მეღვიძება. სასწრაფოს და ახალი ამბების ხმა ისმის. ვდგები და სასტუმრო ოთახში გავდივარ. დედას ვესალმები და ვეკითხები, ასე ხმამღლა რატომ აქვს ტელევიზორს ხმა აწეული.
რავიცი ახალ ამბებს ვუსმენდი და...
რამდენია დღეს?
ჯერჯერობით ოთხი
ბევრია.
ხოო, ჩაი გინდა?
კი.
ახლა აპრილია. იანვარში და თებერვლის შუარიცხვებშიც ვერავინ იფიქრებდა, რომ კარანტინი დაიწყებოდა და დღეში ათამდე ინფიცირებული გვეყოლებოდა. ჯერ კიდევ იანვარში კორონა ვირუსი ჩვენთვის შორეული და ამოუცნობი რამ იყო. დიახ, ჩინელებს ვუთანაგრძნობდით, გული შეგვტკიოდა, მაგრამ დიდ პრობლემად არ აღვიქვამდით. მაშინ ჯერ კიდევ ლამის მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე და ავსტრალიის ხანძარზე ვდარდობდით .
მოკლედ, ახლა გეტყვით ჩემს აზრს ამ ყველაფერზე. სკოლა მალე დაიწყება და დაახლოებით ერთ თვეში კარანტინიც დამთავრდება, სამ თვეში ალბათ ვაქცინაც იქნება... უი ხო, სკოლაზე გამახსენდა - ახლა გაკვეთილი მაქვს, გავდივარ ჩემს ოთახში და ლეპტოპს ვრთავ. საღამურიანი და პირდაუბანელი ვჯდები გაკვეთილზე, იწყება წამება. მიუხედავად იმისა, რომ თორმეტი წლის ვარ და ტექნიკის მესმის, მაინც მიჭირს ჩემს კლასელებს და მასწავლებელს ავუხსნა როგორ დარეკონ, გამორთონ კამერა და გააზიარონ ფოტოები. ამაში ვკარგავთ ნახევარ გაკვეთილს, მეორე ნახევარს კი იმის გარკვევაში, გვესმის თუ არა ერთმანეთის - მე კი გეტყვით, რომ არა, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის. მეორე გაკვეთილზე ეს ყველაფერი მბეზრდება, ,,ფრანით მორბენალს’’ ვიღებ და კითხვას ვიწყებ.
ჩემი და დედაჩემის აზრი პანდემიაზე განსხვავებულია. დედაჩემი მსუბუქად რომ ვთქვათ, პანიკიორია. ორი თვის მარაგი საჭმელი იყიდა. სახლში არავის უშვებს. ჩვენი მეზობლის შემოშვებაზე ძლივს დავითანხმე, რაღაცნაირად, სოციალური ურთიერთობებიც ხომ საჭიროა. მომენატრა ქუჩაში სიარული, მაღაზიაში შესვლა... დედაჩემმა კარანტინის დროს იმდენ ფილმს უყურა, იმდენს... ნუ, მეც არანაკლებ. ვკითხულობ კიდევაც, მაგრამ ბოლოს ორივე მომბეზრდა და ხატვა ვცადე - გამომივიდა. ნეტავ ამდენი ხანი სად ვიყავი?
ჩვენი მეზობლის აზრი, ჩემი და დედას აზრისგან, სრულიად განსხვავდება. ის ფიქრობს, რომ კორონა ვირუსი არ არსებობს, რომ ჩვენ გვჩიპავენ, გვატყუებენ. სახლში მისი შემოსვლა მთელ პროცედურას მოითხოვს. დედა ახდევინებს ფეხსაცმელს, აბანინებს ხელებს, უკეთებს პირბადეს. მეზობელს თავისი ჭიქა აქვს - კი ბრაზდება ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველ მოსვლაზე მოთმინებით ელოდება პროცედურების დასრულებას.
მახსოვს, ერთხელ დედა და ჩვენი მეზობელი პირბადეების ნაკლებობაზე ლაპარაკობდნენ და დედამ დაიწუწუნა საერთოდ აღარ მაქვს პირბადეებიო. მეზობელმა გაიკვირვა, პირბადე რად გინდაო, მე არ მაქვს, მაღაზიაში შესვლამდე ნაჭერს ვიფარებ და ისე შევდივარ, აი რავიცი ჩვეულებრივი ტილო შეგიძლია აიღო, ეგღა მაკლია პირბადეში ფული ვყაროო, სადაა მაგდენი ფულები - თუ შეყრაა, მაინც შეგეყრება. აზრი არ აქვს პირბადე გიკეთია, თუ არაო. აი ამ დროს დედას თვალები უნდა გენახათ...
დღის ბოლოა. ჩემს ოთახში ვარ და ფანჯრიდან ვიყურები. სიჩუმეა, არცერთი მანქანა მოძრაობს, არც ადამიანები ჩანან. ასეთი ავბედითად ჩუმი ქალაქი მე ჯერ არ მინახავს. საწოლში ვწვები და ფილმის ყურებას ვიწყებ, თითქმის დაბნელდა, მალე მეძინება.
მეღვიძება. სასწრაფოს და ახალი ამბების ხმა ისმის. ვდგები.
მართა ტყემალაძე, 13 წლის.