„მასწავლებლის მოვალეობაა მეორე დღეს არ ახსოვდეს მოსწავლის მიერ წინა დღით ჩადენილი ცუდი საქციელი“
„მოსწავლეები კი არა, ჩემი საკუთარი შვილიც კი სახლში სხვანაირია და სკოლაში - სხვანაირი“
„როცა ბავშვებს მიუდგები ისე, რომ ისინი არ არინ შენთვის რიგითი მოსწავლეები, რომლებთანაც 5 საათს გაატარებ, შენ მოვალეობას მოიხდი და გაუშვებ და აგრძნობინებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის, ეს უკვალოდ არ ჩაივლის“
მასწავლებელი თითოეული ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. შესაძლოა, ყველამ ვერ ისწავლოს მათემატიკა, ისტორია ან უცხო ენა, მაგრამ პედაგოგმა ისეთი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, რაც მის არა მარტო პროფესიულ ცხოვრებას, არამედ მომავალს განაპირობებს. ჩვენს რეალობაში რთულია იყო მასწავლებელი, მაგრამ როცა ახერხებ იმას, რომ შენი მოსწავლეებისთვის მთავარი დასჯა, შენი ცუდი განწყობა გახდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდგარი პროფესიონალი ხარ და საქმე, რომელსაც აკეთებ, სწორად აგირჩევია.
საბედნიეროდ, კიდევ არიან ისეთი პედაგოგები ჩვენ გარშემო, რომელიც მოსწავლეების დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს. ერთი მათგანი 149-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი მაია ქსოვრელია, რომელიც ბავშვებს საგანთან ერთად კულტურულ განათლებას აძლევს, აყვარებს ხელოვნებას და ისეთ შემოქმედებით საღამოებს დგამს, რომ არც მეტი არც ნაკლები, მარჯანიშვილის თეატრის დასი მათ სანახავად მიდის.
- მე რომ მოსწავლე ვიყავი, მაშინ ინგლისურის სწავლება მე-5 კლასიდან იწყებოდა, ჩვენც ამ დროს დავიწყეთ და ჩემს საკლასო ოთახში არაჩვეულებრივი პედაგოგი შემობრძანდა, რომელიც გახდა ჩემი მოტივაციის წყარო და იმ დღიდან გადავწყვიტე, ვყოფილიყავი ინგლისურის მასწავლებელი. კარგად მახსოვს მისი სურნელი, ახლაც ვუყვები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ ყოველთვის მინდოდა, საწერკალამი მიმეწოდებინა მისთვის, რათა მისი სურნელი გამოჰყოლოდა.
მე-16 წელია პედაგოგი ვარ. დავამთავრე თუ არა სასწავლებელი, 2003 წლიდან, 149-ე საჯარო სკოლაში დავიწყე ინგლისურის მასწავლებლად მუშაობა და იქიდან მოყოლებული ერთ სკოლაში ვარ. ახლა მყავს პირველი სადამრიგებლო კლასი, რომელსაც მე-2 კლასიდან ვასწავლი. მოგეხსენებათ, გამოცდილების დაგროვებაა საჭირო, რომ კლასს უხელმძღვანელო. გარკვეული დროის შემდეგ როცა მივხვდი, ამისთვის მზად ვიყავი, მე თვითონ მოვითხოვე, თუ იქნებოდა საშუალება, სწორედ ეს კლასი ჩაებარებინათ ჩემთვის, ჩემი დიდი სურვილი იყო, მათი დამრიგებელი ვყოფილიყავი.
- ამ ბავშვებიდან იმდენი პოზიტივი და ენერგია მოდიოდა, ალბათ რაღაც „სხვა “ ვიგრძენი და მივხვდი, ჩვენ ერთად შევძლებდით მუშობას. როცა ბავშვებს მიუდგები ისე, რომ ისინი არ არიან შენთვის რიგითი მოსწავლეები, რომლებთანაც 5 საათს გაატარებ, შენს მოვალეობას მოიხდი და გაუშვებ, ამის ნაცვლად კი აგრძნობინებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის, ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ბავშვი ზუსტად ხვდება, რას გრძნობ მის მიმართ. გარდა ინგლისურის გაკვეთილებისა, ჩვენ გვაქვს კლასის საათი, სადაც განვიხილავთ და ვსაუბრობთ ჩვენთვის საჭირო თემებზე, მეტიც, 15-წუთიანი დასვენებაც კი ჩვენთვის ურთიერთობაა. როგორც მათი თანატოლი, ისე ვუდგები, ისინი ჩემი მეგობრები არიან და არა ბავშვები. ამ კლასის დამრიგებელი ვარ მე-5 კლასიდან, ახლა მე-11 კლასში არიან. იმ პერიოდიდან დღემდე, როცა ჩემი შვილები მიმყავდა სადმე, კლასში ყოველთვის ვაცხადებდი, ბავშვებო, ჩემი შვილები დღეს აქ მიმყავს, ვინმეს ხომ არ გინდათ წაგიყვანოთ? მართლა არ ვარჩევ მათ ჩემი საკუთარი 2 შვილისგან.
