2020 წელი ძალიან საინტერესო წელი იყო, მაგრამ თანდათან შემდეგი წლები დააშინა, რადგან ბოროტმა ვირუსმა შემოუტია 2020 წელს. ხალხმა თქვა: „შემდეგი წლები როგორიღა იქნება?“ როგორი და... ამას თვითონ მომავალი წლები გვეტყვიან.
2020 წელი ძველებური აღარაა, როგორიც სხვა წლები იყო. მაგალითად, ბავშვები სკოლაში ერთმანეთს საჭმელს აძლევდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ერთად სწავლობდნენ, კლასში ერთ მერხთან ისხდნენ; ახლა უკვე კომპიუტერებთან ვსხედვართ და ისე ვსწავლობთ, ერთმანეთისთვის რაიმეს თხოვება და გაზიარება, ერთმანეთთან ახლოს ყოფნა კი აღარ შეგვიძლია. ერთი სული მაქვს, 2021 ან 2022 წელი მალე მოვიდეს და ეს 2020 წელი მალე გავიდეს. ჩემთვის ეს წელი ამ მხრივ საშინელებაა.
მაგრამ ამ წელში კარგი ის იყო, რომ წლევანდელმა წელმა მოგვცა საშუალება, თეთრიწყაროში დიდხანს ვყოფილიყავით, ამის გამო მოვახერხეთ, ბუნებაში ბევრჯერ გავსულიყავით. ასევე ამ წელმა მოგვცა საშუალება, რომ ძაღლი და სამი კნუტი შეგვეფარებინა და სიკვდილს გადაგვერჩინა. წავიკითხეთ დიდედასა და რვა ბავშვის შესახებ შვიდივე წიგნი და კიდევ სხვა წიგნები - დისტანციურად მუშაობის გამო დილაობით დედა აღარ ჩქარობდა და მშვიდად და დიდხანს ვკითხულობდით წიგნებს, საერთოდაც, დედასთან იმდენი დრო გავატარე, რისი შესაძლებლობაც სხვა დროს სამსახურის გამო არ გვქონდა ხოლმე და დედა სულ მენატრებოდა.
კიდევ ბაღში ყვავილები დავთესეთ და ბოსტანში რომ ქერქებს ვყრიდით, იქიდან საზამთროებიც კი ამოგვივიდა. შემდეგ სხვა ბოსტნეულიც დავთესეთ - მოკლედ, ბაღ-ბოსტანი გავახარეთ და ჩვენც გავიხარეთ. დედას პატარაობის ის ადგილებიც ვნახე, სადაც დედა იზრდებოდა და თამაშობდა.
ტელესკოლაში გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ბავშვი და ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე; ბევრი რამ მოვიგონე, გავაკეთე და დავხატე ტელესკოლის მეშვეობით.
მოკლედ, 2020 წელი თან კარგი იყო, თან - ცუდი. მალე ახალი წელი მოვა და 2021 წელი დადგება. ეს მე ძალიან მახარებს, სკოლის დავალებებს კარგად ვაკეთებ, ალბათ იმიტომ, რომ ახალი წელი ახლოვდება.
ლიკა აფციაური, 8 წლის