პატარა სანდროს არდადეგები ჩვეულებრივზე ადრე დაეწყო…
მშობლებმა სანდრო სოფელში გაგზავნეს, სადაც სანდროს ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა და დროის გატარება. არდადეგები მხიარულად დაიწყო.დილით ადრე იღვიძებდა სანდრო, ბებიასთან ერთად საქათმეში მიდიოდა, სადაც ქათმებს, ბატებსა და ინდაურებს საკენკს უყრიდა, ახლადგამოჩეკილ ყვითელ წიწილებს ითვლიდა, კვერცხებს კალათში აგროვებდა, შემდეგ ბოსტანში ჩადიოდნენ ახალ ხილს და ბოსტნეულს კრეფდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.
სანდროს სოფელში ბევრი მეგობარი ჰყავდა. მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა მდინარეზე, ხან საბანაოდ, ხანაც სათევზაოდ, მდინარიდან დაბრუნებული გემრიელად შეექცეოდა ბებიას ახალ გამომხვარ ხაჭაპურს და მერე ისევ მეგობრებთან მიდიოდა სათამაშოდ. საღამოობით წიგნებს კითხულობდა ბაბუათან ერთად, მშობლებს მხოლოდ ინტერნეტით ეკონტაქტებოდა და შაბათ-კვირას ამოდიოდნენ ხოლმე სოფელში, მაგრამ ისევ უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ სანდრო თან არ მიჰყავდათ, რადგან რაღაც ვირუსი იყო გავრცელებული, როგორც სანდროს აუხსნეს და სოფელში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. სანდროს ეს ამბავი ძალიან არ აწუხებდა, რადგან სოფელში დროს მხიარულად ატარებდა.
ზაფხულიც მიიწურა… სოფელი ლამაზ ფერებში მოირთო, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერები ერთმანეთზე ლამაზ სურათებს ხატავდნენ. სოფელი საშემოდგომო სამზადისში იყო, სანდროს ყველაზე მეტად ჩურჩხელების ამოვლება ახალისებდა, მას შემდეგ რაც ბებიასთან ამოავლო ჩურჩხელა მეზობლებსაც ჩამოუარა და მათაც დაეხმარა ჩურჩხელის მომზადებაში.
სოფელში კარგია , მაგრამ სანდროს მაინც შემოაწვა რაღაცნაირი ნაღველი, მოენატრა სკოლა, იქაური მეგობრები, სახლი… რაღაც გაურკვეველი სიტუაცია იყო, უფროსებიც ბოლო დროს ძალიან დაძაბულები გახდენ. საინფორმაციოს ყველა გაფაციცებით ელოდებოდა, და იქ გადმოცემული ამბები ყველას აშფოთებდა, ყველას პირზე ის ერთი გაურკვეველი სიტყვა ეკერა ,,კორონა’’. გუშინ დილით ბებიას მეზობელი წაიყვანეს სასწრაფოთი რაღაცნაირად შეფუთულმა ხალხმა, აღარც მეზობლები დადიან ისე ხშირად სტუმრად ბებიასთან ყავაზე, ყველა თავის სახლშია და ღობეებს მიღმა თუ გამოელაპარაკეს ერთმანეთს. სკოლები ისევ არ დაიწყო და სანდროს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში უწევს გაკვეთილებზე დასწრება, ხანდახან სოფელში ინტერნეტიც ითიშება და გაკვეთილების გაცდენაც უწევს. ახლა მშობლებიც ვეღარ ამოდიან სოფელში…
დღეს სანდროს დაბადების დღეა. შემოდგომის ბოლოა და ძალიან ცივა უკვე, სოფლის თავზე მთებში თოვლი მოჩანს. უკვე დიდი ხანია რაც სანდრომ დათვალა რამდენი ჩიტი გადაფრინდა თბილ ქვეყნებში, რომლებსაც საათობით ითვლიდა ფანჯრიდან როცა იყურებოდა და მოწყენილობის დაფარვას ცდილობდა. მშობლები ვერ ჩამოვიდნენ სანდროს დაბადების დღეზე, იზოლაციაში არიან როგორც სანდრომ გაიგო. ბებომ პატარა ტორტი გამოუცხო, სანთლებიც კი ითხოვა მეზობელ ნანა ბებოსგან…
მალე ზამთარიც დადგა, სანდროს მშობლებიც სოფელში ამოვიდნენ. უფროსები ლაპარაკობდნენ რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან გართულდა, აღაც სამსახური იყო, ყველაფერი ძალიან ძვირი იყო და ვისაც სოფელი ჰქონდა იქ მიდიოდა.
აი რამდენიმე დღეში კი ახალი წელი დადგება… დილით რომ სანდრომ გაიღვიძა და ფანჯრიდან გაიხედა ყველაფერი გადათეთრებული იყო, ციდან უამრავი, უთვალავი ,ლამაზი , ნაზი, თეთრი, საყვარელი ფანტელი ცვიოდა… პაპამ ძველი, სანდროს მამის ნაქონი ციგა მოიტანა საიდანღაც და სანდრო და პაპა მთელი დღე ალამაზებდნენ მას. ბებია და დედა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და ხან გემრიელ ნამცხვარს, ხან ხაჭაპურს ან ფუნთუშას აცხობდნენ. მამა ბუხართან იჯდა სავარძელში და ინტერნეტით სიახლეებს ეცნობოდა თან დროგამოშვებით ოჯახის წევრებსაც გადმოსძახებდა ახალ ამბებს: დღეს ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, დღეს არავინ გარდაცვლილა, დღეს ნაწილი შეზღუდვები მოიხსნა…
სანდრომ ციგის შეკეთება რომ დაასრულა მეგობრებს შეუერთდა და მთელს სოფელში ისმოდა ბავშვების მხიარული ხმა. ციგაობით რომ გული იჯერეს შემდეგ სანდროს ეზოშო დიდი თოვლის ბაბუა გააკეთეს.
საღამოს სანდრომ სახლში ცოცხალი ნაძვის ხე მორთო რომელიც მამამ სახლის გვერდით ტყეში იპოვა, ძალიან დიდი და ლამაზი ნაძვის ხე აქვს ამ ახალ წელს სანდროს. უკვე იცის თოვლის ბაბუას, რაც უნდა სთხოვოს და დააბაროს: უნდა თოვლის ბაბუამ კორონა გააქროს თავისი ჯადოსნური ჯოხით, როგორც ამას კეთილი ფერიები აკეთებენ და ყველაფერი თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მშობლების გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც ეს წაიკითხეს სანდროს წერილში, რომელიც თოვლის ბაბუას მისწერა.
სანდროს ძალიან მალე აუსრულდა კიდეც ნატვრა.
სანდრო კოპინაძე, 8 წლის