ნათია ნაცვლიშვილი სამტრედიის სოფელ ნიგორზღვის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სკოლის ერთადერთი პირველკლასელი გოგონას, გვანცა ნიქაცაძის ფოტოები გამოაქვეყნა და საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მიიღო. წლების წინ თავადაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი შვილი ამავე სკოლაში მიიყვანა იმის გამო, რომ პირველი კლასი გახსნილიყო. ნათია ნაცვლიშვილი საკუთარ საქმიანობაზე, მოტივაციასა და არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრება:
- განათლებით ჟურნალისტი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ბეჭდური მედიის მიმართულებით ვმუშაობდი. 2008 წელს დავვოჯახდი და სამტრედიაში წამოვედი. ორი შვილი მყავს. გარკვეული დროის შემდეგ, მომინდა, საკუთარი თავი ფილოლოგიაშიც მეცადა. ეს არის სფერო, რომელიც მთელი ცხოვრება მაინტერესებს. სწორედ ამიტომაც, 2018 წელს პედაგოგის გამოცდა ჩავაბარე. გავიარე მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამა და უკვე ერთი წელია ნიგორზღვის საჯარო სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე კლასები მყავს. პარალელურად, "სამტრედიის მაცნეს" კორესპონდენტი ვარ. გვანცას, ჩვენი სკოლის ერთადერთ პირველკლასელს, თავად არ ვასწავლი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი კლასი გაიხსნა და მთელი გულით ვგულშემატკივრობ. წლების წინაც არ ჰყავდა ამ სკოლას პირველკლასელი, ამიტომაც ჩემი შვილი აქ მივიყვანეთ. მეუღლე დირექტორია, თავად სამტრედიაში ვცხოვრობდი, ბავშვი კი მან წამოიყვანა სოფელში და პირველი კლასი გაიხსნა. როდესაც თავადაც მასწავლებელი გავხდი, მეორე შვილიც ნიგორზღვის საჯარო სკოლაში გადმოვიყვანე. მინდოდა, ჩემი ეს ნაბიჯი სხვა მშობლებისთვის მოტივაციის მიმცემი გამხდარიყო. ძალიან მტკივნეულია პატარა სოფლებისთვის, როდესაც სკოლაში პირველი კლასი არ იხსნება და სულ უფრო მეტი ბავშვი მიჰყავთ რაიონსა თუ ქალაქში.
- რა პრობლემებს ხედავთ სოფელში, როგორ ფიქრობთ, რატომ მიჰყავთ რაიონებსა და ქალაქებში ბავშვები სასწავლებლად?
- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგანაც ვერ ვისაუბრებ იმ მშობლების ნაცვლად, რომლებიც გადაწყვეტენ, საკუთარი შვილი ქალაქში წაიყვანონ. მე, როგორც ერთ ქართველს, რაც შემეძლო, გავაკეთე. მგონია, როდესაც სოფელს უჭირს, საკუთარი რესურსი უნდა მიახმარო. სოფლისკენ მიმავალი გზა წელს გაკეთდა, აბსოლუტურად ყველა სკოლას ტრანსპორტი ემსახურება, რომელიც ბავშვების გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ეს ბარიერი მოხსნილია. თუმცა სოფლებს მეტი ყურადღება სჭირდება. ახლა ნიგორზღვის საჯარო სკოლაში მესამე, მეექვსე და მეცხრე კლასები საერთოდ არ არის, რაც, რა თქმა უნდა, სოფლის ტკივილიცაა. მესმის, რომ 21-ე საუკუნეში მშობელს სურს, სხვადასხვა მიმართულებით მისცეს შვილს ცოდნა, ატაროს სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებზე, მაგრამ რაიონის პირობებშიც არსებობს გარკვეული გასაქანი. ჩემი შვილი ძიუდოზე დადის, სოფლიდან ცენტრამდე მხოლოდ ნახევარი საათია და თუ მშობელი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ეტაპზე, შემიძლია, სოფლის სკოლა ჩემი შვილებით გავაძლიერო. გარდა ამისა, ძალიან კვალიფიციური კადრები გვყავს და ბავშვებიც კარგ ცოდნას იღებენ.
- თქვენთვის რა გამოწვევაა მასწავლებლობა და როგორ ცდილობთ მოსწავლეების დაინტერესებას?
- ჩემთვის მსწავლებლობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. თურმე, მთელი ცხოვრებაა ამის გაკეთება მსურდა. სოფელს სხვანაირი ხიბლი და განსხვავებული ურთიერთობები აქვს. მცირეკონტიგენტიან სკოლაში კიდევ უფრო ძლიერია სიყვარულის, ურთიერთგატანის, თანაგანცდისა და თანაგრძნობის ელემენტები. თუ ერთ ბავშვს შოკოლადი აქვს, მთელი სკოლა ინაწილებს. სხვანაირ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. თავად ყველანაირად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარვმართო. სკოლა კომპიუტერიზებულია. არც ფილმის ჩვენებისა და პრეზენტაციის გამართვის პრობლემა გვაქვს. გავდივარ სხვადასხვა ტრენინგს და მოსწავლეებს ახალ რესურსებს ვთავაზობ. გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, ძალიან საინტერესო პროექტი მოვამზადეთ დავით კლდიაშვილის შესახებ. ფინალური პრეზენტაცია მის სახლ-მუზეუმში გაიმართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, სოფლის სკოლებს ბევრი მოსწავლე ჰყავდეს და ყველა სახლიდან კვამლი ამოდიოდეს.
თამარ იაკობაშვილი