"მათემატიკაში ძირითადი პრობლემები მეოთხე კლასიდან იწყება, როცა გროვდება საკითხები, რომლებიც თავის დროზე კარგად ვერ გაიგეს და ვეღარ მიჰყვებიან პროგრამას. მშობლებიც ეგუებიან, რომ მათი შვილი "ჰუმანიტარია" - მშობლები
რა გავლენა იქონია ბავშვების აზროვნებაზე ონლაინსწავლებამ და ზოგადად პანდემიამ, რატომ უჭირთ ხოლმე ბავშვებს მათემატიკის სწავლა და როგორ შეგვიძლია, მათ აზროვნების განვითარებაში დავეხმაროთ - მშობელთა აქტუალურ შეკითხვებზემათემატიკოსი და მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტის" დამფუძნებელი, პროექტ "ტელესკოლის" მასწავლებელი და მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი, დაჩი ნანობაშვილი გვპასუხობს:
- მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მოწადინებულნი იყვნენ, კარგად სწავლობდნენ და მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. ისინი ონლაინაც ახერხებდნენ ჩართვას, აქტიურობას და სხვადასხვა დავალების წარმატებით შესრულებას. ხოლო ის მოსწავლეები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, თავს არიდებენ ინიციატივის გამოჩენას, ონლაინ სივრცეში უფრო ახერხებდნენ პასიურობას. პანდემიის პირობებში ოლიმპიადა არ ჩაგვიტარებია, შესაბამისად, საილუსტრაციოდ ვერ გვექნება შედარების საშუალება. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ბევრი ბავშვი აკეთებდა ტესტებს, რომლებიც შემოთავაზებულია, თუმცა მათი რიცხვი ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია და ასევე, ვერ გვექნება ზუსტი მონაცემი, რადგანაც არ ვიცით, სახლში მას დამოუკიდებად აკეთებენ თუ უფროსებიც ეხმარებიან. გარდა ამისა, ახლა პრობლემას ქმნის ჰიბრიდული სწავლების მეთოდი, როდესაც მასწავლებელს აღარ რჩება იმდენი დრო, რომ ერთ გაკვეთილში ყველას თანაბრად დაუთმოს ყურადღება. ონლაინ სწავლების შემთხვევაშიც დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხან ტექნიკური შეფერხება ემატებოდა და შესაბამისად, ხარისხს ამცირებდა.
- ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ბავშვების ზოგადი აზროვნების დონე უარესდება, თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- გამიჭირდება მოცემულ მოსაზრებას დავეთანხმო იმიტომ, რომ მსოფლიო ვითარდება, შესაბამისად, აზროვნების კუთხით, პირიქით, ძალიან ბევრ მიღწევას, ინოვაციას სწორედ ახალი თაობის წარმომადგენლები ქმნიან, სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების ინტერესები წლიდან წლამდე იცვლება. მე ვასწავლიდი მაშინაც, როცა მობილური ტელეფონი ახალი შემოსული იყო და ვასწავლი ახლაც. იგივე შემიძლია ვთქვა იუთუბზე, სხვადასხვა ონლაინ რესურსზე. ბავშვების ინტერესი იმ ფორმით და იმ რესურსით, რითაც უმრავლეს შემთხვევაში ახლა ასწავლიან,ნამდვილად შესუსტებულია, თუმცა ეს მათი ბრალი არ არის. მათთვის საინტერესო არ არის შავით თეთრზე დაწერილი მშრალი წინადადებები და ამოცანის პირობები, რადგანაც გაცილებით უფრო საინტერესო რაღაცეებს უყურებენ ან კითხულობენ ინტერნეტში. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არა ბავშვების ბრალი, არამედ იმ მოძველებული მეთოდების, ლიტერატურისა და მიდგომების ბრალია, რასაც დღეს ხშირად სთავაზობენ სკოლებში. შესაბამისად, ხშირადვე ამბობენ მშობლები, რომ მათი შვილები ვერ სწავლობენ. მე კიდევ ვიტყვი, რომ უბრალოდარ აინტერესებთ, არ მოსწონთ მოძველებული ფორმით მიწოდებული ინფორმაცია. ვერ ხედავენ მასში პრაქტიკულ კომპონენტებს და ხშირად, მხოლოდ ამოცანის მოცემულობად აღიქვამენ. მაგალითად, თუ ამოცანის პირობაში საყიდლებთან დაკავშირებითაა ინფორმაცია მოცემული, შესაძლოა არ დააინტერესოს მოსწავლეს, თქვას, რომ ვერ გაიგო და აღარ გაუჩნდეს მოტივაცია, რომ გაკეთებას