ლია გეგია უკვე მრავალი წელია პედაგოგია. 139-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის და 2019 წლიდან დირექტორის მოადგილეა. ასევე, დაწყებითი საფეხურის კათედრას ხელმძღვანელობს და მოსწავლეებთან ერთად, ბევრ საინტერესო პროექტს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ გარდა ცოდნისა, მნიშვნელოვანია ამ საფეხურზე მოსწავლეებმა მეგობერებთან კომუნიკაცია შეძლონ და ჰქონდეთ სოციალური უნარები. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით დაწყებითი საფეხურის კათედრას ვხელმძღვანელობ, სადაც არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ, ვამზადებთ ვიდეორგოლებს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარების პროცესში. პარალელურად, მეორე კლასის მასწავლებელი ვარ.
- რას უნდა მოიცავდეს საშინაო დავალების კომპონენტი, რომ მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის, საინტერესო იყოს?
- საშინაო დავალება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს განვლილ მასალასაც და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საერთო კონტექსტში გაიაზროს საკითხი, შეძლოს პრაქტიკაში გამოყენება. თუმცა, ძალიან არ უნდა დავტვირთოთ. ბავშვს დავალების შესრულება უნდა უხაროდეს. მასწავლებელმაცისე უნდა დაგეგმოს აქტივობა, რომ მოსწავლემ ყველა უნარის გამოყენება შეძლოს. მაგალითად, გაფერადება, აწყობა, დასკვნის გაკეთება, წერა, კითხვა. სწორედ ამიტომ, კომპლექსურ დავალებებსაც ვიყენებთ, რომ ეს კომპონენტები გავაერთიანოთ და თეორიული საკითხები ბავშვმა პრაქტიკაში განახორციელოს.
- თქვენი გამოცდილებით, ბავშვებს უფრო ხშირად რომელი საგნის სწავლა უჭირთ ხოლმე დაწყებით საფეხურზე?
- დაწყებით საფეხურზე ზოგჯერ უცხო ენის სწავლა უჭირთ ხოლმე. როცა ბავშვისთვის მშობლიური ენა ქართულია და პროგრამაში უცხო ენის კომპონენტი შემოდის, ზოგჯერ იბნევიან. ხოლო, როცა არც მშობლებმა იციან კონკრეტული უცხო ენა, დახმარება და რჩევის მიცემა უჭირთ.
- თქვენი აზრით, სკოლამდე ბავშვისთვის წერა-კითხვის, მათემატიკის გარკვეული საკითხების შესწავლა რამდენად სწორია?
- ბავშვმა სკოლამდელ ასაკში საბაზისო ინფორმაცია უნდა მიიღოს, გააფერადოს, დახატოს, ივარჯიშოს ხაზებისა თუ ფიგურების გამოყვანაში, მაგრამ ვფიქრობ, წინასწარ წერა-კითხვის და სხვა საკითხების სწავლება არ არის გამართლებული. როცა მოსწავლე პირველ კლასში მოდის და ამ ცოდნას უკვე ფლობს, ბეზრდება და საგაკვეთილო პროცესი აღარაა საინტერესო, ეკარგება მოტივაცია და სწავლის სურვილი.
- ონლაინსწავლებამ რა პრობლემა შექმნა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის?
- შარშან პირველი კლასი მყავდა. წინასაანბანო პერიოდი მშვენივრად გავიარეთ, მაგრამ როცა ანბანის შესწავლა დავიწყეთ, გაგვიჭირდა. წერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელი სათითაოდ ყველა მოსწავლესთან მიდის, ასწავლის ასოების მოხაზულობას, როგორ გამოიყვანოს და ჩასვას ბადეში. ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მშობლებმა უდიდესი როლი შეასრულეს, რისთვისაც მადლობა თითოეულ მათგანს. საკუთარ შვილებსაც და ჩვენც გვერდით დაგვიდგნენ და ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ რთული პერიოდის დაძლევა.
- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, დაწყებით საფეხურზე რა უნარებისა და ცოდნის მიღებაში უნდა დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეს, რომ სამომავლოდ წარმატების მიღწევა შეძლოს?
- მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეძლოს მეგობრებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. უნდა შეეძლოს თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა და იმის გააზრება, რომ საერთო საქმეში ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია.ამავე საფეხურზე მნიშვნელოვანია, ისწავლონ ქცევის კულტურა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
- თავად რა გეხმარებათ კარგი შედეგის მიღწევაში?
- ჩემთვის მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია.იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო იყოს, გარდა პროგრამული მასალისა, ბევრ პროექტს ვახორციელებ. მაგალითად, მოსწავლეს ვაძლევ შესაძლებლობას, თავად მოირგოს მასწავლებლის როლი, პრაქტიკაში გამოიყენოს ის, რასაც სწავლობს. ეს ყველაფერი კი შემოქმედებითი უნარისა და სასწავლო მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
თამარ იაკობაშვილი