გიორგი ლიპარიშვილი, იგივე ლიპარა, მასწავლებელი, ჟურნალისტი და ბლოგერია. გარდა იმისა, რომ მეექვსე საავტორო სკოლაში მუშაობს, როგორც მასწავლებელი, ასევე ახორციელებს საინტერესო პროექტებს "კრეატივის სკოლაში". ვიდეოგაკვეთილებს წერს მოსწავლეებისთვის, თუმცა, სწავლის პროცესში ბევრი უფროსიც ერთვება. უზიარებს ყველაფერს, რაც ბავშვებს თავისუფლებასა და სიყვარულს ასწავლის. თავადაც ხშირადაა მოსწავლის როლში და ფიქრობს, რომ ამ საუკუნეში საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება ყველამ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. მისთვის სკოლა შენობაზე მეტია. ცოდნისა და საჭირო უნარების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად ბევრ გამოწვევას ხედავს სისტემაში. გიორგი ლიპარიშვილი მამაა და ამბობს, რომ ეს ყველაზე რთული პროფესიაა. სურს, რომ მისი შვილი თავისუფალი იყოს, ბევრი აღმოაჩინონ ერთად და ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზეც ისწავლონ და გამოცდილება შეიძინონ. გიორგის მასწავლებლისა და მამის ამპლუაში გაგაცნობთ, გაგიზიარებთ მისეულ შეფასებას განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე:
- სკოლაში ჟურნალისტიკიდან გადმოვაბიჯე. სტუდენტობისას მეფიქრა სკოლაში მუშაობა. ფილმი ვნახე სოფელში წასულ მასწავლებელზე. იმის მერე 15 წელი გავიდა. ვაკანსია ვნახე. ჯერ ერთ სკოლაში უნდა დამეწყო მუშაობა, სადაც შეთანხმება ვერ მოვახერხეთ და შემდეგ, მალევე ჩემი ძველი ლექტორის რეკომენდაციით, სხვა სკოლაში აღმოვჩნდი. ჯერ ანიმაციების ჩვენება-განხილვა და კითხვის საათით დავიწყე, წიგნების უწიგნოდ შეყვარებას ვცდილობდი, გამომგონებლობით, თამაშითა და მოსწავლეების, საკუთარი შესაძლებლობების პატარ-პატარა აღმოჩენებით მივწინწინობდით.
მერე ხელოვნებისა და მოქალქეობის სწავლება დავიწყე, უფრო ფიქრის მასწავლებელი ვარ. მოსწავლეებთან ერთად მსწავლელი, მოსწავლეები მასწავლებლებიც არიან. ახლა კოლეგა მასწავლებლებთან ერთად, მასწავლებლის სასერთიფიკატო კურსის სტუდენტი ვარ, პროფესიულად ვიზრდები...
რაც შეეხება ვიდეოგაკვეთილებს, რომლებსაც ჩემი იუთუბის არხზე ვფენ, ისინი სკოლების ჩაკეტვის დროს დაიბადნენ და საქართველოს სოფლისა და ქალაქის სკოლებისა და უსკოლო ბავშვებისთვისაა. რომლებსაც შეუძლიათ ნახონ, შემდეგ თვითონვე გააკეთონ, სხვასაც ასწავლონ, ნამუშევრები გამომიგზავნონ და ბედნიერად და სწორი აზროვნებით გაიზარდონ. საბავშვო გაკვეთილებს დიდებიც უყურებენ და ძალაინ მიხარია, ხშირად ოჯახი ერთად უყურებს და ასრულებს სამუშაოს, გუნდური მუშაობაც დიდი ძალაა. უკვე მეორე წელი დაიწყო ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა-გამოფენიდან...
