თამარ გეგეშიძე ჩვენი თანამედროვე მწერალია. მისი საყმაწვილო რომანები "სული-ჩიტი" და "საშლელები" ძალიან ბევრი მოზარდის საყვარელი წიგნებია. მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა პერსონაჟები, რომლებსაც ისეთივე პრობლემები, ინტერესები თუ გამოწვევები აქვთ, როგორიც თავად მათ. გარდა მწერლობისა, თამარ გეგეშიძე უკვე მე-6 წელია მასწავლებელია. ის ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და ამბობს, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი აზრებისა თუ დამოკიდებულებების გაგება, ყველაზე მეტად დაეხმარა წერის პროცესში. ავტორი გვიყვება, რატომ დაინტერესდა მოზარდების თემით და საკუთარ თავს მასწავლებლის ამპლუაშიც გვაცნობს:
- ბავშვობიდან ვწერ, დღიურიდან დაწყებული, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებით დასრულებული, თუმცა უშუალოდ მოზარდებისათვის საყმაწვილო რომანების წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც მასწავლებელი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ისინი უკეთ გამეცნო, მათი დამოკიდებულებები და პრობლემები. ფაქტობრივად, მანამდე მასალას ვეძებდი, რაზეც უნდა დამეწერა, ხოლო მოზარდებთან ხშირი კომუნიკაციის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო, რაც მაინტერესებდა, ეს იქნებოდა ჩემი საქმე. დროთა განმავლობაში კი ბევრი სათქმელი დამიგროვდა, თან მინდოდა, ეს ამბები მათი თვალით დამენახა და ასევე დამეწერა. მათი ცხოვრება ხომ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა. პარალელურად, მოზარდობის პერიოდში უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან და ჩემი გმირებიც სწორედ ამაზე საუბრობენ, განიცდიან და გამოხატავენ.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა აწუხებთ დღეს მოზარდებს?
- უპირველეს ყოვლისა, ეს საკუთარი თავის ძიების, აღმოჩენისა და დამკვიდრების პროცესია. ამ დროს ბევრ პრობლემას აწყდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, როგორ ხედავენ მათ სხვები და, მეორე მხრივ, როგორ აღიქვამენ თავად საკუთარ თავს. ამის მიხედვით უყალიბდებათ თვითშეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების როლი. სკოლის პერიოდში რამდენად კარგი ურთიერთობაც აქვთ მეგობრებთან, იმდენად არიან რეალიზებულნი. ის, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს, მეტი საყრდენი აქვს, უფრო კარგად გრძნობს თავს. მოზარდობის პერიოდში მასწავლებლებთან ურთიერთობაც პრობლემურია და ორივე მხარისთვის გამოწვევაა. ისინი განსხვავებულად ხედავენ საკუთარ როლს და ოქროს შუალედის პოვნა რთულია. ამავე ასაკში იწყება მტკიცება, რომ დამოუკიდებლები არიან და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რაც მშობლებთან კონფლიქტის საფუძველი ხდება. იწყება ბევრი მოვლენის გადაფასება, პრიორიტეტების განსაზღვრა და ავტორიტეტების რღვევა. მოზარდს ბევრი რამის მიმართ აქვს პროტესტი და ეს მის ხასიათსა თუ ქცევაში ვლინდება.
- ის ფაქტი, რომ წიგნიდან საკუთარი თანატოლის ენით გადმოცემულ ამბებს იგებენ, რამდენად უწყობს მათ ხელს, კითხვის პროცესი შეუყვარდეთ?
