მე დედამიწა ვარ,თქვენი პლანეტა. უხსოვარი დროიდან ვარსებობ და მუდამ ვფიქრობ ადამიანებზე. ჩემი ცხოვრება ხან მხიარულებითაა აღსავსე, ხან კი ცოტათი სევდიანია. ეს იმაზეა დამოკიდებული,თუ თქვენ როგორ ექცევით ერთმანეთს და როგორ მექცევით მე.
აქამდე არავისთვის გამიმხელია ჩემი გულისტკივილი,თანაც მე ხომ უშველებელი გული მაქვს და თუ მაწყენინეს, ძალიან ვდარდობ.
2020 წელი ჩემთვის უცნაურად დაიწყო. ახალი წლის დადგომამ მეც თქვენსავით გამაბედნიერა,თუმცა,უეცრად შეუძლოდ გავხდი. მოვითენთე,სახსრები ამტკივდა,ხველა და ცემინება დამეწყო და გული ამტკივდა. მაგრამ გული უკვე დიდი ხანია მაწუხებს. მას შემდეგ,აი, უკვე რამდენი თვეა ავად ვარ. სიცხეებიც მაქვს,მაგრამ ვერავინ იგებს რა მჭირს და რა მიშველის. ეს დაავადება უნებურად თქვენც გადაგედოთ,ადამიანებს. რადგან ჩვენ უერთმანეთოდ არ ვარსებობთ. თქვენი გასაჭირი ჩემი გასაჭირია და პირიქით, ჩემი ტკივილი თქვენც უნდა გაწუხებდეთ,მაგრამ როგორც ვხვდები,ეს ასე სულაც არაა.
აი,სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. მე კარგად ვიცი,რაც არის ჩემი ავად გახდომის მიზეზი. ადამიანები კი ამას „ვირუსს“ უწოდებთ. სინამდვილეში ეს გულის ტკივილია, დედამიწის გულისტკივილი და იცით რატომ? იმიტომ, რომ მე სულ თქვენზე ვფიქრობ, გიცავთ, გიფრთხილდებით, მოსავალს გაძლევთ, ჟანგბადით გამარაგებთ, ყვავილებით გილამაზებთ სიცოცხლეს და თქვენ? ფიქრობთ კი საერთოდ ჩემზე?
გული ძალიან მწყდება,როდესაც მანაგვიანებთ, სუფთა ჰაერს აბინძურებთ, რომელიც თქვენივე ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. გულს მტკენთ, როდესაც ცდილობთ ჩხუბით,კამათით და უსამართლობით დამიმძიმოთ სული. როდესაც საერთოდ არ ფიქრობთ საკუთარ მომავალზე...
ბავშვები... მე ხომ ძალიან მიყვარს ისინი. ამიტომაც ძალ-ღონეს არ ვიშურებ,რომ ჩემი ე.წ. ვირუსი მათ როგორმე თავიდან ავაცილო და გადავარჩინო ეს სათუთი არსებები. მგონი მხოლოდ ისინი ფიქრობენ ჩემზე, თავიანთი პატარა გულებით. ბავშვები ხომ ისინი არიან, ვინც არ ჩხუბობენ და არ არიან ყალბები. ისინი ხომ ლაღები, სუფთა გულისა და ფერადი გონების პატრონები არიან.
სწორედ ამიტომ, ადამიანებო! თქვენი გულგატეხილი დედამიწა გთხოვთ,გაუფრთხილდით ერთმანეთს,იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე და გიყვარდეთ ერთმანეთი.
ხანდახან ჩემზეც იფიქრეთ და ცოტათი მაინც გამიფრთხილდით. ჩემი ტკივილი ხომ სწორედ ესაა.
მგონი ცოტა სევდა მოგრიეთ ჩემი ისტორიით. მაპატიეთ, ჩემი დარდი რომ გაგიზიარეთ.
მართალია ცუდად ვარ,მაგრამ გამოსავალი ყოვეთვის არსებობს. მომავლის იმედს არ ვკარგავ და მაინც კარგზე ვფიქრობ. მალე ხომ ახალი წელი მოვა და ყველაფერი ცუდი ამ უცნაურ 2020-ს გაჰყვება.
შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყება, ჩემთვისაც და თქვენთვისაც. მე გამოვჯანმრთელდები და პირობას გაძლევთ, მალე ყველა ავადმყოფი კარგად გახდება. მოდით, ახალ-წელს ყველამ ერთი სურვილი ჩავიფიქროთ. მოდით, გვიყვარდეს ერთმანეთი!
დრო იწურება და მიდის
ეს უცნაური წელი...
ნელ-ნელა ვსულიერდებით
და ყველა ფეხზე ვდგებით!
არ შეგეშინდეთ არაფრის,
განსაცდელია ჩვენი...
იქნებ დღეიდან დავფიქრდეთ,
ყველამ ჩავკიდოთ ხელი...
აღარ დავხარჯოთ დრო ფუჭად,
არ ვიკამათოთ ბევრი...
ლაღად მოვექცეთ სამყაროს.
დედამიწა ვარ თქვენი.
სულ თქვენზე ფიქრში გავლიე,
მე არსებობის წლები...
გატირეთ? გული გატკინეთ?
მაგრამ იცოდეთ ერთი,
რაც გადაგვარჩენს ჩვენ ყველას,
სიყვარულია ბევრი.
თათა ფერაშვილი, 14 წლის