"წიგნთან მეგობრობენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც კარგი მკითხველები არიან..."- ერთი ახალგაზრდა მასწავლებლის ძალიან საინტერესო ინტერვიუ
"წიგნთან მეგობრობენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც კარგი მკითხველები არიან..."- ერთი ახალგაზრდა მასწავლებლის ძალიან საინტერესო ინტერვიუ
დღეს ჩვენს სკოლაში, განათლების სისტემაში, არც ისე ცოტა პრობლემა დაგროვდა. ვცდილობთ, ამ პრობლემებს გვერდი არ ავუაროთ და ხშირად ვუთმობთ ჩვენს ტრიბუნას სკოლასთან ყველაზე ახლოს მდგომ ადამიანებს - მასწავლებლებს, ასევე - მშობლებს და მოსწავლეებს. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ქართული ენის პედაგოგი ირინა კრავჩენკო, რომელსაც ბევრი უფიქრია განათლებასთან, ახალ თაობასთან, წიგნების კითხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თვითგანვითარებას და თვითრეალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს - რაც ასევე დიდი პლუსია პედაგოგისთვის, და ვფიქრობთ, საკმაოდ პროგრესულად და საინტერესოდ ხე
დავს ამ ყველაფერს.


- ცოტა რამ გვიამბეთ თქვენ შესახებ, რომ გაგიცნოთ საზოგადოებამ და იმაზე, თუ რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა...
- პირველ რიგში გეტყვით ჩემს წინაპრებზე, რადგან ბევრს უჩნდება შეკითხვა არაქართულ გვართან დაკავშირებით. ბაბუა უკრაინელი მყავდა, ოდესიდან. შვიდი წლის იყო, როცა გააკულაკეს მისი ოჯახი და აღმოჩნდა ქობულეთში, თამაზაშვილების ოჯახში მოჯამაგირედ. ოჯახის უფროსმა აღმოაჩინა, რომ კარგად ხატავდა, გონიერი იყო და სამადლოდ შეიყვანა სკოლაში, მერე დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი, გურული ცოლი მოიყვანა და დარჩა სულ საქართველოში. მერე მამაჩემმაც საქართველოში იქორწინა, მოიყვანა კახელი ცოლი და გავჩნდი მეც, ბათუმში. იქვე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ამჟამად ვ
არ იმავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. რაც შეეხება მასწავლებლობას, მასწავლებლობა ჩემთვის ის პროფესიაა, რომელსაც ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, რადგან ოჯახში ყველა პედაგოგი გახლდათ - დედა, მამა, ბებია, ბაბუა. დედა დღესაც ასწავლის ქართულს ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც მუდმივად გავალდებულებს ზრდას.

- რამდენად ძნელი ან ადვილია დღეს მასწავლებლობა? რა არის ყველაზე დიდი სირთულეები და რა არის ყველაზე დიდი პლუსები?
- სიძნელის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ურთულესი პროფესიაა, მაგრამ სწორედ ეს ხდის მას საინტერესოს. ალბათ ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი როლისა და ფუნქციის განსაზღვრაა მოსწავლეებთან მიმართებით - მერე ყველაფერი იოლდება.
ზოგადად, მგონია, რომ ლიტერატურის სწავლება გაცილებით რთულია, რადგან მასთან ერთად უამრავი რამის სწავლება გიწევს - ურთიერთობების, პოზიციების ჩამოყალიბების, მწერლის სათქმელის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების... თანაც, ქართული ენა და ლიტერატურა "ძირითად" საგნებს მიეკუთვნება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ქართულ ენას "საგანთა საგანს" უწოდებენ. აქედან გამომდინარე, განუზომელია ის პასუხისმგებლობაც, რაც ქართულის მასწავლებელს ეკისრება. ბანალური, მაგრამ გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ის, -ვისთვისაც აკეთებ.
დადებითი მხარე ბევრია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი ისაა, როცა ბავშვებისგან გრძნობ საპასუხო ასმაგ სიყვარულს და რაიმე მნიშვნელოვანის აღმოჩენის შემთხვევაში პირველი ხედავ მათ გულწრფელ აღტაცებასა და სიყვარულს.

- ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა და ლიტერატურა...
- რაც შეეხება სწავლების მეთოდიკას, მიუხედავად მრავალი განსხვავებული მოსაზრებისა და პრინციპული პოზიციისა, მისი შერჩევა მაინც ინდივიდუალური მგონია. ჩემთვის, როგორც მშობლიური ლიტერატურის მასწავლებლისთვის, შედეგი იმ შემთხვევაშია მიღწეული, თუ მოსწავლე ახერხებს ტექსტის გააზრებას, მის მიმართ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, არგუმენტირებას და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, ეს აზრი ჩემთვის მისაღებია თუ არა. არც პერსონაჟების დადებითებად და უარყოფითებად კლასიფიკაციის მომხრე ვარ; მთავარია, მათ ადგილას წარმოიდგინონ თავი და ისე შეაფასონ ისინი - ეს თანაგანცდის, თანაგრძნობის მომენტია და უამისოდ ლიტერატურული ნაწარმოების აღქმა შეუძლებელი მგონია. ლიტერატურული აზროვნების უმთავრეს განმსაზღვრელად კი ინტერტექსტუალობას მივიჩნევ.

ასევე იხილეთ: როგორია მასწავლებლობა მაღალმთიან სოფელში და რა პრობლემები აქვთ იქაურ სკოლებს


- ბევრი მიიჩნევს, რომ ამ საგანს ნაკლები საზეპიროებით და რთული ტექსტების "დაუზუთხავად" უნდა ასწავლიდნენ - ჯობს ელემენტარულად წაკითხულის გააზრება-გაანალიზება შეძლონ და არა დაზეპირება...
- ბევრჯერ გამიგია მშობლის და მოსწავლის ჩივილი, რომ ლექსის დაზეპირება ბავშვს არ შეუძლია, რომ ლექსის სწავლა ნებისმიერ მშვიდ საღამოს ბართლომეს ღამედ აქცევს.  არაფერი ჯობს ლამაზად წაკითხული ლექსის მოსმენას, მაგრამ მოსწავლის შეფასებისას ჩემთვის პრიორიტეტული მისი ანალიზის მცდელობაა, პოეტის ნათქვამის, ემოციის გააზრება, მხატვრული ხერხების განსაზღვრა და ლექსის სათქმელის მიმართ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელი მგონია იმ მოსწავლის დაბალი ქულით შეფასება, რომელიც სხაპასხუპით ვერ ყვება ლექსს მსმენელთა საამებლად.

- ქართული ენის გრამატიკა შედარებით შევიწროებულია დღევანდელი პროგრამით, ეს გამართლებულია?
- გრამატიკის სწავლება ყველაზე პრობლემური საკითხია. ყოველ წელს მაქვს აბიტურიენტებთან ურთიერთობა და შემიძლია ვთქვა, რომ გრამატიკა მეთორმეტეკლასელების აქილევსის ქუსლია. ეს არც მათი და არც მასწავლებლების ბრალი არაა, პირველ რიგში, გადასახედია ის სახელმძღვანელოები, რომლებსაც პედაგოგებს გვთავაზობენ და აუცილებელია თანამედროვე მთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნას ის წიგნები, რომლებშიც თეორიასთან ერთად უფრო მეტი პრაქტიკული სავარჯიშო იქნება. წინა პლანზე წამოსაწევი მგონია ენის ფილოსოფიის საკითხი - გრამატიკა მხოლოდ დასაზუთხი წესები არაა. მართლწერასთან ერთად კარგი იქნება ვასწავლიდეთ ენაში ჩადებულ ეროვნულ სიბრძნესაც - ვგულისხმობ ბევრ საინტერესო სიტყვასა თუ გამოთქმას, რომლებიც ქართველი კაცის სამყაროსადმი ფილოსოფიური დამოკიდებულების გამომხატველია.

