ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებლობა ძალზე რთული და დაუფასებელი პროფესიაა. ლალი მარგიანს მოსწავლეების იმხელა სიყვარული აქვს, ალბათ ეს არის მისთვის ყველაზე საუკეთესო დაფასება. მასწავლებლობა მისი ოცნება იყო, არაქართველი ბავშვებისათვის ქართული ენის სწავლება კი ნატვრა, რომელიც 4 წლის წინ აიხდინა. დღეს ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნას მასწავლებელია. წლევანდელი მეთორმეტეკლასელების ბოლო ზარზე, თავისი მოსწავლეების მსგავსად, თვითონაც წინსაფრითა და ბაფთებით გამოჩნდა და ამ ხალისიანი გადაწყვეტილებით ბავშვებს განსაკუთრებულად დაამახსოვრა ეს დღე.
- დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მესტია მიწერია, მაგრამ სინამდვილეში ვანში დავიბადე, რადგან დედა იმერელი მყავდა. თუ რამე კარგია ჩემში, ამაზე იმერეთმა და იქ გატარებულმა ბავშვობის წლებმა იქონია დიდი გავლენა. მამა იყო ძალიან მშვიდი, წესიერი, ნაკითხი კაცი, წიგნების კითხვა სწორედ მან შემაყვარა. ვხუმრობდით, სახლს ცეცხლიც რომ წაეკიდოს, წიგნს თუ კითხულობს, თავსაც არ ასწევსო, და მართლაც ასე იყო.
- პროფესიის არჩევაზე ვინ მოახდინა ზეგავლენა?
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში უცნაური ოცნებები მქონდა, მაინც მასწავლებლობა მინდოდა ყველაფერზე მეტად. დედაჩემის მხრიდან ბაბუა პედაგოგი იყო. საკონტროლოებს რომ ასწორებდა, ვუყურებდი და სულ მაინტერესებდა, ჩამეჭყიტა რვეულებში. ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რომ მეც მასწავლებელი ვყოფილიყავი. შემდეგ, სკოლაში რომ მივედი, ისეთი მასწავლებლები შემხვდნენ, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა. მესტიაში ვსწავლობდი, 1-ლ საშუალო სკოლაში. ეს იყო საოცარი სკოლა საუკეთესო მასწავლებლებით. მათ არა მარტო ცოდნა მოგვცეს, არამედ გვასწავლეს ცხოვრება, ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული. 35 წელია, დავამთავრეთ და კლასელები ყოველ წელს ვიკრიბებით, შეხვედრებისას გამორიცხულია, არ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი პედაგოგები. მიყვარდა სკოლა, პირველი სექტემბერი და დღემდე განსაკუთრებული შეგრძნებები მომყვება, როგორ გვამზადებდა დედა ამ დღისთვის. გვყავდა ძალიან კარგი დირექტორი, რომელიც თითოეული ბავშვის სულსა და გულში იხედებოდა, ჩვენი სკოლა ქუხდა მაშინ, ისეთი სახელი ჰქონდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მომავალი არჩევანი. ვაბარებდი უნივერსიტეტში, ფილოლოგობა მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ჩავირიცხე. ბავშვობიდან მქონდა გამოცდების დაუძლეველი შიში და გამოცდაზე მისული ორჯერ უკან გამოვტრიალდი.
- თუმცა, 18 წლისა უკვე მასწავლებელი იყავით სვანეთის ერთ-ერთ სოფელში, ხომ ასეა?
