ნატო აგლაძე 33 წელზე მეტია მუსიკის პედაგოგია, პროფესიით დირიჟორი. თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ რა ხალისით ერთვებიან აქტივობაში მოსწავლეები და მუსიკის რიტმს დაფაზე გამოსახული ფიგურებით შეიგრძნობენ. როგორც პედაგოგი გვეუბნება, მხოლოდ თეორიული ნაწილის მიწოდება ეფექტური არაა და ყოველთვის ცდილობს, ბავშვებს ბევრი პრაქტიკული დავალება შესთავაზოს. ის საინტერესო მეთოდსა და ზოგადად, მუსიკის სწავლების დანიშნულებაზე გვესაუბრება:
- ვერ დავიბრალებ, რომ მეთოდი თავად მოვიგონე. ადრე მინახავს მსგავსი, თუმცა, ძალიან მშრალი და ბევრად მარტივი აქტივობა. გადავწყვიტე, რომ ბავშვებს ამ ფორმით დავხმარებოდი, რომ რიტმი, მუსიკის ტემპი, სინქრონი მარტივად აღექვათ. შეიძლება მუსიკოსები არ გახდნენ, მაგრამ, ძალიან, მინდა, რომ კარგმსმენელებადჩამოყალიბდნენ. ამ მეთოდით ვაყვარებ სხვადასხვა მუსიკას, მათ შორის, კლასიკურ მუსიკას, რაც ძალიან მოსწონთ და სიამოვნებით ერთვებიან პროცესში. კონკრეტულად კიაქტივობა გულისხმობს, საკლასო დაფაზე სხვადასხვა ფიგურის გამოსახვას, რითაც ბავშვები რიტმსა და ტემპს შეიგრძნობენ. ეს არის სწავლება თამაშით, რაც ჩემ შემთხვევაში, ამართლებს.
- ზოგადად, სკოლაში მუსიკის სწავლებას რა დანიშნულება აქვს?
- ეს საგანი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ამ მიმართულებით, საინტერესო და ახალი არაფერი ხდებოდა. ახლა საკმაოდ რთული პროგრამაა, მოსწავლეებს ბევრი დავალების შესრულება უწევთ. ამიტომ, პედაგოგებს შეგვიძლია უფრო გავამარტივოთ და გავახალისოთ პროგრამა, სხვადასხვა ხერხით შევაყვაროთ მუსიკა. უკვე თავად გამოხატავენ ინიციატივას, რას მოვუსმინოთ. როგორც გითხარით, ჩემი მთავარი მიზანი, მათი კარგ მსმენელებად ჩამოყალიბებაა.
- სწავლება მოიცავს თეორიულ კომპონენტსაც, აქ რაზე უნდა გააკეთონ ბავშვებმა აქცენტი და თუ გამოხატავენ ხოლმე ინტერესს?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწოდებს მასწავლებელი თეორიულ ნაწილს მოსწავლეებს ისე, რომ თან ინფორმაციაც მიიღონ და თან ეს არ იყოს მხოლოდ დაზეპირება და პრაქტიკულად ვერ გამოიყენონ. მაგალითად, როდესაც ნოტებს ვხსნი, დაფაზე ორკესტრს ვაკეთებ. ერთ ჯგუფს თავიანთ რიტმულ მონახაზს ვუკეთებ, მეორეს კი - მეორე დაფაზე მათთვის განკუთვნილ შესასრულებელ პარტიას. მუსიკის ფონზე ვაერთებ ხმებს და ძალიან მოსწონთ. თუ მოსწავლემ თავად არ შეასრულა, ის რაც წიგნში წერია, არაეფექტური იქნება. ნოტების წერის სწავლისას დაფაზე კროსვორდებს ვადგენთ, თავად არიან პროცესში ჩართულნი და ხალისით ასრულებენ.
- ზოგჯერ ბავშვებს ამ საგნის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ, რატომაა მათ ცხოვრებაში მუსიკა მნიშვნელოვანი, რაში ეხმარება თითოეულ მათგანს?
- ჩემს მოსწავლებს ხშირად ვეუბნები, რომ შესაძლოა ფიზიკა ან მათემატიკა ყველას არ უყვარდეს, მაგრამ, მუსიკა ყველას უყვარს, ოღონდსხვადასხვა ჟანრის. როდესაც მეგობრების წრეში მოხვდებიან, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ მუსიკა, ფილმები და ხელოვნება იქნება. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნა ჰქონდეთ, შეძლონ კომუნიკაცია, მუსიკის გაკვეთილები ძალიან დაეხმარებათ.
- რატომ არის კარგი ბავშვის მუსიკაზე ტარება, თუ ურჩევთ მშობლებს, რომ ატარონ და ასწავლონ მუსიკა სერიოზულად?
- წინა თაობებში ყველას დაჰყავდა შვილი მუსიკაზე, სმენის მიუხედავად, რაც კარგ ტონად ითვლებოდა. უმრავლესობას ძალით დაატარებდნენ და ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომა არ არის გამართლებული. თუ ბავშვი ამის გამო ტირის, არ შეიძლება ძალით შევაყვაროთ პროცესი. მაგრამ, მუსიკა ბავშვს განვითარებაში ემართება. არსებობს უამრავი კვლევა, რომლის თანახმადაც, მუსიკოსი არასდროსაა ბოროტმოქმედი, კრიმინალი, რადგან ამ სამყაროში მათ სულის სიფაქიზე უვითარდებათ.
- თქვენ როგორ ცდილობთ ბავშვების დაინტერესებას და რამდენად ამართლებს ეს მეთოდები?
- როდესაც კლასში შევდივარ და ბავშვები ამ საგანს პირველად ეცნობიან, ჯერ მუსიკის ისტორიას ვუყვები. როგორ გაჩნდა და განვითარების რა გზა გაიარა. საინტერესო ამბებს ვიხსენებ მუსიკოსების ბიოგრაფიიდან. მშრალად, მხოლოდ გაკვეთილის დასწავლა არააფრისმომცემია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო 55-ე სკოლის დირექტორს ქალბატონ მაია აბრამიძეს ხელშეწყობისა და გვერდში დგომისთვის. ყველა კლასი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, კომპიუტერებით და პროექტორებით, რაც ძალიან გვეხმარება სასწავლო პროცესის სრულფასივნად წარმართვაში.
თამარ იაკობაშვილი