ეს უცნაური 2020 - თინათინ შავიძე
ეს უცნაური 2020 - თინათინ შავიძე

ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე, თუ მომიწევდა იმაზე საუბარი, როგორ ჩამომაშორა 2020-მა წელმა თავისუფლებას, წარმატებას, საყვარელი ადამიანების სითბოსა თუ სიყვარულს. ამ წელმა ჩიტად მაქცია, ჩიტად, რომელიც გალიაშია გამოკეტილი და თავისუფლება სწყურია, თუმცა ეს თავისუფლება ვერ მოუპოვებია და მის ლოდინში დაღლილმა, ახალი ვირტუალური სამყარო ააგო. სხვა წლებისგან განსხვავებით 2020-მა წელმა უკან-უკან მატარა, ჩამომაშორა ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და ბედნიერებას. გადამიყვანა ვირტუალურ სამყაროში, რომელიც თავიდან ჩემთვის ძალიან განსხვავებული, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, თუმცა ახლა მხოლოდ სევდასა და სიძულვილს თუ აღვიძებს ჩემში. ამ წელმა ჩემი

ცხოვრების ფერად-ფერადი ყვავილები დააჭკნო. ვცდილობ, ეს ფერად-ფერადი ყვავილები ისევ გავახარო, მაგრამ არ გამოდის და მგონია ამას ვეღარასდროს შევძლებ. ვერასდროს  წავშლი ჩემი ცხოვრებიდან 2020 წლის სისასტიკეს. მისმა ცივმა ხასიათმა ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა ჩემს სულში არსებული ფერად-ფერადი ყვავილების განადგურება. მან ვერ მოახერხა წაერთმია ჩემთვის მუსიკა, პირიქით უფრო დამაახლოვა კიდეც მასთან. სამაგიეროდ კარგად გამოუვიდა ჩემი სკოლასთან დაშორება. დამაშორა მასწავლებლებთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან და სწორედ ამით წამართვა მთავარი, თავისუფლება. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ 2020 წელს კორონავირუსი მართავს. დედამიწას კორონავირუსი ატრიალებს თავის ნებაზე. ეს წელი დიდი ლოდია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც წინსვლის დროს შემომხვდა გზად, მაგრამ არა უშავს, სულ ცოტა დარჩა, მალე ამ ლოდსაც გადავწევ და წინსვლას განვაგრძობ.

ამ

რთულ პერიოდში წიგნი ძალიან დამეხმარა.“ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ - ეს ცნობილი იტალიელი მწერლის, ჯორდანო ბრუნოს ბრძნული აზრი გახლავთ. ვეთანხმები მას. ჩემთვის ყოველი ახალი წიგნის წაკითხვა ახალი თავგადასავალია, რომელიც იმ ნაწარმოებში მყოფ პერსონაჟებთან ერთად გადამხდა. ამბობენ, ყველაზე რთულ პერიოდში ნამდვილი მეგობარი გიდგას გვერდშიო, ჰოდა მეც მედგა ჩემი მეგობარი გვერდში. ამ რთულ პერიოდში ჩემი მთავარი ნუგეში წიგნი იყო.  იგი მაგრად ჩამჭიდებდა ხელს, საოცარ სამყაროში მამოგზაურებდა და მავიწყებდა ყველანაირ დარდსა, თუ სიძულვილს. მეც თითქოს ამით სიმშვიდე მოვიპოვე და ძალიან ბევრს ვკითხულობდი. წიგნი მივსებდა იმ სიცარიელეს, რაც ჩემში სკოლის მასწავლებლებისა და თანაკლასელების გარეშე ყოფნამ გამოიწვია. ცხოვრებას ბევრ რამეს ამსგავსებენ, ზოგი ფორტეპიანოს კლავიშებს, ზოგიც კიბეს, რომელზეც ხან ავდივართ, ხან ჩავდივართ. თუმცა ჩემი აზრით, ცხოვრება ცისარტყელაა, რომელიც შედგება, როგორც წვიმიანი, ისე მზიანი დღეებისგან. წვიმიანი დღეები ცხოვრების რთულად გადასალახი დღეები, ხოლო მზიანი დღეები ცხოვრების ბედნიერი დღეებია. უნდა გვახსოვდეს, იმისათვის რომ ცისარტყელა შეიქმნას, ორივე, მზიანი და წვიმიანი დღეებიც აუცილებელი და საჭიროა.

თინათინ შავიძე, 12 წლის

 

906
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
გენაცვალე ჩემო ძალიან ჭკვიანო და ძალიან ლამაზო❤
13:16 / 15-10-2020
ნიკოლოზ ცუცქირიძე
0
წარმატებები თინათინ.
20:11 / 13-10-2020
ყველაზე კითხვადი