2020 წელი ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო. დავიწყოთ იმით რომ, ახალი წლის ღამეს 40 თუ 41 გრადუსი სიცხე მქონდა. შემდეგ კორონა შემოიპარა საქართველოში და პანიკა ატეხა. ამიტომ მალევე სკოლები დაკეტეს. ჯერ მიხაროდა, ცოტახანი დასვენება არ გვაწყენსო, მაგრამ გავიდა ერთი, ორი, სამი კვირა და სწავლა არ იწყებოდა. ბოლოს მოიფიქრეს ბავშვების სატანჯველი ონლაინ გაკვეთილები თიმსში. ეს ჩემი და ჩემი ნაცნობი ბავშვების აზრით ძალიან ცუდი იყო, რადგან არც სახლში დაგვაცადეს მოსვენება. არადა ონლაინ გაკვეთილებიდან ბავშვების უმეტესობა ვერაფერს იგებდა, ზოგი ძალით ხმას უთიშავდა, ვითომ ვერ ერთვებოდა და ტყუილად იბრმავებდა თვალებს 24 საათი ტელეფონში ცქერით. ბოლოს ჩვენი ორთვიანი ტანჯვის შემდეგ დაგვსვენეს კიდევ სამი თვე ნამდვილ სკოლამდე.
ჩემი პატარა დაიკო ერთი წლის გახდა აპრილში. ტორტის შეკვეთა დედას ვირუსის გამო შეეშინდა, ამიტომ თვითონ მოუწია გამოცხობა. მაღაზიების უმეტესობა დაკეტილი იყო და ფერადი სანთლები ვერ ვიყიდეთ, ბუშტებიც ძლივას ვიშოვეთ მის გასახარებლად.
მე ძალიან მენატრებოდა ჩემი სკოლა, კლასელები და მასწავლებლები, მაგრამ გამოგიტყდებით, რომ უფრო მეტად კლასელები. როგორც იქნა, დაიწყო სკოლა. ახლა ოთხი საგანი დაგვემატა, თანაც რთულები: ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია და მოქალაქეობა(უფრო იოლი). თუმცა მაინც ონლაინ გაკვეთილებზე ადვილა.
სკოლაში ახალი შეზღუდვები დააწესეს: დაიცავით ერთი მეტრი დისტანცია, დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, არ შეეხოთ ერთმანეთს, შესვლისას სიცხის კონტროლი, ნივთებს ერთმანეთს ვერ ვათხოვებთ. რატომღაც ერთი ფანჯრის მეტის გაღება არ შეიძლება, თუმცა ისევ ცხელა. არც ჯგუფური სამუშაოებია დაშვებული. დასვენებებიც მოსაწყენი გახდა. როგორღაც კი ვახერხებთ შორიდან თამაშს.
ამ ყველაფრის დაცვა მაინც ძალიან ძნელია. როგორ გინდა ჩხუბი დისტანციურად?!
ნიკოლოზ წიკლაური, 12 წლის