მარინა ხარიტონაშვილი 25 წელია პედაგოგია. გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას ასწავლის. გეოგრაფიის მაგისტრი და დოქტორია. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა, რომელიც ინდოეთის ეგიდით ტარდება. ასევე, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მრავალწლიანი გამოცდილებით ახლა ჩვენს მკითხველს უყვება, როგორი ტიპის დავალება უნდა მისცეს მასწავლებელმა მოსწავლეს, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკულადაც კარგად გამოიყენოს და არც ზედმეტ ტვირთად გადაიქცეს:
- ვფიქრობ, ყოველდღიური დავალება წერილობითი ან პროექტის სახით საჭირო არ არის და არც ყოველ გაკვეთილზე უნდა შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მოსწრება კონკრეტული ქულით. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განსხვავებულ უნარებს ფლობს. ზოგს შეიძლება ხატვა უყვარს, ფილმის ნახვა ურჩევნია და სხვანაირად უნდა ინფორმაციის გადმოცემა. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ თითოეულ მათგანს მაქსიმალურად, ინდივიდუალურად მოვერგოთ და ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ტიპის დავალებები შევთავაზოთ, რომ შედეგზე გავიდეთ. შეიძლება - თამაშით, სახალისო ჯგუფური მუშაობით, ქვიზით, ტესტებით. მოსწავლე არ უნდა დაითრგუნოს საშინაო დავალების გამო და გაკვეთილზე მისვლა არ უნდა ეშინოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრო ან კარგად ვერ მოახერხა დავალების შესრულება. ბავშვებს ყოველ დღე 5-6 გაკვეთილი აქვთ მოსამზადებელი. მასწავლებელები კი ხშირად მხოლოდ საკუთარი საგნის საკითხებზე ფიქრობენ და ბევრ დავალებას აძლევენ. მგონია, რომ ყველა მათგანი ორიენტირებული უნდა იყოს ხარისხზე, შედეგზე და არა რაოდენობაზე. ამიტომაც, უმჯობესია, თუ ბავშვებს სახალისო და მცირე რაოდენობის დავალებას შევთავაზებთ, რითაც პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ ცოდნას, რასაც სახელმძღვანელოდან იღებენ.
- თქვენ რა ტიპის დავალებებს აძლევთ მოსწავლეებს და როგორ ფიქრობთ, რა უნარების განვითარებაში დაეხმარება ის მათ?
- გეოგრაფიაში რუკებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი საინტერესო ონლაინ პლატფორმაა, რასაც აქტიურად ვიყენებ. მოსწავლეს თავად შეუძლია შექმნას ტურისტული მარშრუტები, იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში ვირტუალურად და მოინახულოს მნიშვნელოვანი ადგილები. მაგალითად, ვთხოვ, გაზომოს მანძილი ორ დასახლებულ პუნქტს შორის, შექმნას სკუთარი ტურისტული მარშრუტი და აღწეროს, აღნიშნულ დასახლებულ პუნქტს შორის რისი ნახვა შეეძლება. პირველ რიგში, მოსწავლე მოცემული დავალებით იძიებს ინფორმაციას, იყენებს ცოდნას, სწავლობს მასშტაბის გამოთვლას, ეცნობა ღირსშესანიშნაობებს, აქტივობა სახალისოცაა და ინფორმაციულიც. ვფიქრობ, ასე შესრულებული დავალება და მიღებული ინფორმაცია უფრო ამახსოვრდებათ.
- მასწავლებელმა როგორ უნდა დააინტერესოს მოსწავლე საგნით? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.
- აუცილებელია არაფორმალური ელემენტების შეტანა როგორც საგნის სწავლის დროს, ასევე მოსწავლეებთან ურთიერთობაში. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა სახალისო აქტივობა შევთავაზოთ, მოსწავლეები ყოველთვის უნდა წავახალისოთ, აღვიქვათ უმცროს მეგობრებად, ყურადღება გავამახვილოთ თითოეულ მცდელობაზე, თუნდაც ჩვენ ეს მარტივ დავალებად გვეჩვენებოდეს, შევაქოთ და მოტივაცია მივცეთ, რომ კვლავ მოინდომოს, ისევ ეცადოს და გააკეთოს. ნიშნებზე ყოველთვის ორიენტირებული არ ვარ, მაგრამ შემაჯამებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ საკუთარი ცოდნა შეამოწმოს.
- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ პედაგოგები დავალებების შერჩევისას? არის ოპტიმალური დრო, რასაც კონკრეტული მოსწავლე უნდა უთმობდეს დავალებების შესრულებას, რომ მისთვის მოსაბეზრებელი არ გახდეს?
- მასწავლებელი აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ წინა დავალებისგან განსხვავებული აქტივობა შეურჩიოს მოსწავლეს, რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს. ვფიქრობ, თითოეული დავალება გათვლილი უნდა იყოს ოცი წუთიდან ნახევარ საათამდე. თუმცა, არის ტექნიკური საგნები, სადაც შეიძლება ბავშვს მეტი დრო სჭირდება ფიქრისა და მომზადებისთვის. მოსწავლეები ფიზიკურადაც ძალიან იღლებიან. მე, როგორც მასწავლებელი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ გეოგრაფიის გარდა, მოსწავლეს სხვა საგნებშიც აქვს დავალებები შესასრულებელი და მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინო. შეიძლება, ბავშვი 2-3 საათი ერთ დავალებას აკეთებს და ძალიან იღლება, მოტივაცია უქვეითდება და სხვა საკითხებს ვეღარ უთმობს სათანადო ყურადღებას. ზოგჯერ პედაგოგები ფიქრობენ, რომ თუ მოსწავლეს ბევრ დავალებას მისცემენ, კარგ შედეგზე გავლენ. თუმცა, მგონია, რომ ახალი მიდგომებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ყველა მასწავლებელი მიხვდება, რომ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავს.
