შეხება, ჩახუტება, კოცნა… ვირუსმა წამართვა, ერთ დღეში თითქოს წყალივით ააორთქლა. თურმე სულ უბრალო ფიზიკური სიახლოვეც კი რა მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემთვის. მახსოვს ის დღე, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. იმ დილით ოთახში დედა არ შემოსულა გასაღვიძებლად, არც ბავშვების ხმა გამიგია ეზოში და არც სკოლის ზარი დაურეკავთ. იმ დღეს მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების ხმა ისმოდა სახლში. მერე დაიწყო შავ-თეთრი დღეები. ერთნაირი ყოველდღიურობა რომელშიც გარე სამყაროსთან კავშირი რა თქმა უნდა არ მოიაზრებოდა. ყოველ დილით ფანჯრიდან სევდიანი ეზოს ყურება, საღამოს კი იმის დანახვა თუ, როგორ იკრეფს მზე სხივებს და სადღაც ტყის შუა გულში იმალება. რთული იყო შევგუებოდი მუდმივად სახლში ჯდომას და ადამიანებთან კონტაქტი მხოლოდ ვირტუალურად დამემყარებინა. რა ცუდია როცა თავს მარტო გრძნობ, თითქოს ყველა და ყველაფერი ცდილობს გაგექცეს. იმ დროს მთვარეს მზე ათბობდა მე კი ვიყავი საყვარელი ადამიანებისგან შორს, სრულიად მარტო, გაყინული, მაგრამ მაინც ბავშვური ფიქრებით დატვირთული. როგორ მინდოდა ვინმეს შევხებოდი, ჰო ასე უბრალოდ შევხებოდი, მაგრამ არ შემეძლო რადგან მეშინოდა, ხალხსაც ეშინოდა, დედამიწასაც ეშინოდა… რა მტკივნეულია ყველა ადამიანი რომელიც ასე უანგარო მივაბარეთ სიკვდილს, კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, მაგრამ ესეც გაივლის, ხალხსაც ნანატრი ღიმილი დაუბრუნდება სახეზე. ბოლოს კი რამხელა ბედნიერება იყო ჩემთვის თვეების შემდეგ მონატრებული მეგობრების ნახვა, შეხება, ჩახუტება… სკოლის ზარის კვლავ დარეკვა. თურმე როგორი ყოფილა ცხოვრება, მასწავლებლის მიერ დაწერილი ორიანიც, რომ მოგენატრება… იმ დღეს თითქოს ჩიტი ვიყავი, მიგრაციიდან თბილ სახლში დაბრუნებული. და კიდევ, მართლაც რა უცნაური წელია…