"უპირველესად მშობელმა შვილს უნდა ასწავლოს, რომ ყველაფრის ფასად არ ღირს წარმატების მიღწევა..." - მამა ბასილი ბავშვებთან ურთიერთობასა და აღზრდის საკითხებზე - მშობლები
მღვდელი ბასილი ფოსური გორისა და ატენის ეპარქიაში, ქ. გორის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში 2014 წლიდან მსახურობს. 2017 წლის ივნისში ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნა და მას შემდეგ ბავშვები არა მარტო გორიდან, არამედ სხვა ადგილებიდან მიდიან და საინტერესო გაკვეთილებს, რჩევებს ისმენენ სიკეთესა და ადამიანობაზე. ვიდეოები კი სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. მღვდელი ბასილი თავად გვიყვება, რამდენად აუცილებელია ბავშვთა ასაკში მსგავს თემებზე საუბარი და რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც მშობელმა შვილს უნდა ასწავლოს:
- ყოველ ორშაბათს, 6 საათზე სამადლობელ პარაკლისს ვიხდით, ერთად ვლოცულობთ ტაძარში და შემდეგ უკვე საკვირაო სკოლის შენობაში შევდივართ. ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მრევლის ბავშვებიც არიან, გორიდანაც მოჰყავთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თბილისიდანაც ჩამოვიდნენ ბავშვები. საშუალოდ, 50-მდე ბავშვი ესწრება ხოლმე, ზოგჯერ შესაძლოა ცოტა ნაკლები, ან კიდევ მეტი. რეგისტრაციას არ ვაკეთებთ დ წინასწარ არ ვიცით, რამდენი ბავშვი მოვა. დასწრება თავისუფალია და გადასახადიც არ არის. ყველა მშობელს ვეუბნები, რომ შვილებს მოსვლა არ დააძალონ. პირიქით, თავად გამოხატონ სურვილი. ეს ბავშვები თავიანთი სურვილით მოდიან და რომ არ მოსწონდეთ პროცესი, აღარ გააგრძელებდნენ სიარულს. ხშირად თავად სთხოვენ მშობლებს, რომ ჩვენს საკვირაო სკოლაში წამოიყვანონ. მონოლოგის რეჟიმი არ გვაქვს, დიალოგს ვმართავთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვები ჩართულები იყვნენ საუბარში და ამიტომ, მათთვის ეს მოსაწყენი არ არის. 2014 წლამდე სოფელ დოესშიც ვმსახურობდი, დოესის და ფლავის სკოლებში მივდიოდი ხოლმე ბავშვებთან, გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ და მე სხვადასხვა თემაზე ვესაუბრებოდი. ბავშვების მონდომება ძალიან დიდი იყო და ახლაც ასეა.
- როგორ ფიქრობთ, რას სწავლობენ თქვენი გაკვეთილებიდან ყველაზე მთავარს ბავშვები?
-რას სწავლობენ, ალბათ, თავად ბავშვებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ პირველ რიგში, თეთრისა და შავის გარჩევა ისწავლონ, ასევე რა შედეგს მოიტანს სიკეთე ან ბოროტება. საბოლოო ჯამში, ბავშვი არჩევანს ხომ თავად აკეთებს. მთავარია, მეორე ადამიანთან ადამიანური დამოკიდებულება, სიმდაბლე, სიყვარული ისწავლონ. შეიძლება კაცი ძალიან ნასწავლი, წიგნიერი იყოს, მაგრამ ეს ღირსებები აკლდეს. ჩვენთვის კი მთავარია, ადამიანმა ღირსება შეინარჩუნოს. თუ ჩვენ მივაღწიეთ, რომ ბავშვებს ეს ვასწავლეთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. შეიძლება ხვალ ან ზეგ არ გამოჩნდეს, ბავშვები არიან, გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ ეს ჩადებული მარცვალი, სადღაც გაღვივდება და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მჯერა, რომ უკვალოდ არ ჩაივლის.
- რამდენად აუცილებელია ბავშვთა, მოზარდთა ასაკში ისეთ თემებზე საუბარი, როგორებიცაა სიკეთე, ადამიანური ღირებულებები და როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ესაუბრებოდეს მათ ამ საკითხებზე?