ჩვენ გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ და გამოცდილებები უნდა ვაზიაროთ. გალაკტიონს ის ერთი ლექსი "უსიყვარულოდ" სადღეგრძელოსთვის არ დაუწერია, სიყვარულით უნდა ვაკეთოთ საქმე და არა მხოლოდ ფულის სიყვარულით, განვითარების, წინსვლისა და ადამიანების სიყვარულით. სტრატეგია უნდა ჩანდეს. რა შედეგზე გავალთ ამ განათლების სისტემით 10-20 წლის შემდეგ? სად ვართ ახლა, სად ვიყავით და სად მივდივართ?
სკოლებში უამრავი ღირსეული მასწავლებელია, მაგრამ ეს ცოტაა წინსვლისთვის, ბევრი რომ წინ ექაჩებოდეს ურემს და უამრავი უკან, წინსვლა შენელდება ან უკან დაიხევს.
ჩვენ მაგალითი უნდა გავხდეთ მოსწავლეებისთვის და წინ-წინ ვიაროთ.
ვიზუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ონლაინსწავლებამაც აჩვენა ეს, სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად, რომ გაკვეთილზე ბავშვს მოსმენასთან ერთად შეეძლოს გაკვეთილის თემას უყუროს, ვიდეოს, ფოტოს ან პრეზენტაციის სახით, მეტი გაკვეთილი უნდა იყოს სკოლის მიღმა, რომ სოციალური უნარები განუვითარდეთ ბავშვებს, საგნები კიდევ უფრო საინტერესოდ უნდა განვითარდეს და ახალი საგნებიც გაჩნდეს სკოლაში. საგნების არჩევითობაც შეეძლოთ უფროსკლასელ მოსწავლეებს და კიდევ ბევრი სხვა ამბავი, რაც განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოსწავლის დამცირება, მეტსახელების მიკერება, ოჯახის შეურაცხყოფა, წარჩინებული მოსწავლისკენ მიკერძოება, უხეშად მოქცევა, სიძულვილი, ზემოდან ყურება, საკუთარი აზრის თავს მოხვევა, ჩაგვრა, გაკვეთილის პასიურად ახსნა და კიდევ ბევრი სხვა...
კარგი მასწავლებელი სულ სწავლობს, სულ თანამედროვეა, სულ გეგმავს, ემზადება ბავშვებთან შესახვედრად, ინიშნავს, ეძებს, ცდის, იღიმის, უსმენს, უყვარს, მხარს უჭერს, აღიარებს, შეცდომებზე უთითებს, პირად მაგალითებს უზიარებს, ფიქრობს და აფიქრებს, ათამაშებს, კითხვებს სვამს, ცოტას ლაპარაკობს და ბევრს ალაპარაკებს, ტრამპლინია, ბავშვებს ცხოვრებაში გააფრენს, ვითარდება და ავითარებს, კი არ აზეპირებინებს, ააზრებინებს, არამხოლოდ ასწავლის, ნასწავლის გამოყენებას ასწავლის...
ვცდილობ, ვასწავლო: ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ბუნებაზე, გარემოზე, სიყვარული, ფიქრებშიც თავისუფლება, რომ თავისი თავისუფლებით სხვებიც გაათავისუფლოს. ვცდილობ, სწორი ქცევის სწავლა, პირადი მაგალითით გავუნაწილო და გავუადვილო. ჩემს ასაკზე მეტი სამუშაო ადგილი და ბევრი პროფესია გამოვიცვალე, 13 წლიდან ვმუშაობ. ყველაზე რთული პროფესია მშობლობა აღოჩნდა, მუდმივ სიფხიზლესა და განვითარებას მოითხოვს. ამიტომაც, "სახლი სამსახურია". ამიტომაც, სრულწლოვანებისთვის შვილები ბედნიერებისთვის უნდა მოვამზადოთ და ბედნიერების მოპოვებაც გავუადვილოთ.
აქაც მართალი იყო ოთარ ჭილაძე თავისი ფიქრიანი სიტყვებით, ამბიდან ამბამდე -
"ბედნიერება უნდა მოვითმინოთ".
გიორგი ლიპარიშვილი - #მოსწავლებელი
თამარ იაკობაშვილი