- არ არსებობს მსოწავლე, რომელსაც არ მოეძებნება ისეთი ძლიერი მხარე, რითიც ამუშავდება. ყველას არ გამოსდის ინგლისური, ფიზიკა ან ქიმია, მოსწავლეები კი არა, ჩემი საკუთარი შვილიც კი სახლში სხვანაირია და სკოლაში - სხვანაირი. მე როგორც მასწავლებელმა ჩემს მოსწავლეებზე ბევრი რამ ვიცი, შეიძლება ისეთი რაღაცებიც, რასაც დედასაც კი არ უყვებიან. რჩევებს ვაძლევ და იმასაც ვეუბნები, მე ასე ვფიქრობ და თუ გნებავთ, გაითვალისწინეთ. რაც მთავარია, ვასაწვლი უფროსის პატივისცემას, ერთმანეთის სიყვარულს. ამ ხნის განმავლობაში უამრავი შემოქმედებითი საღამო გვქონია, მასწავლებლები გაოცებულები რჩებიან ხოლმე, ვერ წარმოგვედგინა, ეს ბავშვი ასეთი აქტიური და შემოქმედებითი თუ იქნებოდაო. სწორედ ესაა გასაღები, ყველა მოსწავლეშია ისეთი რამ, რითაც ის შეიძლება იყოს საუკეთესო, მთავარია ეს დავინახოთ და აღმოვაჩინოთ. როცა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მერე უკვე მარტივია. უშეცდომო არც მე ვარ, ვუშვებ ხოლმე შეცდომებს მათ წინაშე, ამას ვაღიარებ და ბოდიშიც ბევრჯერ მომიხდია მათთვის. მასწავლებლის მოვალეობაა მეორე დღეს არ ახსოვდეს მოსწავლის მიერ წინა დღით ჩადენილი ცუდი საქციელი. მთავარია ურთიერთგაგება და სიყვარული, დანარჩენი მერე მარტივად გვარდება.
- ყველა ინდივიდები ვართ და აქედან გამომდინარე, ყველა მშობელთან ერთნაირად ვერ იმუშავებ. არის კატეგორია, რომელსაც ზუსტად ესმის პრობლემა და მოახდენს რეაგირებას, შედეგად შეიკვრება მასწავლებელი-მოსწავლე-მშობლის ჯაჭვი და ზღაპრული შედეგს ვიღებთ. მაგრამ ასევე არიან რთული მშობლებიც, რის გამოც მირჩევნია, მათი ჩარევის გარეშე, მე და ბავშვმა მოვაგვაროთ საკითხი. დღევანდელი რთული ცხოვრებიდან გამომდინარე, ხანდახან ბავშვები მოდიან რთულ ოჯახური პირობებით, მეც მივდივარ ხოლმე რთული პრობლემებით, კი, ვიცით, რომ ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ყველანი ხომ ადამიანები ვართ?! ვგრძნობთ ერთმანეთის ხასიათს. განწყობას, დავინახავ თუ არა მოსწავლის ცუდ განწყობას, აგრესიას, დაველაპარაკები. თუ იმ წუთას უკმეხად მეტყვის რამეს, მივხვდები, რომ არ ღირს იმ მომენტში გაღიზიანება და დავანებებ თავს. ცოტა ხანში მივუტრიალდები. რასაკვირველია, არსებობენ პრობლემური მოსწავლეები, მაგრამ ის, რომ მე გაკვეთილიდან ბავშვი გამეშვას, დამეთხოვოს და მისი ყოფნით ხელი შემშლოდეს, არ მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ კლასში ხმისთვის არ ამიწევია, ოღონდ აქ არ იგულისხმება შეურაცხყოფა. მე თუ არ ვგრძნობ თავს კარგად კლასში, არაა პატივისცემა ან ნაკლები სიყვარულია, იქ არ ვჩერდები, გამოვდივარ კლასიდან. მთავარი ურთიერთობაა. განათლება, მარტო სწავლა არაა, ჯერ ადამიანობაა, ვიყოთ ადამიანები და იქიდან გავიზრდებით პროფესიონალებად. ფსიქოლოგთან იყო შეხვედრა და იქ ვთქვი, რომ ჩემი ბავშვებისთვის ყველაზე დიდი დასჯა ისაა, თუ მე მოწყენილს დამინახავენ-თქო. შემეწინააღმდეგნენ, ეგ არ არის სწორი მიდგომაო, მაგრამ ჩემს ბავშვებთან „მუშაობს“. როცა რაღაც კარგად არ არის, შევთანხმდებით, რომ გაკვეთილების შემდეგ არავინ წავა სახლში და მთელი კლასის წინაშე ვსაუბრობთ პრობლემაზე, გავარკვევთ და შემდეგ ვაგრძელებთ საქმეს.
