ამ პროექტის შესახებ USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობას“ ფარგლებში ჩატარებულ სამოქალაქო განათლების ტურზე შევიტყვეთ. კეხიჯვრის საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში თავმოყრილი იყო შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სკოლის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების პროექტები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს. პროექტები ეხებოდა არჩევნების მნიშვნელობას, ადრეული ქორწინების შედეგების კვლევას, დეზინფორმაციის ამოცნობასა და მედია წიგნიერებას, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეების მიერ და ა.შ. ერთ-ერთი იყო სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი პროექტი - მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ძველი სარიტუალო სასახლე ბიბლიოთეკად აქციეს.
უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ გვიამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის პედაგოგი მაია ტიტვინიძე, რომელიც 26 წელია სკოლაშია და მოსწავლეების საყვარელი პედაგოგია.
- სანამ უშუალოდ პროექტზე ვისაუბრებდეთ, თავდაპირველად თქვენს პედაგოგიურ საქმიანობას შევეხოთ. 26 წელია პედაგოგი ხართ, რა ხიბლი აქვს მასწავლებლობას თქვენთვის?
- პედაგოგობას მართლაც აქვს ხიბლი, თუ ერთხელ მაინც შედგი სკოლაში ფეხი, მერე თავს ვეღარ დააღწევ, თითქოს შენი ცხოვრების ნაწილი ხდება და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. ბავშვებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაა. მთავარი ჩვენს ურთიერთობაში მეგობრობაა, თუ ბავშვი შენგან სითბოს, ყურადღებას და პატივისცემას გრძნობს, თვითონაც იგივეს გიბრუნებს უკან.
- სამოქალაქო განათლების სწავლებას სკეპტიკურად უყურებდნენ, ახლა როგორია განწყობა? სოფელში როგორ ხვდებოდნენ ბავშვების წამოწყებას, მათ აქტიურობას? ბავშვებს რა მისცა ამან?
- სამოქალაქო განათლებას თავიდან მართლაც სკეპტიკურად უყურებდნენ, მეორეხარისხოვან საგნად მიაჩნდათ. პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართვამ და დონორი ორგანიზაციების USAID და PHinternational მხარდაჭერამ, ასევე საზოგადოება „ბილიკთან“ თანამშრომლობამ მართლაც ბევრი საქმე გაგვაკეთებინა. დამხმარე სახელმძღვანელოები და ბარათები შემოვიტანეთ სკოლაში, გავიარეთ ტრენინგები, მივიღეთ ფინანსური მხარდაჭერა. ხოლო შედეგები, რომელიც ჩვენს საქმიანობას მოჰყვა, შეუძლებელია, არ დაინახოს საზოგადოებამ და არ აღფრთოვანდეს.
პროგრამამ „მომავლის თაობა“ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ აქტიური მოქალაქეები, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მათ ისწავლეს პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი, ზრუნავენ სოფლის ინფრასტრუქტურაზე, გარემოზე.
სკოლაში შევქმენით სამოქალაქო განათლების კლუბი, სადაც ხდება მოსწავლეების გუნდური მუშაობა, ისინი უფრო მიზანდასახულები, აქტიურები, მოტივირებულები და კრიტიკულად მოაზროვნეები გახდნენ. იციან საკუთარი უფლებები და პატივს სცემენ სხვის უფლებებს. გახდნენ ტოლერანტები, თითქმის აღარ აქვს ადგილი სკოლაში ძალადობის ფაქტებს, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს. ჩვენი კლუბის ყოფილი წევრები წარმატებული სტუდენტები არიან.
წარმატებულ პროექტებს შორისაა „ჩვენი სკოლა ძალადობის გარეშე“ (მოვიპოვეთ გრანტი), მოსწავლეებმა განაორციელეს ადვოკატირების კამპანია, ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სოფელში აშენდა მოსაცდელი... ძნელია ჩამოთვალო ის პროექტები, რაც ამ სამი წლის განმანვლობაში განვახორციელეთ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.
- გვიამბეთ თქვენს პროექტზე, ბიბლიოთეკაზე, როგორ გაჩნდა იდეა, რა ეტაპები გაიარეთ და ახლა რა ეტაპზე ხართ?
- ყველა პროექტი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პროექტი „ვზრუნავთ სოფლის ინფრასტრუქტურაზე“, რომლის მთავარი მიზანი სოფლში არსებული ბიბლიოთეკის განახლება და 3000-მდე წიგნის გადარჩენა იყო, წარმატებით განახოციელეს. ბავშვებმა შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს ქარელის მერს ბატონ ზაზა გულიაშვილს განცხადებით - სოფელში არსებული ბიბლიოთეკის შენობა ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ მოხდებოდა მისი შეკეთება, ამიტომ სოფლის მოსახლეობის თანხმობით სოფელში არსებული სარიტუალო დარბაზი, რომელიც სრულიად უფუნქციო იყო, გადაცემოდათ ახალგაზრდებს. ჩვემ მივიღეთ თანხმობა და შენობა გადმოგვცეს. დავიწყეთ წიგნების დახარისხება, გადარჩევა, რესტავრაცია და გადატანა ახალ სივრცეში, ბავშვებს სოფლის მოსახლეობაც დაეხმარა და წიგნებთან ერთად ძველი კარადებიც შევაკეთეთ და გადავიტანეთ შენობაში. პროექტის ფარგლებში მოვიღეთ რესურსები. მოხატეს კედლები, გააკრეს სლოგანები, კედლის გაზეთები. ბიბლიოთეკა გახდა სკოლის და ასევე სოფლის ახალგაზრდების თავშეყრის საყვარელი ადგილი. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით გვაკლია ბევრი და განსაკუთრებით, ახალი წიგნები, თუმცა იმედი გვაქვს, ამასაც განვახორციელებთ.