ნინო რამაზაშვილი 13 წელია სკოლა "ოპიზას“ მუსიკის პედაგოგია. ამბობს, რომ მუდმივად ახლის ძიება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სურს, საკუთარ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ისე შეაყვაროს ეს საგანი და მიმართულება, როგორც თავად უყვარს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მისი მოსწავლეების მიერ ჟესტიკულაციურად შესრულებული დიმიტრი შოსტაკოვიჩის #2 ვალსი გავრცელდა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ნინო რამაზაშვილი თავად გვიყვება ამ პროექტისა და მოსწავლეთა დაინტერესების შესახებ:
- მუსიკა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და ძალიან მინდა, ბავშვებსაც შევაყვარო. საკუთარი თავი მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია და ჩემი დიდი სურვილია, რომ სხვადასხვა აქტივობით, მრავალფეროვანი მეთოდებით და სწავლების თანამედროვე მიდგომებით გავუღვივო ამ საგნის მიმართ ინტერესი. ჩემს პროფესიასა და საქმიანობაზე უზომოდ ვარ შეყვარებული და ვფიქრობ, ამ სიყვარულს მოსწავლეებიც გრძნობენ.
ბავშვებთან ერთად გადავწყვიტე, რომ მსოფლიო შედევრი, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ვალსი დამედგა. გასულ წელს ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია წარმოვადგინეთ და წელს ეს ულამაზესი ვალსი. ძალიან მინდოდა, განსხვავებული და ბავშვებისთვის საინტერესო პროდუქტი შემექმნა, რათა საგაკეთილო პროცესი ყოფილიყო მეტად სახალისო და აქტიური. შედეგად, სხვადასხვა მოძრაობა მოვიფიქრე. გარდა მოძრაობებისა, ბავშვებს თეორიულადაც გავაცანი კომპოზიტორის და მისი ნაწარმოების შესახებ ინფორმაცია. ჩემი პროექტის სახელმწოდებაა „მუსიკალური პულსი“. მოგეხსენებათ, ბავშვის ცხოვრებაში რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს თამაშობს, ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას, ამდიდრებს მოსწავლის შემეცნებით სამყაროს და შინაგან დისციპლინას განამტკიცებს. სწორედ ესაა ის, რასაც მუსიკა ბავშვებს ასწავლის და ვფიქრობ, ეს უნარები უმნიშვნელოვანესია.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მუსიკა ბავშვს უნდა აძლევდეს?
- ვფიქრობ, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს და ასევე, იცნობდნენ იმ დიდ შემსრულებლებს, კომპოზიტორებს, რომლებსაც მსოფლიო იცნობს. მგონია, რომ ბავშებს კომპოზიტორების შესახებ აუცილებლად უნდა ვესაუბრებოდეთ. გარდა ამისა, ვეცადოთ გავუღვივოთ მუსიკისადმი სიყვარული. გაკვეთილზე რომ შევდივარ, ძალიან აქტიურები, მოწესრიგებულები, უზომოდ ჩართულები არიან და მგონია, ეს უნარები მათ სხვა დროსაც დაეხმარებათ. ჩემთან ერთად მუდმივად ახლის ძიებაში არიან და ის, რომ სხვადასხვა სახალისო აქტივობას ვთავაზობ, ბავშვის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.
- ელოდით ასეთ შეფასებას?
- აღფრთოვანებული ვარ ამდენი თბილი სიტყვით. მთელი წელი ვფიქრობდით, ვგეგმავდით და გვსურდა, ჩანაფიქრი საინტერესოდ და შთამბეჭდავად განგვეხორციელებინა. მეორე სემესტრიდან დავიწყეთ მომზადება, ვუზიარებდი თეორიულ მასალას, ვმუშაობდით რიტმის განვითარებაზე სხვადასხვა მეთოდით. აქტივობაში მონაწილეობდა მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასების 45 მოსწავლე და სკოლის 5 პედაგოგი. საზოგადოების დადებითმა განწყობამ, მოსწავლეთა შრომისმოყვარეობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე გაზგასმამ, მოგვცა სტიმული, რომ ამ სახით კლასიკური მუსიკის შესწავლას და წარმოდგენას ჩვენს სკოლაში მივცეთ პერმანენტული სახე.
თამარ იაკობაშვილი
მუსიკის მხიარული გაკვეთილი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია მოსწავლეების "შესრულებით"