მთავრობამ მოგვატყუა, აღმზრდელები გადავიქეცით ძიძებად და დამლაგებლებად... ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიას "საბავშვო ბაღებში საკვები გადასაყრელია - მერიამ, შესაძლოა, მენიუს გადახედოს" საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მრავალი კომენტარი მოჰყვა, "ფეისბუქზე" თუ საიტზე. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, მშობლების კატეგორია ორად არის გაყოფილი. არის ერთი დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მოსწონს საბავშვო ბაღებში წელს შეცვლილი და გამრავალფეროვნებული მენიუ, და არის მეორე ნაწილი, რომელიც ითხოვს, რომ მენიუს აუცილებლად გადახედონ. ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხში მშობლებისა და აღმზრდელების მოსაზრებები გადამწყვეტი უნდა იყოს. საეჭვოა, მათ შორის ვინმემ გამოკითხვა ჩაატაროს. ამიტომ ჩვენს საიტზე გამოთქმული მათი მოსაზრებები შევკრიბეთ და აქვე გთავაზობთ.
მენიუს მომხრეები:
წელს მართლაც არაჩვეულებრივი მენიუ აქვთ შარშანდელთან შედარებით. მაგრამ უფრო დასახვეწია, არის ისეთი რამეები, რასაც ბავშვი ვერ შეჭამს.
ეკა
უღრმესი მადლობა 2015 წლის კალორაჟის შემქმნელებს... არ გადაყაროთ მონარჩენი საკვები, დაურიგეთ გაჭირვებულებს. ხალხო, ნუ იქნებით უმადური, საუკეთესო მენიუა...
ინნა
მენიუ წინა წლებთან შედარებით,ბევრად მრავალფეროვანი და კარგია, ბავშვებს დიდი არჩევანი აქვთ, თუ სალათა არ უყვარს, წვნიანის მირთმევა შეუძლია. მე ბაგაშიც მყავს ბავშვი და გამოსაშვებ ჯგუფშიც და კვებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
შორენა
ძალიან კარგი მენიუა. იმედია გაითვალიწინებთ ბავშვების და მშობლების სურვილს და არ შეამცირებთ საკვების ასორტიმენტს. მადლობა წინსწარ.
სალო
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად ბევრი საჭმელია და ბავშვები ჭამას ძლივს ასწრებენ, ამიტომ სწავლის დრო არ რჩებათ. ნაწილის აზრით კი, მენიუში ბევრია ისეთი საკვები, რომელსაც ბავშვი არ ჭამს. გთავაზობთ ახლანდელი მენიუს მოწინააღმდეგეთა რამდენიმე კომენტარსაც:
მყავს საშინლად უჭმელი გოგო,რომელიც წინა წლებში ცოტას, მაგრამ მაინც ჭამდა. აი წელს საერთოდ მშიერი დადის. უკავია პური და მარტო ამით იკვებება. ვერ გავიგე, რომელი ბავშვი ჭამს ჩიხირთმას ან ხარჩოს?
ნონა
მენიუ გადასახედია, განსაკუთრებით სადილი, იმიტომ რომ 2-3 წლის ბავშვი სალათებს არ მიირთმევს და რჩება მშიერი. საკვები რატომ უნდა გადაიყაროს?
უცნობი
ახალ დადგენილ მენიუს ბავშვები არ ჭამენ. პატარა ბაგის ბავშვი ვერ შეჭამს ცოცხალი კომბოსტოს სალათს, ლობიოს სალათს, ასევე ყველა ბავშვი ვერ ჭამს ჩიხირთმას, მაწვნის სუპს. მენიუში აღარ არის უბრალო ვერმიშელის სუპი, ბორში. გთხოვთ გაითვალისწინოთ!
უცნობი
აუცილებლად უნდა გადაიხედოს სადილი. რა სადილის მენიუც აქვთ, ბავშვები არ ჭამენ. ფაქტიურად მშივრები არიან. სწორედ უნდა შეირჩეს სადილი მაინც.
კკკ
წლევანდელი მენიუ მაოცებს ძალიან - კვირაში ორჯერ გაროხის სუპი, გაროხის სალათა, ჩიხირთმა და სალათა ლობიოთი რა უბედურებაა? ეს იოგურტებიც დანონის ფირმისაა, ქართული არ ეშოვებოდათ? თუ ვიღაცა ხელს ითბობს ამ პროდუქტების ბიზნესით?
ლელა
სამზარეულოში დაამატონ მზარეულები და დროზე მოამზადონ საკვები, დილით იგვიანებს, შუადღეს იგვიანებს, საღამოს 6 საათზე მიაქვთ სამხარი ბავშვებთან.
ეკა
რამდენი და როგორია, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბავშვი თავისით ვერ ჭამს და ჯგუფში 29 ბავშვი და ორი აღმზრდელია, 2-3-წლიან ჯგუფში. ბოლოს ვისაც და აჭმევენ, იმისი ულუფა როგორი ცივი იქნება, გასაგებია და არ მიკვირს, რომ არ ჭამენ.