- ბავშვები რომ ტოტალურად არ კითხულობენ, ამ საკითხზე რას ფიქრობთ, მიზეზებზე და გამოსავალზე...
- რაც შეეხება წიგნიერებას, არ ვთვლი, რომ ამ მხრივ საგანგაშოდაა საქმე. ბავშვები კითხულობენ წიგნებს, თუმცა, უნდა ვაღიარო, მაინც კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ მთავარი წაკითხული წიგნების რაოდენობა კი არაა, არამედ - ხარისხი. ამიტომ აუცილებელი მგონია, რომ მოზარდებისთვის წიგნების შერჩევაში მშობლებმაც მიიღონ მონაწილეობა და მასწავლებლებმაც. ჩემს მოსწავლეებს ხშირად მივუთითებ ხოლმე აუცილებლად წასაკითხ წიგნებსა და ავტორებს, თუმცა მხოლოდ წაკითხვა საკმარისი არაა: თითოეული მათგანი აკეთებს პრეზენტაციას, გვიამბობს მისთვის გამორჩეული პერსონაჟის, შთამბეჭდავი ეპიზოდის, არსებული თუ სასურველი ფინალის შესახებ, ეძებენ ინფორმაციას წაკითხული წიგნის ავტორზე და ამით მეტნაკლები წარმოდგენაც ექმნებათ მასზე. საბედნიეროდ, ინტერნეტსივრცეში უამრავი ინფორმაციაა იმის შესახებ, კონკრეტულ ასაკში რომელი წიგნების წაკითხვაა ბავშვებისათვის სასურველი. ამის გათვალისწინებითა და საკუთარი შეხედულებებით ძალიან ადვილია მოსწავლეებისათვის საინტერესო წიგნების შეთავაზება. კითხვის პროცესის ვალდებულებად ქცევა ადვილია, მაგრამ შეყვარებაა ცოტა ძნელი, ამას მხოლოდ მასწავლებელი ალბათ ვერ მოახერხებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ წიგნთან მეგობრობენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც კარგი მკითხველები არიან.

- თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მასწავლებელთა შორის, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, რაც სამწუხაროდ, არც ისე ხშირია დღევანდელ პედაგოგებში. რას იტყოდით ამ თემაზე?
- დღევანდელ პირობებში, როცა პედაგოგის ხელფასი მიზერულია და ის ოდნავ აღემატება საარსებო მინიმუმს, მასწავლებლები კერძო რეპეტიტორობით ცდილობენ ოჯახების რჩენას და უზრუნველყოფას, ამის გათვალისწინებით, ალბათ უხერხულია, რომ მათ მოსთხოვო მუდმივი პროფესიული ზრდა და შემოქმედებით ძალთა მაქსიმალური რეალიზება, მაგრამ მგონია, რომ როცა პიროვნული თუ პროფესიული ზრდა შენი შინაგანი მოთხოვნილებაა, ამას წინ ვერაფერი დაუდგება და მინიმუმს მაინც მოახერხებ, მით უფრო, რომ არსებობს უამრავი საიტი,რომელიც საუკეთესო რეკომენდაციას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პედაგოგს.

