„თანამედროვე მოსწავლეები სწრაფად იღლებიან, ყურადღება ეფანტებათ...20 წუთის შემდეგ ბავშვი თითქმის აღარ გისმენს“ - ძველი თაობის პედაგოგის დაკვირვება
„თანამედროვე მოსწავლეები სწრაფად იღლებიან, ყურადღება ეფანტებათ...20 წუთის შემდეგ ბავშვი თითქმის აღარ გისმენს“ - ძველი თაობის პედაგოგის დაკვირვება

ჩვენი წერილის ავტორი ამმბობს, რომ სკოლაში ნახევარი ცხოვრება გაატარა. ისტორიის პედაგოგი იყო, ექსპერიმენტული ჯგუფებიც ჰყავდა. ცოტა ხნის წინ, უკვე თითქმის საპენსიოს, ისევ სკოლაში დაბრუნება სთხოვეს, სიხარულით დათანხმდა, მაგრამ ონლაინსწავლაზე გადასვლას ალღო ვერ აუღო და სკოლასთან ისევ გამოთხოვებამ მოუწია, მოასწო, რომ შეედარებინა ერთმანეთისთვის ორი თაობის - მამებისა და შვილების - მოსწავლეები. სწორედ ამ შედარების შედეგად გაკეთებეული დასკვნების გაზიარება სურს დიდი აუდიტორიისთვის.
„მოსწავლეები თავისთავად ძალიან კარგები არიან. უბრალოდ, არიან ნიჭიერები, მონდომებულები, ცელქები, მოსიყვარულეები. ბავშვები დღეს აშკარად სხვანაირები არიან, ვიდრე ჩემი პედაგოგობის პირველ
წლებში იყვნენ. 10 სხვაობა გამოვიკვლიე და მინდა გაგიზიაროთ. აქვე ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვაკრიტიკებ თანამედროვე ბავშვებს. მათი ბრალი არაა, რომ ასეთ დროში მოუწიათ ცხოვრებამ. უბრალოდ, მგონია, რომ მშობელი უნდა ეხმარებოდეს მათ სწორი იდეალების ჩამოყალიბებაში. პედაგოგს კი უნდა ჰქონდეს ნორმალური სახელმძღვანელო, გონივრულად შედგენილი სასწავლო პროგრამა და არ უშლიდნენ ხელს მუშაობაში. თანამედროვე ბავშვები მეტად გონებაგახსნილები არიან და მათ სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. 

  1. პირველი, რაც სკოლაში თვალში მომხვდა, მოსუქებული ბავშვებია. ალბათ არაჯანსაღი კვების ბრალია, სტრესისაც, რასაც ბავშვი დაბადებისთანავე განიცდის. როგორც წესი, ადამიანი ზედმეტ კილოგრამებს ნერვიული დაძაბულობის დროს იმატებს. ეს ორგანიზმის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია. ბავშვები, წინა თაობასთან შედარებით ფიზიკურად თითქმის არ იტვირთებიან. აქტიური ფიზიკური თამაშობებიც კი აღარ არსებობს მათთვის. არც კი მინახავს, რომ
    შესვენებაზე გოგონებს რეზინობა ეთამაშოთ ან სახტუნაოთი ეხტუნავათ. ბიჭები ბურთს თითქმის აღარ დასდევენ, თუ მშობელს არ დაჰყავს ფეხბურთზე ან კალათბურთზე. წრეში ბურთი, შვიდქვაობანა მგონი არც კი გაუგიათ. აი, მობილურები კი ყველას აქვს და ყველა მასშია ჩამძვრალი. მობილურში თამაშობენ ქუჩაშიც, შესვენებაზეც, საპირფარეშოც და ხშირად გაკვეთილებზეც კი. თუ გაკვეთილის დაწყებისთანავე მობილურის გამორთვას სთხოვთ, ბრაზდებიან, რომ თამაშის დასრულება არ აცადეთ, გაკვეთილზე თითქმის არ ფიქრობენ...
  2. თანამედროვე მოსწავლეები სწრაფად იღლებიან, ყურადღება და კონცენტრაცია ეფანტებათ. მახსოვს, 45-წუთიან გაკვეთლებს ვატარები. დღეს 40 წუთიც ბევრი ეჩვენებათ. 20 წუთის შემდეგ ბავშვი პრაქტიკულად აღარ მოგყვება. უმეტესობას არამოტივირებული ჰიპერაქტიურობა ახასიათებს: წრიალებენ, ხელებს ვერ აჩერებენ... შუა გაკვეთილის დროს შეუძლიათ ჩანთა ხმაურით ამოალაგონ და ჩაალაგონ. ეკითხები: "საბა, რამე დაკარგე?" უხერხულად იღიმის, წითლდება, მხრებს იჩეჩავს... თავადაც არ იცის. ასეთი "საბა" კლასში ნახევარია.