- ვფიქრობ, ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმ ფორმით, რა ფორმითაც ბავშვი გაიგებს. ყველა უნდა ესაუბრებოდეს, მათ შორის, მშობელი, მასწავლებელი, შეიძლება ეს მეზობელიც იყოს... როგორც ბატონი შალვა ამონაშვილი ამბობს, ბავშვთან როცა ვართ, დრო ტყუილად არ უნდა დავკარგოთ, უნდა ველაპარაკოთ, რაღაც ვასწავლოთ. ჩვენ ხომ ძირითადად მათთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. რომ გადავთვალოთ, შესაძლოა დღის განმავლობაში 1 საათი გვქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და იმ ერთ საათსაც თუ ჩუმად ვიქნებით და არაფერს ვასწავლით, არაფერი გამოვა. გორის სასულიერო გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებელიც ვარ და მარტო საღვთო სჯულის მასწავლებელი კი არ უნდა ესაუბრებოდეს მოსწავლეებს ამაზე, არამედ ქართულის, მათემატიკის, ისტორიისა თუ სხვა საგნის პედაგოგი, რადგან მთავარი ღირსება, ადამიანობაა. შეიძლება ადამიანი ნასწავლი იყოს და ღირსება აკლდეს.
- რა არის ის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მშობლები აუცილებლად უნდა ესაუბრებოდნენ შვილებს და გარკვეულ რჩევებს აძლევდნენ?
- მშობლებმა შვილებს დროის სწორად გამოყენება, შრომისმოყვარება უნდა ასწავლონ. უთხრან, რომ ცხოვრებაში დამოუკიდებლად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თეთრისა და შავის გარჩევა ასწავლონ. მშობელი ბავშვის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ შედეგებზე უნდა დააფიქროს - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კარგ საქციელს და რა - ცუდს. მშობელი შვილს ეთიკის ნორმებზეც უნდა ესაუბრებოდეს და ასწავლიდეს, როგორ უნდა მოიქცეს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მეზობელთან, სხვა ადამიანთან. უნდა ესაუბრებოდეს როგორც ზნეობრივ საკითხებზე, ისე სულიერ თემებზე. არსებობს ზნეობრივი კანონები, მაგალითად ადამიანი თუ წავა და ტალახში ჩაწვება, ეს მისთვის შეუფერებელი საქციელია, მაგრამ თუ სულიერ კანონს დაარღვევს, იმდენად არ ჩანს, როგორც ის, ტალახში რომ ჩაწვება, მაგრამ სულიერი კანონის დარღვევა მისთვის გაცილებით უფრო საზიანო იქნება. არ შეიძლება ფიზიკური კნონის დარღვევა, მაგალითად, ვინმე მე-5 სართულიდან რომ გადმოდგეს, თქვას, რომ მიზიდულობის კანონი არ არსებობს, ფეხი ჩამოდგას - ის ჩამოვარდება და დაეცემა. მშობელი ხშირად ეუბნება შვილს, რომ ფანჯარაზე ასვლა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, გადავარდეს. იგივენაირად უნდა ასწავლოს ზნეობრივი კანონი - ადამიანი ხარ და არ შეიძლება ამ სიმაღლიდან დაბლა ჩამოხვიდე და უზნეოდ მოიქცე.
- თანამედროვე სამყაროში, როცა ადამიანები მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, წარმატების მიღწევას, ბავშვთა ასაკში რა შეიძლება ასწავლოს მშობელმა ან პედაგოგმა შვილს, რომ მომავალში შეცდომები თავიდან აირიდოს?
