ჩემი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მზრუნველი მამა ვარ და ასევე მზრუნველი მეუღლე მურთაზ ფალიანი გარდა იმისა, რომ დამსახურებული და ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელია, შვიდი შვილის მამაა. მესტიაში, ჩვეულებრივი მუშის ოჯახში დაბადებულს ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში სურდა ჩაბარება, თუმცა პირველ წელს არ გაუმართლა და აღმოჩნდა ჯარში. სავალდებულო სამსახური მაშინდელ ლენინგრადში გაიარა და ჯარის დამთავრების შემდეგ იქვე ჩააბარა არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტში, პროფესიით "არქიტექტორ-მშენებელია". 1990-იან წლებში დაუბრუნდა მშობლიურ რაიონს...
- მოგეხსენებათ იმ დროისათვის ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით ჭირდა სკოლაში პედაგოგიური კადრები, ანაზღაურება მინიმალური გახლდათ. ჩემს მშობლიურ სკოლაში იყო ვაკანსია და ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ქალბატონმა თამარ რეზესიძემ შემომთავაზა, მასწავლებლად დამეწყო მუშაობა. ამ შემოთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდი და ასე აღმოვჩნდი ფრიად საპატივცემულო და საპასუხისმგებლო საქმეში. აქ დაიწყო ჩემი, როგორც მასწავლებლის ცხოვრება, ყოფილი მასწავლებლების გვერდში, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც კოლეგებმა ჩემს მასწავლებლად ჩამოყალიბებაში. ამ პროფესიას ვემსახურები დღემდე.
1993 წელს დავოჯახდი, მყავს შვიდი შვილი, ერთი უმაღლესდამთავრებული, ორი სტუდენტი, დანარჩენები კი ჩემი მოსწავლეები არიან.
- რამდენად რთულია მასწავლებლობა მაღალმთიან რაიონში, რა პრობლემებს ხედავთ როგორც მასწავლებელი?
- მასწავლებლის პროფესია იმდენად რთული არ არის, რამდენადაც საპასუხისმგებლო. მე ვერ გამოვყოფდი მაღალმთიანი სკოლის მასწავლებელს ბარის მასწავლებლისგან. მართალია, ბარში, ქალაქში პედაგოგს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს თვითგანვითარებისთვის, პროფესიული ზრდისთვის, მასწავლებელი ყველგან მასწავლებელია. რასაკვირველია, არსებობს გარე ფაქტორები. ის, რომ მთაში მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია და ზოგიერთ სოფლის მასწავლებელს ძალიან დიდი გზის გავლა უხდება ფეხით სახლიდან სკოლამდე. ამ შემთხვევაში მართლაც რომ დაღლილი მიდის თავის სამუშაო ადგილამდე. ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ფონდი ხანდაზმული და მარტოხელა მასწავლებლების დასახმარებლად, ამ ხალხმა თავისი ჯანმრთელობა არ დაიშურა ერის წინაშე, რომ აღეზარდათ ღირსეული თაობა, რათა სახელმწიფოში საზოგადოებრივი ცხოვრება იყოს უფრო ჯანსაღი და მათი ამაგიც უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული. ვფიქრობ, რომ დროა უკვე მასწავლებელს, მისი განსაკუთრებული საქმიანობისთვის ერის წინაშე, მიეცეს ღირსეული პენსია, როგორც ეძლევათ ძალოვანი სტრუქტურებიდან გასულ პენსიონერებს.
ასევე მიმაჩნია, რომ დღეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობილი საგანმანათლებლო რეფორმები სკოლებში ითხოვს მასწავლებლისაგან მეტ შემოქმედებას, მშობლის ჩართულობას საგაკვეთილო და სკოლის საზოგადო ცხოვრებაში. პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს მარტო მასწავლებელს, არამედ ის აღიარებული სამკუთხედი, რასაც სკოლა, მშობელი და მასწავლებელი ჰქვია, ყველაზე მეტად დღეს არის აქტუალური.
- რამდენად მკაცრი მასწავლებელი ხართ და თქვენი აზრით, რა გაქვთ ისეთი, მთავარი თვისება, რის გამოც თქვენი მოსწავლეები პატივს გცემენ?
- სიმკაცრე არ უნდა გადადიოდეს ისტერიკაში, არამედ წესრიგს უნდა ამყარებდეს, რა თქმა უნდა, თუ ამას გარემოება ითხოვს, იმიტომ, რომ მასწავლებლის არაადეკვატურმა მოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა.
მასწავლებელი პირველი უნდა უწვდიდეს ბავშვს მეგობრობის ხელს, მათ შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი ბარიერი, ბავშვის იმედებს უნდა ამართლებდეს, რათა მან იგრძნოს ნამდვილი მეგობრის ძალა.
მე, როგორც მათი მასწავლებელი და მეგობარი არა მარტო საგაკვეთილო პროცესში, დასვენებებზეც ბევრ სახალისო და შემეცნებით თამაშს ვთამაშობ, როგორც პატარებთან, ასევე დიდებთან, რაც უფრო ააახლოვებს და ამტკიცებს მათ მეგობრობას და ურთიერთდამოკიდებულებას.
- როგორია იყო მრავალშვილიანი მამა?
- ვფიქრობ, რომ როგორც მასწავლებელს, ანუ არაოფიციალურად ისედაც მრავალი შვილის პატრონს, მამობა მიადვილდება და მიხარია, რომ ცოტაოდენი წვლილი შევიტანე ერის გამრავლებაში. მართალია, სახელმწიფოს ეს ნაკლებად აინტერესებს და არც არანაირი დახმარება მიმიღია, მაგრამ მე ჩემს ვალს სამშობლოს წინაშე პატიოსნად ვიხდი. მრავალშვილიანობა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, ჩვენი წინაპრები მრავალშვილიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ამდენ ომგადანახადი საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა. მგონია, რომ მრავალშვილიან ოჯახებში ოჯახური მოვალეობა უფრო პასუხისმგებლობით არის განაწილებული, სხვანაირად არ შეიძლება, ამას ცხოვრება მოითხოვს.
- თუ ეხმარებით მეუღლეს ბავშვების აღზრდაში და როგორი უნდა იყოს, თქვენი აზრით, მამის როლი ოჯახში?
- როგორც საღვთო სჯულის კანონი გვასწავლის, ოჯახში კაცია ოჯახის თავი, ქალი კი - ტანი, ეს განუყოფელი ნაწილია, ამის არშესრულება უცებ აისახება ოჯახურ ცხოვრებაზე. ისე კი, ჩემი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მზრუნველი მამა ვარ და ასევე მზრუნველი მეუღლე. აუცილებელია შვილებს ვასწავლოთ სიმართლით ცხოვრება და ამის პირველი მაგალითი თვითონ მამა უნდა იყოს. არსებობს ასეთი ქართული ანდაზა: "ხე რაც არის, ნაყოფიც იგივეაო". ზრუნვა შვილებზე, როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად, ყველაფერი ეს უნდა ხდებოდეს სიყვარულით, სიყვარული კი შემოქმედებაა.
ესაუბრა ლელა ზურებიანი