობის შემდეგ ჟენევაში საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობდი და პოლიტმეცნიერების მაგისტრი გავხდი. 2000 წელს კი, ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის მეშვეობით, პირველად ჩამოვედი კავკასიაში, კერძოდ - აზერბაიჯანში. იქ ჩემს დასთან ერთად ვიყავი და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. მათ შორის ქართველებიც იყვნენ. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა გვითხრეს, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ხომ არ გინდათ ნახოთო? ეს ჩვენთვის უნიკალური შანსი იყო და 4 დღით ჩამოვედით. მოვინახულეთ თბილისი, ბათუმი. 25 წლის ვიყავი, როცა აქ პირველად ჩამოვედი, მანამდე საქართველო მარტო რუკაზე მქონდა ნანახი, მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ქვეყანა გახდებოდა.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოში პირველი ჩამოსვლისას?

- 2000 წელი იყო. მატარებლით ჩამოვედით ბაქოდან და პირველი შთაბეჭდილება ჩემთვის ნავთლუღის ბაზრობა იყო. ამას დაემატა უშუქობაც, მაგრამ ორი-სამი დღის შემდეგ ვთქვი: ამ ქვეყანაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი-მეთქი. მახსოვს, ჩემი მეგობრების რეაქცია ამ სიტყვებზე, - შენ გიჟი ხომ არა ხარ, იცი, აქ რა სიტუაციააო?!. 90-იანი წლები ახალი დამთავრებული იყო, ხალხს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აქ მაინც კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ჩვენს ორგანიზაციაში ქართველებმა და შვეიცარიელებმა ერთობლივი პროექტები გავაკეთეთ. ამასობაში მაგისტრატურა დავასრულე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განხრით. ჩემი მეუღლეც სწორედ იმ ხანებში გავიცანი. 5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით. ჯერ ჩვენი ტურისტული კომპანია გვქონდა, მერე კერძო სკოლებში ვასწავლიდი, ერთ-ერთი მათგანის თანადამფუძნებელიც ვიყავი. განათლების სფერო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ბავშვებთან თავს ყველაზე ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ.

- მოგვიყევით თქვენს ოჯახსა და შვილებზე.

- ჩემი მეუღლე გიგი სულაშვილია - ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის, ყველა წამოწყებაში მხარში მიდგას და მეხმარება. ის მამით ქართლელია, დედით - რაჭველი, მაგრამ თავს უფრო რაჭველად მიიჩნევს.

- საქართველოში რძალ-დედამთილის ურთიერთობა ხშირად რთულია, თქვენ თუ გაგიმართლათ ამ საკითხში?

- ძალიან გამიმართლა და ისეთი დედამთილი შემხვდა, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ისიც მეხმარება და მისი დაც. ბავშვებს სწორედ ჩემი დედამთილის და უვლის - შეიძლება ითქვას, ჩემი მარჯვენა ხელია. 4 შვილი მყავს, უფროსი 11 წლისაა, ხოლო უმცროსი - 4-ის.

- ბავშვები შვეიცარიულად თუ ლაპარაკობენ?

- ოჯახში ორ ენაზე ვლაპარაკობთ და ორივე კარგად იციან. მე შვეიცარიულ ენაზე ველაპარაკები და როცა სამშობლოში ჩავდივართ, ჩვეულებრივად საუბრობენ. პანდემიამდე ორი თვე შვეიცარიაში ვიყავით, მაგრამ მერე უკვე ვეღარ წავედით და იქაურობა ძალიან მენატრება. მიუხედავად ამისა, ჩვენი ცხოვრების ცენტრი აქ არის - საქართველოში. მეუღლე ჯერ სტომატოლოგი იყო, მერე ბიზნესის ადმინისტრირება შეისწავლა და მაგისტრი გახდა. რაც პოლიტიკაში მოვედი, გიგის ეხუმრებიან, - ადრე ბარბარა იყო შენი ცოლი, ახლა კი შენ გახდი ბარბარას ქმარიო... ამაზე მხოლოდ ეღიმება და როგორც უკვე გითხარით, ყველა საქმეში მხარს მიჭერს.

- დავუბრუნდეთ თქვენს საყვარელ საქმეს - ქართული სკოლის მთავარ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ?

- საქართველოში პრობლემა ერთი სკოლა ან ერთი მასწავლებელი კი არ არის, არამედ მთელი განათლების სისტემაა. ბავშვი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, მაგრამ ვხედავ, რომ სისტემა ყველაფერზე ზრუნავს, ბავშვის გარდა. სკოლაში მასწავლებლის როლი განუზომელია, მაგრამ ასევე ვხედავ უკმაყოფილო, გადაღლილ მასწავლებლებს, რომლებსაც საზოგადოებამ დიდი ტვირთი დააკისრა, თუმცა მასწავლებლის საზოგადოებრივი სტატუსი მაინც დაბალია. ამიტომ დღეს საქართველოში იშვიათია, ვინმე პედაგოგობაზე ოცნებობდეს. ძალიან მინდა, მასწავლებლობა მიმზიდველი და სანატრელი პროფესია გახდეს. იხილეთ სრულად
602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები