პატარა თეამ დილით ადრე გაიღვიძა. იმ დღეს დედამისთან ერთად საყიდლებზე მიდიოდა, სკოლა ხომ ერთ კვირაში იწყებოდა. თეას ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მეგობრებსა და მონატრებულ მასწავლებელს.ის ხომ მარტიდან მოყოლებული სკოლაში არ ყოფილა კორონავირუსის გამო თეას ძალიან უკვირდა ხალხი პირბადეებით რომ დადიოდა და დედა ყოველი გასვლისას პირბადეს რომ უკეთებდა . დედამ იმ დღეს კიდევ გაუკეთა პირბადე, რისი ტარებაც ძალიან არ სიამოვნებდა თეას, მაგრამ რა ექნა დედა ეუბნებოდა წესები უნდა დავიცვათო, ასე წავიდნენ საყიდლებზე. თეამ ჯერ სკოლისათვის ვარდისფერი ჩანთა იყიდა, შემდეგ საკანცელარიო მაღაზიაში წავიდნენ. თეას იქ ძალიან მოეწონა, იქ ბევრი ფერად-ფერადი სასკოლო ნივთი შეიძინა. მერე ტანსაცმელებზე გადაერთნენ. რამდენიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდეს. რომ მორჩნენ სახლში წავიდნენ.
თეა დაჯდა და დაფიქრდა ამ ყველაფერზე, რაც გაზაფხულიდან მოყოლებული მის ცხოვრებაში მოხდა, რომ სკოლა უეცრად შეწყდა და დედულეთში წავიდნენ, სოფელში ძალიან მოეწონა, თან უცნაურად ეჩვენებოდა ის, რომ სოფელში 6 თვით დარჩნენ. ადრე ხომ მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ. შემდეგ უკვე ძალიან ენატრებოდა თბილისი. თეა სოფელში რომ იყო ბაბუა გარდაეცვლა, რომელიც სოფელში ცხოვრობდა. თეას გაახსენდა როგორ ძალიან უნდოდა წამოსვლა, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა საყვარელი ბაბუა. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა აპრილის დასაწყისში, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, მანქანაში სამზე მეტის ყოფნა არ შეიძლებოდა. ამიტომ თეას უფროსი და, დედა და ბიძა წამოვიდნენ ბიძის მანქანით. მას აუხსნეს, რომ ვერ წაიყვანდნენ, არ შეიძლებოდა, ძლივს გააჩერეს. შემდეგ მისი და უყვებოდა, როგორი სიცარიელე იყო ქალაქში, ყვავილებიც ძლივს იშოვეს. ხალხი ორი მეტრის დაშორებით იდგა. ნათესავები ერთმანეთთან ჩახუტებას ერიდებოდნენ, მანქანებიც კანტი-კუნტად მოძრაობდნენ დედაქალაქში. ამ ყველაფერმა ჩაიარა. მალე სკოლა უნდა დაწყებულიყო. თეა დაიღალა ამდენი ფიქრით და ჩაეძინა.
გავიდა ერთი კვირაც. დაიწყო სკოლა. თეა ლამაზად გამოეწყო და წავიდა მონატრებულ სკოლაში, სადაც თითქმის ყველას პიბადე ეკეთა. შესვლისას სიცხე გაუზომეს და რაღაც ხსნარი დაასხეს. თეას ძალიან უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
თეა სახლში დაბრუნდა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ მალე მისი დაბადების დღე იყო. მთელი წელი ოცნებობდა, რომ მის დაბადების დღეზე კლასელები და ბევრი მეგობარი დაეპატიჟა და სადმე დაბადების დღის ცენტრში გადაეხადა.
დადგა ნანატრი დაბადების დღე, საღამოს კი ბებომ ტორტი მოუტანა წარწერით: ,,თეა, 8 წლის“. ეს დღე მხოლოდ ოჯახის წევრებთან აღნიშნა და თქვა: ,,რა უცნაურია, ეს 2020 წელი“.