  3. ბავშვები დაბადებიდანვე უამრავ ინფორმაციას ეცნობიან, მაგრამ უმეტესობა ცხოვრებაში საერთოდ გამოუსადეგარია და ისტორიასთანაც არ აქვს კავშირი. არ იციან როგორ ხდება ხორბლის მოყვანა, როგორ აცხობდნენ პურს ძველად, რა იარაღებს იყენებდნენ. უხსნი და გაფართოებული თვალებით გიყურებენ. წლების წინ ბავშვები ინფორმაციას მულტფილმებიდან, საბავშვო-სამეცნიერო გადაცემებიდან იღებდნენ. ადრე მულტფილს საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა, ახლა მულტფილმების გმირების უმეტესობა მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და არარეალურ სამყაროშია ცხოვრობს.
  4. ბავშვები აღარ კითხულობენ. ადრე ისტორიის სწავლისას მოსწავლეები აქტიურად კითხულობდნენ ისტორიულ-სათავგადასავლო რომანებს. ახლა არ აინტერესებთ. ისტორიულ ფილმებსაც კი არ უყურებენ. საფრანგეთის ისტორია ვახსენე და ბავშვებს ვეკითხები "სამი მუშკეტერი" გახსოვთ? აღმოჩნდა, რომ ზედა კლასებში ოთხი კლასიდან მხოლოდ სამ მოსწავლეს ჰქონდა წაკითხული. მკითხველი ბავშვი სკოლაში უკვე იშვიათობა გახდა.
  5. თანამედროვე ბავშვები პრაგმატულები გახდნენ, მათში რომანტიკულობამ იკლო. არაფერი აინტერესებთ, თუ პირად მოხმარებას არ ეხება. ახალგაზრდობაში ექსპედიციებში დავდიოდი, არქეოლოგიურ გათხრებში ვმონაწილეობდი, შინ უამრავი საინტერესო ექსპონატი მქონდა, სკოლაში რომ მიმქონდა, ბავშვები ინტერესით აკვირდებოდნენ, კითხვებს მისვამდნენ, ხელიდან ხელში გადადიოდა საუკუნოვანი კერამიკის ნატეხი, თუ პირველყოფილური იარაღის ნაწილი. ახლა მხოლოდ რამდენიმე მოსწავლის დაინტერესება შევძელი, უინტერესოდ გადააწოდებდნენ ერთმანეთს. მახსოვს, გაკვეთილის შემდეგაც შესვენებაზე განვიხილავდით, ვმსჯელობდით, აზრთა გაცვლა გვქონდა. დღეს ეს შეუძლებელია, ზარი როგორც კი დაირეკება, ყველა მობილურს ეძებს.
  6. თითქმის ყველა კლასში იყო დისიდენტი - ბავშვი პიროვნება, არაორდინარული. მათ შეეძლოთ პედაგოგისთვის ნერვები დაეწყვიტათ, ეკამათათ, საკუთარი აზრი ემტკიცებინათ. ასეთ ბავშვებს ხშირად "ადგილზე მოსვამმდნენ“, ეჩხუბებოდნენ, ემუქრებოდნენ, მშობლებს იბარებდნენ, მაგრამ პედაგოგებს ასეთი ბავშვები ძალიან უყვარდათ. ისინი პიროვნებები იყვნენ, მათ თავიანთი აზრი გააჩნდათ. თანამედროვე სკოლებში დისიდენტები აღარ არიან. ახლა ბავშვები პედაგოგებს ნერვებს იმით კი არ უშლიან, რომ კი არ საწინააღმდეგო აზრს უმტკიცებენ, ახლა, უბრალოდ, "ეკაიფებიან", დამცირების მიზნით აბრაზებენ. მცირე ცოდნა აქვთ, მაგრამ უზარმაზარი ამბიცია. კამათში არ გყვებიან, ცოდნა არ ჰყოფნით, მაგრამ გაშაყირებენ, მასხრად გიგდებენ, დაგცინიან.