წლების განმავლობაში ჩვენ ვდგამდით სხვადასხვა შემოქმედებით საღამოს, პირველი ორი წელი ინგლისური მიუზიკლი წარვადგინეთ, შემდეგ იყო ქართული საღამო ემიგრაციაზე და მასაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. შარშან ბავშვებს შევთავაზე, გავაკეთოთ მამების საღამო-თქო, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად მიუდგნენ. ზოგს მამა არ ჰყავს, ზოგის - გარდაცვლილია, ზოგს - გაშორებული ჰყავს. საერთო ჯამში 5 ბავში დამთანხმდა, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. გამოვიყენე ჩემი პედაგოგიური გამოცდილება და ვუთხარი, ძალას ვერ დაგატანთ, მე ძალიან მიყვარს მამაჩემი და მინდა, ამ საღამოზე მოვიწვიო. თუ ჩემი კლასიდან არ გექნებათ სურვილი, იძლებული ვიქნები, ბავშვები შევარჩიო იმ კლასებიდან, ვისაც ვასწავლი საგანს-მეთქი. ამის შემდეგ დაახლოებით 10 ბავში იმ დღესვე დამთანხმდა, მეორე, მესამე დღეს მათ კიდევ 5 დაეამატა და საღამო შედგა. არაჩვეულებრივი გამოვიდა, გავათამაშეთ „ჩიტების გამომზამთრებელი“ და „ტრაგედია უგმიროდ“. მოსაწვევები გავუგზავნეთ მამებს და მოვიპატიჟეთ საღამოზე. მოგეხსენებათ, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული უფრო დედაა, ჩვენ კი მთელი დარბაზი მამებით გვყავდა სავსე, მათ შორის იყო მამაჩემიც. იმდენად ემოციური საღამო გამოვიდა, რომ ბოლოს რამდენიმე მშობელი ცუდადაც კი გახდა. ამით დავასრულეთ მეათე კლასი.
დაიწყო თუ არა მე-11 კლასი, უკვე დავესწარით სამ სპექტაკლს. ბავშვები მეხვეწებონენ, დავდგათ რამე სპექტაკლიო. არადა, მოფიქრებული არაფერი მქონდა. თუ არ მოვიდა მუზა, ასე შეკვეთითაც ვერაფერს გავაკეთებდი. დიდი სურვილი ჰქონდათ, დაედგათ „გაყრა“, მაგრამ ამას სჭირდებოდა კარგად მომღერალი ბავშვების დიდი რესურსი, ერთ კლასში კი ამის მოხერხება რთულია. მოკლედ, „გაყრა“ მივაყურადეთ. ერთ დღეს, 15-წუთიან შესვენებაზე ვსუაბრობდით ფილემბზე. ხშირად ვეკითხები ხოლმე ბავშვებს, რას ვუყურო და ვითვალისწინებ რჩევას, მერე ვარჩევთ ნანახს.