შეეცადოს. თუ ამ ამოცანას დავუკავშირებთ ფეხბურთს და ბავშვი ამავდროულად, ფეხბურთზე დადის ან უყვარს, შეიძლება ისეთი ინტერესით ჩაერთოს, რომ გაცილებით რთული პრობლემა გადაჭრას, ვიდრე მაგალითად, საყიდლების თემაზე იყო შემოთავაზებული. ხომ ვერ ვიტყვით, რომ გონებრივად არ შეუძლია რაღაცის გაკეთება, არა, პირიქით, უბრალოდ არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის მიწოდება, გადაცემა აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს. ბევრი თვალსაჩინოება უნდა იყოს წარმოდგენილი. ,,ტელესკოლის“ გაკვეთილების პოპულარობის განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ ამოცანები გავაცოცხლე, პერსონაჟები შემოვიყვანე, ერთმანეთში ვასაუბრე, კომიქსური ტიპის ამბები მოვიყვანე, მხოლოდ ამოცანა კი არ დავწერე დაფაზე და ამოხსნა მივუთითე, ბებია და შვილიშვილი ერთმანეთთან ვალაპარაკე, მიწოდების ფორმატი შევცვალე და როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათი შვილები ერთი და იგივე ვიდეოგაკვეთილებს რამდენჯერმე უყურებენ და ხალისით ერთვებიან ამოხსნის პროცესში. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვების აზროვნების დონე კი არ დაქვეითდა, ლიტერატურაა შესაცვლელი, მიწოდების განსხვავებულ ფორმაზე უნდა ვიმუშაოთ. ყველა სტანდარტული ამოცანა გადაკეთებული მქონდა ისე, რომ ბავშვებს რაღაც თავადაც გაეკეთებინათ, კეთებით ესწავლათ კონკრეტული საკითხები. "ტელესკოლაშიც" და საკვირაო სკოლაშიც, რომელიც პანდემიამდე მქონდა, მსგავს მიდგომას ვიყენებდი. სწორედ ამ გამოცდილებით, დამხმარე რესურსი შევქმენი, რომელიც დაახლოებით 300-მდე სკოლის 10 ათასმა ბავშვმა შეიძინა. უკუკავშირს მასწავლებლებისგან, მშობლებისგან ვიღებ, ამბობენ, რომ ბავშვები სიხარულით აკეთებენ იმ დავალებებს, სადაც კომიქსური ტიპის ფორმაა შეთავაზებული. როგორც აღვნიშნე, მხოლოდ მშრალი ტექსტი აღარაა თანამედროვე თაობისთვის საინტერესო. მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, იქ მარტო ტექსტები იყო. თანამედროვე წიგნებში ტექსტი და სურათი შემოიტანეს. მაგალითად, თუ ამოცანა ფეხბურთს ეხებოდა, გვერდზე შესაძლოა ბურთი დაეხატათ. უკეთესი ვარიანტია, ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ესეც მოძველდა და აღარაა საკმარისი. ამბად უნდა იყოს გადმოცემული და მერე ხალისით გააკეთებენ.
- რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში მასწავლებელთა მოტივაციას, მათ ჩართულობასა და მონდომებას?
- ბუნებრივია, არიან მასწავლებლები, რომლებსაც არ სურთ დამატებითი რესურსის შეტანა იმიტომ, რომ ამის დამზადება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საკვირაო სკოლისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით მასწავლებლები, რომ გარკვეული რესურსი დაგვემზადებინა, რომელსაც გაკვეთილზე გამოვიყენებდით. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, თუმცა გაკვეთილი ხალისით მიდის და ყველა ჩართულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამზადებული რესურსი, საკითხი უკვე მოცემულია იმ დამხმარე წიგნში, რომელიც შევადგინე და ვაჩვენე სკოლებს, ძალიან ბევრმა სიხარულით მიიღო, თუმცა იყვნენ მასწავლებლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროგრამულ საკითხებსაც ვერ ასწრებენ და დამატებითი რესურსების გამოყენება არ სურდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი გაკვეთილები იქნება მოძველებული, მხოლოდ დაფასთან გასვლითა და ამოცანის ამოხსნით, რაც, როგორც გითხარით, ხშირად აღარ აინტერესებთ ბავშვებს და ამბობენ, რომ ვერ იგებენ.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ, ვისაც ონლაინსწავლების დროს მათემატიკის სწავლა გაუჭირდა და პროგრამას ჩამორჩა?
- აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ძირითადი საკითხების შესახებ მივცეთ ბავშვებს გამეორების, დამატებით მეცადინეობის შესაძლებლობა, რომლებიც კონკრეტულ კლასში საბაზისო და აუცილებელია. ყველა კლასში შეგვიძლია გამოვყოთ რაღაც მნიშვნელოვანი და საბაზისო საკითხები და არა მთელი პროგრამა. მაგალითად, მე-5 კლასში - წილადები, მე-6 კლასში - წილადები, ათწილადები და მათზე მოქმედებები, მეოთხე კლასში - გამრავლება-გაყოფა, შეკრება-გამოკლება დიდ რიცხვებზე და ასე შემდეგ. ამისათვის, შესაძლოა სთხოვოთ მასწავლებელს დახმარება, რომელიც ასწავლის ბავშვს და უკეთ იცის მისი შესაძლებლობები. ან სთხოვეთ, გითხრათ, რაში სჭირდება ბავშვს დახმარება და დამატებით, რეპეტიტორს მიმართეთ, რომელმაც, როგორც აღვნიშნე, უნდა აუხსნას ის ძირითადი და ფუნდამენტური საკითხები, რაც მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელია და მას ეფუძნება შემდეგი ცოდნა. ამის დაძლევა, ინტენსიური მეცადინეობით, ზაფხულში ერთ თვეშიც შესაძლებელია.
- როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ ბავშვებს მათემატიკის სწავლა? ყოველ წელს საუბრობენ, რომ მათემატიკის გამოცდაში ცუდი შედეგები აქვთ.
- გარკვეულწილად, ეს არის ისევ დაინტერესების ამბავი და როგორც აღვნიშნე, ბავშვებს აღარ აქვთ მოტივაცია, მხოლოდ მშრალად დაწერილი ამოცანები ამოხსნან. შედეგად, ხშირად ამბობენ, რომ ვერ გაიგეს და არ შეუძლიათ დაწერა. გარდა ამისა, მათემატიკა არის საგანი, რომელიც წინარე ცოდნას ემყარება. საჭიროა განვლილი მასალის ცოდნა, რომ მომდევნო ისწავლო. როდესაც რაღაცები გამორჩებათ, მომდევნო მასალებს ვეღარ იგებენ, უქვეითდებათ თვითშეფასება და ამბობენ, რომ ძნელია. ძირითადად, ეს მეოთხე კლასის შემდეგ იწყება. რაღაც საკითხები გროვდება, რომლებიც ვერ გაიგეს და ვეღარ მიჰყვებიან პროგრამას. მშობლებიც ამბობენ ხოლმე, რომ ჩემი შვილი ჰუმანიტარია, ტექნიკური საგნების მიმართ არ აქვს მიდრეკილებაო. რეალურად კი, შესაძლოა რაღაც უკეთესად გამოსდიოდეს იმიტომ, რომ ინტერესი მაღალი აქვს, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების ათვისება ყველას შეუძლია. როგორც აღვნიშნე, მათემატიკა არის საგანი, სადაც პროგრამაში ჩამორჩენა, გაცდენა და გაუგებარი საკითხების დაგროვება საბოლოო ჯამში ცუდ შედეგს იძლევა. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ დროულად აღმოვაჩენთ, რომელ საკითხს ჩამორჩა მოსწავლე, რომ კონკრეტულად მასზე ვიმუშაოთ. მე ვფიქრობ, რომ სკოლებში სადიაგნოსტიკო ტესტები ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს. ფინეთის სკოლების წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ ძალიან ხშირად ამოწმებენ განვლილ თემებს და მუშაობენ კონკრეტულად იმაზე, სადაც ჩამორჩენა აქვთ.
- რამდენად შესაძლებელია უცხოური გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების ქართული განათლების სისტემაში გადმოტანა?