- უპირველესად, რაც მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს ის არის, რომ ყველაფრის ფასად არ ღირს წარმატების მიღწევა, ყველაფრის ფასად არ ღირს თავის დამკვიდრება. უნდა უთხრას, რომ ისე გაიკვლიოს გზა, სხვაზე ფეხის დაბიჯება არც კი იფიქროს. სხვა ადამიანის წარმატება დააფასოს. იყოს შრომისმოყვარე. შრომით უნდა აჯობოს სხვას და არა იმით, რომ დაამციროს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სხვის ცუდი საქციელის ფონზე საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის მცდელობა ხშირია. ეს არასწორი გზაა. პირიქით, თავად უნდა ვიყოთ უფრო მეტად შრომისოყვარე და საქმის ერთგული, მიზანდასახული. მე ვფიქრობ, ეს ადამიანის ძალიან დიდი ღირსებაა. უნდა ერჩივნოს, სხვის გაწირვას, დაჩაგვრას, თავად გამოვიდეს დაჩაგრული. ვაჟა-ფშაველა ამბობს: "ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა". ისევ ჯობს, შენ დაიჩაგრო, ვიდრე შენ გამო სხვა ადამიანს მიადგეს ზიანი. ხშირად ადამიანები ამბობენ, რატომ უნდა დავიჩაგრო, თავად უნდა ვიყო მგელი და მგელზე უფრო მგელიო, მაგრამ თუ ამ საკითხს ქრისტიანულად, ადამიანურად და ზნეობრივად შევხედავთ, ჯობს, შენ მოგაკლდეს რაღაც, ვიდრე შენ გამო სხვა იყოს ცუდად. ადამიანი რომ სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგებას არ ცდილობდეს, სწორედ ეს უნდა ასწავლოს მშობელმა შვილს.
- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად აკლიათ ბავშვებს საუბარი იმ თემებზე, რომლებზეც თქვენ ესაუბრებით ხოლმე თქვენს მოსწავლეებს?
- ვფიქრობ, ძალიან აკლიათ. როგორც ჰაერი, ისე სჭირდებათ. უბრალოდ, ბევრმა არ იცის, რომ სჭირდება. მაგალითად, თუ ადამიანს რაიმე ტკბილი არ უჭამია, მან არ იცის, რომ ეს უნდა. მაგრამ თუ ერთხელ გასინჯავს, შესაძლოა მოეწონოს და კიდევ მოუნდეს დაგემოვნება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვებთან რაღაც მომიყოლია, რომ შემიხედავს, თვალზე ცრემლი ადგებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გულში რაღაც მოხდა და ესაა ყველაზე მთავარი. მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია მათ გულამდე მიიტანო სათქმელი. ზოგჯერ ვამბობთ, რომ ბავშვებს არ უნდათ ამ საკითხებზე საუბარი, ვერ იგებენ ან არ აინტერესებთ - ძალიან კარგად იგებენ, თუ იმ ენაზე ეტყვი, რა ენაც მათ იციან. ეს ენა სიყვარულის ენაა. მთავარია, გულში რომ სიმებია, ისინი შეარხიო და მერე ბავშვს ძალიან მოსწონს და აინტერესებს. რამდენჯერ უთხოვიათ ჩემთვის, რომ კარგი ისტორიები მოვუყვე, რომლებიც რაღაცას ასწავლის, თავად გამოუჩენიათ ინიციატივა და ჩართულან საუბარში.
- რა არის ბავშვთან ურთიერთობის საუკეთესო გზა?
- ყველაზე მნიშვნელოვანია, დააფასო ბავშვი, როგორც პიროვნება, დახარო თავი და გახდე მისი ტოლი. უნდა მივცეთ ერთად ფიქრის, მსჯელობის საშუალება. უნდა გავუთანაბრდეთ და ვითანამშრომლოთ. დავაფასოთ და მივცეთ არჩევანის საშუალება. როცა ბავშვები დაინახავენ, რომ ჩვენი ტონი თხოვნაა და არა მოთხოვნა, მაშინვე იწყებენ თანამშრომლობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეთამაშოთ. მათი თამაშის წესებს თუ ავყვებით, წარმატება გარანტირებულია. ხშირად მათ ჰგონიათ, რომ თამაშობენ, ამ დროს კი ვცდილობ, რაღაცები ვასწავლო.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მშობლებს და რაში ცდებიან ყველაზე მეტად დღევანდელი პედაგოგები და მშობლები, თქვენი გადმოსახედიდან?
