თამარ ნათაძე ორმოცი წელია პედაგოგია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის და ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ხშირად, სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობის ამსახველ მხიარულ ვიდეოებს აქვეყნებს, როგორ დარბის, თამაშობს და ერთობა პატარა მოსწავლეებთან ერთად. წლების განმავლობაში, ბევრი გამოწვევა და განსხვავებული მეთოდის შემუშავების აუცილებლობა იყო, თუმცა თამარ ნათაძე ამბობს, რომ მასწავლებელმა თანამედროვეობას ფეხი აუცილებლად უნდა აუწყოს და თითოეულ ბავშვში ინდივიდი აღმოაჩინოს, აგრძნობინოს გულწრფელი სიყვარული და ინტერესი. ის ჩვენს მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და გვიყვება, როგორ შეიძლება მიაღწიო კარგ შედეგს ამ მიმართულებით:
- დავიბადე და გავიზარდე დუშეთის რაიონის ულამაზეს სოფელ არაგვისპირში, სკოლა იქვე დავასრულე, წარჩინებით. საკმაოდ დამჯერი ბავშვი ვიყავი. ვოცნებობდი იურისტობაზე. დღემდე ამ პროფესიის ნოსტალგია, მაგრამ მამის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ვერ შევძელი მისი სურვილის წინააღმდეგ წასვლა და ჩავაბარე პედაგოგიურ ფაკულტეტზე. აგერ, უკვე მეორმოცე წლის ათვლა დაიწყება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობიდან. წინასწარ არ შემიძლია თქმა, კიდევ რამდენ წელს ვიმუშავებ. თუმცა ერთ საიდუმლოს გეტყვით: დაწყებითი კლასების მასწავლებლები არ ბერდებიან, ბოლომდე დიდ ბავშვებად რჩებიან.
- რა მეთოდებს იყენებთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომ დააინტერესოთ და პროცესში აქტიურად ჩართოთ?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ სწავლა არ უნდა იყოს მოსაწყენი. ამას ისიც ართულებს, რომ ზოგიერთი გაკვეთილი რთულად გადასაცემია. ხანდახან, მინახავს გაკვეთილი ერთფეროვანი, მონოტონური და იმდენად ცარიელი, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ, რა ისწავლეს. ეს განაპირობებს სწავლისადმი ინტერესისა და მოტივაციის დაკარგვას. დაწყებით კლასებში განსაკუთრებით აქტუალურია გაკვეთილის დაგეგმვა სხვადასხვა მხიარული აქტივობისა და თამაშის გამოყენებით. არიან პედაგოგები, რომლებიც ამ მეთოდის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ურჩევნიათ მუდმივად ლექციური ტიპის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა და აქტივობა შედარებით ნაკლებია. მასწავლებელი ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს, სწავლობდეს, ეძიებდეს სიახლეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხს ვერ აუწყობს დღევანდელ თაობას და მისი შრომა უკან მიდევნებულ ლამპარს დაემსგავსება.
- ხშირად ვრცელდება მხიარული ვიდეოები თქვენი მონაწილეობით, თუ როგორ ერთობით ბავშვებთან, მათი თანატოლივით. არის თუ არა ეს მთავარი, რითაც იმსახურებთ მათ სიყვარულს - იქცეთ მათ თანატოლად და გაუგოთ ყველაფერში?
- არაერთხელ მინახავს ჩემს კედელზე გამოქვეყნებული ვიდეოები სხვადასხვა გვერდზე გაზიარებული. აზიარებენ მშობლები, სკოლის წარმომადგენლები, მამკობენ სხვადასხვა ეპითეტით, რაც იმის ნიშანია, რომ მოსწონთ მასწავლებლის ასეთი აქტივობები. რაც შეეხება თქვენს კითხვას: ეს ხომ არ განაპირობებს ჩემს მიმართ ასეთ სიყვარულს - ვერ გეტყვით. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მორცხვი და ნაკლებად აქტიური მოსწავლეების გააქტიურებას და თავის წარმოჩენას, რადგან მასწავლებელი მათთვის მოდელია და ცდილობენ, მას მიბაძონ. ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, არც ვცეკვავდი, არც ვმღეროდი, ყველაფერზე უარს ვაცხადებდი. გვერდით არ მყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ამ კომპლექსის დაძლევაში დამეხმარებოდა. როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ კლასში მორცხვი და ნაკლებად აქტიური მოსწავლე არ მეყოლებოდა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებ.
- რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ კარგი მასწავლებელი?
- იყო კარგი მასწავლებელი ნიშნავს: ბავშვს მოუხაროდეს შენს გაკვეთილზე, ჰქონდეს რაღაც ახალი ცოდნის შეძენისა და ათვისების მოლოდინი. ხშირად ვეუბნები მოსწავლეებს: - როგორიც შემოხვედი ჩემს გაკვეთილზე, იმაზე დიდი და მაღალი უნდა გახვიდე აქედან!
ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უხარიათ ჩემი გაკვეთილის დაწყება. ვის არ უნდა 40 წუთში ამაღლდეს და გაიზარდოს? (იცინის).
- რა მთავარი სირთულეები და გამოწვევები ახლავს თან ამ პროფესიას?
- მაღალი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, ერთი პატარა შეცდომა და გადაცდომაც არ გეპატიება, რადგან საქმე გაქვს ყველაზე სათუთ არსებასთან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რადგან თუ საძირკველი არ ვარგა, ყოველგვარი მცდელობა ზედნაშენის დაშენებისა ფუჭია. ამიტომ, მასწავლებელმა ფეხი უნდა აუწყო თანამედროვეობას და არც შენი ტრადიციები უარყო.
- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში მიიღწევა კარგი შედეგი?
- შედეგი ყოველთვის დადებითია, როდესაც სკოლასა და ოჯახს შორის ჯანსაღი კომუნიკაციაა, როდესაც მასწავლებელი, მშობელი და ბავშვი აწყობილი რგოლი და მჭიდროდ შეკრული სამკუთხედია.
- ამბობენ, რომ დღევანდელი ბავშვები ცოტა განსხვავებულები არიან და სხვა მიდგომები სჭირდებათ. თქვენ, მრავალწლიანი გამოცდილებით, რას იტყვით ამ თემაზე, თუ შეიცვალა თქვენი მიდგომები ბავშვებთან წლებთან ერთად?
- სრულიად გეთანხმებით, რომ დღევანდელი თაობა რადიკალურად განსხვავდება ჩემი თაობის ბავშვებისაგან, ბევრად თავისუფლად მოაზროვნეა, კარგად ფლობენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და სულაც არ არის სირცხვილი, თუ ამა თუ იმ საკითხში შენზე მეტი ეცოდინება. პირიქით, ესეც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, მივცეთ საშუალება საკუთარი თავის წარმოჩენის და თანატოლებისთვის ცოდნის გაზიარების. დიახ, დღევანდელი თაობა განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს. ამაზე ბევრს ფიქრობს განათლების სამინისტროც, მაგრამ თითოეული მათგანიც ინდივიდუალურია. იმან, რაც ამართლებს ერთთან, შეიძლება მეორესთან უკურეაქცია გამოიწვიოს, ან პირიქით. ამიტომ, მასწავლებელი უნდა იყო შემოქმედი, ყოველდღე უნდა ეძიებდე ახალ გზებს, ახალ მიდგომებს, ახალ მეთოდებს. ყოფილა შემთხვევა, რომ მერხის ქვეშაც შევსულვარ, ხეზეც ავსულვარ და კაფეშიც დამიპატიჟია კომუნიკაციის დასამყარებლად, რასაც შემდგომში დადებითი შედეგი მოჰყოლია.
- რა სურთ ბავშვებს ყველაზე მეტად და რას ელოდებიან პედაგოგისგან?
- ბავშვებს სურთ, რომ ისე მოვეპყროთ, როგორც ტოლი-ტოლს, მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან და არა ისეთები, როგორებიც ჩვენ გვსურს. მივცეთ თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება, მოვუსმინოთ გულდასმით, ბევრი სათქმელი აქვთ და მსმენელი სჭირდებათ, გამოვიჩინოთ ინტერესი მათ მიმართ, ვაგრძნობინოთ ჩვენი გულწრფელი სიყვარული და შედეგიც არ დააყოვნებს.
თამარ იაკობაშვილი