- ერთი კონკრეტული წიგნი რომ ავიღოთ, იქ შეიძლება ისეთი რამ შეგვხვდეს, რაც ძალიან გაგვიკვირდეს. მეთოდურადაც კი არ იყოს ჩვენთვის გამართლებული. მაგალითად, პირველი კლასის ერთ-ერთ ინგლისურენოვან წიგნში წილადები მაქვს ნანახი. ამიტომაც, ერთი კონკრეტული რაღაცის ნახვა და პირდაპირ გადმოტანა არასწორია. უნდა ვნახოთ სრული სურათი, მათ შორის, როგორია მასწავლებლის წიგნი, სკოლამდელ ასაკში რა ტიპის ცოდნასა და უნარებს იღებენ, როგორ ემზადებიან სკოლაში შესასვლელად, რა ინფორმაციას აგროვებენ და ასე შემდეგ. ძალიან რთულია ვთქვათ, რომ, მაგალითად, ინგლისში პირველ კლასში 100-ის ფარგლებში ასწავლიან და მოდი, ჩვენც ასე ვასწავლოთ, რადგანაც განსხვავებული სისტემაა. მსგავსი ცვლილებების დროს შესაბამისი კვლევა, მეთოდისტების, ფსიქოლოგების, სპეციალისტების ჩართულობაა საჭირო. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, რატომ არ იღებენ წარმატებული ქვეყნის მაგალითს და პირდაპირ რატომ არ გადმოაქვთ სისტემაში, თუმცა, როგორც ვთქვი, პირდაპირ იმის გადმოტანა, რაც სხვა ქვეყანაში წარმატებულია, არ მგონია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც გაამართლებს.
- წლიდან წლამდე როგორ იცვლება სასკოლო პროგრამა?
-არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა. აქამდე ასე იყო, წიგნი, რომელიც გრიფს მიიღებდა, 5 წელი აღარ იცვლებოდა. მაგალითად, ბევრმა წიგნმა გრიფი 2011 წელს მიიღო და კონკრეტული ჩამონათვალია, რა დროს რა უნდა ისწავლონ. შემდეგ, 5 წლის თავზე, ანუ 2016 წელს უნდა შეცვლილიყო, რაც 2018 წლამდე ვერ მოხერხდა. ახლა კიდევაა საუბარი იმაზე, რომ ახალი გრიფირების საკითხიდაახლოებით 2 წელიწადში უნდა დადგეს, სადაც თემები იქნება შეცვლილი. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა შეიცვლება და რა ტიპის მასალა განახლდება.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მშობლებს, როგორ განვუვითაროთ ბავშვებს აზროვნება, როგორ დავეხმაროთ პროგრამის დაძლევაში?
- რა თქმა უნდა, ამის პირდაპირი ფორმულა არ არსებობს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა დაბალი თვითშეფასებაა, როცა ბავშვებს რაღაც არ გამოსდით. ამ შემთხვევაში, მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანია იმის მიღწევა, რომ ბავშვებს დავაჯეროთ, რომ მათემატიკა, ის საკითხები, რასაც პროგრამულად გადიან, არ არის რთული. წინარე ცოდნა, რაც გავლილი აქვთ, იმის გამეორება, აქცენტის გაკეთება კარგი საშუალებაა, ბავშვმა დაიჯეროს, რომ რაღაცები გამოსდის, შეუძლია და იმას, რაშიც სირთულეს ხედავს, აუცილებლად დაძლევს. ამიტომ, ჩემი მთავარი რჩევა იქნება, ვიფიქროთ ბავშვების თვითშეფასების ამაღლებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ხშირი დაკვირვება, თუ რა საკითხი უჭირს. მშობელი ხშირად ნიშანს აკვირდება და იმის მიხედვით გამოაქვს დასკვნა. თუ ეს ნიშანი მაღალია, ან მისთვის დამაკმაყოფილებელი, აქ მთავრდება ინტერესი, ხოლო რეალურად, რა ცოდნა აქვს ბავშვს, არ იციან. ამიტომაც, ჩემი კიდევ ერთი რჩევა იქნება, ხშირად გადაამოწმეთ თქვენი შვილის ცოდნა, დღეს ძალიან ბევრი რესურსია ინტერნეტში, არსებობს დამხმარე სახელმძღვანელოები და დააკვირდით, რა მიმართულებით აქვს პრობლემა და კონკრეტულად მის აღმოფხვრაზე იმუშავეთ.