ის ომში დაკარგულ 4 შვილს ეძებს ბატონი ნუგზარ მოლაშვილი ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ნაცნობი. საგანმანათლებლო წრეში ბევრი იცნობს და პატივს სცემს. წლების განმავლობაში ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ისტორიის პედაგოგია, ყველასთვის საყვარელი და ავტორიტეტული. ”ღირსების ორდენის” კავალერია, ”ისტორიის მასწავლებელთა თბილისის კავშირის” თავმჯდომარეა, საბავშვო წიგნებისა და ტესტების ავტორი. ამჯერად მის წარმატებებს და საქმიანობათა სფეროს კიდევ ერთი შეემატა - სულ ცოტა ხნის წინ მოირგო მსახიობის როლი და პროექტში "ქერჩი - დაკარგული გმირები", ჯარისკაცის მამის სახე შექმნა. სწორედ ამ სიახლის გამო დავუკავშირდით ბატონ ნუგზარს და დავინტერესდით, რამდენად გაუიოლდა ომში მყოფი მშობლის როლის მორგება და როგორია მისი გმირი.
- ისტორიკოსისათვის ქერჩის თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა. ქერჩი ის თემაა, რომელიც ალბათ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს...
- საერთოდ, დამეთანხმებით, ცოდნა კარგი რამაა. ქერჩის ეპოპეა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა. ამ ბრძოლებში, რომელიც 1942-1943 წლებში გრძელდებოდა, საქართველოდან ფრონტზე გაწვეული მებრძოლებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით 86 ათასი კაცი დაიღუპა. ასეთი დიდი მსხვერპლი გამოწვეული იყო როგორც მთავარსარდლობის შეცდომებით, ასევე, იმ საჯარისო ფორმირებების ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებით.
- გვიამბეთ თქვენს გმირზე - მას საინტერესო ისტორია აქვს, როგორც ვიცი.
- ჩემი გმირია უბრალო კახელი გლეხი, რომლის 4 შვილი იბრძვის ფრონტზე და, რომელთა საძებნელად, მამაც გადაწყვეტს მათ გვერდით ყოფნას. ეს თემა ახალი არ არის. ყველას გვახსოვს ფილმი "ჯარისკაცის მამა". ჩვენ შევეცადეთ, ოდნავ სხვანაირი სახე შეგვექმნა. ეს იყო ძირითადი სირთულე: ძნელია დაემსგავსო სერგო ზაქარიაძეს, უფრო ძნელია, არ დაემსგავსო ,,ჯარისკაცის მამას"!
- რთული იყო ამ ადამიანის როლის მორგება, გადაღებები?
- არა, რთული არ იყო. ჩემი გმირი ტრაგიკული პიროვნებაა. მეც მყავს გარდაცვლილი ახლობლები, მეგობრები, მეგობრების მცირეწლოვანი შვილებიც კი... ახლაც მიჭირს ამის გახსენება, მაგრამ ამ ურთულესმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაინც თავისი საქმე გააკეთა.
ფილმში, ძირიადად, ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც მაქსიმალურად
ცდილობდნენ, შეემსუბუქებინათ ჩემთვის ცხელი ზაფხულის, მუხლამდე ტალახის ან წვიმის გამო შექმნილი პრობლემები. ერთი სიტყვით, ყურადღებას არ მაკლებდნენ და მიფრთხილდებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, თუმცა, მეც, ჩემი მხრიდან, არ ვაკლებდი მათ გამოცდილების გაზიარებას.
იმედია, ფილმზე მომუშავე ადამიანების დიდი შრომა ეკრანზეც გამოჩნდება. ერთია ნათელი - ფილმი არის ძალზე შთამბეჭდავი, მასშტაბური, ხარისხიანი. რამდენიმე როლი დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს.
- როგორ მიიღეს სურათი თქვენმა ახლობლებმა, თქვენმა მოსწავლეებმა და საერთოდ, სკოლაში რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ამ გარდასახვაზე?
- ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ვინც აზრი ხმამაღლა გამოთქვა, ყველა დადებითად აფასებს ჩემს ახალ წამოწყებას.
- ვის ურჩევთ ამ ფილმის ყურებას ყველაზე მეტად?
- ყველა ასაკისა და მდგომარეობის მაყურებელი ნახავს მისთვის საინტერესოს. სიუჟეტი მრავალფეროვანი და სანახაობრივია, ბევრია ტრაგიზმიც და იუმორიც.
- საინტერესოა, პროფესიით მასწავლებელი როგორ აღმოჩნდით ამ პროექტში?
- როგორც თბილისში ხდება, გავიგე ამ პროექტის შესახებ ახლობლებისგან. შემდეგ, როგორც თბილისში ხშირად არ ხდება, გავიარე კონკურსი (ფოტოები, მეტყველება, მოძრაობა...) და დამამტკიცეს როლზე. რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი იღებს ამ მრავალსერიიან მხატვრულ ფილმს.
- ჩვენ ადრე ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა (იხილეთ ინტერვიუ). საინტერესოა, თუ არის რაიმე ცვლილება მას მერე სკოლაში და პრობლემების ნაწილი მაინც თუ გადაწყდა?
- ცვლილებები ხდება, თუმცა, ზოგჯერ ეს მხოლოდ დეკლარირებულია... ახლა მართლა დგას ქვეყანა ზღურბლზე - ან ყველა ერთად შევცვლით არსებულ მდგომარეობას, ან სამუდამოდ დავრჩებით მეორეხარისხოვან, ეგზოტიკურ ქვეყნად.
ლელა ზურებიანი