- ხშირად საუბრობენ ახალი თაობის პრობლემებზე, თუმცა პედაგოგებშიც რომ არის პრობლემა, ეს ნაკლებ არის გაჟღერებული. ბევრი საკმაოდ კარგად მოაზროვნე უფროსკლასელი ჩივის, რომ მასწავლებელი კვლავ ძველებური მეთოდებით, ძველებური მოსაზრებების მიხედვით ასწავლის, არადა, თუნდაც მის სფეროში, სამყარო ბევრად წინ არის წასული და პედაგოგი არ ვითარდება, დროს ფეხს არ უწყობს. მისი საგანიც შესაბამისად უინტერესო ხდება მოსწავლისთვის და არანაირი მოტივაცია არ აქვს, რომ დაესწროს მის გაკვეთილს, ისწავლოს, გააკეთოს დავალება...
- ალბათ თანამედროვეობის უმთავრესი გამოწვევა სასკოლო რეფორმაა, რაც ყველაზე მტკივნეულია და ამიტომ ყველაზე უფრო კორექტული უნდა იყოს. პროფესიული გამოცდების შედეგებმა ნათელი გახადა, რომ ბევრი სერტიფიცირებული მასწავლებელი კარგი პედაგოგი ვერაა და პირიქით - გამოცდაში ჩაჭრილი ბევრი პედაგოგი, როგორც პროფესიონალი, უმჯობესია სერტიფიცირებულზე. ცხადია, რომ მხოლოდ ამ კრიტერიუმით პედაგოგის შეფასება სახეირო არაა. ვფიქრობ, აუცილებელია იმის მონიტორინგი, რას ითხოვენ მშობლები და მოსწავლეები პედაგოგებისაგან, რა ტიპის სწავლებაა მათთვის პრიორიტეტული, რომ ამის გათვალისწინებითაც შევთავაზოთ მათ სწავლების მეთოდები. მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა იმისა, რომ რეპეტიტორების აუცილებლობის საკითხი მეორეხარისხოვანი გახდეს. სასურველია სკოლამ მისცეს მოზარდს სათანადო განათლება, თუმცა ცალკეული მოსწავლეების მშობლები, სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაინც იძულებულები იქნებიან მიმართონ კერძო მასწავლებლებს და ეს ხარვეზად არ უნდა ჩაითვალოს.


ასევე იხილეთ: როცა შვილისგან ბევრს მოელით - იქნებ ისინიც მეტს ელიან ჩვენგან?


- რამდენად არის ახალ თაობაში ცოდნის მიღება, სწავლა, განათლება პრიორიტეტული და რამდენად მოტივირებულები არიან?
- მოტივაცია უმთავრესია, რაც სწავლების პროცესს სწორად წარმართავს, ამ დროს ხარისხის გარანტი ორმხრივი მოტივაციაა - მასწავლებლისა და მოსწავლის და თუ ამ პროცესით მშოველიც სათანადოდაა დაინტერესებული, შედეგი საუკეთესოა. ყველასათვის შესამჩნევია, რომ დაბალ კლასებში ბავშვები შედარებით მოტივირებულები არიან, რადგან მათ უკან სწავლის პროცესის მაკონტროლებლად მშობლები დგანან. დაინტერესება იმატებს დამამთავრებელ კლასებში, როცა აბიტურიენტები პროფესიული არჩევანის წინაშე დგებიან და იძულებულნი არიან მეტი გულისყურით მოეკიდონ ამ პროცესს. მოტივაციის ნაკლებობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს უნივერსიტეტებში მოხვედრა არც თუ ისე მაღალი ქულებითაც შეიძლება. ალბათ ეს განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს აქვთ დიდი ამბიციები და შედარებით ნაკლები ცოდნა.

- ქართულის მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვებს არ აქვთ სიტყვის მარაგი და უჭირთ აზრის გადმოცემა, თავისუფალი თემის წერა, მოყოლა. რამდენად დგას ეს პრობლემა და თავად როგორ ებრძვით მას?
- ლექსიკის სიღარიბე ყველაზე შესამჩნევია ახალ თაობაში. ალბათ ამის მიზეზი წიგნიერების დაბალი დონეა. ამის გამოა, რომ მოსწავლეებს აქვთ სიტყვების არასაკმარისი მარაგი და უჭირთ აზრის ჩამოყალიბება, ესეს წერა, თხრობაც. რასაკვირველია, ყველას არ მოეთხოვება ორატორობა, მაგრამ შეძლო საკუთარი აზრის არგუმენტირება და საჯარო ფიქსაცია - ეს მინიმუმია, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მაქსიმუმად გვესახება მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. გამოსავალი ისევ წიგნშია.