  7. თანამედროვე ბავშვებს სწავლის მოტივაცია აკლიათ. საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ისწავლონ. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე: მერხზე დავალაგე სახელმძღვანელოები, ჩამოვწერე კითხვები და მოსწავლეებს ვთხოვე, მოეძებნათ და ამოეწერათ მზა პასუხები! წლების წინ ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო. და იცით რა მოხდა? ბავშვებმა მზა პასუხებსაც ვერ მიაგნეს მითითებულ პარაგრაფებში. მათთვის ტექსტის წაკითხვა და მზა პასუხების ამოწერა რთული აღმოჩნდა. უმეტესობას კი არც უცდია, თავი შეეწუხებინა. კარგი ნიშნის მიღებითაც კი ვერ დავაინტერესე. გაკვეთილის ბოლოსკენ თითქმის ცარიელი ფურცლები ჩამაბარეს, შემთხვევით ამოწერილი ფრაზებით. უმეტესობა იჯდა და მერხის ქვეშ მობილურით თამაშობდა. ბავშვებს ახალი სტრეოტიპი ჩამოუყალიბდათ, რომ თითქოს ყველაფერი თავისით უნდა გაკეთდეს. დაუკვირდით თანამედროვე საბავშვო ფილმებს: ცხოვრობს ვიღაც ბავშვი, არაფრით გამორჩეული, კარგად კი არ სწავლობს. უსაქმური, არანაირი ნიჭითა და ტალანტით არაა გამორჩეული. ხშირად ღარიბია, მარტოხელა და მახინჯი. და მოულოდნელად ირკვევა, რომ გამორჩეულია და მას მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ჯადოსნური მეთოდით ის მომენტალურად ხდება განსაკუთრებული, ნიჭიერი, სუპერგმირი და იძენს მეგობრებს, სიყვარულ, წარმატებას. ასეთმა ფილმებმა ბავშვეს ჩამოუყალიბა სტერეოტიპი, რომ ცხოვრებისგან უნდა ელოდონ საჩუქარს, რომლის მოპოვებაც შრომას არ სჭირდება.
  8. თანამედროვე ბავშვებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი უფლებები და მუდამ ამით გაშანტაჟებენ. ასევე კარგად რომ ვასწავლოთ საკუთარი ვალდებულებები, ძალიან კარგ შედეგს მივიღებდით.
  9. გამაოცა იმანაც, რომ ბავშვებს არა აქვთ სიბინძურის შეგრძნება. უმეტესობას შეუძლია იგორაოს იატაკზე, კიბეზე. სკოლაში მოვიდეს დასაუთოებელი, ბინძური სამოსით. სახელმძღვანელოები შეიძლება იყოს საკვების ლაქებით დაფარული. თუმცა, რა მიკვირს, თანამედროვე ფილმებში, ახალგაზრდები მშვიდად სხედან საზოგადოებრივი საპირფარეშოს იატაკზე, ახალნაყიდი პური შეუძლიათ დადონ სკვერის სკამზე, ძირს დავარდნილი სიგარეტი აიღონ და გააგრძელონ მოწევა...
  10. სულ ვცდილობდი, ჩემს ბავშვებს სულიერი იდეალები ჰქონოდათ. ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ოცნება, მისწრაფება. ერთმა მეექვსეკლასელმა დანანებით მითხრა, რომ ოცნებობს, მშობლიურ ენაზე სწავლობდეს... აი, ასეთი მისწრაფება ჰქონდა.

654
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
S. G
0
Ak ar kicxaven dgevandel taobas. Ak zustad asaxavs im realobas rac namdvilad gvakvs. Pedagogi ver shezlebs marto raimis gaketebas tu xeli ar shevucket chvenc mshoblebma. Da aramarto mshoblebma. Agar gvakvs cignebi normaluri. Agar aris iseti masala cignshi rom dainteresdes bavshi.meotxe klaseli bavshi matematikis cignshi 100 pargalshi mimateba gamoklebas ar unda scavlobdes mxolod.
22:52 / 11-10-2021
მმმმ
0
პედაგოგის ნიჭი იმაში მდგომარეობს, რომ დააინტერესოს მისი მომამავლი თაობა და არა გაკიცხოს.უინტერესო გაკვეთილები დღესაც არის და ადრეც იყო, დღესაც აბლუკუნებენ 1-2 ბავშვს გაკვეთილზე, ვერ გამოვიდნენ ამ იდიოტიზმიდან, ბავშვებს მოწონთ აქტიური გაკვეთილი, შეჯიბრი გაკვეთილზე, ბევრი კითხვა-პასუხი. გაკვეთილზევე რამდენიმე სავარჯიშოს შესრულება და საერთოდ აქტიური, სიცოცხლით სავსე, სინტერესო თემები მოწონთ. ჩვენ გვინდა თვითონ მოხდეს ეს ყველაფერი, ვერ მოხდება, თუ არ იმუშავა პედეგოგმა
18:47 / 10-10-2021
მსგავსი სიახლეები