- იმ პერიოდში რაიონის განათლების განყოფილება მაღალმთიან სოფლებში წარჩინებით სკოლადამთავრებულებს მასწავლებლებად გზავნიდა. 1987 წელს, როდესაც სტიქიური უბედურების შედეგად ბევრი სოფელი დაიცალა, კადრების ნაკლებობა შეიქნა და ასე მოვხვდი სოფელ კალაში, უშგულამდეა ეს სოფელი. 6 თებერვალი იყო, მე და მამა ტრაქტორით გავუდექით გზას. დიდთოვლობის შედეგად არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. პირველები ვიყავით, ვინც იმ ტრაგედიის შემდეგ ტრანსპორტით ავიდა სოფელში. მოსამზადებელი ჯგუფი მყავდა, 3 მოსწავლე დამხვდა და დღემდე ცხადად მახსოვს სამივე, მათი ნაწერები და ნამუშევრებიც კი შენახული მაქვს, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოსწავლისა. მაშინ 18 წლის ვიყავი. შემდეგ გადამიყვანეს იელის სკოლაში, სადაც ქართულ ენა-ლიტერატურას ვასწავლიდი. ვმუშაობდი მესტიის პიონერთა სახლში მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელად და პერიოდულად, მესტიის სკოლა-ინტერნატის დაწყებით კლასსაც ვასწავლიდი. ამ კლასის პედაგოგი ხშირად ავადმყოფობდა და მხოლოდ მე "მანდობდა" კლასს. 1988 წლის სექტემბრიდან ფარის საშუალო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად მიმავლინეს ისევ საშუალო განათლებით. ხშირად ისმოდა ჩემს გაკვეთილებზე ლექსები, თემები არაპროგრამული ლიტერატურიდან; ხშირად დამყავდა ბავშვები სოფლის ეკლესიებში, ისტორიულ ადგილებში, ბუნებაში ვატარებდი გაკვეთილებს. მახსოვს, განსხვავებული გაკვეთილების გამო დირექტორმა გადაწყვიტა, რაიონში ეჩივლა, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს მაშინდელი ხელმძღვანელობისგან, მხარი დამიჭირეს, რადგან ქართული ენა-ლიტერატურის მეთოდისტიცა და განყოფილების გამგეც სკოლის მერხიდან მიცნობდნენ და მენდობოდნენ. პირველი წარმატების შემდეგ, მასწავლებლების რესპუბლიკურ კონკურსზე - "კითხულობს მასწავლებელი" პირველი ხარისხის დიპლომი რომ ავიღე, ფარის სკოლაში უკვე დირექტორის ნდობაც მოვიპოვე. მაშინ კონკურსი იშვიათობა იყო, მაგრამ პიონერთა სასახლის მიერ გამოცხადებულმა ფოლკლორისტების კონკურსმა, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი კურირებდა, ძალიან დამაინტერესა და ორი მოსწავლის ნამუშევარი (ლეგენდები, თქმულებები, ლექსები, ზღაპრები, სვანური ანდაზები, წყევლა, ლოცვა და ა.შ.) ფინალში მოხვდა. სამდღიანი კონფერენცია მაშინდელ პიონერთა სასახლეში დღემდე ნათელ მოგონებად მოგვყვება მე და ჩემს მოსწავლეებს, რომელთაგან ერთი უკვე მასწავლებელია. იქ სამ წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე. შემდეგ გავთხოვდი, იყო არაერთი ცხოვრებისეული სირთულე, განქორწინება, მეორე შვილის გარდაცვალება, რამაც მძიმე კვალი დამაჩნია... ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ გავხდი სტუდენტი და დავამთავრე უცხო ენების ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში სკოლაში აღარასდროს მიცდია დაბრუნება. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში მეგობრების დაჟინებული თხოვნით კვლავ საყვარელ საქმეს დავუბრუნდი და დაიწყო ლახამულის საჯარო სკოლის ხუთწლიანი ეპოპეა. მარგიანები მულახიდან ვართ და იქაც იყო ვაკანსია, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მინდოდა, სხვა სოფელში წავსულიყავი, თან ძალიან მიყვარდა ქვემო სვანეთი და ადრე არასდროს მქონია იქაურებთან შეხება. ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ყველაფერი. 5 წელი დირექტორის ოჯახში ვიცხოვრე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. დირექცია, საკრებულო, მოსწავლეების ოჯახები - ყველა მხარს მიჭერდა ნებისმიერი ღონისძიების მომზადებაში. ვასწავლიდი ინგლისურსა და ქართულ ენებს.
- ამის შემდეგ აღმოჩნდით მარნეულში და, როგორც ამბობთ, დაუოკებელი სურვილი, გესწავლებინათ არაქართველი ბავშვებისთვის, როგორც იქნა, აისრულეთ. განაგრძეთ კითხვა