- თქვენი გამოცდილებიდან, რას ურჩევდით მშობლებს?
- ჩემი შვილი მეექვსე კლასშია და ვიცი, რა ძნელია თითოეული ჩვენგანის მარათონული ცხოვრების პირობებში აკეთო საქმე, რაც გევალება და, ამავდროულად, კეთილსინდისიერად აკონტროლო შვილის სწავლის პროცესი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ მისი შრომა მისივე შვილის კეთილდღეობისკენაა მიმართული, ამ კეთილდღეობის მიღწევა კი წარმოუდგენელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი პატარაობიდანვე არ გააცნობიერებს ჭეშმარიტებას: ყველაზე დიდი ფუფუნება, ესაა უფლება და ვალდებულება - შეიძინო და გამოიყენო ცოდნა.

- რა იქნება თქვენი 5 რჩევა – როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუნდაც უმცროსი კლასებიდან, რომ მომავალში მის შვილს ქართულში სპეციალურად მასწავლებელთან სიარული და მომზადება არ დასჭირდეს?
- ძნელია, სხვას რამე ურჩიო, როცა ხშირად ასეთივე რჩევები, როგორც მშობელს, თვითონაც გჭირდება, თან შეიძლება რჩევების რაოდენობა უსასრულო იყოს და სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიო, მაგრამ მაინც ვცდი:
1. აუცილებელია შვილთან ერთად თავისუფალი დროის გატარება, წიგნების ერთობლივი კითხვა და წაკითხულის შესახებ მსჯელობა;
2. მუდმივი თანამშრომლობა და კონტაქტი საგნის მასწავლებელთან და მისი მითითებების გათვალისწინება;
3. საკუთარი შვილის საჭიროებების მეტნაკლებად განსაზღვრა და სკოლისთვის ან ცალკეული საგნის მასწავლებლისთვის აღზრდასთან ან სწავლებასთან დაკავშირებული იდეების შეთავაზება;
4. საგაკვეთილო პროცესისთვის მზაობის მუდმივი კონტროლი;
5. ყველა მშობელს ვურჩევ, სანამ ფარ-ხმალს დაყრიდნენ შვილის სიზარმაცის შემხედვარენი და ხელის ჩაქნევას დააპირებდნენ, აუცილებლად წაიკითხონ ცნობილი ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის წიგნი "სკოლის სევდა".

- თავად როგორი დედა ხართ და რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ზოგადად მშობელი? დღეს ძალიან რთულია იყო კარგი დედა, იყო კმაყოფილი საკუთარი მიდგომებით, შესაძლებლობებით. ხშირად გვაქვს დედებს უკმარისობის შეგრძნება...
- ყველაზე რთული საკუთარ თავზე ლაპარაკია, მით უფრო იმის აღიარება, რომ ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდა იყო. ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. უმთავრესი ალბათ დროის დეფიციტია. ჩვენს დროში ძნელია, იმუშაო შენი პროფესიით, ამავდროულად, იფიქრო პროფესიული თვალსაზრისით ზრდაზეც და თან აუცილებლად დაიტოვო დრო და ენერგია იმისათვის, რომ შვილს ყოველთვის ახსოვდეს, მხოლოდ მარჩენალი კი არა, მეგობარიც ჰყავს დედის სახით, თანამგრძნობიც, გვერდით მდგომიც, ვინც ყოველთვის გამონახავს დროს მის მოსასმენად, გასამხნევებლად, გასაკიცხად, გზის მისაცემად და პირადი მაგალითით იმის დასამტკიცებლად, რომ თუ გექნება ცოდნა, ყველაფერს შეძლებ, შენც გაიკვალავ გზას და სხვის დახმარებასაც მოახერხებ.
ლელა ზურებიანი
58844
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
dali
0
ირინა ისეთი დედის შვილია,არ არის გასაკვირი მისი ასეთი თავდადება და სიკვარული თავისი პროფესიისადმი....წარმატებებს გისურვებ ირინა...
17:37 / 19-10-2017
მაკა
0
ირინა არაჩვეულებრივი პედაგოგია და მოსწავლეების მეგობარია,მან შეაყვარა ჩემ შვილს ეს საგანი...კიდევ ბევრ წარმატებებს ვუსურვებ ირინას
13:29 / 09-02-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?