ასე საუბრისას ჩამოვარდა სიტყვა "ინსპექტორის ვიზიტზე", რომელიც მე და ერთ-ერთ მოსწავლეს გვქონდა ნანახი და ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ეს დაგვედგა. დავთანხმდი. მაგრამ, როგორ გინდა დადგა, როცა არ გაქვს სცენარი? თავადვე გადაანაწილეთ როლები, უკვე დიდები ხართ და იცით თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეებიც, მაგრამ სცენარი ფილმიდან უნდა დავწეროთ ერთად-მეთქი, დამთანხმდნენ. დავსხედით და დავიწყეთ სცენარის წერა, მაგრამ 2 დღეში 20 წუთის მეტი ვერ შევძელით, მივხვდით, რომ უნდა გადაგვენაწილებინა ისე, რომ თითოეულ ბავშვს 10-10 წუთი ამოეწერა. ასეც მოვიქეცით და ზუსტად 3 დღეში სცენარი მზად იყო. დავიწყეთ მუშაობა. ამის პარალელურად ხდება ის, რომ ჩემი ბავშვები მარჯანიშვილის თეატრში წავიდნენ სპექტაკლ „სასიყავრულო ბარათებზე “ ბილეთების ასაღებად, იქიდან დამირეკეს, აფიშაში ასეთი სპექტაკლია მითითებული - „ინსპექტორი მოვიდა“ და ჩვენი სპექტაკლი ხომ არააო? იმის მიუხედავად, რომ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, ნანახს ჩვენზე გავლენა არ მოეხდინა, მაინც წავედით სპექტაკლზე. ყველაფერი რომ დასრულდა, დარბაზიდან გასვლის წინ, ერთ-ერთ ქალბატონს ვუთხარი, თუ შეიძლება ბავშვებს სცენაზე გადავაღებინო სურათები, იმავე სპექტაკლს ვდგამთ და თუ არის საშუალება, მსახიობებსაც გავასაუბრო-თქო. კი ბატონო, ფოტოებიც გადაიღეთ და მსახიობებიც გელოდებიანო. აღელდნენ ბავშვები, შევედით კულისებში, ფანჯარასთან დგას საყვარელი გოგონა, როგორც მერე გაირკვა სპექტაკლის რეჟისორი ანი ხიდაშელი, რომელმაც გვკითხა, სცენარი საიდან გაქვთო? ავუხსენით, ფილმი დავიხმარეთ, სხვა არაფერი გვქონდა და იქიდან დავწერეთ სცენარი. ვიცი, ამის სცენარი არ არსებობს, ჩემი ნათარგმნის მიხედვით დავდგი მეც და ამიტომ გამიკვირდა, თქვენ საიდან მოიტანეთ სცენარიო. მერე გაუკვირდა, ამდენი ხალხი როგორ თამაშობთო. ავუხსენი, რომ ბავშვებმა თავადვე მოიფიქრეს სცენარი დამატებითი პერსონაჟებისთვის და ჩაამატესთქო, გადაირია ეს გოგო, ამას ისე აკეთებთ, რომ ჩვენ არ გვიწვევთ სპექტაკლზეო?! ისე გაგვიხარდა, თან შეგვეშინდა, ეს რომ გვითხრა, პასუხისმგებლობა გაგვიასმაგდა.
ძალიან ბედნიერები წამოვიდნენ ბავშვები თეატრიდან. სახლში რომ მივედი და დავფიქრდი ამ ყველაფერზე, ცოტა შემეშინდა... სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მჯეროდა, რომ მოვიდოდნენ. ბავშვები კი გულანთებულები ელოდნენ, თუმცა სკოლაში არ ახმაურებდნენ მაინც მათი სტუმრობის ამბავს, ბოლომდე, მათაც არ სჯეროდათ.
ღამეები ვათენეთ რეპეტიციებზე, შევთანხმდით, რომ ერთმანეთისგან არაფერი გვეწყინებოდა, ხმამაღალი სიტყვა იქნებოდა ეს თუ შენიშვნა. ვიმუშავეთ, მოვრთეთ სააქტო დარბაზი, გავაფორმეთ დეკორაციებით, განათება ბუნებრივია, ისეთი არ გვექნებოდა, როგორც თეატრს, მაგრამ დამაგრძელებლით ვიხელმძღვანალეთ და ესეც მოვახერხეთ.
მოკლედ, დადგა სპექტაკლის დღე. თეატრიდან 2 მსახიობის გარდა, მოვიდა ყველა, რეჟისორთან ერთად. ბავშვებს შეხვდნენ, როგორც ოჯახის წევრებს. იმხელა მოტივაცია იყო ეს მათთვის, გადმოცემაც მიჭირს... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვებმა თავები არ დაზოგეს, სპექტაკლმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, საოცარი საღამო შედგა, რომელიც არასდროს დამავიწყდება არც მე და არც ჩემს მოსწავლეებს. მადლობა ღმერთს, რომ აქვთ იმის კულტურა, შეიგრძნონ, რა არის ხელოვნება. მივიღეთ საოცარი შეფასებები. დღემდე როცა გუნება მიფუჭდება, ამ სპექტაკლს ვუყურებ, რადგან ვმშვიდდები და გასაოცარი განწყობა მეუფლება. მადლობა ჩემს ბავშვებს, რომ ასეთები არიან. გული მწყდება, რომ მე-12 კლასს მივუახლოვდით და უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, მაგრამ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით ყოველთვის.
ციცი ომანიძე
"თუ მასწავლებელს სიყვარული არ შეუძლია, ნუ წავა სკოლაში! თუ მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!"