ლია
ერთი ქალბატონი იმას ჩივის, რომ გამუდმებით თბილისის ბაღებზეა საუბარი და განხილვა, რაიონების ბაღებს კი სათანადო ყურადღება არ ექცევა. ვთხოვთ სათანადო ორგანოებს, ამაზეც იფიქრონ:
მიკვირს, მხოლოდ თბილისი როდემდე უნდა იყოს მიმოხილვაში, რაიონებში ელემენტარულად წყალი არ არის, ბავშვებმა ხელები რომ დაიბანონ, კვება კი ასეთია - ჩაი, ჩაი და კიდევ ერთხელ ჩაი. რა ბანანი ან ვაშლი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
ნანკა
რასაკვირველია, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მორჩენილი საჭმლის გადაყრას და ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი ადამიანი შიმშილობს, ბაღში მორჩენილი საკმაოდ ბევრი საკვები ასე არ უნდა იყრებოდეს. იმედია, ამ საკითხზე კიდევ მეტს იფიქრებენ სათანადო ორგანოები და ან იმ რაოდენობის და ისეთ მენიუს შესთავაზებენ ბავშვებს, რომ ნახევარზე მეტი გამოუყენებელი და გადასაყრელი არ გახდეს, ან კიდევ მოძებნიან რაიმე საშუალებას, რომ მორჩენილი საკვებით რომელიმე მშიერი მაინც დაპურდეს.
კომენტარებში ასევე ძალიან საინტერესოა თავად ბაღის მასწავლებლების, საბავშვო ბაღების თანამშრომლების პოზიცია. საჯაროდ მათ უჭირთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, ბევრს ადგილის დაკარგვის ან რაიმე სხვა მიზნით არ სურს საჯარო კომენტარის გაკეთება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული რაიმე საკითხის შესახებ, თუმცა ინკოგნიტოდ, პირად საუბრებში და ზემოხსენებული სტატიის კომენტარებშიც აშკარად ჩანს მათი პოზიცია. საჭმლის გადაყრა მათთვისაც მტკივნეული თემაა, თუმცა გარდა ამისა, ისინი სამართლიანად წუხან იმის გამო, რომ ჯგუფებში 40-45 ბავშვია და ვერ აუდიან მათ მოვლა-პატრონობას, ცოტა დრო რჩებათ სასწავლად და საკმაოდ მომქანცველი გახდა ბაღის მასწავლებლის სამსახური. ბატონი თემურ თორდინავას განცხადებასაც აპროტესტებენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს აღმზრდელებს 45 წუთი აქვთ შესვენება.
აღმზრდელებისა თუ ბაღის მზარეულების მიერ დატოვებულ კომენტარებსაც, რასაკვირველია, უცვლელად გთავაზობთ:
თორდინავა, რომელ შესვენებაზე ლაპარაკობთ, სად არის შესვენება? 45 ბავშვის მწყემსებად გვაქციეთ, მთელი დღე ჭამა-სმას ვუნდებით, სწავლის დროც კი არ რჩება, ცოტა ჩვენზეც იზრუნეთ და ხელფასებიც სათანადო მოგვეცით!
ირმა
მე ვარ აღმზრდელის თანაშემწე. საერთოდ ჩამოვშორდით ბავშვებს, რადგან ჩვენ მოგვაქვს საჭმელი სამზარეულოდან, ჩვენ ვშლით მაგიდებს, ჩვენ ვალაგებთ, ჩვენ ვგვით, მოკლედ, მთავრობამ მოგვატყუა. მე-2 ცვლის აღმზრდელები გადავიქეცით ძიძებად, დამლაგებლებად. მე მინდა ვიმუშაო ბავშვებთან. ოთახის დაგვას, საჭმლის მოტანას და მაგიდების გაშლა-ალაგებას რად უნდა უმაღლესი განათლება? ჩვენ რომ საჭმელი მოგვაქვს, ძირითადი აღმზრდელი 43 ბავშვთან რჩება მარტო. მოკლედ, შტატებიც გადასახედია. აღმზრდელის თანაშემწეები დიდხანს ვერ გავუძლებთ ასეთ დატვირთვას.
ნანა
კარგი იქნება, ყველა ბაღში ფსიქოლოგი და ლოგოპედი თუ ეყოლებათ. კარგი იქნება, თუ დირექტორები აღმზრდელებთან შეთანხმებით იყიდიან საჭირო სათამაშოებს.
თეონა
ხალხი მშიერი იხოცება და ჩვენ ამდენ საკვებს ვაფუჭებთ და ვყრით,გმერთ შეხედეთ არ გეშინიაათ????
თინიკო
ხელფასები გაგვიზარდეთ, 45 ბავშვი რომ გვიზის ჯგუფში.
ელზა
რასაკვირველია, კომენტარი და გამოხმაურება გაცილებით დიდია, იმედი გვაქვს, ამ ადამიანების აზრებს და გულისტკივილს გაიზიარებენ სათანადო ორგანოები და გაცილებით მეტი კმაყოფილი მშობელი და მასწავლებელი ეყოლება საბავშვო ბაღებს.