მასწავლებლების აცრას კოვიდის წინააღმდეგ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შორენა თამაზაშვილი 139-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მას ჩვენი მკითხველიც კარგად იცნობს კრეატიული იდეებით, რომლებსაც თავის მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს ხოლმე. ამჯერად ის აცრის შესახებ საგულისხმო სტატუსს აქვეყნებს.
"პროლოგი: არც ვინმემ დამაძალა და არც არავის ვაძალებ...
მე ავიცერი, რადგან მჯერა ადამიანების და ვენდობი ექიმებს... კოვიდი არ გვქონია ოჯახში, თუმცა ჩემს ახლობლებს წაართვა საყვარელი ადამიანები, ჩემმა მეგობარმა ერთდროულად დაკარგა ახალგაზრდა დედაც და მამაც. ჩემი მიწის საზღვარი ჩაკეტილია, რადგან მეზობელი ქვეყნისთვის საქართველო საფრთხეს წარმოადგენს, ეპიდვითარების გამო...მე ვერ დავიტირე მამა, ვერ დავემშვიდობე ყველაზე ძვირფასს, მესენჯერით გამოვიგლოვე სასოწარკვეთილმა. მე მასწავლებელი ვარ და გამოვცადე ონლაინსწავლება... დიახ, ოცდაშვიდ პატარა პირველკლასელს ანბანი ინტერნეტით ვასწავლე, როცა თითოეული ასო-ბგერა ზღაპრად უნდა მექცია დაფასთან. მგუდავდა პირბადე, ხელს მიწვავდა სპირტი, "არ ჩამეხუტო", "დაიცავი დისტანცია", "გაიზომე სიცხე", "არ მომეკარო, შვილო!" და ორკვირაში ერთხელ კოვიდტესტირების ამაფორიაქებელი მოლოდინი. ორი წელია მენატრება ძმა, რძლები, ძმისშვილები, ერეკლე, დეიდა-ბიძა-მამიდა-მეზობელ-კლასელ-მეგობრები. გამიგრძელდა? რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ორად გაიყო - "უი, აიცერი?", "აუ, არ იცრები?" - ებრძვიან ერთმანეთს კომენტარებით, ფსიქოლოგიურად უფრო უშავებენ ერთმანეთს - ვიდრე კორონა და აცრა დაგვიშავებდა...
ვიღაც წერს, რომ არ უნდა ავიცრათ, რადგან აცრილებს ცოტა სიცოცხლე დაგვრჩა (კარგია, ორი წელი მაინც მაქვს წინ (ასე წერს), ვაქცინა არ არის გამოცდილიო... დალოცვილო, თუ არ არის ვაქცინა გამოცდილი, რა იცი მისი შედეგი? არავინ ვიცით, რა გველის ხვალ, მაგრამ, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ ეტაპზე მევალება ისე მოვიქცე, რომ ჩემი ქვეყანა მოერიოს ეპიდემიას...
ეპილოგი: არც ვინმეს ვაძალებ, არც ვინმემ დამაძალა!
P.s. ვისაც გაინტერესებთ და გვგულშემატკივრობთ - ავიცერით გუშინ მე და ჩემი ელენე,(მეუღლე დიდი ხანია, რაც აიცრა), არანაირი სიმპტომი არ გვაქვს, მხოლოდ მკლავზე ნანემსარი გვტკივა" - წერს შორენა თამაზაშვილი.
მასწავლებელი, რომელმაც კაბაზე ქართული ანბანი ამოიქარგა - კრეატიული პედაგოგის ვიდეო პატარებს