- რა თქმა უნდა, ეს მეთოდი კი არა, მწერლის მიერ არჩეული გზაა. სწავლების პროცესში მივხვდი, რა მოსწონთ ბავშვებს ამ ასაკში, როგორი წიგნები იტაცებთ. ამიტომაც ვცადე, წიგნები მათთვის გასაგებ ენაზე და მათთვის ნაცნობ თემებზე დამეწერა. რთულია, ბავშვს დასაწყისშივე, მკითხველად ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე კლასიკური ნაწარმოებები წააკითხო. თუ ნელ-ნელა შეიყვარებენ კითხვას თანამედროვე პროზით, რომელშიც მათი მსგავსი პერსონაჟები ისეთი პრობლემების გადაწყვეტას შეეცდებიან, როგორიც თავად აქვთ, ეს კითხვის პროცესის შეყვარების ხელშეწყობაც იქნება და ასევე, ფიქრი საკუთარ ქცევასა თუ ემოციებზე. მინდოდა, ყველა მოზარდისთვის მეჩვენებინა, რომ მათი მსგავსი პერსონაჟები ჩვენ შორის დადიან, აქვე, ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ, რომ მათი პრობლემები უცხო არავისთვისაა და რაც ხდება, მხოლოდ მათ თავს არ ხდება. უფროსებს გვესმის მათი და მათაც უნდა სცადონ კომპრომისზე წასვლა მშობლებთან თუ მასწავლებლებთან. ძალიან მინდოდა, ჩემს წიგნებს მათი პრობლემები და ურთიერთობები გაემარტივებინა. მგონია, რომ შედეგს ნაწილობრივ მაინც მივაღწიე, იმიტომ, რომ მუდმივად მიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და ყველაზე ხშირად სწორედ ამას აღნიშნავენ.
- როგორი რეაქცია აქვს თქვენს მკითხველს, რა ფორმით გამოხატავენ საკუთარ აზრს?
- არა მარტო ჩემი მოსწავლეები და ნაცნობები, არამედ სრულიად უცხო ბავშვები მწერენ. დღე არ გავა, მათგან შეტყობინება არ მივიღო და შთაბეჭდილება არ გამიზიარონ. ზოგიერთ მასწავლებელი კლასში მოსწავლეებთან ერთად კითხულობს ჩემს რომელიმე წიგნს, რაც ასევე საუკეთესო მეთოდია კითხვის უნარების შესაძენად. ისინი უკვე ერთად მიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზარდებს ჰყავთ მწერალი, რომელსაც შეიძლება მისწერონ და მისგანაც მოისმინონ პასუხი. ამიტომ ამგვარ წერილებს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ და ძალიან მიყვარს.
- თავად როგორ ცდილობთ, თქვენს მოსწავლეებს კითხვა შეაყვაროთ?
- ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, პირადი მაგალითის მიცემით. როცა ხედავენ რამდენს კითხულობ, წერ, წიგნით დადიხარ, რაღაცას ურჩევ და ესაუბრები, ეს ძალიან მოქმედებს მათზე. შემდეგ ვარჩევთ წიგნებს, რომლებსაც ერთად ვკითხულობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ აზრს. მკითხველად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ გაზიარებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეფექტურია, როცა მოსწავლე წიგნს მასწავლებელთან ერთად კითხულობს. მეც წინასწარ მაქვს შედგენილი, რა რის შემდეგ შეიძლება შევთავაზო. როგორც წესი, პატარა წიგნებით ვიწყებთ, რომ არ შევაშინო და ამოცანებს ნელ-ნელა ვართულებ.
- რატომ აირჩიეთ მასწავლებლობა?
- ეს გადაწყვეტილება გვიან, თითქმის ოცდაათი წლის ასაკში მივიღე. მასწავლებლობა არასდროს დამიგეგმავს. ფილოლოგი ვარ და უამრავი რამ მოვსინჯე, ვიყავი რედაქტორი გამომცემლობაში, ტრენერი, ვმუშაობდი სამეცნიერო ტექსტებზე. ბევრი ეტაპი გავიარე, ვიდრე აქამდე მივიდოდი. როცა მივხვდი, რომ მოზარდების შესახებ მინდოდა წერა, ბავშვების გაცნობის საუკეთესო საშუალებად სკოლა წარმოვიდგინე და ფაქტობრივად, გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პროფესია ძალიან ორგანული იყო იმასთან, რასაც ვაკეთებდი. სასიამოვნო საქმეა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც. ზღვა შესაძლებლობა მაქვს, რაც მე, როგორც მასწავლებელს, ძალიან დიდ თავისუფლებას მანიჭებს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მწერლის პოზიციიდან ვარ მოზარდებთან ურთიერთობით დაინტერესებული, ეს პროფესიაც თავისთავადაც ძალიან მომწონს.