- თქვენი აზრით, როგორია კარგი პედაგოგი?
- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, რომ კარგი პედაგოგისთვის თითოეული მოსწავლე მისი შვილი უნდა იყოს. ჩვენ ბავშვებს მხოლოდ კონკრეტულ საგანს არ ვასწავლით, ვზრდით, რომ ცხოვრების სწორ გზაზე დავაყენოთ და ამ დროს ისინი სულ უნდა ხედავდნენ ჩვენს სითბოს, მხარდაჭერას, ჰქონდეთ იმედი, რომ დავეხმარებით, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ არაფორმალურ გარემოში, სხვადასხვა ეტაპზე.
- ბოლო დროს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება კომპლექსურ დავალებებზე. რამდენად აქვთ ბავშვებს უნარი, ინტერნეტში ამხელა მოცულობის ინფორმაცია წაიკითხონ, დაამუშაონ და მოამზადონ, თანაც, როცა სხვა საგნებშიც უამრავი სამეცადინო აქვთ?
- კომპლექსური დავალება ჩვეულებრივი მოძიებული მასალისგან, რაც მხოლოდ ინფორმაციის მოძებნასა და გადმოტანას გულისხმობს, ძალიან განსხვავდება, რადგან კომპლექსური დავალება არის მინი-პროექტი, მინი-კვლევა, რომელშიც რამდენიმე აქტივობაა გაერთიანებული, რომ საბოლოო ჯამში მზა პროდუქტამდე მივიდეთ. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. ვერც ერთი მასწავლებელი ვერ იტყვის იმას, რომ კომპლექსური დავალებით მაქსიმალურ შედეგზე ყველა მოსწავლესთან გადის. შემიძლია კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რომლის მიხედვითაც, კომპლექსური დავალების დროს პირველი მოთხოვნაა, მოსწავლემ განსაზღვროს ინკების ცივილიზაციის მდებარეობა, მეორე, მოძებნოს ეს ობიექტები რუკაზე, მესამე, აღნიშნოს მარშრუტი, ეტაპობრივად მიჰყვეს ინსტრუქციას და ბოლოს დაწეროს პატარა ანალიტიკური ესე, რატომ დამარცხდა მოცემული ცივილიზაცია. კომპლექსური დავალება ბევრი სხვადასხვა უნარის გამოყენებას გულისხმობს და მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია არ არის საკმარისი. მოსწავლეს უწევს, გაიაზროს, დაფიქრდეს, იმსჯელოს და დასკვნები გამოიტანოს. მთავარია, მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს ინფორმაცია, ზუსტად გამოკვეთოს საფეხურები, რა უნდა გაიარონ დ რაზე გაამახვილონ ყურადღება. კონკრეტული თემის გავლის შემდეგ კომპლექსური დავალების შესრულებას ითხოვენ, რაც რთულია, რადგან ყველა საგანში ბავშვმა რაღაც უნდა იკვლიოს და პროექტი მოამზადოს. მაგრამ, თავად პედაგოგმა უნდა განსაზღვროს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა და სემესტრში 2 ასეთი დავალების შესრულება სთხოვოს მოსწავლეს.
- რატომ გახდა ეს დავალება მშობლებისთვის ძალიან დიდი დისკომფორტი, როცა თავად უწევთ შვილების ნაცვლად შესრულება, რა კეთდება ამ მიმართულებით არასწორად?
- აქტუალური პრობლემაა, რადგან ყველა მოსწავლეს ერთნაირი უნარი არ აქვს. ამ დროს ჩემი რჩევა იქნება ასეთი, რომ ბავშვი მივიდეს მასწავლებელთან და სთხოვოს, რომ სხვა კუთხით წარადგინოს დავალება, ისე, როგორც მისთვის უფრო გასაგები და მარტივია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კომპლექსური დავალება არ არის დოგმა, კანონი, რომელიც ზუსტად ისე უნდა შესრულდეს, როგორც წერია. მგონია, მასწავლებელთა ნაწილი მოსწავლეებს არასწორად აწვდის ინფორმაციას და ამიტომაც იქმნება გაუგებრობა. ვისაც შეუძლია, დაიცავს ყველა ინსტრუქციას, მაგრამ ვისაც არ შეუძლია, სხვა ფორმით წარადგენს. მოსწავლეს აქვს არჩევანის უფლება, კომპლექსური დავალება თავისებურად წარადგინოს, თუ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მასწავლებელთა დატრენინგება და გადამზადება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია.
- ზოგადად, როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება? რა უნარებს უნდა ამოწმებდეს? აუცილებელია მაინცადამაინც მთელი გვერდის სავარჯიშო შეასრულოს მოსწავლემ?
- ყოველ გაკვეთილზე კითხვა-პასუხის რეჟიმი საინტერესოა. როგორც აღვნიშნე, აუცილებელი არაა, დავალება წერილობითი სახით იყოს. ბრეინშტორმინგის მეთოდიც საინტერესოა. მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, იმუშაონ წყვილებში, ჯგუფებში, გახდნენ თავადაც მასწავლებლები და ცოდნა სხვებს გაუზიარონ. დავალება არ უნდა გადაიქცეს სასჯელად. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა აქტიურად უნდა იყოს ჩართული, კონკრეტული თემის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი სამუშაო შეასრულოს, რომ ნახოს რა შედეგი აქვს.
თამარ იაკობაშვილი