- მე შემიძლია გითხრათ, თავად რაში ვცდები ხოლმე: ნაკლებ დროს ვუთმობ შვილებს. ბავშვს დრო აუცილებლად უნდა გამოუყო. თუნდაც ნახევარი საათი რომ ესაუბრო, ეთამაშო, რაღაც წაუკითხო და ასწავლო, ძალიან კარგია. ოღონდ ეს ნახევარი საათი ნაყოფიერი უნდა იყოს და არა ისე, რომ თან ჭურჭელს ვრეცხავდეთ, სახლს ვალაგებდეთ და ნახევრად ვუსმენდეთ შვილს. ყველაფერს უნდა დავანებოთ თავი და ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს ნახევარი საათი მშობელი მას ეკუთვნის. ასევე, ბავშვთან ბრძანებით ურთიერთობა არ შეიძლება და აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ცუდზე, არამედ კარგზე. მოტივაცია უნდა მისცე, რომ შეუძლია რაღაცის გაკეთება და გამოუვა. ჩვენი მოვალეობაა, ბავშვში საუკეთესო თვისებები აღმოვაჩინოთ და მის განვითარებაში დავეხმაროთ. ვიღაცას ხატვა რომ არ შეუძლია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიმღერაც არ გამოსდის. ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ ის, რაც არ შეუძლია. ალბერტ აინშტაინი ამბობს, რომ ასეთ დროს დავემსგავსებოდით ადამიანს, რომელიც თევზს სთხოვს, რომ ხეზე ავიდეს. თევზი ხეზე რომ ვერ ავა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია - რაც შეუძლია, იმას გააკეთებს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე ვიყო მაგალითი შვილისთვის, საქმით ვაჩვენო როგორ უნდა იცხოვროს.
- რაში ეხმარება ადამიანს რწმენა, რელიგია, სულიერება?
- მორწმუნე ადამიანიც და ურწმუნოც ცოდვილია, თუმცა ერთი ნანობს საკუთარ შეცდომებს, მეორე - არა. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა თქვა: წარმოიდგინეთ, წიწილა, რომელიც ინკუბატორში იზრდება, მეორე წიწილა კი - ბუნებრივ პირობებში, ღობეში გაძვრება, თავისუფლად ირბენს, რომელი უფრო ძლიერი იქნება? - რა თქმა უნდა ის, რომელიც ბუნებრივ პირობებში იზრდება, მას ხიფათიც უნახავს, საიდანღაც ჩამოვარდნილა... ასეა მორწმუნესა და ურწმუნოს შორის. ურწმუნოს რომ რაღაც განსაცდელი შეემთხვევა, იბნევა, სასოწარკვეთილებაში ვარდება. მორწმუნემ კი იცის, რომ ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენი თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება ზეციერი მამის ნების გარეშე. ამის რომ სჯერა ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ უიმედოდ იყოს? ბავშვობაში ალბათ, ხშირად წავუყვანივართ მშობელს, უცხო, ხალხმრავალ ადგილზე, ბავშვი არ ფიქრობს რითი იმგზავრებენ, სად დარჩებიან ღამე, რას შეჭამენ და ა.შ. ერთადერთი საზრუნავი იმ დროს ის იყო, რომ მშობლებზე ხელი კარგად გვქონოდა ჩაჭიდული. მაგრამ, თუ ბავშვს ხალხმრავლობაში მშობელზე ხელი გაეშვება და თვალსაწიერიდან დედასა და მამას დაკარგავს, მაშინ შეეშინდება. ადამიანს, რომელსაც ღმერთის იმედი აქვს, ხელი აქვს ჩაჭიდული, თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ხოლო, თუ ღმერთზე ხელი აქვს გაშვებული, ის უფრო მეტად დაბნეული და შეშინებულია. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, მე მჯერა, რომ ღმერთი უბედურებას არ მოახდენს, თუ ამ უბედურებით უფრო დიდ უბედურებას არ შეუშლის ხელსო. ადამიანს რომ ამის სჯერა, რამ უნდა შეაშინოს? ჩვენ გვჭირდება, რომ ღმერთის გვწამდეს. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც ღმერთის სჯერა, იცის, რომ სულ უყურებს და რომელიმე სამსახურში, იქ უფროსი თვალს რომ მოაშორებს, საქმეს გულგრილად არ გააკეთებს. პირიქით, მან იცის, რომ ღმერთი უყურებს და სინდისის საწინააღმდეგო საქმეს არ გააკეთებს. ასეთი ადამიანი საკუთარი სამშობლოსთვისაც უფრო გამოსადეგია. ყველა ადამიანმა რომ იცოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ღმერთი არსებობს და ყველაფერს ხედავს, როგორი პატიოსანი, შრომისმოყვარე, მუყაითი იქნება. ყველა რომ თავის საქმეს პატიოსნად აკეთებდეს, ჩვენი ქვეყანა მაშინ შვებით ამოისუნთქებდა.