- რა გამოწვევების წინაშე ხართ თქვენ, როგორც მასწავლებელი?
- უნდა ვაღიარო, ძალიან რთული პროფესიაა. მუდმივად ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე შემხვდა და ეს დღემდე გრძელდება. გარკვეული თვალსაზრისით გამოცდილება შევიძინე და უკვე ვიცი, რაღაც პრობლემებს როგორ გავართვა თავი, მაგრამ მოზარდებთან ურთიერთობისას წინასწარ პროგნოზს ვერასდროს გააკეთებ. შესაბამისად, სირთულეც აქედან მოდის. რთულია ნდობის მოპოვება. პირადი ურთიერთობებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბავშვი ინივიდუალურია და ის ხერხი, რაც ერთთან გაჭრის, მეორესთან არ გამოგვადგება. როცა მასწავლებელი ხარ, მუდმივი გამოწვევებისა და აღმოჩენების წინაშე აღმოჩნდები. რა თქმა უნდა, ყურადღება და სიფრთხილეა საჭიროა, მაგრამ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა.
- როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?
- ყველა ვცდილობთ, კარგი მასწავლებლები ვიყოთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად ვახერხებთ. თუმცა ვიცი, რა არის მთავარი - აუცილებელია, რომ პედაგოგი იყოს კეთილგანწყობილი. მოსწავლე უნდა გიყვარდეს. ეს ბუნებრივი პროცესია და ვერ გაითამაშებ. თუ შენი მოსწავლე შენთვის მისაღებია, მიუხედავად გარეგნობისა, ხასიათისა თუ აკადემიური მოსწრებისა, ის უკვე შენი ადამიანია და მასთან ურთიერთობის გზებს თავისთავად ეძებ. ყველა ბავშვი გრძნობს მსგავს დამოკიდებულებას. აქედან იწყება საგნის სიყვარული და დაფასება. პროფესიონალიზმთან ერთად, შენი საქმე უნდა გიყვარდეს, რომ მოსწავლის ნდობა მოიპოვო.
- მოზარდები წიგნებს ხშირად გაჯეტებიდან კითხულობენ, ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ამასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. რა თქმა უნდა, წიგნის კითხვის პროცესი საოცარი რამაა, მაგრამ, ამავდროულად, ცხოვრებას ფეხი უნდა ავუწყოთ. თანამედროვე ცხოვრებამ კი გაჯეტებისა და სხვა ციფრული ტექნიკის როლი განსაკუთრებით გაზარდა. ნაწარმოებს წიგნის ფურცლებიდან წაიკითხავენ თუ გაჯეტებიდან, ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსის გააზრებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ონლაინ სწავლების პროცესში ბევრი რამ წავიკითხეთ ასეთი ფორმით, მაგრამ მეორე მხარეც გასათვალისწინებელია - უნდა გავუფრთხილდეთ თვალებს, ჯანმრთელობას, დროსა და ენერგიას. გაჯეტების გამოყენება კითხვის პროცესს არ ვნებს, მაგრამ, ალბათ, დიდი მოცულობის ნაწარმოებების წასაკითხად არ გამოგვადგება.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მოზარდებს, თქვენს მკითხველს, როგორც მასწავლებელმა და როგორც მწერალმა?
- უპირველეს ყოვლისა ჩემს მოსწავლეებს, შვილებს, პატარა მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ სკოლაში ყოფნის პერიოდი ნაყოფიერად გაატარონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო. ბევრი იკითხონ, ისწავლონ, წერონ და საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში მოსინჯონ. თუ ბევრ რამეს ცდიან, აუცილებლად მიაგნებენ იმას, რაც მართლა ძალიან უყვართ და გამოსდით.
თამარ იაკობაშვილი